წმიდა გრიგოლ პალამა

ლოცვისა და ფსალმუნებისათვის

ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობლა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნში ამბობს: „რაჲ მივაგო უფალსა ყოველივესთჳს, რომელი მომაგო მე?“ (ფსალმ. 115,3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედრია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობებზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისაგან ებოძა გაჩენის შემდგომ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა, ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული?

ცა და დედამიწა, მთლიანად გარესამყარო და ცოტაოდენი, შესაძლოა, ზესამყაროსეულიც, რასაც სული ჩვენი გულისათვის შთაბერა. რამეთუ ყოველივე ეს ადამიანის შექმნამდე არსებობდა და არაფრისაგან ქმნილი, ჩვენთვის წინდაწინვე კაცთმოყვარულად იყო განმზადებული. რატომ არის, რომ უპირველესად იგი ეძლევა ამქვეყნად მოსულ ყოველ ძეხორციელს საარსებოდ და შესატკბობად? ეს ხომ არც ჯილდოა რაიმე დამსახურების წილ, არც საზღაური, არამედ გაღებულია უანგაროდ, ვითარცა საჩუქარი ყოვლად სულგრძელი და მრავალმოწყალე ღვთისაგან, რომელსაც განურჩევლად ყველას დამწყალობლება ხელეწიფება.

„რა გაქუს?“ - კითხულობს პავლე მოციქული - „რომელი არა მიგიღებიეს?“ (I კორ. 4,7) „ანუ ვინ წინასწარ მი-რაი-მისცა მას და კუალად მიეგოს მას?“ (რომ. 11,35). ასე, რომ თავს ვიკავებ ეგზომ მრავლისმომცველსა და ესოდენ მრავალმნიშვნელოვან საკითხში ჩაღრმავებისაგან და მხედველობაში მაქვს მხოლოდ სამყარო, მასში არსებულით და ზესამყარო, ხოლო ჩვენ, შემყურეთ ამა წყალობათა, რომლითაც ღმერთმა გაჩენის დღიდანვე დაგვასაჩუქრა, საგონებელში გვაგდებს, თუ ვითარ შეიძლება ამის წილ სანაცვლოს მიგება.

მაინც რა წყალობანი გვიბოძა გაჩენის შემდგომ, რომელთა გამო, წინასწარმეტყველის თქმით, გამუდმებულ ვალში ვიმყოფებით ღვთის წინაშე? ოდეს ადამიანს ცნობისწადილი აღეძერის იმის მიმართ, ვინც ხორცი შეასხა და შეუქმნა მთელი გარესამყარო, აღავლენს ღვთის დიდებას და მას რწმენითა და საქმეებით შეუდგება, რაც გარკვეულწილად წარმოადგენს კიდეც ადამიანისაგან ნაცვალსაგებს ღვთისათვის. რამეთუ ღმერთი, მარადმჩქეფარე, უშრეტი წყარო სათნოებათა, მის მადიდებელთ ერთიორად განადიდებს. დამწყალობებულნი კვლავ შესაბამის მადლიერებას აღავლენენ თავიანთი მხრიდან, რაც სიტყვებში და საქმეებშიც განცხადდება. ასე გრძელდება მრავალგზის ნაცვალგების კანონისამებრ და ყალიბდება უთვალავი მონაგარი ურთიერთთათვის - ადამიანისათვის ღმერთის მხრივ და ღმერთისათვის - მადლიერ ადამიანთა მოდგმისაგან. ასე შეიცნო აბრაამა შემოქმედი, მიაგო პატივი და დიდება ღმერთს და ღირს-იქმნა მოესმინა მისი ხმა და ღვთაებრივი აღთქმაც მიეღო - „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეულ იქნები ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეულ იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“. (დაბად. 12,1-3).

