წმიდა იყავნ სახელი შენი. (ლუკა 11.2; მათე 6.9)
იმ ადამიანს, რომელზედაც წინა სიტყვებში მქონდა საუბარი, არა აქვს არა მხოლოდ სამშობლო, რომელიც არაა განსაზღვრული გეოგრაფიულად, არამედ რომელსაც ყოველი ჩვენგანი თვისში ატარებს, სამშობლო უფრო ფაქიზი და მოსავლელი და ვინც თავის-თავს იცავს და უფრთხილდება, ის იცავს და უფრთხილდება თავის სამშობლოსაც. ამ ადამიანს არა აქვს მხოლოდ რელიგიური მოწოდება, ღვთის სუბიექტად გახდენა, თვის ცხოვრების და მოქალაქეობის დიდ ხაზების ქვეშ, თავის პატარა ცხოვრების გათვალისწინება. არა ამ ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა დედა-ენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოუყაროთ და სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ლაპარაკობენ: ტკბილი, მშვენიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და კიდევ ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენ ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენიებს. ეკლესიისათვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური დასაწყისის „პირველიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“; ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას არჩევს პირუტყვისაგან. სიტყვა არის ერთი სასწაულთაგანი და მადლი ღვთისა კაცისადმი და მხოლოდ ორ მეცნიერებას კულტურულ ერთა შორის აქვთ საღმრთო, საკრალური ხასიათი, ესაა: თეოლოგია და ფილოლოგია და როგორც ასეთი, ჩემთვისაც ვალდებულებაა ეს სიტყვა ისე ვიხმარო, როგორც ღვთიური რამ, როგორც სიწმიდე, როგორც სახელი ღვთისა. წმინდა იყავნ სახელი შენი!
მაგრამ პირადათ მე სიტყვას იმიტომ კი არ ვაფასებ, რომ იგი ლამაზია, მოხდენილი ან კეთილ-ხმოვანი, არამედ რომ იგი არის გასაღები დაკეტილის; მისი შემწეობით ჩვენ შეგვიძლია გავაღოთ დაკეტილი, როგორც ილია იძახდა, შევიჭრათ მის გულში, ავხსნათ ფსიქოლოგიური პროცესი განცდის - ეს სიტყვა ეკლესიას დიდათ უწყობს ხელს და ეხმარება ადამიანის შესაგნებლად, მის სულიერი ცხოვრების ანალიზისთვის. მთელი ერის სულიერ ცხოვრების, აზროვნების მხარის გასაგებად, მისი წარსული სულიერი ნამუშევარი და მემკვიდრეობა ჩვენთვის დღეს ამ სიტყვაშია. ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული. ჩვენი წინაპრების მიერ ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ისევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინეთ. „ჩვენ გვაქვს ძლიერ უცნაური და საცნაური ენა. ჯერ ქართული ენის ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ისტორია არაა დაწერილი, მაგრამ ის ბედნიერი მკვლევარი, რომელსაც ეს ბედნიერება წილად ერგება, ბევრს ძლიერ რამ საინტერესოს აღმოაჩენს“ (გრ. რობაქიძე, სილოვან ხუნდაძის შესახებ. ქართული მწერლობა 6-7 (1928) 225-227) და დღეს მე მიხარია, რომ როდესაც ამ ქართულ სიტყვაზედ მიხდება ლაპარაკი არა ისეთი გადაღეჭილ ცნებების ახსნა მიხდება, როგორცაა ძმობა, ერთობა, ან თავისუფლება ან სიყვარული, არამედ მძიმე და შინაარსიან სიტყვებით ვიწყობ ქართულ სიტყვაობას და ეს სიტყვებია: წმიდა და სახელი, წმიდა იყავნ სახელი შენი.
