- წმიდაო მამაო, ერთმა დედამ ცხრა წლის წინ დაკარგა შვილი. ახლა გთხოვთ, რომ ილოცოთ, რათა სიზმარში მაინც ნახოს იგი და ამით ნუგეში მოიპოვოს.
- რამდენი წლის იყო ბავშვი? ის პატარა იყო? ამას მნიშვნელობა აქვს. თუკი ბავშვი პატარა იყო და დედას ისეთი სულიერი მდგომარეობა აქვს, რომ მისი ხილვა არ გაანერვიულებს და სულის სიმშვიდეს არ დააკარგინებს, ის მას გამოეცხადება. მიზეზი იმისა, რომ ბავშვი არ ეცხადება, თვით მასშია.
- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ბავშვი დედას კი არ გამოეცხადოს, რომელიც ამას გამუდმებით ითხოვს, არამედ - ვიღაც სხვას.
- როგორ არ შეიძლება! ღმერთი ხომ ყოველივეს ჩვენი სიკეთისათვის აკეთებს. როდესაც მეტყვიან, რომ ვიღაც ყმაწვილი გარდაიცვალა, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ მასზე. მაგრამ, თუკი ყოველივეს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ხომ აშკარავდება, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო მეტი ბრძოლა უწევს მას და შესაბამისად მეტი ცოდვები უგროვდება. განსაკუთრებით - ამქვეყნიურ, ერის ადამიანებს. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ისინი, საკუთარი საზრუნავითა და უსამართლობით უფრო და უფრო იუარესებენ მდგომარეობას. იმის ნაცვლად, რომ გააუმჯობესონ ის. ამიტომ ის ადამიანი, რომელიც ღმერთს ახალგაზრდობაში ან ბავშვობაში მიჰყავს, უფრო მეტს იგებს, ვიდრე კარგავს.
- წმიდაო მამაო, რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?
- ჯერ არავის დაუდია ღმერთთან კონტრაქტი იმის თაობაზე, თუ როდის უნდა მოკვდეს. ღმერთს ადამიანი მის ცხოვრებაში მიტ-ნაკლებად შესაფერის დროს მიჰყავს. მიჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გამზადებული სახით და საშუალებით იმისათვის, რომ იხსნას მისი სული. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს ტოვებს, მაგრამ, თუ ნახავს, რომ ის კიდევ უფრო უარესი იქნება, მიჰყავს, რათა გადაარჩინოს. ხოლო სხვები კი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ კეთილის ქმნის სურვილი აქვთ, მას მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ამ სიკეთის აღსრულებას მოასწრებდნენ. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ იცის, ეს ადამიანები ნამდვილად გააკეთებდნენ სიკეთეს, საამისოდ შესაფერისი შესაძლებლობა რომ მისცემოდათ. ანუ, თითქოსდა ღმერთი ეუბნება მათ: „ნუღარ ირჯებით, თქვენი კეთილი განწყობილებაც კმარა!“ ხოლო ვიღაც სხვა - ძალიან კარგი - ღმერთს იმისთვის მიჰყავს, რომ სამოთხეში საჭიროა ყვავილების კოკრები.
რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ბავშვების მშობლებისა და ახლობლებისთვის ამის გაგება ადვილი არ არის. აბა, შეხედე. როდესაც პატარა ბავშვი კვდება, ქრისტეს ის თავისთან მიჰყავს - როგორც პატარა ანგელოზი. მისი მშობლები და ნათესავები კი მოსთქვამენ და მკერდში იცემენ, ნაცვლად იმისა, რომ ხარობდნენ. რადგანაც აბა, საიდან იციან, რა გამოვიდოდა იგი, გაზრდა რომ დასცლოდა შეძლებდა კი ცხონებას?
1924 წელს, როდესაც გემით მცირე აზიაში მივდიოდით, ჩვილი ვიყავი. გემი ლტოლვილებით იყო სავსე. მე გემბანზე ვიწექი სახვევებსა და ტილოში გამოკრული. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამაბიჯა. დედაჩემს ეგონა, რომ მოვკვდი და ტირილი დაიწყო. ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა ქალმა კი მაშინვე გამომხსნა სახვევებიდან და დარწმუნდა, რომ არაფერიც არ მომსვლოდა. მაგრამ მე რომ მაშინ მოვმკვდარიყავი, ახლა ნამდვილად სამოთხეში ვიქნებოდი. დღეს კი ამდენი წლის ვარ, ამდენი ვიღვაწე, მაგრამ იმაში, რომ ნამდვილად სამოთხეში მოვხვდები, დარწმუნებული მაინც არ ვარ.
