რომელი ხარ ცათა შინა (ლუკა 11.2; მათე 6.9)
წარსულ ქადაგებიდან დავინახეთ ჩვენ, რომ პირველი სიტყვა იესო ქრისტეს ლოცვის იყო ღმერთი და აგრეთვე პირველი სიტყვა იესო ქრისტეს მრევლის უნდა იყოს ღმერთი ე.ი. მიზანი მოქალაქის ცხოვრების და მოქალაქეობის უნდა იყოს ღმერთი. ისიც დავინახეთ, რომ თუ ამ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი და გინდაც რომ ეს სხვა რამე იყოს ისეთი რამ, როგორიც სამშობლოა. პატრიოტიზმი, ბრძოლა და მუშაობა ერის თავისუფლებისათვის და ეკონომიურ განვითარებისათვის; რომ ეს პირველი სიტყვა მისი ლოცვის არ კმარა, რომ მისი ცხოვრება და კეთილდღეობა - აგრეთვე კეთილდღეობა და წარმატება მისი ქვეყნის იყოს მადლიანი და ჭეშმარიტი ან ხანგრძლივი, რომ ადამიანმა თავისი მისწრაფებანი უნდა დაუმორჩილოს უმაღლეს პრინციპს. და ეს უმაღლესი პრინციპი ამ შემთხვევაში ღმერთია, რომ მან თვისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეპციებში. მისი მოქმედება და ცხოვრება დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლს და ძლიერებას არც არავითარი საზღვარი აქვს, რომლის ცა მთელ მსოფლიოს ჰფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანს და მისწრაფებას რაც გინდა ლოკალური იყოს იგი და ადგილობრივად განსაზღვრული და შემოზღუდული. უნივერსალურს და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს. ის ადამიანი და ის ერი, რომელიც ესე ჰმოქმედობს, პოულობს ცხოვრების მიზანს და მოღვაწეობის მიზანს იმ საზღვრების გარედაც, რომელსაც იგი სტოვებს. ამ ერის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი ამაღლებულია სიწვრილმანიდან და მეორე ხარისხოვნიდან და ეს ამაღლებული მსოფლმხედველობა ამაღლებს და აპატიოსნებს თვით ცხოვრების სიწვრილმანეს და მეორე ხარისხოვანს ყოველმა ადამიანმა, ყოველმა ერმა, რომელსაც სურს რაიმე წარუვალი ნაყოფი თავის ცხოვრების, არ უნდა დაახურდაოს და შესცვალოს ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა „მამაო ჩვენო“ ე.ი. ღმერთი სხვა სიტყვებზედ, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ერთი საზღვრიდან მეორე საზღვრამდისინ ვერც კი სწვდებიან.
ყოველ ერის ცხოვრებას ჰქმნიან არა მასსები, არამედ რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც საერთო სახელით პიროვნებას ეძახიან და ქართველი ერი ამისთანა პიროვნებებს მადლიან ადამიანებს უძახის. და ეს ცნება „მადლიანი“ არის ცნება რელიგიური და იმაზედ გვითითებს, რომ ამისთანა ადამიანის ცხოვრების ორიენტაცია არის მადლის მოპოება ღვთისგან ან და ღვთისგან მადლ მოპოებულს. ამისთანა საკრალურ მნიშვნელობით იხმარებოდა ეს სიტყვა ყოველთვის და იხმარება დღესაც და ვინც სხვა მნიშვნელობით ხმარობს ამ სიტყვას, იგი ატყუებს მხოლოდ თავის საკუთარ თავს. იესო ქრისტეს სიტყვაც ჩავარდნილი მასსებში, არ ეძებს მასსებს, არამედ მხოლოდ ამისთანა მადლიან პიროვნებებს და ეს პიროვნებანი, რომელნიც გაცილებით მეტს გრძნობენ, ვიდრე სხვები, რომელთა