- ზოგჯერ, მამაო, რაღაც მსურს და ღმერთი მას ჩემი თხოვნის გარეშეც აღასრულებს. ეს როგორ ხდება?
- ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. ის ხედავს ჩვენს საჭიროებებს, სურვილებს, და როცა რამე ჩვენივე სასიკეთოდ გვემსახურება, იგი გვაძლევს ამას. თუ ადამიანს შეწევნა სჭირდება, ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეხმარებიან მას. როცა ბერ ფილარეტს ეკითხებოდნენ: „რით დაგეხმარო, მამაო? რა გჭირდება?“ - იგი პასუხობდა: „იმას, რაც მე მჭირდება, დედა ღვთისა გამომიგზავნის“. ასეც ხდებოდა. როდესაც თავს უფალს მივანდობთ, იგი, ჩვენი კეთილი უფალი, თვალყურს გვადევნებს და ზრუნავს ჩვენზე. როგორც კეთილი მმართველი, ის ყოველ ჩვენთაგანს გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება. უფალი ნაწილობრივ ჩვენს ნივთიერ საჭიროებებშიც კი მონაწილეობს და იმისათვის, რომ მისი ზრუნვა, მისი განგება გავაცნობიეროთ, ზუსტად იმდენს გვაძლევს, რამდენიც გვჭირდება. თუმცა, ნუ ელი იმას, რომ თავიდან უფალმა მოგცეს რამე. არა, თვითონ შენ თავად მიეცი ღმერთს მთლიანად საკუთარი თავი. იმიტომ, რომ თუკი მუდმივად სთხოვ რაიმეს უფალს, თავად კი არ მიენდობი მას, ცხადი ხდება, რომ შენ საკუთარი სახლი გაქვს, რომ შენ უცხო ხარ მარადიული ზეციური სავანისათვის. ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აძლევენ ღმერთს და თავადაც სრულებით მიეცემიან მას, დაფარულნი არიან დიდებული ღვთის საფარველით და მისი ღვთაებრივი განგებით არიან დაცულნი. ღვთისადმი მინდობა არის დაუსრულებელი საიდუმლო ლოცვა, რაც აუცილებელ მომენტში უხმაუროდ მიიზიდავს ღვთაბრივ ძალას იქითკენ, სადაც ამის საჭიროება იქნება. და მაშინ მისი კეთილზნეობრივი შვილები დაუსრულებლად, უდიდესი მადლიერებით განადიდებენ მას.
როდესაც მამა ტიხონი პატიოსანი ჯვრის კალივში დასახლდა, იქ არ იყო ტაძარი. ფულიც არ ჰქონდა მის ასაშენებლად - არაფერი გააჩნდა, გარდა ღვთისადმი დიდი რწმენისა. ერთხელ, ლოცვის შემდეგ, იგი კარიესისკენ გაემართა იმის რწმენით, რომ ღმერთი დაეხმარებოდა ფულით, რომელიც ეკლესიის ასაშენებლად იყო საჭირო. კარიესისკენ მიმავალ გზაზე მას შორიდან წმიდა ილიას სკიტის წინამძღვარმა დაუძახა. როცა მამა ტიხონი მიუახლოვდა, მან უთხრა: „ერთმა კეთილმა ქრისტიანმა ამერიკიდან გამოგზავნა ეს დოლარები, რათა მივცე ვინმე მოსაგრეს, რომელსაც ტაძარი არა აქვს. აი, შენ კი სწორედ ტაძარი არა გაქვს, აიღე ეს ფული და ააშენე“. მამა ტიხონს ცრემლი მოერია გულთამხილავი ღვთისადმი მადლიერებისაგან, რომელმაც მის ტაძარზე ჯერ კიდევ მანამ იზრუნა, სანამ მამა ტიხონი ამას სთხოვდა - ამგვარად, როცა ამის შესახებ ლოცულობდა, ფული უკვე მზად იყო მისთვის.