გარდა ამისა, ბავშვების სიკვდილი მათ მშობლებსაც ეხმარება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ წუთიდან, როდესაც მათ ბავშვი გარდაეცვლებათ, სამოთხეში მლოცველს იძენენ. ხოლო, როდესაც მშობლებიც გარდაიცვლებიან, მათი შვილები დედმამის სულების შესახვედრად რიპიდებით მივლენ სამოთხის კართან. განა ეს ცოტაა?! გარდა ამისა, სნეულებით ან ხეიბრობით გატანჯულ პატარა ბავშვებს ქრისტე ეტყვის: „შემოდით სამოთხეში და საუკეთესო ადგილები ამოირჩიეთ!“ ბავშვები კი ასე უპასუხებენ ქრისტეს: „აქ ძალიან კარგია, ქრისტე, მაგრამ გვსურს, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი დედებიც იყვნენ“. და ქრისტე, როდესაც ბავშვების სათხოვარს მოისმენს, აუცილებლად გამოძებნის მათი დედების გადარჩენის საშუალებას.
რა თქმა უნდა, დედა, არც მეორე უკიდურესობაში უნდა ჩავარდეს. ზოგიერთ დედას სჯერა, რომ მისი გარდაცვლილი შვილი წმიდანი გახდა და ამის გამო ხიბლი იპყრობს. ერთ-ერთ ასეთ დედას სურდა, რომ ჩემთვის კურთხევის ნიშნად თავისი გარდაცვლილი ვაჟის რაიმე ნივთი მოეცა, რადგანაც სწამდა, რომ ის წმიდანი გახდა. „მაკურთხებთ, რომ მისი ნივთები კურთხევის ნიშნად გავცე?“ - მკითხა მან. „არა, ჯობს ასეთი რამ არ გააკეთოთ“, - ვუთხარი მე. ხოლო მეორე ასეთმა დედამ დიდ ოთხშაბათს ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმას მიაკრა სურათი თავისი ბავშვისა, რომელიც გერმანელებმა მოუკლეს. ეს ქალი მეუბნებოდა. „ჩემი შვილიც ხომ ქრისტესავით ევნო!“ იმ ქალებმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჯვარცმის წინაშე სალოცავად დარჩნენ, ეს საქციელი არ დაუშალეს მას, რომ გული არ ეტკინათ. ან რას ეტყოდი? ის ხომ სულიერად ტრავმირებული იყო.
- წმიდაო მამაო, რა საოცრად დიდი ძალა სჭირდებათ ადამიანებს იმისათვის, რომ უეცარ სიკვდილს არ შეუშინდნენ!
- თუკი ადამიანები ცხოვრების უღრმეს აზრს ჩასწვდებიან, იმის ძალასაც იპოვიან საკუთარ თავში, რომ სიკვდილთან სწორი დამოკიდებულება შეიმუშაონ. რადგანაც ცხოვრების არსში წვდომით ისინი სიკვდილსაც სულიერად მიუდგებიან. იცით, რამდენი მოზარდის სიცოცხლე ეწირება მოპედებს? იცით, რამდენი ახლაგაზრდა ჰყვება მოტოციკლით ავარიაში? ჭაბუკები უკანა ბორბლებზე აყენებენ მოტოცილკს, ასეთ მდგომარეობაში კი ძალიან იოლია მისი გადაბრუნება, უკანა მხარეს ვარდებიან, თავს ასფალტზე არტყამენ და იტეხენ. ისინი გმირადაც კი მიიჩნევენ მას, ვინც მოტოციკლით სხვაზე მაღლა ახტება. მოზარდები ტრაბახობენ კიდეც: „ჩემი მოტოციკლი ისე ვატარე უკანა ბორბლებზე, როგორც - უკანა თათებზე, მაგრამ მერე გადამიბრუნდა“. ხედავთ, რას არ ასწავლის მათ ეშმაკი - მხოლოდ იმის სურვილით, რომ კისრები წაატეხინოს. ჩვეულებრივ, ორი ბორბლით რომ დადიოდნენ, ავარიის შემთხვვვაშიც კი თავს არ დაარტყამდნენ და ცოცხლები გადარჩებოდნენ. თუმცა, რაკიღა ღმერთი უშვებს, რომ ეშმაკმა ბოროტება აღასრულოს, ანდა, უშვებს, რომ ვინმემ ადამიანური გაუფრთხილებლობა გამოავლინოს, გამოდის, რომ ეშმაკეულ ბოროტებას თუ ადამიანურ გაუფრთხილებლობას რაიმე სიკეთე მოჰყვება.
