- წმიდაო მამაო, რაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი საკუთარ დაბადების დღეზე?
- ის თავისი სიკვდილის დღეზე უნდა ფიქრობდეს და ამ დიდი მოგზაურობისათვის ემზადებოდეს.
- წმიდაო მამაო, თუ მიცვალებულის საფლავის გახსნისას აღმოჩნდა, რომ მისი ნაწილები გახრწნილი არ არის, ამის მიზეზი ის ცოდვაა, რომელიც ადამიანმა არ მოინანია?
- არა, ყოველთვის არა. მიზეზი შესაძლოა, მიღებული წამლებიც იყოს და - საფლავის მიწის შედგენლობაც. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, თუკი საფლავის გახსნისას მიცვალებულის ნაწილები გახრწნილი არ იქნება, ამით იგი თავის ცოდვებს ნაწილობრივ მაინც გამოისყიდის. ეს იმის გამო ხდება, რომ იგი სიკვდილის შემდეგ სხვების დასაცინი გახდა.
- წმიდაო მამაო, სიკვდილი ეს ხომ ყველაზე გარდაუვალი მოვლენაა, რომელიც კი შეიძლება, ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. მაშ, რატომ ხდება, რომ ვივიწყებთ ხოლმე მას?
- იცი, ერთხელ ერთ თანაცხოვრებულთა მონასტერში ერთ ბერს დაეკისრა მორჩილება, სხვა მამებისათვის სიკვდილი შეეხსენებინა. როდესაც ძმები მორჩილების აღსრულებას შეუდგებოდნენ, ის თითოეულ მათგანთან მიდიოდა და ეუბნებოდა- „ძმებო, ჩვენ - ყველას სიკვდილი გველის!“ ჩვენი ცხოვრება მოკვდავ ხორცშია გამომწყვდეული. ეს უდიდესი საიდუმლო ადვილად გასაგები როდია იმ ადამიანისათვის, ვინც მხოლოდ ხორცისაგან შედგება და ამიტომ არ სურს სიკვდილი და მასზე სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა. ის ამ ადამიანებისათვის ორმაგ სიკვდილად და ორმაგ მწუხარებად იქცევა ხოლმე. მაგრამ სახიერმა ღმერთმა ისე მოაწყო, რომ სიბერის ზოგიერთი ნიშანი სასარგებლო იეოს ხანშიშესული ადამიანებისთვის. ხანშიშესულები ხომ სიკვდილთან თავისთავად ახალგაზრდებზე უფრო ახლოს დგანან. მათ თმა უთეთრდებათ, მხნეობას კარგავენ, თანდათანობით ეცლებათ ძალები, დორბლის დენა ეწყებათ და ამიტომ იძულებულნი ხდებიან, დაფიქრდენენ და ამსოფლიურ ამაოებას ფილოსოფიურად შეხედონ. ასეთმა ხანშიშესულმა ადამიანებმა რომც მოინდომონ რაიმეს ჩადენა, ბევრს ვეღარაფერს შეძლებენ, რადგანაც ყველაფერი ის, რაც მათ თავს ხდება, დაამუხრუჭებს. ანდა, როდესაც შეიტყობენ რომელიმე მათივე ხნის, ანდა მათზე უმცროსი მოხუცის გარდაცვალებას, ესეც გაახსენებს ხოლმე მათ სიკვდილს. თქვენ გინახავთ, სოფლად ვინმეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზარი რომ ირეკება, ყავახანაში მსხდომი მოხუცები ფეხზე დგებიან, პირჯვარს იწერენ და მაშინვე იწყებენ გამოკვლევას, ვინ გარდაიცვალა და რა ასაკის იყო გარდაცვლილი. ამასაც ამბობენ ხოლმე: „ეჰ, აბა ერთი უყურე, ჩვენი რიგიც მოსულა, აქ არავინ დავრჩებით!“ ისინი ხვდებიან, რომ მათი სიცოცხლის დრო ამოიწურა, მათი ცხოვრების ძაფი ბოლომდე გადაეხვა და სიკვდილი მოახლოვდა. ამგვარად, ხანშიშესული ადამიანები გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობენ. აბა, სცადე და პატარა ბავშვს უთხარი: „სიკვდილი უნდა გახსოვდეს.“ ის ამაზე რაიმეს მხიარულად გიპასუხებს და ისევ საბურთაოდ გაიქცევა. ღმერთს რომ ერთიციცქნა ბავშვისათვის იმის მიხვედრის უნარი მიეცა, რომ უნდა მოკვდეს, საბრალო ბავშვს ცხოვრებაში ყოველგვარი იმედი გაუცრუვდებოდა და სრული უძლურება შეიპყრობდა, იმიტომ, რომ მას აღარაფერი მიიზიდავდა. ამიტომ ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ყოველივეს ისე წარმართავს, რომ ბავშვს არ ესმოდეს, რა არის სიკვდილი და ამის სანაცვლოდ სიხარულით, უზრუნველად ბურთაობდეს. თუმცა, რაც უფრო იზრდება ბავშვი, თანდათანობით მით უფრო მეტს იგებს სიკვდილის შესახებ.
