და ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო, გვასწავლე ჩვენ ლოცვა, ვითარცა იოანემ ასწავლა მოწაფეთა თვისთა“ (ლუკა: 11,1).
წარსულ სიტყვაში, ამ ორი თვის წინად, მივაქციე თქვენი ყურადღება იმ განცდებისკენ, რომელიც უნდა ჰქონოდა ყოველ მორწმუნე ქართველს, ერთგულ წევრს ჩვენი ეკლესიის, ათი წლის განმავლობაში წირვის ქართულად მოუსმენლობის შემდეგ. სიტყვის მეორე ნაწილში გადაგიშალეთ წინ ჩემი პროგრამა თქვენ შორის მოქმედების, პროგრამა რომელიც ნაკარნახევია ჩემთვის პირველ რიგში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტეანის, მეორე როგორც წევრის საქართველოს ეკლესიის და შემდეგ როგორც წევრის ემიგრაციის. დღეს ჩემი მოვალეობაა ახლო მანძილიდან გადავხედო იმ ობიექტს, რომელშიაც და სადაც მიხდება ამ პროგრამის აღსრულება. ეს ობიექტია მრევლი პარიზში ე. ი. ხართ თქვენ.
ვის ან რას უნდა შევადარო ეს მრევლი, რა მაგალითი ან რა იგავი უნდა ავიღო მისთვის?
ჩვენ ყველანი ვართ მიწის შვილნი. გუთანი და ვენახი, ცხვარი და საქონელი იყო ჩვენი უწმინდესი და უკეთილშობილესი მუშაობა ჩვენს ქვეყანაში - ამოდენა უძილო ღამეებმა და ბენზინის სიმყრალემ ველების და ტყეების სუნი, რომელიც ჩვენ, ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში მოვიტანეთ, მაინც ვერ მოგვაშორეს.
ჩემი მრევლი ედარება იმ ვენახს, რომელშიაც უკვე 10 წელიწადია არც უმარგლიათ და ვაზთა შორის უბარნიათ, არც უსხლიათ არც გოგირდი და შაბიამანი შეუყრიათ ვაზებისთვის, რომ მეტი ნაყოფი გამოეღოთ, არც ჭიგოები შეუყენებიათ ვაზებისთვის, რომ არ დაცემულიყვნენ. იმ ვენახს, რომელსაც ღობე შემოაცვდა და შემოეგლიჯა და რომელსაც ყოველი: მოყვარეა იგი თუ მტერი, შინაური თუ გარეული ცხოველი თავისუფლად ყოველ კუთხიდან ესტუმრება. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ეს ვენახი ჩააბარეს? მან უნდა რასაკვირველია პირველად შემოარტყას ამ ვენახს ღობე და გაუკეთოს ერთი კარები, რომ ამ კარებიდან ყოველი ის შედიოდეს და გამოდიოდეს, ვისაც რამე საქმე აქვთ ვენახთან.
ყოველი ვაზი ამ ვენახის, რომელიც მაინც არ დაეცა და მტრის მიერ საკორტნი და სათელი არ გახდა. ყოველი ის ვაზი, რომლის ფესვებიდან ის მტევანი აღმოსცენდა - შემდეგ ღვინოდ გადაწურული მტევანი, რომელიც არა ერთხელ ზედაშედ - სისხლად შეიწირა ჩვენი ეკლესიის წმ. საკურთხეველზე; ეს ვაზნი უნდა შემოერტყან ამ ვენახს სულიერ ზღუდეთ.
ამ ვენახში არიან კიდევ სხვა ვაზები, რომელთაც სინაპოხიერობის, მაგრამ მოუვლელობის გამო ვეგეტიურს ზრდას მიჰყვეს ხელი; ბრტყელი ფოთლებით, გაბარდნულნი დგანან იგინი იქ და პირველ შეხედვისთანავე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენენ, ვითომ ბევრ ნაყოფს - ბევრ მტევნებს იღებდნენ. უნდა განისვენოს და დაიძინოს მევენახემ ამათ ფოთლების ჩრდილში, თუ უნდა შეარხ-შემოარხიოს ფოთლები ნაყოფის ძებნაში და თუ რაიმე ნაყოფის ჩანასახი იპოვა, არ უნდა მოსჭრას ზედმეტი ფოთლები და ყლორტები, რომ მისცეს ნაყოფს მეტი მზე, სითბო, სინათლე, ჰაერი და თავისუფლება!
და არიან კიდევ სხვა ვაზები ამ ვენახში მომეტებული წილი ვაზთა - დავარდნილნი, დაცემულნი აკვრიან მიწას - მტვერში და ტალახში. ღვარძლი აწევს მათ სამარის ლოდივით, ჭია და მატლი დანავარდობენ მათზედ.