- წმიდაო მამაო, მაშ რაღად ლოცულობს ეკლესია, რომ ღმერთმა „მოულოდნელისა სიკვდილისაგან“ გვიხსნას ჩვენ.
- ეს სულ სხვა საქმეა. ეკლესია ევედრება უფალს, რომ სიკვდილმა მოუმზადებლებს არ მოგვისწროს.
- წმიდაო მამაო, ერთი დედა მოდის ხოლმე ჩვენთან და გამუდმებით მოსთქვამს, იმიტომ, რომ ერთხელ შვილი სადღაც გაგზავნა, მას კი იმ დროს მანქანა დაეჯახა და სასიკვდილოდ დაშავდა.
- ჰკითხე მას: „განა მძღოლმა განგებ დაარტყა მანქანა შენს შვილს? არა. შენ იმისთვის გაგზავნე საქმეზე, რომ მანქანა დაჯახებოდა? არა. მაშინ თქვი. „დიდება შენდა, ღმერთო!“ იმიტომ, რომ ის რომ მანქანას არ გაეტანა, შესაძლოა, უკუღმართ გზას დასდგომოდა. ახლა კი ღმერთმა ყველაზე შესაფერის დროს წაიყავანა. დღეს ის უკვე ზეცაშია და მისთვის სამოთხის დაკარგვის არანაირი რისკი არ არსებობს. რა გატირებს, განა არ იცი, რომ შენი ცრემლებით საკუთარ შვილს ტანჯავ? აბა, რა უფრო გინდა, შენი შვილისთვის - ტანჯვა თუ სიხარული? ახლა იზრუნე, რომ შენს სხვა შვილებს დაეხმარო - ღმერთს განშორებულნი რომ ცხოვრობენ. სწორედ მათზე გმართებს ტირილი და არა იმაზე, რომელიც გარდაიცვალა. .აი, გუშინ აქაც მოვიდა ერთი ატირებული დედა. „ღმერთმა ერთადერთი შვილი წამართვა!“ - მოთქვამდა იგი და ღმერთს ადანაშაულებდა. მე კი ვუთხარი: „თუ შენ კარგად დაუფიქრდები მომხდარს, მიხვდები, რომ ღმერთმა დიდი პატივი დაგდო. მან თავისთან წაიყვანა პატარა ანგელოზი, წაიყვანა ნათელღებული ბავშვი, არ დაუშვა, რომ იგი ვნებებსა და ცოდვებს შეეპყროთ. ღმერთმა ანგელოზად წაიყვანა იგი, შენ კი ლანძღავ მას? ძალიან მალე იგრძნობ, როგორ ლოცულობს შენი გარდაცვლილი ვაჟი ღვთის წინაშე შენთვის“. მერე ამ ქალმა თავისი ცხოვრების ამბავი მომითხრო. მან მითხრა, რომ ახალგაზრდობაში შეეძლო, ბევრი შვილი ჰყოლოდა, მაგრამ არ ისურვა. იცით, რამდენი დედა ლოცულობს და ითხოვს, რომ მათმა შვილებმა ღმერთთან იცხოვრონ. ეს ქალები ევედრებიან მას: „არ ვიცი, რას მოიმოქმედებ შენ, ღმერთო ჩემო, მაგრამ მსურს, რომ ჩემი შვილი შენთან ცხოვრობდეს, რათა იგი გადარჩეს“. თუმცა, თუ ღმერთი ნახავს, რომ ეს ბავშვი სწორ გზას სცდება, რომ ის დაღუპვისაკენ მიექანება და გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობს, ეს ბავშვი მოულოდნელი სიკვდილით მიჰყავს თავისთან. მაგალითად ის უშვებს, რომ მთვრალმა მძღოლმა ავტომანქანა დააჯახოს ამ ბავშვს და ამგვარად გაჰყავს იგი ამ ქვეყნიდან. ხოლო, ბავშვს რომ შესაძლებლობა, უკეთესი გამხდარიყო, ამ უბედურ შემთხვევას ღმერთი მას აარიდებდა. შემდეგ სიმთვრალე გაუვლის მასაც, ვინც ბავშვს ავტომანქანა დაარტყა, ადამიანი გონს მოდის და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სინდისი ქენჯნის: „მე დანაშაული ჩავიდინე!“- ამბობს ეს ადამიანი და გამუდმებით შენდობას ევედრება ღმერთს. ამგვარად ისიც ცხონდება. გარდაცვლილი ბავშვის დედა კი სულიერი ტკივილისაგან გატანჯული, უფრო ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, სიკვდილზე ფიქრდება და მარადიული ცხოვრებისათვის ემზადება. ამვარად ცხონდება ისიც. აი, ხედავთ, როგორ უშვებს ღმერთი, რომ დედის ლოცვიდან გამომდინარე - ადამიანთა სულები გადარჩნენ? მაგრამ, თუ დედებს ყოველივე ეს არ ესმით, ისინი ღმერთის დადანაშაულებას იწყებენ! რისი მოსმენა აღარ უწევს ღმერთს ჩვენგან?