აბა დააკვირდით, დამწყებ ბერსაც, განსაკუთრებით თუ იგი ახალგაზრდაა, შეუძლებელია სიკვდილის ხსოვნა ჰქონდეს. ის ფიქრობს, რომ წინ ჯერ კიდევ მრავალი წელი აქვს დარჩენილი და ამიტომ სიკვდილის შესახებ ბევრს არ ფიქრობს. გახსოვთ, როგორ უბრძანა პეტრე მოციქულმა სწორედ ახალგაზრდებს, რომ გაეტანათ და დაემარხათ მკვდარი ანანია და საფირა [1]. მონასტრებში, როგორც წესი, მიცვალებულებს ახალგაზრდა ბერები მარხავენ. საკუთარ ფიქრებში დანთქმული მოხუცი ბერები მიცვალებულს მხოლოდ მცირეოდენ მიწას მიაყრიან ხოლმე. ისინი ღვთისმოსაობით დააყრიან ხოლმე მიწას გარდაცვლილის სხეულზე და არავითარ შემთხვევაში - თავზე. ერთ მონასტერში, როდესაც დაკრძალვაზე მოვხვდი, ფრიად უსიამოვნო სურათს წავაწყდი, როდესაც მიცვალებული სამარეში ჩაასვენეს და მიწა მიაყარეს, ღვთისმსახურმა წარმოთქვა სიტყვები „მიწა ხარ და მიწად მიიქეც!“ იმ დროს, როდესაც ბერები ღვთისმოსაობითა და კრძალვით აყრიდნენ მიწის ბელტებს გარდაცვლილი ძმის სხეულს, ერთმა ყმაწვილმა ბერმა მოიხსნა სქემა, ნიჩაბს ხელი დაავლო და ძალიან გაუფრთხილებლად დაიწყო მიცვალებულისთვის ყველაფრის მიყრა, რაც კი ნიჩაბს მოჰყვა: მიწის, ქვების, ნაფოტების, ის ამას იმისთვის აკეთებდა, რომ თავისი სიყოჩაღე ყველასთვის დაენახვებინა! გამონახა რა შემთხვევა თავის ძალისა და შრომისმოყვარეობის საჩვენებლად! სულ სხვა საქმე იქნებოდა, თუ მონასტერში ხეები იქნებოდა დასარგავი, ან აუზი ასაშენებელი, და იგი ამ დროს სიკეთესა და თავგანწირვას გამოავლენდა და იტყოდა: „სხვა ბერები მოხუცები არიან, იმათგან რას უნდა ელოდე, აბა, როგორ იმუშავებენ? მოდი, მე ვიმუშავებ!“ ასეთ შემთხვევაში ის ცოტა უფრო მეტად დაიღლებოდა, მაგრამ სხვებს შრომას შეუმსუბუქებდა. საერთოდ ხომ მკვდარი პირუტყვის დანახვაც კი სიბრალულს იწვევს ადამიანის გულში და მაშინ რაღა იქნება, როდესაც ხედავ, რომ სამარეში შენი ძმა წევს. შენ კი მიწახაპიასავით გულგრილად აყრი მას მიწასა და ქვებს. ყოველივე ეს ააშკარავებს, რომ ამ ახალგაზრდა ბერს სიკვდილის ხსოვნის ნასახიც კი არ გააჩნდა.