ამგვარად, თავად ეს სიტყვებიც და მათში განცხადებული აღთქმაც აბრაამს ღმერთისაგან მიეცა მის მიერ აღვლენილი საღმრთო სადიდებლის სანაცვლოდ. მან კვლავ ღვთის მორჩილებით წარმართა ცხოვრება, რის გამოც ხელახლა მოესმა „ყოველსა ქუეყანასა, რომელსა შენ ჰხედავ, შენ მიგცე იგი და ნათესავსა შენსა უკუნისამდე“ (დაბად. 12,15).

სწორედ ამას გულისხმობს თანმიმდევრულობა ურთიერთობაში - აბრაამის მხრივ ღმერთის წინაშე მისაგებელი ნიშანდებული რწმენით, სიტყვით და საქმით, აბრაამისათვის ღმერთის გამოცხადება, აღთქმაც და წყალობაც, რაც ვითარ შეიძლება გადმოიცეს ენამჭევრობის გარეშე, რადგან მათ გვერდით ხომ უეჭველად უნდა ვახსენოთ აბრაამის სხვა უდიდესი სასწაულმოქმედებანი, კანონები, წინასწარმეტყველებანი და ისიც, რომ მისგან არს მოდგმა მეფეთა, თავად უფალი იესო ქრისტეც - მეუფე მეუფებათა და ჭეშმარიტი ღმერთი. ვინც ყურადღებით დააკვირდებოდა, შეძლებდა შეენიშნა, რომ არა მარტო აბრაამს, არამედ ღვთის ყოველ მაამებელს მსგავსი ბედი ეწევა.

მაშასადამე, ოდეს დავით მეფე-წინასწარმეტყველმა გამოიკვლია, ასწონ-დასწონა იმჟამინდელი თავისი ყოფა, ეუწყა ისიც, რაც იყო მის გაჩენამდე (რამეთუ ესეც მის გამო მოხდა), შეიცნო უზომო ღეთაებრივი მადლი, ის მადლი, რომელიც ჭეშმარიტად შვენის ღმერთს, ღმერთმა კი ადამიანებსაც უხვად უწყალობა, ისიც გაიაზრა, რომ თავად ადამიანებს არაფერი გაგვაჩნია სანაცვლოდ ჩვენთვის ბოძებულ ღვთაებრივ წყალობათა ტოლფასი, შეჰღაღადა: „რაჲ მივაგო უფალსა ყოველისათვის, რომელი მომაგო მე?“ რაკი არაფერი მოეძევებოდა ღვთის საკადრისი მისართმევად, სხვა რა გზა ჰქონდა, აღიარა ღვთისაგან გაღებული წყალობა მასზედ, შეავედრა მომავალში დამწყალობლებაც და წარსთქვა შემდეგი: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“ (ფსალმ. 115,4).

თუმცა არც ამგვარი საზღაური ჩაითვლება მართებულად, რამეთუ რაც მეტს იღებს, მით უფრო მეტს ითხოვს მიეცეს, ნაცვლად იმისა, რომ თავად ზღოს. რადგან, თუკი მეუფისაგან დამწყალობლებული მუხლებზე დაეცემა და კვლავ მორიგ წყალობას შესთხოვს ღმერთს, ამით ხომ ვერაფერს მიუზღავს მეუფეს მიღებულ წყალობათა წილ. მან ხომ „სასუმელი ცხოვრებისა“ უწოდა ღვთისადმი სამადლობელ სადღეგრძელოს „ცხოვრების“ სანაცვლოდ. თუმცაღა დავით მეფე-წინასწარმეტყველი, სულიწმინდით მოსილი, მომავლის წინასწარ შემცნობი, ვითარცა ჩვენი მამამთავარი რწმენაში, თავის თავზე იღებს იმას, რაც ჩვენ გვეხება. „სასუმელი“ - ამბობს იგი - „ცხოვრებისა მივიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“. ეს განცხადებაა ჩვენი ღმერთთან ზიარებისა, საიდუმლო ბარძიმთან კავშირისა, თანახმად ამისა, თამამი ლტოლვა ღვთისაკენ და ამავე მიზეზით - ცხონებაც.