თუკი ადამიანი შეძლებს, რომ საგნებისადმი ერული დამოკიდებულება მოიკვეთოს, მისი სული სიმშვიდეს მოიპოვებს. მაშ, როგორ შეძლებს კაცი, რომ მოიპოვოს ჭეშმარიტი ნუგეში, თუკი მას არ სწამს ღმერთი და ჭეშმარიტი ცხოვრება - ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ცხოვრება მარადიული?! როდესაც სტომიონის მონასტერში ვიყავი, მონასტრის სიახლოვეს, კონიცაში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც ყოველდღიურად სასაფლაოზე დადიოდა და იქ, რამდენიმე საათის განმავლობაში გულამოსკვნილი მოსთქვამდა. ის თავს საფლავის ქვას ახლიდა და კივილით აფორიაქებდა მთელ მოსახლეობას. აქ, სასაფლაოზე ის გზას უხსნიდა თავის ტკივილს და დაუფარავად გამოხატავდა. მას აკითხავდნენ, სახლში აბრუნებდნენ, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ქალის ქმარი გერმანელებმა მოკლეს, ერთადერთი ქალიშვილი კი მამის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თორმეტი წლის ასაკში გულის დაავადებით გარდაიცვალა. ასე რომ, ეს საბრალო ქალი სრულიად მარტო დარჩა. თუკი ვინმე მომხდარი ამბის მხოლოდ გარეგნულ მხარეს შეხედავს, იტყვის: „რატომ დაუშვა ასეთი რამ ღმერთმა?“ და თვით ეს ქალიც მის თავსგადამხდარ ამბავს სწორედ ასე გარეგნულად უცქერდა. ამიტომ უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ერთხელ სასაფლაოზე მეც მივედი, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და მან ლაპარაკი დამიწყო: „რატომ მომექცა ასე ღმერთი? ჩემი ქმარი ომში მოკლეს. ერთადერთი ქალიშვილი მყავდა და ღმერთმა ისიც წამართვა“. ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ბრალს სდებდა ღმერთს. მე ვაცადე ლაპარაკი და ბოლოს ვუთხარი. „მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი. შენს ქმარს ვიცნობდი. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ომში, მამულის დაცვისას დაიღუპა, როდესაც თავის წმიდათა წმიდა მოვალეობას ასრულებდა. ღმერთი მას უსამართლოდ არ მოქცევია. შემდეგ, ქმრის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთმა შენთან დატოვა თქვენი ქალიშვილი, იგი შენს გვერდით ცხოვრობდა, რაც შენთვის გარკვეული ნუგეში იყო. თუმცა შემდეგ, როდესაც მან ნახა, რომ გოგონა ძალიან მალე სწორ გზას ასცდებოდა, თავისთან წაიყვანა იგი, - იმ კეთილ მდგომარეობაში, რომელიც იმჟამად ჰქონდა. ეს მან შენი ქალიშვილის გადასარჩენად მოიმოქმედა“. ეს ქალი, თუმცა მისი ქმარი ძალიან წყნარი ადამიანი იყო, თავად ცოტა არ იყოს ერული თვისებებით გამოირჩეოდა. რა თქმა, უნდა ეს მე პირდაპირ არ განმიცხადებია მისთვის, არ მითქვამს. „შენ მეტისმეტად ერული ადამიანი იყავი!“ არამედ ვკითხე: „რაზე ფიქრობ თავად ამჟამად, გიყვარს ერული ცხოვრება?