- წმიდაო მამაო, საბოლოო დიაგნოზი დასმულია, თქვენი სიმსივნე ავთვისებიანია. ეს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ფორმაა.
- ერთი ხელსახოცი მომაწოდე და ნამდვილად ავცეკვდები! ვიცეკვებ ცეკვას „გაგიმარჯოს და მშვიდობით შე საცოდავო სამყაროვ!“ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მიცეკვია, მაგრამ ახლა კი სიხარულისაგან ნამდვილად ავცეკვდები, რაკიღა სიკვდილი მიახლოვდება.
- წმიდაო მამაო, ექიმმა თქვა, რომ ჯერ დასხივებაზე უნდა გატარონ, რომ ამით სიმსივნე შეასუსტონ, მერე კი ოპერაციას გაგიკეთებენ.
- გასაგებია, ჯერ ავიაციის დაბომბვას უნდა ველოდეთ, შემდეგ კი ჯარები გადმოვლენ შეტევაზე! ჯობს, მე პირდაპირ ზემოთ წავიდე და მოგიყვეთ, იქ რა ამბები ტრიალებს! ზოგიერთი ხანშიშესული ადამიანიც კი, თუკი მას ეტყვიან, რომ „შენ მოკვდები,“ ან „არსებობს გამოჯანმრთელების მხოლოდ ორმოცდაათპროცენტიანი შანსი“, საშინლად განიცდის ხოლმე, მათ სიცოცხელე სურთ! მერედა რისთვის? საოცარი საქმეა! ახალგაზრდა ადამიანს რომ სიცოცხლე უნდოდეს, ეს კიდევ შეიძლება, გასაგები იყოს, ამას რაღაც გამართლება მაინც აქვს. მაგრამ, როდესაც გადარჩენა და სიცოცხლე სურს მოხუცს, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მესმის, თუ ის მხოლოდ იმისთვის მკურნალობს, რომ რამენაირად გაუძლოს ტკივილს, ანუ, როდესაც მას სიცოცხლის გახანგრძლივება კი არ უნდა, არამედ, სურს, რომ მისი მდგომარეობა მცირედ მაინც იყოს ასატანი, რათა ტკივილებს გაუმკლავდეს და სიკვდილამდე საკუთარი თავის მოვლა შეძლოს, - ასეთ მკურნალობას აზრი ნამდვილად აქვს.
- წმიდაო მამაო, ჩვენ მუდამ ვევედრებით ღმერთს, რომ გაახანგრძლივოს თქვენი სიცოცხლე.
- რისთვის? განა ფსალმუნში არ წერია, რომ სამოცდაათი წელი ეს ჩვენი სიცოცხლის ვადაა? [2]
- ფსალმუნში ხომ ესეც წერია: „უკეთუ ძლიერებასა შინა ოთხმეოც წელ...“
- კი მაგრამ მერე იქ ისიც არის ნათქვამი, რომ „და უმეტესი მათი შრომათ და სალმობაჲ...“ [3] ასე რომ, ამას მე იმქვეყნიურ ცხოვრებაში განსვენებას ვარჩევ.
- წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ ადამიანი სიმდაბლიღან გამომდინარე იმქვეყნიური ცხოვრებისათვის საკუთარ თავს სულიერად მომზადებულად ვერ თვლიდეს და ამიტომ სურდეს, კიდევ მცირეოდენი იცხოვროს, რომ ამისათვის მოემზადოს?
- ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამ ადამიანმა რა იცის, რომ თუ მისი სიცოცხლე გაგრძელდა, ეს მისთვის უარესი არ იქნება?
- წმიდაო მამაო, როდის ურიგდება და უმეგობრდება ადამიანი სიკვდილს?
