არ მახსოვს დღე, როცა არ განმიცდია უფლისმიერი სიმშვიდე. მაგრამ ადვილად შემიძლია გავიგო, რაოდენ ცუდად გრძნობს თავს ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც დაშორდნენ უფალს, ამის გამო მოკლებულნი არიან უფლისმიერ სიმშვიდეს. რაც უფრო მეტად შორდება უფალს, ადამიანს მით უფრო უძნელდება ცხოვრება. ხოლო თუკი უფალთან ხარ, მაშინ შეიძლება, მის გარდა არაფერი გაგაჩნდეს, მაგრამ მეტად აღარც არაფერი გსურდეს. საქმეც ამაშია. თუკი ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ უფალთან არაა, შინაგან ტანჯვას განიცდის. ამიტომ, ჩვენთვის აუცილებელია, შეძლებისდაგვარად მივუახლოვდეთ უფალს. მხოლოდ უფალთან სიახლოვით ჰპოვებს ადამიანი ნამდვილ და მარადიულ სიხარულს. ტკბილი იესოსგან შორს ყოფნით მწარე ფიალას ვეწაფებით. როდესაც ძველი ადამიანი ხდება - ძე მეუფისა, იგი ღვთაებრივი სიამოვნებებით, ზეციური სიტკბოებებით საზრდოობს და უკვე ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხისეულ სიხარულს. ყოველდღიურად სამოთხისეული მცირედი სიხარულიდან მოყოლებული უფრო და უფრო მეტ სიხარულს იხვეჭს. იგი სვამს კითხვას: „ნუთუ სამოთხეში რაიმე იმაზე აღმატებულია, რასაც ახლა განვიცდი?“ იგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ შეუძლია სხვა საქმის კეთება. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოებისაგან მუხლები ცვილივით ედრიკება. გული სიხარულისგან უფანცქალებს, სურს, გაარღვიოს გულის ფიცრის თიხის თხელი ტიხარი და გაფრინდეს - იმიტომ, რომ დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არაფრადღირებულ წვრილმანებად ეჩვენება.
თავდაპირველად ადამიანი უფალთან ერთობაში იყო. თუმცაღა შემდეგ დაშორდა მას და თავს ისე გრძნობდა, თითქოს თავიდან სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ აღმოჩნდა მისი კარიბჭის მიღმა; იგი შორიდან შესცქეროდა სასახლეს და ტიროდა. უფალს დაშორებული ადამიანი წვალობს და ისე იტანჯება, როგორც ბავშვი, რომელიც დედისგან შორსაა. უფლისგან დაშორებით ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდის. ეშმაკმა ადამიანები ისე შორს წაიყვანა ღვთისგან, რომ მათ კერპთთაყვანისმცემლობა დაიწყეს და კერპებს მსხვერპლად საკუთარ შვილებს სწირავდნენ. რაოდენ საშინელია ყოველივე ეს! თუმცაღა ყველაზე მეტად თავად ეშმაკი იტანჯება - იგი ხომ უფალს, მის სიყვარულს დაშორდა და მისგან ყველაზე შორსაა; როდესაც სიყვარული ქარწყლდება, მაშინ ჯოჯოხეთური ტანჯვა იწყება. რა უპირისპირდება სიყვარულს? ბოროტება. ბოროტება და ტანჯვა კი ერთი და იგივეა.
ის, ვინც უფალს შორდება, ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მაშინ როცა ის, ვინც უფალთან ცხოვრობს, ღვთაებრივ მადლს მოიპოვებს. უფლის მადლი მას მიემთხვევა, ვისაც იგი გააჩნია. ხოლო თუ ადამიანს მცირედი მადლი აქვს, მაგრამ მას ღირსეული მოწიწების გარეშე ეპყრობა, მაშინ ის მცირედიც ერთმევა, რაც აქვს, რადგან ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან� (ლუკა 19,26). თანამედროვე ადამიანებს არ ჰყოფნით უფლის მადლი, რადგან ცოდვის მეშვეობით მადლის იმ ნამცეცებსაც კი განაგდებენ, რაც გააჩნიათ. ხოლო როდესაც ღვთაებრივი მადლი შორდება, ადამიანში გაშმაგებით იჭრება ყველა ეშმაკი.
ადამიანები რამდენადაც დაცილდნენ უფალს, ამ ცხოვრებაში იმდენად განიცდიან გულგატეხილობას. ადამიანი რამდენადაც უფლის ნების თანახმად ცხოვრობს, იგი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში რაღაც ხარისხით მაინც იგემებს სამოთხისეული სიტკბოების ნაწილს. უკვე ამ ცხოვრებაში ან ნაწილობრივ განვიცდით სამოთხისეულ სიხარულს და აქედან სამოთხეში მივემართებით, ანდა ნაწილობრივ აქვე განვიცდით ჯოჯოხეთურ ტანჯვას და მერე (ღმერთმა დაგვიფაროს!) ჯოჯოხეთში მოვხვდებით. სამოთხე იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთური ტანჯვა კი - ბოროტება. სიკეთის კეთებით ადამიანი სიხარულს განიცდის; ცოდვის ჩადენით კი იტანჯება. რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს ადამიანი, მით უფრო მეტად უხარია. ხოლო რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადის, მით უფრო ძლიერ იტანჯება მისი სული. გრძნობს თუ არა სიხარულს ქურდი? რომელ სიხარულზეა საუბარი - სიხარულს ხომ ის განიცდის, ვინც კეთილ საქმეებს სჩადის?! ის კი არადა, თუ გზაზე ნაპოვნ ნივთს აიღებ და საკუთარ თავს ეტყვი, რომ იგი შენია, სიმშვიდეს მაშინვე დაკარგავ. მპოვნელმა არ იცის, ვინ დაკარგა იგი, მას არავისთვის უწყენინებია, არავინ გაუქურდავს, თუმცაღა, მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს მაინც კარგავს! რაღა ითქმის ქურდზე?! მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უბრალოდ რაღაც წყალობას იღებს სხვისგან, იგი არ გრძნობს იმ სიხარულს, რომელსაც განიცდის მაშინ, როდესაც თავად აკეთებს სიკეთეს. ხოლო რომელ სიხარულზეა საუბარი, თუ თავად ქურდობ და ანაწყენებ! ამიტომ შეხედეთ მათ, ვინც სხვებს ატყუებს და გულს სტკენს: რა საშინლად გამოიყურებიან, როგორ საშინლად მანჭავენ სახეს?!
თარგმნა თამარ ასათიანმა