რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე. ამინ
უკვე თითქმის ორი წელიწადია, რაც დავიწყე ამ წმიდა ადგილიდან „მამაო ჩვენო“-ს განმარტება და დღეს ჯვარცმულ ქრისტეს გვამის წინ მიხდება მისი დასრულება. ჩვენ დავინახეთ, რომ „მამაო ჩვენო“ არაა მხოლოდ ლოცვა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არამედ იმავე დროს პროგრამაა, მოქმედება ყოველი წევრის ქრისტეს ეკლესიის - ესაა მანიფესტი ჩვენი სარწმუნოების, ესაა ანდერძი იესო ქრისტესი, მოცემული მის მიერ და სწორედ ამ ანდერძის წაკითხვა და მასში ღრმად ჩახედვა და დაფიქრება ვალია თვითეულ ჩვენთაგანის, ამ ანდერძის მომცემელის, თვითეულ ჩვენთაგანის ცხოვრების და ხსნის გულისთვის ტანჯული და ჯვარცმული გვამის წინაშე.
ჩვენ დავინახეთ თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრება და მოქმედება ჭეშმარიტ ქრისტიან მოქალაქის. ამ სიტყვა „მოქალაქე“-მ გამოიწვია ზოგიერთ მსმენელთა შორის უსიამოვნება და დაბრკოლება. მათი შეხედულებით ეს ტერმინი შექმნილია რევოლუციის დროს ან მის ზეგავლენით; სინამდვილეში კი ეს ტერმინი გაცილებით ძველია და იმ შინაარსის, რომელსაც ეს ცნება თვისში ატარებს, იმ სიდიადის, იმ სიწმიდის და იმ სისპეტაკის და კეთილშობილობის, რომელიც ამ ცნებაშია ჩაქსოვილი, მოსპობა ვერ შესძლო რევოლუციამ (და ან რისთვის უნდა მოესპო?).
აქამდისინ გვქონდა საქმე იესო ქრისტეს აუტენტიურ სიტყვებთან, დღეს კი „რამეთუ შენი არს და სხვა“ უკვე ეკლესიის მიერ ჩამატებულთან, რათა ადამიანს ყოველთვის იმ მიზნების აღსასრულებლად, რომელთა შესახებ ჩვენ უკვე ხშირად გვქონდა საუბარი და რომელნიც ამ ადამიანისავე ხშირი თქმით აღემატებიან მის საკუთარ ძალას და ღონეს - ამ ადამიანს მიმართული ჰქონდეს გონების თვალი მისკენ, ვის ხელშიცაა სუფევა, ძალა და დიდება, და რომელიც მის გულწრფელ განზრახვათა და წადილთ ყოველთვის დაეხმარება.
ეს მუხლი „რამეთუ შენი არს“ არაა ქრისტეს მიერ ნათქვამი, არამედ წირვიდანაა გადასული სახარებაში. მოგეხსენებათ, რომ პირველმა ქრისტეანებმა შეითვისეს ებრაელებიდან მათი წირვა და შემდეგ იგი წმ. მამათა მუშაობით განვითარდა და ჩამოსცილდა მას ებრაული ელემენტები - ზოგი კი დარჩნენ და ამათ შორის „რამეთუ შენი არსიც“, მხოლოდ გაქრისტიანებული. ჩვენ აქ გვაქვს სამჯერსამი ე.ი. წმ. სამების სამჯერ ხსენება - სუფევა, ძალა და დიდება, შემდეგ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა და ბოლოს აწ მარადის და უკუნითი უკუნისამდე - ესე გამოიყურება ეს მუხლი დღეს.
ჩვენთვის შეიძლება გაუგებარი იყოს „უკუნითი-უკუნისამდე“, ესაა ძველი ქართული ბრუნვის დაბოლოვება და დღეს იქნებოდა „უკუნიდან-უკუნემდის“ ე.ი. სიბნელიდან-სიბნელემდის - ერთ წერტილიდან მეორე წერტილამდის. ამ ორ წერტილ, ამ ორ სიბნელეთა შორის არის ჩაყენებელი ჩვენი ქვეყანა, მთელი სამყარო. დასაწყისი მისი ქაოსია, სიბნელით მოცული, გაუგებარი და გაურკვეველი და დასასრული მისიც იგივე ქაოსია, სრული დანგრევა და სიბნელე. ამ ორ ბნელ წერტილ შორის არის ჩაყენებული ცხოვრება და მოქმედება ყოველ მოქალაქის: საიდამ მოდის იგი მან არ იცის და სად წავა როცა იგი მოკვდება და ფიზიკურად მოისპობა, მან არც ეს იცის. იესო ქრისტე და ეკლესია არ გვაძლევენ ჩვენ აქ მის განმარტებას, თუ რა იყო ჩვენ წინ ან და რა იქნება ჩვენ შემდეგ. ასეთ განმარტებებს იძლევიან ლოცვები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, აქ არის პროგრამა მოქმედების მორწმუნე ადამიანისთვის, მისთვის, ვინც ერთ სიბნელიდან გამოსულა, სცხოვრობს და მოქმედობს მეორე სიბნელით განსაზღვრული და სცდილობს, რომ მისი ცხოვრება ამ ორ წერტილთა შორის არ იყოს ქაოტური, სიბნელით მოცული, შეუგნებელი, უხეში და ბოროტი, რომ მის ცხოვრებას უნათვიდეს ღვთის ნათელი და ეს ნათელი გაჰყვეს და გაუძღვეს მას იქაც სიკვდილის შემდეგ.
„რამეთუ შენი არს“-ში ჩაქსოვილია აგრეთვე მეორე აზრიც წარმმავლობა ჩვენი ცხოვრების: „წუთი სოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება“ და დასკვნაც „თუ ერთმანეთს არ ვარგევით, ამის მეტი რა შეგვრჩება!“.
და არა მხოლოდ მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობაც არის სიმბოლო და აჩრდილი ამ ორ ბნელ წერტილის შორის მდგარი არსებობისა. ამის გამო ყოველი ქრისტიანი მოვალეა, ყოველ დღე, დილით გაიმეოროს გულდასმით ეს ქრისტეს ანდერძი „მამაო ჩვენო“ იმ იმედით, რომ ის ამ ერთი დღის განმავლობაში გააკეთებს და აასრულებს - გინდაც სულ მცირე რამეს ქრისტეს ამ ანდერძიდან და ყოველ საღამოს, მეორე სიბნელის წინ ღმერთს მადლობა უძღვნას, რომ მან მიუხედავად საშინელი გაჭირვების და აუტანელ პირობების, რომელშიაც იგი იმყოფება, მაინც შესძლო რაღაცის გაკეთება. ყოველი დღე ამით დაარგე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე! ამინ.