უნდა მევენახემ გვერდი აუხვიოს ამისთანა ვაზებს თუ უნდა მეტი სიყვარულით, მეტი მოთმინებით და მეტი მუშაობით მიადგეს მათ.
რომელ ვაზს უნდა მოჰკიდოს პირველად ხელი იმან, ვისაც ეს ვენახი ჩააბარეს - იმას, ვინც ნაყოფს ისხამს მაგრამ მოუვლელს და თვით ვაზს დაღლილობა ემჩნევა, იმას ვინც შრიალებს და ფოთოლთა შრიალში ჰგონია ახალ განცხადებებს იღებდეს და ავრცელებდეს, თუ იმას ვინც მიწაზედ გდია - მაგრამ თუ აიმართა და წამალი ეშოვა ათწილად და ასწილად გამოიღებს ნაყოფს.
და ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“.
ლოცვა! ჩემი იარაღი ხელში არის და იქნება მხოლოდ ლოცვა და ამაზე უკეთესი იარაღი ჩემთვის არც არსებობს და არც მესაჭიროება; ლოცვა არის არა მხოლოდ ღობე და კარები ამ ვენახის - არა მხოლოდ წამალი, რომელიც სპობს ვაზებზედ ფილოქსერას; არა მხოლოდ ის მაკრატელი, რომელიც აჭრის ამ ვაზებს ზედმეტ ყლორტებს, არა მხოლოდ ის ბარი, რომელიც უვლის ვაზის ძირს, არა მხოლოდ ის ჭიგო, რომელსაც გარს ევლება ვაზი.
ლოცვა არის ქვეყანა, სამყარო თავისთვის და ყოველი ვისაც ამ ქვეყანაში ბინა აქვს, იცის რომ ულოცვოდ არსებობა - ადამიანური სულიერი არსებობა ისევე შეუძლებელია, როგორც ხორციელი ცხოვრება უპუროდ და უჰაეროდ და ის ადამიანი, რომელიც არ ლოცულობს ან მისთვის არ ლოცულობენ მოისპობა - მოიკრუნჩხება, დაეცემა და გახდება მსხვერპლი წარმავალის და მტვრის, „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“.
მაგრამ რას ნიშნავს ეს: „გვასწავლე ჩვენ ლოცვა“. სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, ეს ადგილი ჰგულისხმობს ამას: დაგვეხმარე, რომ სიტყვებით გამოვთქვათ ყველა ის გრძნობანი, რაც ჩვენშია ჩამარხული. ჩვენ მიერ შემეცნილნი თუ შეუმეცნელნი, დაგვეხმარე რომ ჩვენ მკაფიოდ და ნათლად შევსწვდეთ და გავიგოთ ის, რაც ჩვენ გვაშფოთებს, გვაღელვებს და მოსვენებას გვიფრთხობს. „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“ ჰგულისხმობს იმავე პროცესს, რომელიც ყოველ ხელოვანს, ყოველ ადამიანს განუცდია, რომელსაც რაღაცის შექმნა სურს, რაღაცა აზრი უდგას თვალწინ პირველხანებში ჯერ დაბნეულად და არეულად. „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“ ნიშნავს სხვა სიტყვებით მოგვეცი ჩვენ მანიფესტი, პროგრამა ჩვენ რელიგიური ცხოვრების და მოქმედების, იმ ჩანასახთა მიხედვით, რომელიც ჩვენშია, ისე როგორც იოანემ მისცა თავის მოწაფეებს პროგრამა მათი რელიგიური ცხოვრების და მოქმედების.