“ „არავისი და არაფრის დანახვა არ მინდა!“ მომიგო მან. „აი, ხედავ? ქვეყანა შენთვისაც მოკვდა. ტკივილი გეხმარება და არაფერი ქვეყნიური აღარ გაინტერესებს. ამგვარად ძალიან მალე თქვენ, ყველანი სამოთხეში ერთად იქნებით. განა შენს გარდა კიდევ რამდენს მიანიჭა ასეთი პატივი ღმერთმა? ნუთუ ეს არ გესმის?!“ ამ საუბრის შემდეგ საბრალო ქალმა სასაფლაოზე სიარულს თავი ანება. როგორც კი სხვა დაეხმარა, მან შეძლო, ცხოვრების უღრმესი აზრი შეეცნო და მაშინათვე დამშვიდდა.
- წმიდაო მამაო, მსმენია, რომ თუ ადამიანს ძალადობით კლავენ, ის ამით თავისი ცოდვების საზღაურს იხდის, იმიტომ, რომ მის ცოდვები მკვლელს ეკისრება.
- მოკულულ ადამიანს, თუკი შეიძლება, ასე ითქვს, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს. მას შეუძლია, ესეც კი უთხრას ღმერთს: „მე უნდა მომენანიებინა, მაგრამ მან მომკლა“. ამგვარად მისი ცოდვების სიმძიმე მკვლელს დაეკისრება. თუმცა ზოგიერთი, ვისაც წარმოსახვა არ ჰყოფნის, ამბობს: „ღმერთი რომ არსებობდეს, ის ამდენ დანაშაულს არ დაუშვებდა. ის დასჯიდა დამნაშავეებს“. ასეთ ადამიანებს არ ესმით, რომ ღმერთი ცოცხლად ტოვებს დამნაშავეებს იმისთვის, რათა სამსჯავროზე თავი იმით არ იმართლონ, თითქოს სინანული ვერ მოასწრეს, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ წლები ჰქონდა მიცემული. ხოლო, ვისაც დამნაშავეები კლავენ, ღმერთი მათ არ მიატოვებს.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ადამიანი არ კვდება. სიკვდილი - ეს მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა. ეს მხოლოდ მცირე ხნით განშორებაა. მაგალითად, როდესაც ადამიანი ერთი წლით მიდის საზღვარგარეთ, მისი ახლობლები ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ვერ ნახავენ, ხოლო, თუ ათი წლით მიდის, მაშინ ამ ათწლიანი განშორების გამო სწუხან. სწორედ ამგვარადვე უნდა უცქერდნენ ადამიანები საყვარელ ადამიანებთან იმ განშორებას რომელიც სიკვდილს მოაქვს. მაგალითად, თუ ხანშიშესულ ადამიანს ახლობელი უკვდება, მან უნდა თქვას: „ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ ჩვენ კვალვ შევხვდებით“. რა თქმა უნდა, ადამიანი ახლობლის დაკარგვისას ტკივილს განიცდის, მაგრამ სიკვდილთან სულიერი მიდგომა მაინც უნდა შევძლოთ. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული? ,,...არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუთ სასოებაა“ [2], მაგალითად, რამდენად ხშირად ვინახულებდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო? თვეში ერთხელ? უნდა ვფიქრობდე, რომ იქ, მარადიულ ცხოვრებაში გამუდმებით მასთან ვიქნები. ჩვენი მშფოთვარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან წავიდა, ცუდად - არაქრისტიანულად ცხოვრობდა. მაგალითად, თუ ის სასტიკი ადამიანი იყო, ბევრი ლოცვა გვმართებს, თუკი ნამდვილად გვიყვარს და გვსურს, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შევხვდეთ.
[1] - 1 თეს. 4,13.
[2] - იქვე.