- როდის? როდესაც ადამიანში ცხოვრობს ქრისტე, სიკვდილი სიხარულია მისთვის! მაგრამ ამავე დროს სიკვდილი იმიტომ კი არ უნდა გვახარებდეს, რომ სიცოცხლით დავიღალეთ. როდესაც ადამიანს სიკვდილის მოსვლა ახარებს, - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, - სიკვდილი ტოვებს მას და რომელიმე მშიშარას მიაკითხავს. როდესაც სიკვდილი გინდა, არ კვდები უზრუნველად მცხოვრებ ადამიანს სიკვდილისა ეშინია, იმიტომ, რომ ერულ ცხოვრებას მისთვის უამრავი სასიამოვნო განცდა მოაქვს და ამიტომ სიკვდილი არ სურს, თუკი ასეთ კაცს ვინმე სიკვდილზე ელაპარაკება, იგი პასუხობს: „ღმერთმა დამიფაროს!“ ხოლო ის კი, ვინც იტანჯება, ტკივილები აქვს, ან რაიმე ამდაგვარი განცდა აწუხებს, სიკვდილს განთავისუფლებად მიჩნევს და ამბობს: „ძალინ ვწუხვარ, რომ ჯერაც არ მომაკითხა სიკვდილმა, როგორც ჩანს, ის გზად რამემ შეაფერხა“.
სიკვდილი ბევრს არ უნდა, ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ საკუთარი ცხოვრების განმავლობაში რაღაც მოასწროს და სიკვდილი ამიტომ არ უნდა. თუმცა სახიერი ღმერთი ისე მოაწყობს ხოლმე, რომ ადამიანი მაშინ კვდება, როდესაც ის უკვე მომწიფებულია. მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, სულიერი ადამიანი, - ახალგაზრდა იქნება ის, თუ მოხუცი, - იმითაც უნდა ხარობდეს, რომ ცოცხალია და იმითაც, რომ სიკვდილი ელის. ოღონდაც სიკვდილს ჩვენივე ნებით არ უნდა ვესწრაფოდეთ, იმიტომ, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.
იმ კაცისათვის, რომელიც სოფლისათვის უკვე მოკვდა და სულიერად აღდგა, სიკვდილთან მიმართებაში არანაირი შიში, შფოთი და მოუსვენრობა არ არსებობს, რადგანაც იგი სიხარულით ელის სიკვდილს. ეს იმიტომ ხდება, რომ იგი ქრისტესთან მივა და მასთან ერთად იხარებს. მაგრამ ამქვეყნად ყოფნისასაც ხარობს იგი, რამდენადაც ამ სოფელშიც ქრისტესთან ცხოვრობს და ჯერ კიდევ დედამიწაზე ნაწილობრივ მაინც განიცდის სამოთხისეულ სიხარულს. ასეთი ადამიანი ეკითხება კიდეც საკუთარ თავს, არსებობს სამოთხეში უმეტესი სიხარული, ვიდრე ის სიხარულია, რომელსაც იგი გრძნობს აქ, დედამიწაზე ცხოვრებისას? ის ადამიანები, ვისზედაც ახლა გესაუბრებით, ღვთისმოსაობითა და თავგანწირვით ცხოვრობენ. რამდენადაც გამუდმებით სიკვდილი უდგათ თვალწინ და ყოველდღიურად მასზე ფიქრობენ, მისთვის უფრო სულიერად ემზადებიან, უდიდესი კადნიერებით იღწვიან და ამარცხებენ ამაოებას.
- წმიდაო მამაო, გვთხოვეს, ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, რომლის სიცოცხლეც რამდენიმე დღის განმავლობაში ბეწვზე კიდია, მაგრამ მისი სული სხეულს არ ტოვებს.
- რატომ არ ტოვებს, მას აღსარება არ უთქვამს?
- არა, აღსარება არ სურს. წმიდაო მამაო, სულის ამოსვლისას ადამიანის ტანჯვა მისი ცოდვილი მდგომარეობის შედეგია?