თუკი ღვთისაგან ბოძებული წყალობის სანაცვლოდ სხვა არაფერი გვაბადია, გარდა იმისა, რომ კვლავ ვილოცოთ ღვთის წინაშე, ოდეს ვიუსჯულოებთ, დამნაშავენი რითღა გამოვისყიდით ჩვენს ცოდვებს? რასაკვირველია, ვერაფრით. რამეთუ სიკეთე უნდა ვთესოთ შეცოდებამდე და მაშინაც, ოდეს ვიუსჯულოებთ. რაკიღა ადამიანებს არაფერი გაგვაჩნია საკადრისი შენდობის სანაცვლოდ, ცოდვებისაგან განკურნების შემთხვევაშიც არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვადიდოთ უფლის განუზომელი მოთმინება და ღვთაებრივი გულმოწყალება.

მაინც რატომ ხდება, რომ - მე თქვენ მოგმართავთ ამჯერად - არაფერი გაგვაჩნია ღვთისათვის მისაგებელი, არც იმ წყალობის სანაცვლოდ, რომელიც მან მოგვაგო, არც იმ ცოდვების წილ, რომლითაც იგი შეურაცხვყავით, და ჩვენ უფრო და უფრო გავურბივართ ღვთის სადიდებელსაც და ლოცვებსაც?

აი, ახლა მე ვხედავ ეკლესიას, სავსეს აქ შეკრებილი ხალხით და გული მევსება სიხარულით. წარსულიც მახსენდება, როს იდგა ჟამი რთველისა. (ამას გეუბნებით არა გაკიცხვის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ კეთილგონივრულად განსაჯოთ) - იყო ჟამი რთველისა და ეკლესიაშიც საგრძნობლად იკლო ღვთის სადიდებლად შეკრებილდა გულითად მლოცველთა რიცხვმაც. ჩვეულებრივი დღეები ხომ საერთოდ ჩაკვდნენ მაშინ, ანდა კვირიაკეებში აღვავლინეთ თუნდაც ღვთისადმი ლოცვა და დიდება? მათ ღვთის დღეები ეწოდებათ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ უნდა მოვსწყდეთ ყოველგვარ გასართობს და თავი ვანებოთ ყოფით საქმიანობას.

ან ყოველწლიური მოსავლიანობა საიდანღა გვაქვს? - ღვთისაგან არ არის ნუთუ ესეც? - ოდეს ჟამია ტკბობისა, რთველისა, განა მაშინ უფრო არ შეშვენის ღვთის სადიდებელს ჩვენიც დავურთოო? ჩვენ კი სავსებით უხეიროდ და უსამართლოდ მოვიქეცით, რასაც თან მოჰყვა კიდეც ხელისმოცარვაცა და ღვთისათვის ზურგის შექცევაც. რატომ ვსაუბრობთ მაინცდამაინც ამაზე ამჯერად?იმად, რომ ბევრნი რთველამდეც და რთველის შემდგომაც, კვირიაკეებშიც ვერ გამოფხიზლებულან, ცისკარს რომ დაესწრონ ისეთებიც არსებობენ აქ შეკრებილთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან მუსაიფში გაჰყავთ დრო, ნაცვლად იმისა, რომ ილოცონ და ადიდონ უფალი. ბევრი გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს ზიზილპიპილებს, ვიდრე წმინდათაწმინდა სიტყვებს, ყიდვა-გაყიდვას ვიდრე სულმოუთქმელად წასაკითხ საღვთო წერილში განსწავლას ასე და ამგვარად, ტაძარი იქცა დუქნად, „სახლი ლოცვისა“, რაც იგივეა, რომ ვთქვათ „სახლი ღვთისა“ - „სახლ სავაჭროდ“ (იოანე 2,16). აი, ეს ხალხი დაფუსფუსებს ჩვენს ირგვლივ, როგორც ხედავთ, ვითარცა მამალი ფუტკრები და თავად უსმინარნი, მოსასმენად მოსულ ღვთის სიტყვას მოწყურებულ მრევლსაც აბრკოლებენ.

