თუ ადამიანს უფლის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ჭეშმარიტი საგანძურია! ის, რაც ნაკურთხია, მყარად დგას და არ ინგრვა; ხოლო ის, რასაც კურთხევა არ აქვს, სუსტია და სწრაფად ეცემა. უსამართლობა უმძიმესი ცოდვაა. ნებისმიერ ცოდვას შეიძლება მოვუძებნოთ შემამსუბუქებელი გარემოებანი, მაგრამ არა უსამართლობას - იგი პირიქით, ღვთის რისხვას იხვეჭს. რაოდენ საშინელია ეს ყოველივე! ისინი, ვინც სხვებს უსამართლოდ ექცევიან, საკუთარი თავისთვის ამზადებენ ცეცხლს. ადამიანები ჩადიან რაიმე უსამართლობას და აი, კვდება მათი ახლობელი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, გააანალიზონ ამ ყოველივეს მიზეზი. განა ამდენი უსამართლობის ჩამდენ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ?! მათი ჩადენით ხომ ისინი ეშმაკს საკუთარი თავის ფლობის უფლებას აძლევენ. ამიტომაც სულ მალე მათ უბედურებები, ავადმყოფობები და სხვა ფათერაკები ეწყებათ და ვერ ხვდებიან რა ამ უბედურებების სულიერ მიზეზს, გთხოვენ ილოცო, რომ გამოჯანმრთელდნენ!
ფათერაკთა უმეტესობა უსამართლობიდან მომდინარეობს. მაგალითად, თუკი ადამიანები უსამართლობით იხვეჭენ სიმდიდრეს, მაშინ ისინი რამდენიმე წელი რძეში მოტივტივე ყველს ჰგვანან, მაგრამ შემდეგ მთელი ამ უსამართლობით მოხვეჭილს ექიმებსა და მკურნალობაზე ფლანგავენ. ფსალმუნში წერია: „შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (36,16). ყველაფერი, რაც უსამართლოდ გროვდება, ქრება, ქარს მიაქვს. ავადმყოფობა, გაკოტრება თუ სხვა უბედურებანი ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა ასეთი ადამიანებისათვის. ეს ყოველივე კი სხვებს და არცთუ ისე ბევრს იშვიათად ემართება. ამიტომ ასეთ ადამიანებს ღვთისგან მიეზღვევათ და, საბოლოო ჯამში, მართალი იობის მსგავსად ისინი უფრო მდიდრები ხდებიან....
უსამართლო ადამიანი, და საერთოდ, ნებისმიერი, რომელიც სხვის წინაშე რაღაცაში დამნაშავეა და პატიება არ ითხოვა - საკუთარი სინდისიის ქენჯნით იტანჯება. ამას ემატება იმ ადამიანის გულისწყრომა, ვისაც მან აწყენინა. რადგან ის, ვისაც უსამართლოდ მოექცა, თუ არ შეუნდობს თავის მაწყენარს და მუდამ იჩივლებს მასზე, მაშინ უკანასკნელი ძლიერ ტანჯვა-წვალებას განიცდის. ასეთ დროს უსამართლო ადამიანს აღარ შეუძლია ძილი, იგი ისე იგრძნობს თავს, თითქოს უზარმაზარი ტალღები ეხეთქება. გონებისათვის მიუწვდომელია, როგორ გრძნობს იგი მის მიერ განაწყნებულის გულისწყრომას. როდესაც ერთ ადამიანს უყვარს მეორე და, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით, ფიქრობს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელიც გრძნობს მის სიყვარულს. დაახლოებით ამდაგვარი რამ ხდება განაწყენების შემთხვევაშიც. ოჰ, რაოდენ მტანჯველია, როდესაც განაწყენებულის აღშფოთება უსამართლო კაცს სულს უფორიაქებს! მაშინაც კი, როდესაც იგი სადღაც შორს იმყოფება - თუნდაც ავსტრალიაში, ან იტალიაში, თუკი ვინმეს სული მის გამო აღშფოთებულია, მაშინ იგი სიმშვიდეს ვერ პოულობს.
- მაგრამ თუკი ეს ადამიანი უგრძნობია?