წმიდა ნიშნავს დღესაც მას, რასაც იგი ნიშნავდა „მამაო ჩვენო“ ქართულად რომ სთარგმნიდნენ მეოთხე საუკუნეში თუ ადრე არ. „წმიდა“ ნიშნავს მას, რასაც ვულგარულ ცხოვრებაში სუფთას ვეძახით და მისი საწინააღმდეგო ცნება არის უსუფთაო. ეს სიტყვა უკვე ეუბნება ყოველ ქართველს, ყველა იმას, რაც ამაშია ნაგულისხმევი - ჩვენთვის ეს თავისთავად ცხადია დღეს და ამის გამო იმრიგად აღარა ვფიქრობთ, მაგრამ სხვა ერების ენებთან რომ შევადაროთ, დავინახავთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას ჩვენთვის და რა დიდი გავლენა მოახდინა მან ჩვენ რელიგიურ ცხოვრების ფსიქოლოგიაში. შედარებით სხვა ერებთან, ჩვენ დავინახავთ ამას. აიღეთ მაგალითად რუსული „ “ “. თვით ეს სიტყვა თავისთავად განათლებულ რუსსაც კი არაფერს ეუბნება, მიტომ, რომ ეს სიტყვა არაა რუსული, არამედ უცხოა ფილოლოგიურად და ეტიმოლოგიურადაც უდრის ჩვენ სპეტაკს, როდესაც რუსი ამას ლოცულობს და რადგან მას ეს სიტყვა თავისთავად არაფერს ეუბნება ამ სიტყვების გასაგებად ფიქრობს იმ ხალხზედ, რომელთაც ეპიტეტი აქვთ წმიდანი და ის რაც ამ წმინდანებზედ აქვს წაკითხული ან გაგონილი გადააქვს ამ სიტყვის შინაარსზედ და ამ მოვლენას აქვს რელიგიურ ცხოვრებისთვის დიდი საფრთხე. წმიდანები იყვნენ ასე რომ ვთქვათ, არა ბუნებრივი პიროვნებანი, რელიგიური გენიოსები. ისინი ვინც ღვთის მიერ უხვად, მადლით იყვნენ დაჯილდოვებულნი, გამონაკლისნი და ისეთ საქმეთა შესრულება შეეძლოთ, რომელიც ყოველ-დღიურ ადამიანისთვის შეუძლებელია და როდესაც ეს ყოველ-დღიური ადამიანი ლოცულობს „წმიდა იყვენ სახელი შენი“ და ეს სიტყვა არ ესმის და ფიქრობს წმიდანებზედ - მათი ცხოვრების წარმოდგენიდან სცდილობს ამ სიტყვის გაგებას და თვის ცხოვრებაში განხორციელებას და ეს ადამიანი კი არის მხოლოდ ყოველ-დღიური პატიოსანი ადამიანი. მისთვის ყოვლად შეუძლებელია ისე გაიჭიმოს, როგორც ამას ეს წმიდანი თხოულობს. ბუნებრივი დასკვნა: ერთის მხრივ წმიდანური მისწრაფებანი, უნებური ფარისევლობა და მეორე მხრივ ველურობა და არა ქრისტიანული სული. ჩვენში კი სულ სხვა რამეა. ჩვენ გვესმის ეს სიტყვა „წმიდა“ და ამის გამო ჩვენთვის საჭირო არაა ვიფიქროთ წმიდანებზედ; ჩვენ ვიცით, რომ ძარღვი ამ სიწმიდის არის სისუფთავე და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ (ე.ი. ჩვენი წინაპრები სცდილობდნენ) ამ ცნების და ამ შეგნების მიხედვით მათი ცხოვრებაც აგებულიყო. საფუძველი ჩვენი ცხოვრების არის სიწმიდე და ამის გამო არაბუნებრივობისაკენ არ ილტვის ქართული სული, ამის გამო ჩვენ რელიგიურ ცხოვრებაში ბერვას და ფარისევლობას მას, რაც ჩვენ არ გვაქვს და გვსურს რომ გვქონდეს, არა აქვს ადგილი. აი ამ ერთ სიტყვას მხოლოდ, რა დიდი და ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უფრო არა ნაკლები ღრმა მნიშვნელობა აქვს მეორე სიტყვას „სახელი“; ჩვენ ვიცით ყველას აქვს სახელი და ზოგს გამოცვლილიც, ამასთან ერთად დღეს სახელს არქმევენ ბავშვს კალენდრის ან და წინაპართა, ისტორიულ პირთა მიხედვით, ისე რომ სახელთა შერჩევაში შემოქმედებას აღარა აქვს ადგილი (ეს შემოქმედება არის მხოლოდ დარჩენილი ე. წ. გამოცვლილ სახელწოდებაში), მაგრამ იყო დრო, როდესაც შერჩევა სახელის იყო შემოქმედება და ინტუიცია. ცდა. ერთი სიტყვით მის გამოთქმის რაც მაძიებელთა ან წრის აზრით ბავშვის მოწოდებას შეადგენდა და მაშინ ეს სახელი იყო თვით ადამიანი. განსახიერებული პიროვნება ამ ადამიანის და ვინც ამ სახელს პირში იდებდა ის იმავე დროს ფიქრობდა იმ ადამიანზედ, რომელიც ამ სახელს ატარებდა და სახელი იყო ატრიბუტი ამ ადამიანის ხელის ე. ი. მისი ფიზიკური ძალის, რადგან მაშინ მხოლოდ მის ფიზიკურ ძალაზედ იყო დამყარებული მისი არსებობა.