რამ გამოიწვია მათი ასე დასნეულება? - თავი და თავი ამ ავადმყოფობისა იმაში მდგომარეობს, რომ არ მიაჩნიათ, ღვთისადმი ლოცვა-დიდებას, საღვთო წერილისა და ქადაგების მოსმენას თუ ძალუძს რაიმე სარგებლობის მოტანა. ასე, რა თქმა უნდა მხოლოდ ზოგიერთები თუ ფიქრობენ (ვამბობ ზოგიერთები-მეთქი იმიტომ, რომ ეს სიტყვები ყველაზე როდი ვრცელდება, უსამართლობა იქნებოდა ამის თქმა).

მაშასადამე, ზოგიერთები ამაში ვერავითარ სარგებელს ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ უბრალოდ დრო გაჰყავთ ღვთის ლოცვა-დიდებაში და მეტი არაფერი. თვალსაჩინოებისათვის ის ფაქტიც კმარა, რომ მოაწევს თუ არა ჟამი სამეურნეო სამუშაოთა, იქნება ეს მკა ან რთველი, ანდა რაიმე სხვა, რაც აუცილებელ საქმიანობად გვესახება, ისინი ღვთისმსახურების შეწყვეტასაც ითხოვენ, რასაც იმდენად დიდი ზიანი მოაქვს ცალკე ღვთისმსახურებისა და ცალკე ქრისტეში ცხოვრებისათვის, პირადად თქვენი სხეულებრივი ნეტარებისთვისაც, რომ შეუძლებელია ენით გადმოგცეთ.

ვინც უქმად მიიჩნევს ღვთისადმი ლოცვაში გატარებულ დროს, უარჰყოფს ლოცვას და მთლიანად ყოფით საქმიანიბაში იძირება, არ სწამს უფლისგან თქმული: „თჳინიერ ჩემისა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი“. (იოანე 15,5). არც ის უწყის, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ღმერთი ჩვენს ჯანმრთელობასა თუ ავადმყოფობასაც განაგებს და ვითარცა მისი საქმე იყო ჩვენი გაჩენა, მასვე ხელეწიფება შემოგვძარცვოს ის, რითაც ვსულდგმულობთ, ვმოქმედებთ და ვარსებობთ.

ურწმუნოს წარსული საუკუნის ამბები ვერ დაუჯერებია და აბა, იმას როგორღა ირწმუნებს, რაც მომავალში უნდა მოხდეს? თუ მტკიცედ არ სწამს მომავალი ცხოვრება, სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე, ანდა საშინელი სამსჯავრო, როგორღა იზრუნებს სათნოებათა მოსახვეჭად? ამაზეც მაქვს პასუხი. ყოველგვარი სათნოება, ჩადენილი არა ღვთისათვის, არა აღთქმული სასუფეველისათვის, არა მარადიული ტანჯვის შიშით, არ არის სათნოება. თქვენთვის უკვე თვალნათელია, რომ შეუძლებელია გქონდეთ მტკიცე რწმენა ან გულწრფელი სათნოება, თუკი მთელი არსებით არ მიეცემით საეკლესიო ღვთისმსახურებას. რამეთუ ცხოვრებისეულ საქმეებს ღვთის შეწევნის გარეშე წარმატებით ვერ აღვასრულებთ. ეს ყოველივე ბეჯითად ლოცვით მიიღწევა.