სული და გული გამთბარია ამ ჭეშმარტებით. ესეთი პიროვნებანი ჰქმნიან ეკლესიას; ამათზედ დამყარებული ეკლესია არის მტკიცე საფუძვლებზედ აშენებული და მას ვერც ჯოჯოხეთი დაანგრევს და ვერც სხვა რამე ძალა. იესო ქრისტეს სიტყვა იყო მიმართული მხოლოდ რამოდენიმე პიროვნებისადმი. ის ყოველთვის არჩევდა ხალხს - მასსებში დაეძებდა თავისთვის შესაფერ და თვის სიტყვებისათვის შესაფერ ადამიანს, და მისი სიტყვის მქადაგებელს უნდა ეს მაგალითი ქრისტესი ყოველთვის ჰქონდეს სახეში. ეკლესიის დაღუპვის დღე დადგა იმ მომენტიდან, როდესაც მის მსახურებმა ამ სიტყვას უღალატეს და ეკლესიის კარები გაუღეს მასსებს. ჩვენ დღეს ისეთ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რომ უნდა დავუბრუნდეთ ამ პირვანდელ ქრისტიანობას, ღარიბს, დევნილს, მაგრამ სულით მტკიცეს და მდიდარს. ისეთ ბილიკებზედ უხდება დღეს ეკლესიას სიარული, სადაც მას მასსა ვეღარ მოჰყვება, არამედ მხოლოდ რჩეულნი, ვინც გრძნობენ თვისში ქრისტეს ცეცხლს და მთელი დასკვნანიც გამოქვთ ამ ცოდნიდან. გზა ეკლესიის დღეს არის სავსე ეკლით და ქვეწარმავლებით და ამ გზაზედ სიარული არ არის საქმე ყოველ-დღიურ ადამიანის.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მამა არ არის არც ადამი, არც აბრაჰამი და არც ქართლოსი, არამედ ის, რომელიც ცაშია ე.ი. ღმერთი. თვით ცა არ არის ცნება ბუნებისმეტყველური ესე იგი ის ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ რელიგიური და ნიშნავს: რომელიც ამაღლებულ ხარ, მაღლა სდგეხარ დედამიწაზედ, რომელზედაც ჩვენ დავდივართ, რომელიც მხოლოდ მისი ქმნილებაა, ისე როგორც ადამიანი მაღლა სდგას ყველა იმ ქმნილებაზედ, რომელიც მან შეჰქმნა, თუ გნებავთ პოტენციალურად ე.ი. მას უკეთესის შექმნა შეეძლო ან და საერთოდ მას ვერ შეუძლია გახდეს მონა მისი, რაც შექმნა თუნდაც რომ თვის ქმნილებაზედ კმაყოფილებას და სიხარულს განიცდიდეს.
ის ადამიანი რომელიც მასსიდან არის ამოგლეჯილი და მასსიურ ფსიხიკიდან განთავისუფლებული, ის უკვე მასსაზედ მაღლა სდგას, ის აზროვნობს და ფიქრობს იმ კედლების იქითაც, რომელიც მასსას აზროვნებას უსაზღვრავს, ის მუშაობს და მოქმედობს იმ საგნისათვის, რომელიც მას აკმაყოფილებს, რომელსაც იგი თვის სიკვდილამდის არ უღალატებს, იმ დროს, როდესაც მასსა ერთ ბელადიდან მეორე ბელადისკენ გარბის და თვის წინამძღვარს სწორეთ მაშინ სტოვებს, როცა იგი (ე. ი. მასსა) საჭიროა, თუ უკან მათრახებით არ დაუდექ, რომელიც დღეს ყვავილებს უგებს ვისმეს და მეორე დღეს „ჯვარს აცვი იგი“ გაიძახის. ამ პიროვნების ცხოვრება და აზრი ცხოვრების ერთი და იგივეა და ის ატარებს პასუხისმგებლობას თვის ცხოვრების წინაშე. მასსას არა აქვს ეს პასუხისმგებლობა და მასსაზედ არაფრის აშენება და დამყარება არ შეიძლება. ეს პიროვნება ჰქმნის უკვდავ ღირებულებას წარმავალში და ყოველ დღიურ ჭირ-ვარამში ეძებს წარუვალს. იმ დროს, როდესაც მასსა მხოლოდ მომენტით სცხოვრობს ჭუჭყში და მტვერში, მხოლოდ წარმავალით საზრდოობს.