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ ნიშნავს ეს მას, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა. და იმავე დროს მთელი ქვეყნის მფლობელი და პატრონი და როდესაც ჩვენ მას ვევედრებით, საჭიროა ჩვენთვის ერთგვარი კულტურა, მეტი ზრდილობა, პატივი, თავაზიანობა და მოწიწება. „წმიდა იყავნ სახელი შენი“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გავაუპატიუროთ და წავბილწოთ ღვთის სახელი. ჩვენი წვრილმანით სავსე ყოველ-დღიურ ცხოვრებაში ხსენებით და ხმარებით. ჩვენ თვითეულს გვაქვს იმდენი ძალა და უნარი, და საშუალებანიც ღვთის მიერ მოცემული, რომ ჩვენ, ჩვენ თავს მოუაროთ და ღვთის ძალას, ღმერთს ეძახდნენ დედამიწაზედ მხოლოდ მაშინ, როდესაც საშინელი უსამართლობა და ცინიზმი ამ ქვეყანაზედ თარეშობდნენ, როდესაც ადამიანი თავის საკუთარი ძალით უმწეო იყო, ჯოჯოხეთის წინ იდგა და როდესაც სიბნელე, საშინელი უკუნეთი მთელ მსოფლიოს და ადამიანს გზას ურევდნენ.
ღვთის სახელს ხმარობს მღდელი ყოველ წირვაზედ და ამ წმიდა სახელის დახმარებით პური და ღვინო თქვენ მიერ მოტანილი იქცევა ჩვენი მაცხოვრის ხორცად და სისხლად. ღვთის სახელით ახლად დაბადებული, განსპეტაკებული და განწმედილი პირველ ცოდვისაგან სდგამს ფეხს ცხოვრებაში. ღვთის სახელის ხსენებით, ვინც ცოდვებისაგან იტანჯება, სვინდისი ჰქენჯნის და წარსულის შეცოდებანი მოსვენებას არ აძლევენ ამ წმ. ღვთის სახელის ხსენებით, მას არა მხოლოდ ეძლევა. პატიება ცოდვათა, არამედ აგრეთვე მტკიცე ნიადაგი ფეხქვეშ, ღვთის სახელით ორი ახალგაზრდა არსება შეერთებულნი სიყვარულით აშენებენ ოჯახს - კერას კეთილ და პატიოსან მოქალაქეობის. ღვთის სახელით მასაც, ვინც ცხოვრების საზღვარზედ სდგას და ემშვიდობება წარმავალს, ძალა ეძლევა არა მხოლოდ წყნარი და მშვიდობიანი სიკვდილის, არამედ აგრეთვე ღვთის საშინელი ტახტის წინაშე წარდგომის.
ამ მიზნებისთვის ხმარობს წმ. ეკლესია ღვთის სახელს, ამ საშინელ და შემაძრწუნებელ ღვთის სახელს და მე ვიხმარე ეს სახელი ჩვენ პირველ წირვაზედ* იმ დარბაზში, რომელშიაც გუშინ ცეკვამდნენ და სვამდნენ და ჩვენ წასვლის შემდეგაც დალევენ და იცეკვენ ჩვენ სიღარიბის წინაშე, ჩვენ საშინელ სულიერ და რელიგიურ სიღარიბის წინაშე ვახსენე სახელი ღვთისა იმ წრეში, სადაც მამაკაცები მამაკაცობენ და მანდილოსნებიც მამაკაცობენ და უფრო მეტ მამაკაცობას იჩენენ; ვახსენე ღვთის სახელი სულ სხვა მიზნისთვის და დანიშნულებისთვის და ეს ნიშნავს მას, ჩვენ უნდა ვეცადოთ თვითეული ჩვენთაგანი, რომ ამ ღვთის სახელის ხსენების ღირსეულნიც შევიქნეთ, რომ მივაღწიოთ და შევასრულოთ ის, რისთვისაც ეს სახელი იყო ნახმარევი და მოწოდებული. ღვთის სახელი დღეს ჩვენ ქვეყანაში კი არა მხოლოდ, არამედ მთელ სამყაროშიც იბილწება - ჩვენ მაინც აქ, ჩვენში უცხოეთში, მისი სახელი უნდა შევინახოთ სიწმიდით. ამინ.