თუმცა თქვენ მეტყვით - რამდენიც გინდა იმდენია ისეთი ადამიანი, რომელიც არც ეკლესიაში დადის ხშირად, არც იქ აღსრულებულ ლოცვებში ერთვება და არა მარტო ხელი ეწყობა ცხოვრებაში, არამედ განცხრომაშია განდიდებული და ჯანსაღი. რატომ არ გვაქვს მუდამ დალხენილი ცხოვრება? რად არის იგი წარმავალი დაა ტანჯვით სავსე? იმიტომ რომ ღმერთს არ მოვუხმობთ ამა თუ იმ საქმიანობისას, არც ის შეგვეწევა და ბოროტი მძლავრობს. ამგვარი დათმობის შედეგად არა მარტო უარესისაკენ მიექანება ჩვენი საქმენი, არამედ სავალალო დასასრულიც აქვს, რამეთუ საკმარისია სულ მცირე ბიძგი, ანდა უმნიშვნელო საბაბი, ადამიანები ისე გაშმაგდნენ, რომ ერთნი გახდნენ მსხვერპლნი ძმისაგან მოღერებული მახვილისა, მეორენი კი, ცოცხლობდნენ ძმათა სისხლში შეღებილი ნებით, სულითა და ხელებით.

რამეთუ გონება, რომელიც განუდგა ღმერთს, ადამიანს ამსგავსებს პირუტყვს ან ეშმაკს, აკარგვინებს ბუნებრივ იერს და ადამიანმა არ იცის, რას სჩადის, მისი ბუნებისათვის უცხო გაუმაძღრობისა და წრეგადასული სიხარბის მარწუხებში მოქცეული. იგი მთელი არსებით დანთქმულია ხორციელ გულისთქმებში, ვერაფრით ვერ კმაყოფილდება, სურს პატივით ეპყრობოდნენ, როდესაც საქმიანობით ამას არ იმსახურებს, დაჟინებით ითხოვს, რომ ეპირფერებოდნენ, იწონებდნენ და ეთანხმებოდნენ მის ყოველგვარ განზრახვას, ხოლო მავანის აზრი მისას თუ არ დაემთხვა გააფრთებული, სიბრაზისა და ძალადობის წყალობით სისხლით ნათესავებთან ურთიერთობაშიც გველს ემსგავსება.

ასე და ამგვარად, ადამიანი კაცისმკვლელი ხდება და ის, ვინც შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა კაცისმკვლელი სატანის მინამგვანია. ყველაფერს ამას ერთი მიზეზი ეძებნება. გონება (სული) განეშორება ღვთისმოშიშებასა და ღმერთს ივიწყებს, უბოროტეს მტერს - სატანას უკაფავს გზას და მასთან წილნაყარი ხდება. თუკი წინდაწინ სულს განვაძლიერებთ უფლისადმი დიდებასა და ლოცვაში ნებისმიერი საქმის აღსრულებისას, ეშმაკი ჩვენს სულებში ვერ დამკვიდრდება და, ამასთანავე, მზაკვართა დასნიც განგვეშორებიან. სამაგიეროდ, ჩვენს სულებს დაეუფლება უმწიკვლოება, პატიოსნება, სიმშვიდე, მორჩილება და სიყვარულით შეკავშირებულთ აუმღვრეველი და გაუბზარავი ცხოვრება გვექნება. ქრისტე - მეუფე ქვეყნისა იქნება ჩვენს შორის მასთან თითოეული ჩვენგანის განუწყვეტელი კავშირის საფუძველზე.

ამიტომ, ვიდრე საქმეებში ჩავეფლობოდეთ, ყოველ ცისმარე ღვთის ეკლესია თავისკენ გვიხმობს წმინდა ბილებით [*]. ყოველდღიური კავშირი ღმერთთან ლოცვისა და ფსალმუნების გზით განაქარვებს ყოველგვარ გულარძნილებას, მათ გეზს უცვლის სიკეთისაკენ, თრგუნავს ხორციელ ვნებათაღელვას, ებრძვის ანგარებიან ნებას, წარხოცავს მზვაობრობას, აოკებს შურს, დააცხრობს რისხვას, განაგდებს ღვარძლს გულში დაგუბებულს, განგვარიდებს გულისწყრომასა და უსიამოვნებებს. სანაცვლოდ, სათნოებანი, კანონიერებანი, კეთილდღეობანი მოაქვს ქალაქებისა და ოჯახებისათვის, სულთა და ხორცთათვის, მეუღლეთათვის, ამკვიდრებს მონასტრული ცხოვრების წესს, ერთი სიტყვით, იგი არის დასაბამი და განმამტკიცებელი ყოველი კეთილისა, განგვარიდებს და გვათავისუფლებს ყოველგვარი ბოროტებისა და განსაცდელისაგან.