ჩვენ ყველამ ვიცით ცხოვრებიდან, რომ რომელიმე ადამიანნი, რომელთაც რაღაცის გაკეთება სურთ ან რამე მიზანს ისახავენ, ან რაიმე მოვლენა ცხოვრებაში მათ არ აინტერესებთ და სურთ რომ ეს მოისპოს, აარსებენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც ისინი პარტიას ან კავშირს უწოდებენ. იქმნება პროგრამა მათი მოქმედების, მაგრამ თვით ამ პროგრამის შედგენის წინ ისინი ითვალისწინებენ ჯერ მას რაც უკვე აქვთ ე.ი. ცხოვრებაში კი არაა განხორციელებული, არამედ მათ წევრთა უმრავლესობას ესმის - მათ მიერ მისაღებია და ზოგადია. მათ შორის და ჩვენც ჩვენი საქმის წინ უნდა გავითვალისწინოთ ჯერ ის რაც გვაქვს - რაც ზოგადია ყოველი ჩვენში, ეს არაა პროგრამა და სტატუსები ჩვენი მრევლის, ესენი შეიცავენ ჩვენი მრევლის ფინანსიურ ან ადმინისტრატიულ მხარეს; ჩვენ შიგ ეკლესიაში გვჭირდებიან სულ სხვა სტატუსები - რელიგიური ცხოვრების სტატუსები, მისწრაფებანი ჩვენი როგორც ქრისტიანების, როგორც მორწმუნე და მლოცველ ერის. ჩვენი მიზანია ვთხოვოთ დღეს უფალს, შეგვაგნებინოს ჩვენ დღეს ეს ზოგადი რელიგიური საუნჯე, ის რაც ჰკვებას და ასაზრდოვებს ამ ვენახს, ის რელიგიური განძი, რომელიც კიდევ არსებობს ჩვენში - თვითეულ ჩვენთაგანში; შეგვაგნებინოს ჩვენ მან ეს მკაფიოდ და ნათელ სიტყვებით, რომ ამაზედ შეგვეძლოს ჩვენ შენება და წარმატება.
2000 წელიწადი გვაშორებს ჩვენ იმ დროიდან, როს მეთევზურნი მივიდნენ ქრისტესთან და სთხოვეს მას რელიგიური პროგრამის მიცემა. 2000 წელიწადია მას შემდეგ; იმ ხნიდან ბევრი გამოიცვალა, ძლიერ ბევრი; თვით ჩვენი ცხოვრება დილიდან-საღამომდისინ და საღამოდან დალამდისინ სრულიად განსხვავდება მათ ცხოვრებიდან. ვინც 2000 წლის წინეთ მივიდნენ ქრისტესთან და სთხოვეს მას მათთვის რელიგიური პროგრამის მიცემა.
ისინი სცხოვრობდნენ თავიანთ სამშობლოში - მუდამ ლაჟვარდ გალილეის ცის ქვეშ; დიდი ზრუნვა მათ არ აწუხებდათ იმ პიროვნების გარშემო. რომელიც თვით ღმერთი იყო განკაცებული და რომელთანაც ერთად ყოფნა ყოველ სულიერ და ხორციელ სნეულებათ ჰკურნავდა. ჩვენ ვცხოვრობთ უცხოეთში, უცხო ცის ქვეშ, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის მონისლულია - მთელი ჩვენი ცხოვრება სავსეა ბრძოლით და ზრუნვით ლუკმა პურისთვის; მთელი ცხოვრება მათი იყო რელიგიური მოტივებით გათვალისწინებული. რელიგიური მომენტი იყო მათი არსებობის დასაწყისი და დასასრული. ჩვენ ცხოვრებაში კი რელიგიური მომენტი თუ უკანასკნელი არაა, მაინც ერთი უკანასკნელთაგანია.
და ამის გამო ჩვენი ლოცვა დღეს ე.ი. ის ზოგადი რელიგიური, რომელიც ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს, არ იქნება ისეთი ცეცხლით სავსე, როგორც იყო ერთ დროს ლოცვა მოციქულთა, რომელმაც გადასწვა მთელი მაშინდელი სამყარო და რომლის ნაპერწკლებიც ჩვენ ქვეყანამდისაც ჩამოცვივდნენ. რა უყოთ, რომ ჩვენ დღეს არ ვართ ცეცხლის მატარებელნი, რომ ჩვენ აღარ ვართ ძლევისა გალობისა მგალობელნი, განა ჩვენი ბრალია თუ ჩვენი ლოცვა იქნება დაღლილი, თუ ეს ლოცვა იქნება სევდიანი, გაუბედავი და ღარიბი! თუ ეს არ იქნება ჰიმნი ძლევის და გამარჯვების, არამედ სულ უბრალო და მარტივი სიმღერა, სულ უბრალო და მარტივი ღიღინი. განა ეს ყველაფერი დანაშაულია ჩვენი თაობის? და მაინც ამ თაობის დანაშაულობა იქნება თუ ლოცვას, ამ უკანასკნელს რაც კიდევ ჩვენ გვაქვს, ჩაჰკლავს და გასაქანს არ მისცემს იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში ყოველ სიბილწეს და უზნეობას ფართო ასპარეზს და გასაქანს აძლევს - ჩვენი დანაშაული იქნება, თუ ამ ლოცვას ამირანის სიმღერად გადავაქცევთ, რომლის ხმა ვერვინ გაიგო - ჩვენი სიმღერა კი უნდა გაისმას, რომ მოყვარემ ბანი მოგვცეს, მტერმა კი ამ სიმღერის ხმა გაიგოს. ამინ.
9/VIII. 1931