ეს პიროვნება არ არის ამაღლებული არა მხოლოდ იმ მასსაზედ და წრეზედ, რომელიც მან დასტოვა, ეს პიროვნება არის ამაღლებული იმავე დროს თვით დედამიწაზედ, რომელიც მან დასტოვა. ეს მას არ ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს ბინა ცაში, არა ის სცხოვრობს დედამიწაზედ და პური, ჰაერი და ყველაფერი რაც სხვებს სჭირიათ, სჭირია მასაც, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სულ სხვა საზომით და კრიტერიუმით უდგება მიწას; იგი არაა მონა ამ მიწის, არამედ პური ან ფული მის ხელში ჩავარდნილი და ღვთიურ აპსექტის ქვეშ გათვალისწინებული იღებს სულ სხვა დანიშნულებას და ხდება საშუალებად და იარაღად ღვთის მცნებათა აღსასრულებლად.
ყოველი აზრი, რომელიც კი ოდესმე ადამიანთა შორის შობილა მოითხოვს ადამიანისაგან ამაღლებას დედამიწისაგან; ყოველი აზრი ადამიანში ჰხედავს ამ ადამიანში შესაძლებლობას, იდგეს მაღლა იმ წრეზედ, რომელშიც იგი სცხოვრობს, დედამიწის მონა აღარ იყოს იგი, არამედ იმ პრინციპის ასპექტის ქვეშ განიცადოს დედა-მიწა და დღიური ცხოვრება თვით უკიდურესნი მატერიალისტური მიმართულებანი მოითხოვენ ადამიანისაგან ამისთანა თავგანწირვას და ნუთუ იესო ქრისტეს - მის სახარებას და მის ეკლესიას არა აქვს უფლება, იგივე მოთხოვნილებანი წარუყენონ ადამიანს!
ყველა აზრი, რომელიც კი ოდესმე ადამიანთა შორის შობილა ან მათ შორის ჩავარდნილა, მოითხოვს ადამიანისაგან დისციპლინის დათმობას, სურვილთა. თავის საკუთარ მოთხოვნილებათა შეკვეცას, ასკეტიზმს - თვისი ცხოვრების შეწირვას მომავლისთვის და ეს მომავალი უმეტეს შემთხვევაში ფიქტიური და უტოპიურია; თვით უკიდურესი მატერიალისტური მიმართულებანიც კი თხოულობენ ადამიანისაგან ამისთანა იდეალიზმს და ნუთუ იესო ქრისტეს, მის სახარებას და მის ეკლესიას არა აქვს უფლება იგივე მოთხოვნილება წარუყენოს და პირველ რიგში თვის წევრს?
მიმართულებანი თხოულობენ ამ მსხვერპლს ხვალისთვის და ხანდისხან ეს ხვალე ისე არ გამოიყურება, როგორც რეზოლუციებში გათვალისწინებული იყო და დღევანდელი მსხვერპლი იკარგება სულ ტყუილად, სულ უბრალოდ, ფანატიზმი, სისხლი, ცხოვრება. დათმობა ყველაფრის, ერის ენერგია, ერის ძალა და ერის ქონება - მსხვერპლს კი რომელსაც ყოველი ადამიანი იღებს ეკლესიისთვის, იღებს ეს მსხვერპლი თვის ნაყოფს არა მომავალში, არამედ დღეს - მის საკუთარ ცხოვრებაში და მის ყოველ-დღიურ ცხოვრებაში; ეს მსხვერპლი აძლევს მას სხვა სულიერ სიმდიდრესთან ერთად მასაც, რაც ჩვენ დღეს ემიგრაციაში ყველაზედ ძლიერ გვჭირდება: კეთილშობილებას.