იონა მორევში ჩათრეული და ზღვის ვეშაპის მიერ შთანთქმული, კვლავ დედამიწაზე რამ დააბრუნა, თუ არა ლოცვამ. ისმინე თუ ვითარ დაგვემოწმება თავად: „ღაღად-ვჰყავ ჭირსა შინა ჩემსა“ (იონა 2,3). ან სიკვდილის პირას მისული ეზეკია რაღამ დააბრუნა სიცოცხლეში, თუ არა ისევ ამან, ლოცვამ? მოწმეა ესაია, ამის მაუწყებელი: „ამათ ეტყვის უფალი... მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნნე ცრემლნი შენნი. აჰა, შესძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი თხუთმეტი“ (ეს. 38,5). დანიელი რაღამ იხსნა ლომის ხახისგან? საკმარისი იყო უარი ეთქვა ღვთისადმი ლოცვის აღვლენაზე, რომ გასამართლებულს შთააგდებდნენ „მღვიმესა ლომისასა“ (დანიელ. 6,10-23). სანნი ყრმანი, ცეცხლში ჩაყრილნი, ცოცხლად რაღამ დაარჩინა? ყური დაუგდე, რას ამბობენ კოცონში: „ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა... და ეც დიდება სახელსა შენსა, უფალო“ (დანიელ. 3,42-43).

დროებით შევწყვიტოთ საუბარი ძველ აღთქმაში მოხსენიებულთა შესახებ და ყურადღება მივაქციოთ იმათ, რომელნიც თანახმად სახარებაში მოთხრობილისა, მადლით განიკურნენ უდიდესი შეჭირვებისაგან. მკვდარი ასული იაიროსისა შესაკრებელის მთავრისა - როგორც მოვისმინეთ დღევანდელი ლუკას საკითხავიდან, რამ გააცოცხლა, თუ არა ქრისტესადმი აღვლენილმა ლოცვამ? (ლუკ. 8,41-42). ვინ უწყალობა თვალისჩინი ორ ბრმას? (მათ. 9,27,20,30). განა ერი არ „ჰრისხჳდა“ ორთავეს დადუმებულიყვნენ, მაგრამ უფრო ხმამაალა მღაღადებლებმა ხომ მიიღეს ის, რაზეც ასე ლოცულობდნენ (მათ. 15,22-28). ამასაც თავი დავანებოთ და გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულენი, ზეციური გვირგვინოსნები, მარადის უკვდავნი და ჩვენგან მოწიწებით თაყვანისცემულნი - წამებულთა შორის საკვირველი ნესტორი, ვიდრე მოწამედ შეირაცხებოდა, გამოჩნდა ვითარცა მეორე დავითი და შეებრძოლა ახალ გოლიათს - ლიას, წმინდა ნესტორმა ჯერ გოლიათის თვალწინ ილოცა, შემდეგ შეება ლიას ძლიერი მარცხი აგემა და შემუსრა ტირან მაქსიმიანეს გულგოროზობა. განა წმინდანებისადმი აღვლენილი ლოცვა არ შეეწია ამ დიდ საქმეში, უპირველესად კი მოწამეობრივად აღსრფლებული დიმიტრი ექმნა მეოხ წინაშე ღმრთისა.