- არა, არ არის აუცილებელი, რომ ეს ასე იყოს, არც ის არის გარდაუვალი, რომ, თუ ადამინის სული სხეულს მშვიდად და უშფოთველად ტოვებს, ეს მის საუკეთესო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. არც მაშინ, როდესაც ადამიანები სიცოცხლის უკანასკნელ წამებში იტანჯებიან და ეწამებიან, აუცილებელი არ არის, ვიფიქროთ, რომ ეს მათი ცოდვების გამოისობით ხდება. უამრავი ადამიანი მეტისმეტი სიმდაბლის გამო ევედრება ღმერთს, რომ ტანჯვით სიკვდილი მიჰმადლოს მათ, რათა სიცოცხლის შემდეგ სახელი არ გაითქვან. ზოგიერთმა შეიძლება, ძალიან ცუდად დაამთავროს სიცოცხლე, რომ ამით ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყველა უმცირესი ვალიც კი გადაიხადოს. მაგალითად ადამიანს სიცოცხლეში დამსახურებულზე გაცილებით მეტად აქებდნენ, ღმერთი უშვებს, რომ ის სიცოცხლის ბოლოს ერთგვარად უცნაურად იქცევა და ამით გარშემომკოფთა თვალში საგრძნობლად ეცემა. ზოგიერთი სიკვდილის წინ საშინლად იტანჯება, რათა სხვები მიხვდნენ, რა საშინელი სატანჯველი ელის ადამიანის სულს იქ, ჯოჯოხეთში, თუ საკუთარ თავზე აქვე არ იზრუნა. მაგრამ, თუ შენი სულიერი დოკუმენტები წესრიგშია, ანუ, თუკი კარგი სულიერი მდგომარეობა გაქვს, ამქვეყნიურიდან მარადიულ ცხოვრებაში ისე გადახვალ, რომ ეშმაკი შენთან მოახლოებასაც კი ვერ გაბედავს.
- წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სიკვდილი ელის, ან ძალიან სერიოზულად არის დაავადებული, მას სიმართლც უნდა ვუთხრათ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ადამიანია იგი. ზოგჯერ კიბოიანი კაცი მეკითხება: „როგორ ფიქრობ, წმიდაო მამაო, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები?“ თუ ვეტყვი, რომ სიკვდილი ელის, ის იქვე ჩემს თვალწინ მოკვდება ნერვიულობისაგან. ხოლო, თუ ამას არ ეტყვი, გამხნევდება და ავადმყოფობას უშიშრად დაუხვდება. როდესაც ავადმყოფი საამისაოდ „მომწიფდება,“ თვითონვე, საკუთარი ნებით იტვირთავს ჯვარს და იპოვის ძალას გზად დახვედრილი ყოველგვარი სირთულის გადასალახავად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს, კიდევ რამოდენიმე წელს იცხოვროს, დაეხმაროს თავის ოჯახს, თვითონაც მოემზადოს სიკვდილისათვის და ოჯახის წევრებსაც საშუალება მისცეს, შეეგუონ ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არ ვეუბნები, რომ ისინი ათას წელს იცოცხლებენ, ან, რომ მათი ავადმყოფობა უმნიშვნელოა. არამედ, ვეტყვი ხოლმე: „ადამიანურად შენი დახმარება ძნელია, ღმერთისთვის კი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არაფერია, ამიტომ, ეცადე, რომ საკუთარი თავი სულიერად მოაწესრიგო“.
- წმიდაო მამაო, ზოგჯერ ავადმყოფის ნათესავები მისი ზიარებისაგან თავს იკავებენ, რათა ეჭვი არ აიღოს, რომ მისი სნეულება სასიკვდილოა.
- ანუ, გამოდის, რომ ადამიანი უზიარებლად უნდა მოკვდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მიხვდეს, სიკვდილი რომ ელის და არ განერვიულდეს? ასეთ ადამიანს ნათესავებმა უნდა უთხრან: „საღმრთო ზიარება წამალია, ის აუცილებლად გიშველის, კარგი იქნება, თუ ეზიარები“. ამგვარად ადამიანი ეზიარება, ამით უდიდეს შეწევნას იღებს და ამავდროულად ემზადება მომავალი ცხოვრებისათვის.
- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულოს მომაკვდავ ადამიანზე?
- მათზე, რომელთა სულებსაც სხეულის დატოვება უჭირთ, კითხულობენ „სულის განსვლის კანონს“. ზეთის კურთხევის საიდუმლო კი ყველა სნეულზე აღესრულება და არა მხოლოდ მათზე, ვინც უკანასკნელ წუთებს ითვლიან.
- წმიდაო მამაო, იმ სიტყვებს, რომელსაც მომაკვდავი სულის ამოსვლისას წარმოსთქვამს, თუ აქვს რამენაირი კავშირი მის სულიერ მდგომარეობასთან?