თუ ადამიანი მიენდობა უფალს, მაშინ ღმერთი არ მიატოვებს მას. და, მართლაც: თუ ხვალ ათ საათზე რაიმე დაგჭირდება (თუ ეს მოთხოვნილება გონიერების ზღვარს არ აღემატება და ნივთი მართლაც აუცილებელია) ათს რომ თხუთმეტი დააკლდება, ან ათის ნახევარზე უფალს ის უკვე მზად ექნება შენთვის. მაგალითად, ხვალ ათ საათზე ფინჯანი გჭირდება. ცხრას რომ ხუთი დააკლდება ის უკვე გექნება. შენ გჭირდება ხუთასი დრაქმა, იმ დროს, როცა ის გჭირდება ჩნდება ზუსტად ხუთასი, თანაც არა ხუთას ათი, ან ოთხასოთხმოცდაათი, არამედ ზუსტად ხუთასი. შევნიშნე, რომ თუ, მაგალითად, რაიმე ხვალისთვის მჭირდება, ღმერთი ამაზე დღესვე ზრუნავს. ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე ვიფიქრებ, ამაზე უკვე ფიქრობს ღმერთი. მან წინასწარ იზრუნა აუცილებელზე და მაძლევს სწორედ იმ დროს, როცა ეს საჭიროა. მე ეს შევიგნე, როდესაც ვხედავდი, რამდენი დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ რაიმე ნივთი ზუსტად იმ საათზე მოსულიყო ჩემამდე, როცა ის მე მჭირდებოდა; ანუ, ღმერთი წინასწარ ზრუნავს ჩვენზე.
როდესაც ჩვენი კეთილზნეობრივი ცხოვრებით ღმერთს ვახარებთ, იგი თავის კეთილზნეობრივ შვილებს უშურველ კურთხევას გვანიჭებს სწორედ იმ საათზე, როცა ეს გვჭირდება. შემდეგ მთელი ცხოვრება გადის ღვთაებრივი განგების დიდებაში. მე შემიძლია საათობით მოგიყვეთ ღვთის სასწაულებრივი განგების მაგალითებზე.
ომში როდესაც ვიყავი, საბრძოლო ოპერაციებში ვმონაწილეობდი. სახარება მქონდა და ვიღაცას მივეცი. შემდეგ ვამბობდი: „ოჰ, ნეტავ სახარება მქონოდა, როგორ დამეხმარებოდა!“ შობას ჩვენს ნაწილში, რომელიც მაშინ მთებში იმყოფებოდა, ორასი გზავნილი გამოაგზავნეს მესოლონგიდან. ორასი გზავნილიდან სახარება მხოლოდ იმაში იყო, რომელიც მე შემხვდა! ეს იყო ძველად გამოცემული სახარება, პალესტინის რუქითურთ. გზავნილში იყო წარწერა: „თუ სხვა წიგნებიც გჭირდება, მოგვწერე და გამოგიგზავნით“.
ერთხელ, როცა მე უკვე მესტომიონის მონასტერში ვიყავი, ტაძრისთვის კანდელი დამჭირდა. ერთ დილას, ცისკარზე, კონიცისკენ წავედი. ერთ სახლთან ახლოს რომ ჩავიარე, გავიგონე, როგორ ეუბნება გოგონა მამას: „მამა, ბერი მოდის!“ ის ჩემს შესახვედრად გამოვიდა და მითხრა: „მამაო, მე აღთქმა დავდე, რომ დედა ღვთისათვის კანდელი შემომეწირა. აიღე ეს ფული და თავად იყიდე“. მან მომცა ხუთასი დრაქმა - ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირდა კანდელი 1958 წელს.
აი, ახლაც, როცა რაღაც საჭიროება მიჩნდება, ღმერთი მაშინვე მაძლევს მას. მაგალითად, თუ მინდა დავხერხო შეშა და არ შემიძლია, შეშა ორ წუთში თავად მოდის ჩემთან. მანამდე, სანამ თქვენთან ჩამოვიდოდი, გზავნილი მივიღე, რომელშიც ორმოცდაათი ათასი დრაქმა იყო - ზუსტად იმდენი, რამდენიც მჭირდებოდა. აი, კიდევ მაგალითი: ვიღაცას მივეცი დასალოცად ხატი „ღირს არსი“, მეორე დღესვე ჩემთან მოაქვთ „ივერიისა“. ამ ზაფხულს (ეს სიტყვა წარმოთქმულია 1990 წელს) სანამ წვიმა გადაივლიდა, წყალი საერთოდ არ მქონდა. ახლა ცოტა წამოწვიმს თუ არა, წყალს ვაგროვებ. ყოველდღე იმდენი ხალხი მოდის - სვამენ, იბანენ, ისინი ხომ გაოფლიანებულნი მოდიან, წყლის დონე კი მხოლოდ ოთხ-ხუთ თითზე იწევს! ერთი კასრი ასორმოცდაათ-ორას ადამიანს ყოფნის და თანაც არ ცარიელდება! ამასთან, ზოგჯერ ერთი მეტისმეტად აღებს ონკანს, სხვებს მისი დაკეტვა ავიწყდებათ, და წყალი მოედინება, ამის მიუხედავად ის მაინც არ თავდება!
თარგმნა სიდონია ანასაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 32 (290), 2004 წ.