მაშასადამე, თუკი ლოცვა კუდით ქვას ასროლინებს ავადმყოფობას, თვალისჩინს დაუბრუნებს ბრმებს, იხსნის მხეცის ხახიდან ადამიანებს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში, ცოცხლად დაარჩენს კოცონში ჩაგდებულთ, გარდაცვლილთ დააბრუნებს სიკვდილის კლანჭებიდან, აღადგენს მკვდართ, წარმოაჩენს ვითარცა ზეციურ გვირგვინოსნებს და ხილულ და უხილავ მტრებზე გამარჯვებულებად, საუცხოო საჩუქარს უძღვნის მათ, რომლებიც სულით და გულით ლოცულობდნენ, ნუთუ ნათელი არ არის, რომ ლოცვისადმი უგულისყურო დამოკიდებულების და დაუდევრობის წყალობით ჩვენზეც მძლავრობს უდიდესი შეჭირვებანი? რამეთუ „ითხოვდით“ - ამბობს უფალი - „და მოგეცეს თქუვნ. ეძიებდით და ჰპოვოთ: ირეკდით და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს და რომელი ეძიებდეს ჰპოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს“ (მათ. 7,7-8) და - „უკეთუ თქუენ“ - ამბობს იგი - უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მოცემად შვილთა თქუენთა რაოდენ უფროსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოჰსცეს კეთილი რომელნი ჰსთხოვდნენ მას“ (მათ. 7,11). მაგრამ სადღა არიან „გულისხმისმყოფელნი“, სადღა არიან „გამომეძიებელ ღმრთისაი“ (ფსალმ. 13,2). რამეთუ, დავივიწყეთ თუ ვინ არის ჩვენი შემოქმედი ვინ დაგვდო პატივი ხატად მისად ყოფნისა, ვინ დაგვასახლა სიამტკბილობის წმინდა წალკოტში, ჩვენ, გადაღრძუებულნი და ცოდვებით დამძიმებულნი, გაძევებულნი ედემის ბაღადან, კვლავ თავისი ძალისხმევით განგვაახლა, აღგვადგინა, ძველი დიდებისა და საუკუნო ცხოვრებისაკენ მოგვიწოდა. თუკი ამას გავიაზრებდით სულებს როდი დავიბინძურებდით ამაოებითა და წარმავლობით არამედ სულმოუთქმელად მოვძებნიდით და ვიზრუნებდით იმაზე, რომელიც ძნელად თუ იპოვება და არც ირგვლივ მიმოფანტულა. ჩვენ კი თითქოსდა წყალს ვასხამთ გახვრეტილ კასრში, გაწყვეტილ ძაფზე ვაცვამთ ძვირფას თვლებს. არ გაგაჩნია სიმდიდრე? არც განძეულობას ფლობ? გული ხომ მაინც გითქუამს? ეს საკმარისია თავს დაგატყდეს ათასი ბოროტება. რამეთუ ვითარცა ბრძანებს დიდი პავლე მოციქული: „რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეჰსცვივიან განსაცდელსა და საფრთხესა და გულის-თქმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად“ (I ტიმ. 6,9).

ასე, რომ მხურვალედ ვითხოვოთ ძმანო, ზეციური სიმაღლეები დაე, მიველტვოდეთ სილაჟვარდეს, ვინძლო უწყინრად მოგვეცეს მიწიერი სიკეთე ამ საუკუნეში. შევიტკბოთ სიცოცხლე, რათა არც ზეციური კეთილდღეობა და მომავალი გაგვიქრეს მომავალ საუკუნეში კურთხევითა და კაცთმოყვარებითა მეუფისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება და პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით თვისით და ყოვლადწმინდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა მაია ინდუაშვილმა
„შვიდი ქადაგება“, თბილისი, 2001 წ.

 

[*] - ბილები - ხის დაფები, რომლებიც ეკლესიაში ზარების მაგივრობას სწევდნენ