- განა უგრძნობი ადამიანები არ იტანჯებიან?! იტანჯებიან, მაგრამ ისინი სხვადასხვა გასართობებით იტყუებენ თავს, რათა დავიწყებას მიეცნენ. ხდება ასეც: უსამართლოდ განაწყენებულმა შეუნდო დამნაშავეს, მაგრამ მის გულში კვლავ დარჩა მციროდენი გულისტკივილი. მაშინ, თავად ისიც, გარკვეულწილად, იტანჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, მის გულისწყრომაში დამნაშავე კიდევ უფრო მეტად იტანჯება. თუმცაღა, თუკი ის, ვინც დამნაშავეა, შენდობას ითხოვს და უსამართლოდ განაწყენებული მას არ აპატიებს, მაშინ ტანჯვას ეს უკანასკნელი იწყებს. არ არსებობს კოცონი, რომელიც უფრო მეტად წვავს, ვიდრე სულის შინაგანი ცეცხლი, რომელიც სინდისის ქენჯნისგან იბადება. ასეთ ადამიანს სინდისი უკვე ამ ცხოვრებაში ტანჯავს, მას განუწყვეტლივ ღრღნის შინაგანი ჭია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში დაუ- ძინებელი ჭია� კიდევ უფრო მეტად დაღრღნის მის სინდისს, თუკი ამ ცხოვრებაში არ შეინანებს და არ დაუბრუნებს თავის ახლობლებს იმას, რაც მათ უსამართლოდ წაართვა...
- მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?
- როგორ უნდა მოვექცეთ მათ? როგორც ჩვენს უდიდეს კეთილისმყოფელს, რომელიც ჩვენს სახელზე საუფლო საგანძურში შენატანს აკეთებს. ასეთი ადამიანი საუკუნოდ გვამდიდრებს. განა ეს ცოტაა? განა ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც კეთილისგვიყოფს ჩვენ, განა არ გამოვხატავთ მათდამი ჩვენს მადლიერებას?! სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც უსამართლოდ გვექცევა, რადგან იგი ჩვენი მარადიულობისათვის კეთილისმყოფელია. როგორც უსამართლო ადამიანები არიან საუკუნო გამართლებას ჩამოცილებულნი, ასევე ის, ვინც სიხარულით დაითმენს უსამარ- თლობას, მიიღებს მარადიულ გამართლებას.
ერთი ღვთივსათნო, ოჯახის უფროსი ადამიანი თავის სამსახურში უამრავ უსამართლობას ითმენდა. მაგრამ მას ჰქონდა მრავალი სიკეთე და ყველა უსამართლობას უდრტვინველად იტანდა. ერთხელ იგი ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, მიამბო თავისი საცდურების შესახებ და მკითხა: „რას მირჩევთ, რა გავაკეთო?“ - განაგრძე, როგორც დაიწყე, - ვუპასუხე მე, - გქონდეს ღვთის სამართლიანობისა და ღვთის კეთილად მიგების იმედი და დაითმინე. უფალს არაფერი ეკარგება. ასეთი ქმედებით შენ ღვთიურ საგანძურში სიმდიდრე შეგაქვს. ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენ იმ გამოცდების სამაგიეროს მიიღებ, რომლებიც უხვად დაგეყარა თავს. მაგრამ, ამას გარდა, ისიც იცოდე, რომ მოწყალე უფალი უსამართლოდ განაწყენებულ ადამიანს უკვე ამ ცხოვრებაშიც მიაგებს სამაგიეროს - თუნდაც არა პირადად მას, მაგრამ მის შვილებს, - აუცილებლად. უფალი ფიქრობს, ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მან კარგად უწყის, რა უნდა მიაგოს მას.
თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფრს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება. მოთმინება, რომელშიც არ იქნება მხოლოდ გონებრივი განსჯა. რახან უფალი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანმა ბოლომდე უნდა მიანდოს მას თავი. შეხედე იოსებს - ის ხომ დუმდა, როცა ძმები მონობისთვის ყიდდნენ. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“. მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, შემდეგ უფალმა თქვა თავისი სიტყვა და მეფე გახადა იგი. ხოლო თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა - მას უნდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად აწყობს. ისე, რომ ის იყოს კარგად. მაგრამ, ბუნებრივია, იგი ვერც სიმშვიდეს პოულობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას არ სურს.
თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში დაითმენს კაცთაგან, ან ეშმაკთაგან მოვლენილ უსამართლობას, მაშინ უფალი მის გამო აღარ ნერვიულობს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცაღა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვექცევა, მაშინ, როცა სინამდვილეში, ჩვენ თავად ვართ უსამართლონი სხვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება გვმართებს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი.
თარგმნა თამარ ასათიანმა