გგონიათ, რომ ეს ყველაფერი იყოს ცარიელი ფრაზა, სიტყვის მასალა ან და მხოლოდ იარაღი ხალხის, მასსის ხელში დასაჭერად, როდესაც ამბობენ, რომ ეკლესია ადამიანს აფაქიზებს, ამაღლებს, აკეთილშობილებს, გგონიათ რომ მღდელს სხვა არაფერი საქმე არა აქვს რა, გარდა იმ საგნებზედ ლაპარაკის, რომელიც ისე პრიმიტიულნი და ელემენტარულნი არიან, რომ მათზედაც ლაპარაკი ძნელია, ძნელია ვინაიდან ეს ცხოვრებაა და ცხოვრება და მოქმედება მათი, ვინც თვისში ამ ცეცხლს ატარებს, უნდა ღაღადებდეს - ეს არის ის უხილავი ნათელი კულისებში, რომელიც მთელ ადამიანის ცხოვრების სცენაზედ ანათებს, ეს არის ის უხილავი რამ, რომელიც მთელ ადამიანის ცხოვრებას ტონს აძლევს და ამოქმედებს და გონიათ, რომ ეს ადამიანს არ ემჩნევა მის ცხოვრებიდან და მოქმედებიდან? და განა ის თაობა, ის ერი, რომელიც ამ ქრისტეს ლოცვას „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ თვის ცხოვრებაში არ იყენებს, განა ეს ამ თაობას, ამ ერს ამ ემჩნევა! განა ამ ერს არ აკლია მაშინ ის ნათელი, რომელიც მას უნდა უნათებდეს. ის მარილი, რომელიც მის ცხოვრებას უნდა ამარილებდეს! საფუე და დედაცომი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას უნდა აფუებდეს, სიმტკიცე ცხოვრებაში, დასაყრდნობი ცხოვრებაში, ძვალი და ძალა!
ჩვენ დღეს ვცხოვრობთ უცხოეთში, ქვეყანაში, სადაც სულ სხვანაირად აზროვნებენ, ვიდრე ჩვენში; სხვანაირი საზომია ცხოვრების და მოქმედების, ვიდრე ჩვენში. ეგოისტურ ქვეყნებში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს. რომელთა დამარცხება შეიძლება ან ფულით, ან ხიშტით, ან განათლებით ან სხვა რაიმე სულიერი ძალით. სხვა კიდევ რით? არაფრით. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, სადაც გვცემენ პატივს მხოლოდ იმ ძალის და გავლენის მიხედვით, რაც ჩვენ ან ზურგს გვიმაგრებს ან ჩვენშია, და სადაა ეს ძალა თუ არ ეკლესიაში! საიდან უნდა ამოიღოთ ეს ძალა და სიმტკიცე, თუ არა ეკლესიიდან - რით უნდა ვაიძულოთ და ვძლიოთ ეს ცივი ქვეყანა, თუ არა იმ ძალით, რომელმაც ეს ცივი ქვეყანაც დაამარცხა და მასში თვის სიმბოლო და დროშა ჯვარი აღმართა. საჭიროა, რომ ყოველი ქართველი ჩაუფიქრდეს ამას, საჭიროა მთელი ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ერის საუკეთესო თვისებანი მოვიხმაროთ დღეს მისთვის, რომ არ გავხდეთ მხოლოდ უბრალო სტატისტები, არამედ აქტიურნი წევრნი ჩვენი მრევლის, შიგ ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ; საჭიროა შევქმნათ ისეთი სულიერი ძალა, რომ ეს ძალა ჩვენ გვამოქმედებდეს; საჭიროა, რომ ამ ძალით ელაპარაკებოდეს მღდელი ყოველ ჩვენ საქმის მტერს პირველ რიგში, არა რუსებს, არამედ ქართველებს, რომელნიც თაკილობენ ჩვენ სიღარიბეს, ჩვენ მოუწყობლობას და დარბიან სხვებთან; საჭიროა მღდელს ჰქონდეს ძალა და ეს ძალა სულიერი თქვენ უნდა მისცეთ მას, თქვენი წრიდან; ეკლესიის მწუხარება და შეურაცხყოფა უნდა იყოს თქვენი, საკუთარი პიროვნების და თქვენი ქართული ოჯახის მწუხარება და შეურაცხყოფა. მეტი დისციპლინა, მეტი შეგნება, მეტი სიყვარული, მეტი ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. ამინ.