როგორც წესი, ყველა ცდილობს, რომ მკურნალი ექიმი სიახლოვეს ჰყავდეს, ასევე უნდა ცდილობდეს ადამიანი, რომ მოძღვარი მისგან შორს არ იყოს. ახლოს მყოფ ექიმს შეუძლია, ავადმყოფს მეტი დახმარება აღმოუჩინოს, ვიდრე - მედიცინის დოქტორს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შესაძლოა, დიდად გამოცდილი არც იყოს. ავადმყოფთან სიახლოვისას ხომ ექიმს შესაძლებლობა აქვს რეგულარულად გამოიკვლიოს იგი, ხოლო როცა ამის აუცილებლობას მიხვდება, სპეციალისტთან გაგზავნოს. როდესაც ტუბერკულიოზის დისპანსერში ვიწექი, ჩემი ყურადღება ამგვარმა მოვლენამ მიიქცია: ტუბერკულიოზით დაავადებული ბევრი მდიდარი დისპანსერში კი არ იწვა, ისინი საკუთარ სახლებში რჩებოდნენ. მათ სამკურნალოდ მედიცინის დოქტორი მიდიოდა. მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მკურნალობა სრულიად უშედეგო რჩებოდა, რადგან დოქტორი სახლში მყოფ ავადმყოფს რეგულარულად ვერ აკვირდებდოა. ამიტომაც იძულებულნი გახდნენ, რომ დისპანსერში მდიდრებისთვის სპეციალური განყოფილება გაეხსნათ, რათა მათ სტაციონარულად ემკურნალათ და გამუდმებით სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფილიყვნენ.
მე იმის თქმა მინდა, რომ ავადმყოფთან სიახლოვისას ექიმი აკვირდება მას, როდესაც რაიმე წამალს დაუნიშნავს და ხედავს: ეხმარება მის მიერ გამოწერილი წამლები, თუ მათ რაიმე გვერდითი მოქმედბა აქვთ. მდგომარეობისდამიხედვით ექიმი უზრდის ან უმცირებს დანიშნულ დოზას. ხოლო, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, ავადმყოფს მკურნალობის სულ სხვა კურსი დაუნიშნოს. ასევე მოძღვარიც. ის ახლოდან უნდა აკვირდებოდეს სულს. იმიტომ, რომ ადამიანი თანდათანობით განიცდის სხვადასხვაგვარ ცვლილებებს, რომლებზე დაკვირვება და შედეგიანი დახმარება შორიდან შეუძლებელია. ერთხელ ერთ ქალს, რომელსაც რაღაც განსაცდელი ჰქონდა, ვურჩიე: ასე და ასე მოიქეცი და ნახავ, რომ ამ განსაცდელს გადალახავ“. მან მე დამიჯერა და მართლაც დასძლია განსაცდელი. მაგრამ შემდეგ მას სრულიად საპირისპირო განსაცდელი მოევლინა და შეეცადა, რომ ის იმავე მეთოდით დაეძლია. შედეგად დიდ უბედურებას გადაეყარა. ხომ შეეძლო, რომ ვინმე გამოეგზავნა ჩემთან, ან წერილი მოეწერა და ეკითხა, როგორ მოქცეულიყო, რამდენადაც სირთულე, რომელსაც მაშინ შეეჩეხა, სულ სხვაგვარი იყოს. მე კი მას ახალ „წამალს“ გამოვუწერდი. ანუ - სხვაგვარ რჩევას მივცემდი. მაგრამ მან ვერ გამონახა ჩემთან დაკავშირების საშუალება, რადგანაც შორს ვიყავი. ამიტომ, თუ ადამიანს ისე არ ვიცნობ, როგორც საჭიროა და მასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს, შორიდან რჩევებს არ ვაძლევ.
წიგნიდან: „სულიერი ბრძოლა“, თბილისი, 2006 წ.