- ასე მარტივი დასკვნებისაგან ჯობს, თავი შევიკავოთ. შესაძლოა, ვინმე იმ წუთებში, როდესაც მისი სული სხეულს ტოვებს, ძალიან ძლიერ ტკივილს განიცდიდეს, ისე რომ, ეს ტკივილი სახეზე გამოეხატოს, გარშემომყოფნი კი თვლიან, რომ ეს გამიმეტყველება მის ცუდ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს. თუმცა ტკივილის ანაბეჭდი სახეზე განსხვავდება გაბოროტებისა და შიშის ანაბეჭჯდისაგან. ხდება, რომ ადამიანი ტკივილისაგან იტანჯება და ეწამება, სხვები კი ამას ისე განმარტავენ, თითქოს იგი ებრძვის ეშმაკებს, რომლებიც მისი სულის მისაღებად მოვიდნენ.
- წმიდაო მამაო, გაივლის თუ არა საზვერეებს სული, რომელიც ამ ქვეყნიდან სრულიად მოწესრიგებული გავიდა?
- თუ სული ამ ქვეყნიდან მოწესრიგებული გადის, ეშმაკი მას ვერანაირ ბოროტებას ვერ შეამთხვევს. მაგრამ, თუკი იგი წესრიგში არ არის, ეშმაკი საშინლად დატანჯავს. ზოგჯერ ასეც ხდება. ღმერთი უშვებს, რომ სწორედ იმ წუთებში, როდესაც ადამიანის სული სხეულს ტოვებს, მან საზვერეები იხილოს, რათა ამით ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს გვიბიძგოს, რომ ღვაწლი ავიღოთ და საკუთარი ცოდვები აქვე, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე მოვინანიოთ. გახსოვთ ნეტარი თეოდორას ცხოვრება?! [4] ანუ, ღმერთი უშვებს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა იხილოს საზვერე, რათა ამით სხვებმაც შეწევნა მიიღონ და ცოდვები მოინანიონ. ღირსი ეფროსინეს [5] ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ მონასტრის იღუმენმა ერთ-ერთი ხილვის შემდეგ ვაშლით ხელში გაიღვიძა, რათა ეს სხვებსაც ეხილათ და შეწევნა მიეღოთ.
ზოგჯერ შესაძლოა, ღმერთმა ისიც დაუშვას, რომ მომაკვდავი ადამიანის სული ესაუბრებოდეს ვინმეს, რათა მან ან საკუთარი ცოდვები მიონანიოს, ან მსმენელში აღძრას სინანული. ხედავ, როგორ არის: ღმერთს ადამიანის გადარჩენის უამრავი საშუალება აქვს. ის ან ანგელოზების საშუალებით ეხმარება ცხონებაში ადამიანს, ან - განსაცდელებითა და სხვადასხვაგვარი ნიშნებით. ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ბარბაროსულად, არაადამიანურად ეპყრობოდა ქმარსა და დედამთილს. ის ორივეს სცემდა. თვითონ მეზობლებში დადიოდა და ენას ატარტარებდა, მოხუც დედამთილს კი მინდვრად სამუშაოდ გზავნიდა. საბრალო მოხუცებული ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში უნდებოდა მინდვრამდე მისვლას, ფეხებს ძლივს მიათრევდა საბრალო, იქ კი დილიდან საღამომდე უსაყვედუროდ შრომობდა. და აი, ერთხელ, როდესაც მინდვრად მუშაობის შემდეგ შინ დაღლილობისაგან ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა, რძალს უთხრა: „მთავარანგელოზი მიქაელი მოვიდა ჩემი სულის წასაყვანად. სისხლი გაწმინდე, შვილო“. „რა სისხლი?“ - ჰკითხა შეშინებულმა რძალმა, რაკიღა ვერანაირ სისხლს ვერ ხედავდა. „აი, სისხლი, შვილო, სისხლი წვეთავს, გაწმინდე, გაწმინდე“. რძალი აქეთ-იქით იხედებოდა და სისხლს ეძებდა, ამასობაში კი მოხუცმა სული ღმერთს მიაბარა. ამ შემთხვევის შემდეგ რძალი გონს მოეგო და ცხოვრება სრულიად შეცვალა. ველური მხეციდან კრავად გარდაიქმნა. მან ნახა, როგორ კვდებოდა დედამთილი. ამ სიტყვებით დაიჯერა, რომ ხმალამოწვდილი მთავარანგელოზი მიქაელი მის სულს წაიყვანდა. ღმერთმა ეს დაუშვა იმისათვის, რომ მას შიში ეგრძნო და მოენანიებინა. ანუ, ღმერთი მას მისთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკა, რომ იგი გონს მოეყვანა. სრულიად სარწმუნოა, რომ ამ ქალს კეთილი განწყობა ჰქონდა.
