„მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია ღვაწლი“
- მამაო, შეიძლება სულიერმა ადამიანებმა, რომლებიც ერში ცხოვრობენ, ურწმუნოთა წინაშე აჩვენონ, რომ მარხულობენ?
- თუ საუბარია ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილ იმ მარხვებზე, როგორიცაა ოთხშაბათი, პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები, მაშინ მართებთ იმარხულონ, რადგან ეს რწმენის აღმსარებლობაა. თუმცაღა სხვა მარხვები, მოსაგრეობით შესრულებული ქრისტეს სიყვარულის ან იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილ იქნას რაიმე სათხოვარის გამო, საიდუმლოდ უნდა აღესრულებოდეს.
მიზანი ისაა, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო და არა უბრალოდ მართლმადიდებლურად წერო ან ისაუბრო. ამიტომაც ხედავ?! - თუ მქადაგებელს არ აქვს პირადი გამოცდილება, მისი ქადაგება ვერ აღწევს გულამდე, ვერ ცვლის ადამიანებს.
- როცა მსმენელი ან მკითხველი კეთილგანწყობილია?
- მაშინ მას უკვე აქვს ღვთაებრივი მადლი და სწორედ ამიტომ იღებს სარგებელს. თუმცაღა, ის, ვისაც არ აქვს კეთილი განწყობა, მქადაგებლის სიტყვების გარჩევას დაიწყებს და ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს. მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია ღვაწლი.
როგორღაც ერთმა ღვთისმეტყველმა ხალხს მოუწოდა სისხლის ჩასაბარებლად წასულიყვნენ, რადგან ამის აუცილებლობა იყო. და მართლაც: მისმა ქადაგებამ მრავალი გამოაფხიზლა და ბევრი სისხლი ჩააბარეს. თავად მას არც ერთი წვეთი არ ჩაუბარებია, სისხლი კი, პირდაპირ ვთქვათ, „ჭარბად“ ჰქონდა. ადამიანები მოიხიბლნენ. „მე, - თქვა მაშინ ღვთისმეტყველმა, - ჩემი ქადაგებით გამოვაფხიზლე ხალხი სისხლის ჩასაბარებლად, ეს იგივეა, თითქოს მე ჩამებარებინოს ყველაზე მეტი სისხლი!“ ასე იმშვიდებდა იგი თავის სინდისს. ჯობდა, მას არ ექადაგა და წასულიყო, ხმაურის გარეშე თავად ჩაებარებინა ცოტაოდენი სისხლი!
ერთმა ადამიანმა, რომელიც საერთოდ არ იყო ეკლესიასთან ახლოს, მითხრა: „მე მემარჯვენე ვარ!“ - „თუ ჯვარს არ აღიარებ, რა ხეირია ამ ყველაფერში?“ - ვუპასუხე მე. „ან რა ხეირია იმაში, რომ ხელი ითვლება მარჯვენად, თუ იგი პირჯვარს არ იწერს? რითი განსხვავდება იგი მარცხენისაგან, რომლითაც არ ხდება პირჯვრის წერა, რადგან როგორც არ უნდა ეცადო, იგი მას მაინც ვერ გააკეთებს. თუ შენ მემარჯვენე ხარ, ხოლო პირჯვარს არ იწერ, რითი განსხვავდები მემარცხენეებისაგან? მიზანი ისაა, რომ სულიერი ადამიანი იყო, ქრისტესთან ახლოს იცხოვრო. მაშინ შენ სხვებსაც დაეხმარები.“
თუ ადამიანი მართალ ცხოვრებას ეწევა, მაშინ მისი საქმეები თავად მეტყველებენ. ერთ ქალაქში პროტესტანტი ცხოვრობდა, რომელიც ყველას განიკითხავდა: მღვდლებსაც და ეპისკოპოსებსაც. მახლობელ მონასტერში კი ერთი ბერი მოსაგრეობდა. ერთხელ როგორღაც ათეისტი ეკითხება პროტესტანტს: „ჰო, კარგი, ყველა მეუფეს, ყველა მოძღვარს განიკითხავ, ამ ბერზე რაღას იტყვი?“ - „ამ ბერს მე ვენდობი, - უპასუხა მან, - რადგან იგი ისეთი არაა, როგორიც დანარჩენები.“ ხედავ, როგორ ეხმარება მორწმუნე ადამიანი სხვებს, სადაც არ უნდა იყოს, თუ იგი მართებულად ცხოვრობს?! მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი იუგოსლაველი პოლიციელი საბერძნეთში მსახურობდა. მეორე მხარეს იყვნენ სერბი კომუნისტები, რომლებიც უბრალონი კი არ გახლდნენ, არამედ სწორედ უღვთონი, პარტიის ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირნი. როდესაც საზღვარს მოძღვრები კვეთდნენ, ეს პოლიციელი მათ ხელებს უკოცნიდა. კომუნისტებმა ეს შეამჩნიეს. „ბერძენი პოლიციელი და ხელებს უკოცნის სერბ მოძღვრებს?!“ - ამან კომუნისტებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი რწმენაზე დაფიქრდნენ.
როგორ ეხმარებიან სხვებს ისინი, ვინ რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებენ და ამასთან ქრისტიანული პრინციპების ერთგულნი არიან! ამიტომაც მე, როდესაც ზოგიერთი „დიდი ადამიანი“ ჩამოდის, ვცდილობ შვხვდე მათ, რათა დავეხმარო იმიტომ, რომ მათ თავისი მაგალითით შეუძლიათ სხვებზე ძალიან სასიკეთოთ იმოქმედონ. ერთი ჩემი ნაცნობი მარშალი მართლაც სამაგალითოა. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ყველაფერი შინაგანიდან, გულიდან მოდის, სხვები ხედავენ რა მას, ფიქრდებიან და სწორდებიან.
იცით, რა უთხრა ერთ ქალაქში ერთმა განათლებულმა ქალბატონმა პარლამენტის რომელიღაც წევრს? ქალი თავის მეუღლესთან ერთად იყო სადილზე. მიძინების მარხვის დღეები იყო, სუფრაზე კი მოჰქონდათ ხორცი, თევზი... ცნობილი ქალი მარხულობდა და ამიტომ არაფერს ჭამდა. დეპუტატმა ეს შეამჩნია და თქვა: „უძლურები და მოგზაურები მარხვას არ იცავენ“. - „რა თქმა უნდა, - უპასუხა ქალმა, - და განასაკუთრებით ისინი, ვინც ბორბალზე მოგზაურობენ“. მაინც არ მიკარებია საჭმელს. სადილზე სხვებთან ერთად ერთი ეკლესიის მსახურიც იყო, რომელმაც მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა“ და ა.შ. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, უამრავი საქები რამ თქვა. მაშინ ქალის ქმარმა მას გააწყვეტინა და უთხრა: „ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი“(ფს.145). რადგან ეს კაცი სხვების წინაშე თვალთმაქცობდა.
დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: „გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე განაცხადებს თქვენს კეთილ საქმეებს ხალხში“.
თარგმნა თამარ ასათიანმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“