- წმიდაო მამაო, თუ მომაკვდავი თავის გარდაცვლილ ახლობლებს ეძახის, ეს რას ნიშნავს?
- ეს იმისთვის ხდება, რომ მაგალითი მისცეს სხვებს, მათ, ვინც მომაკვდავის სიახლოვეს იმყოფებიან. ვიცნობდი ერთ მდიდარ ქალბატონს. ეს ქალი პირდაპირ წმინდანი იყო. ის არ გათხოვილა და ცხოვრობდა დასთან ერთად, რომელსაც მთელი თავისი ქონება მისცა. მისი სიძე - დის ქმარი, ამ ქალბატონზე გვიან გარდაიცვალა. როდესაც ეს კაცი კვდებოდა, ძახილი დაუწყო ცოლის დას: „მოდი აქ, დესპინე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ, შემინდე, როგორ გტანჯავდი! შემინდეს“ „სად ხედავ აქ დესპინეს?“ ეკითხებოდნენ მას. „აგერ აქ დგას, ნუთუ ვერ ხედავთ? ის ხომ აქ არის!“ უპასუხა მან და სული ღმერთს მიაბარა.
- წმიდაო მამაო, მიიღებენ ადამიანები შენდობას, თუკი სიკვდილის წუთებში მიტევებას სთხოვენ მას, ვინც უკვე მკცდარია?
- ღმერთი ამას იმისთვის უშვებს, რომ მათ შენდობა ასე მაინც მიიღონ. იმიტომ, რომ აღსასრულისას ადამიანი ინანიებს და იმის აუცილებლობას გრძნობს, რომ შენდობა სთხოვოს მათ, ვისაც ოდესმე აწყენინა.
- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ადამიანი საკმარისია, ცხოვრებაში სირთულეებს გადააწყდეს, რომ მაშინათვე საკუთარ სიცოცხლეზე ხელის აღმართვას ფიქრობს.
- აქ საქმეში ეგოიზმი ერთვება. იმ ადამიანების უმრავლესობა, საკუთარ თავზე ხელის აღმართვას რომ ბედავს, უსმენს ეშმაკს, რომელიც ეუბნება, რომ თუკი ისინი თავად მოუღებენ ბოლოს საკუთარ სიცოცხლეს, იმ ტანჯვისაგან გათავისუფლდებიან, შინაგანად რომ გრძნობენ. ასეთი ადამიანები ეგოიზმიდან გამომდინარე იკლავენ თავს. მაგალითად, თუკი ადამიანი ქურდობს, მერე კი ეს ქურდობა გაიხსნება და გამოაშკარავდება, ის იტყვის: „მორჩა, საბოლოოდ დავღუპე საკუთარი რეპუტაცია“ და იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, დამდაბლდეს, აღსარება თქვას და სული საუკუნო სატანჯველისაგან გადაირჩინოს, თვითმკვლელობაზე მიდის. სხვამ შესაძლოა, საკუთარ თავზე ხელი იმის გამო აღმართოს, რომ შვილი ჰყავს პარალიზებული. „ეს რა საშინელებაა, - ჩემი შვილი პარალიზებული რად უნდა იყოს?“ ამბობს ასეთი კაცი და სასოწარკვეთილებას ეძლევა. მაგრამ, თუკი საკუთარი შვილის პარალიზებულ მდგომარეობაზე თვითონაა პასუხისმგებელი და დამნაშავე, მან ეს უნდა მოინანიოს. აბა, როგორ შეიძლება, რომ მან საკუთარ თავზე ხელი აღმართოს და ბავშვი ღია ცის ქვეშ დატოვოს? განა ყოველივე ამის შემდეგ მისი დანაშაული კიდევ უფრო არ გაიზრდება?!
- წმიდაო მამაო, ხშირად გვესმის, რომ ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით იმიტომ დაასრულა, რომ სულიერად იყო დაავადებული.
- სულით ავადმყოფებს თვითმკვლელობის შემთხვევაში ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვთ, რამდენადაც მათი გონება წესრიგში ვერ არის. მხოლოდ იმის დანახვაზეც კი, რომ ცაზე ღრუბელი გროვდება, ასეთ ადამიანს სულიერი სიმძიმის შეგრძნება ეწყება. და თუკი ყოველივე ამას რაიმე სანერვიულო დაემატა, მაშინ ღრუბლები გაორმაგდებიან. თუმცა იმ ადამიანისათვის, ვინც სულიერად დაავადებული არ იყო და საკუთარ თავზე ხელი აღმართა, ეკლესია არ ლოცულობს, ისევე, როგორც არ ლოცულობს გარდაცვლილი ერეტიკოსებისთვის. ამ ადამიანების ბედს ეკლესია ღვთის სამსჯავროსა და მისსავე მოწყალებას გადასცემს. მათ სახელებს მღვდელი კვეთაში არ მოიხსენიებს და არც ნაწილის გამოღება არ ხდება მათ სახელზე, რამდენადაც თვითმკვლელობით მათ სიცოცხლეზე თქვეს უარი. ხოლო სიცოცხლე - ეს ხომ ღვთის საჩუქარია!
თვითმკვლელობა იმას ნიშნავს, რომ მისი აღმასრულებელი ადამიანები ღმერთს პირდაპირ სახეში ახლიან ამ საჩუქარს.
თუმცა ჩვენ ბევრს უნდა ვლოცულობდეთ მათთთვის, ვინც თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რათა სახიერმა ღმერთმა მათთვისაც იღონოს რამე. ჩვენ ხომ არ ვიცით, რად აღმართეს ხელი საკუთარ თავზე. არც ის ვიცით, როგორი იყო მათი სულიერი მდგომარეობა სიცოხლის უკანასკნელ წუთებში. იქნებ იმ დროს, როდესაც სული სხეულს ტოვებდა, ისინი ნანობდნენ, ღმერთს მიტევებას სთხოვდნენ და მათი სინანული შეიწირა კიდეც უფალმა. იქნებ მათი სული უფლის ანგელოზმა მიიღო და მის ხელში გადავიდა.
მსმენია ერთი გოგონას ისტორია, რომელიც სოფლად ცხოვრობდა და თხის სამწყემსად დადიოდა. თხას მდელოზე დააბამდა ხოლმე და თვითონ კი იქვე თამაშობდა. ერთხელ თამაშით გაერთო, თხა კი აეშვა და გაიქცა. გოგონამ ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად იპოვა და სახლში უთხოდ დაბრუნდა. მამამისი საშინლად განრისხდა, სცემა და სახლიდან გააგდო: „წადი და თხა მოძებნე, თუ არ გიპოვია, თავის ჩამოხრჩობა გიჯობს“ - უთხრა მან. საწყალი გოგონა თხის საძებრად წავიდა. დაღამდა, ის კი სახლში ჯერაც არ იყო დაბრუნებული. მშობლები შეშფოთდნენ, მის საძებნელად წავიდნენ და ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. მან იმ თოკისაგან, რომლითაც თხას აბამდა, ყულფი გააკეთა და თავი ჩამოიხრჩო. საბრალო გოგონა ღვთისმოსავი იყო და მამის სიტყვები პირდაპირ გაიგო. ის სასაფლაოს გალავნის გადაღმა დამარხეს.
რა თქმა უნდა, ეკლესია სწორად მოიქცა, როდესაც ის სასაფლაოზე არ დააკრძალინა. ამით შეეცადა, დაემუხრუჭუბინა ის ადამიანები, ვინც უმნიშვნელო ამბების გამო საკუთარ სიცოცხლეზე ხელს აღმართავენ. მაგრამ ქრისტე თუ ამ გოგონას სამოთხეში წაიყვანს, ეს სამართლიანი იქნება.
[1] - ნახ. დან. 5,6-10.
[2] - ფს. 89,10.
[3] - იქვე.
[4] - იმქვეყნიური სამსჯავრო ანუ საზვერეები ღირსი თეოდორასი.
[5] - წმიდა ეფროსინეს ხსენება 11 სექტემბერს აღესრულება.