იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა! (ლუკა 11.2; მათე 6.10)
ცხოვრებას აქვს ერთი ულმობელი, მაგრამ სამართლიანი კანონი, რომელსაც ყოვლის ცხოვრება ემორჩილება, ეს კანონი არის ერთი წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმული ლამაზ და სხარტ სურათით. ებრაელები იცავენ იერუსალიმს, მტერი უკვე დიდი ხანია რაც არტყია ქალაქს - სურსათი აღარაა ქალაქში - სიმშილი, სიგიჟე და სიმწარე აღწევს თავის სიმაღლეს და ამ საშინელ ტანჯვაში რამოდენიმე პიროვნებანი, რომელთათვის ეს ყველაფერი არის სასჯელი ცოდვებისთვის და რომელნიც ამ ცოდვებს თვის თაობაში არ პოულობენ, ეკითხებიან წინასწარმეტყველ იერემიას: „რისთვის ხდება ეს, თუ ჩვენი წინაპრები ოდესღაც ისვრიმს სჭამდნენ უდაბნოში, ჩვენ მათ მაგიერ რათ გვეჭრება დღეს კბილი?“ და მაინც ეს ცხოვრების კანონია. წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვები, შვილი-შვილებს გზაზედ ხვდება და მათგან პასუხს ითხოვს. ჩვენში ამას „ცოდვის კითხვა“-ს ეძახიან და ეს ცოდვის კითხვა დღეს დახვდა ყოველ ჩვენგანს თვის ცხოვრების გზაზედ და მოელის მისგან პასუხს და პასუხია ამ კითხვის: ჩვენი ტანჯვა და უცხოეთში ყოფნა, ჩვენი ქვეყნის ტანჯვა და სიმწარე. მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ პირველი გზა, რომ ეს მიზეზები შეგნებულ იქმნას, რომ საკითხი არ გართულდეს და არ დაიკვანძოს, არის ის, რომ თითოეულ ჩვენთაგანმა უნდა მოსძებნოს ამისთანა მიზეზი თავის ცხოვრებიდან და თვის წინაპართა ცხოვრებიდან და როდესაც ამ მიზეზებს გაითვალისწინებს, შეიძლება მისთვისაც ცხად იქმნას, რომ ის სასჯელი მაინც და მაინც დიდი არაა იმ დანაშაულთან შედარებით, რომელიც მას ან მათ მიუძღვით.
ყოველი სასჯელი წარსულში, თუ გნებავთ ჩვენი ისტორიიდან, თუ გნებავთ სხვა ერების ისტორიიდან, თუ გნებავთ რომელიმე ადამიანის ცხოვრებიდან, ყოველი სასჯელი ნიშნავს მისთვის თვალის ახილვას. გადაბრუნებულ ურემთან ხედავს გლეხი გზას და მისთვის ნათლად ხდება, რომ სხვა გზით რომ გაევლო, ისე რომ არ მოქცეულიყო, როგორც ის მოიქცა - არც ის თავზედ დაატყდებოდა, რაც მას დაატყდა. ყოველ სასჯელს მოსდევს შედეგათ მოქცევა ე. ი. თავის საკუთარ თავში ჩახედვა სინანული. ყოველი ემიგრაცია ყოველთვის განიცდიდა ამ სინანულს. საჭირო არაა მაგალითების მოყვანა, მხოლოდ საღმრთო წერილიდან - ყოველთვის ჰქონდა ამისთანა სინანულს ადგილი. ამისთანა სინანულს არა აქვს ადგილი დღეს ჩვენ ემიგრაციაში, და რა ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სინანულს ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ, იმ მაიმუნისა არ იყოს, სარკეში ჩვენი საკუთარი სახე, ჩვენი მოყვარის სახედ მიგვაჩნია: როდესაც თვითეული ჩვენთაგანი დანაშაულს სხვებს თავზედ ახვევს და თავისი თავიუ დანაშაულო მსხვერპლად მიაჩნია.
სინანული! ჩვენი ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ იყო დამონებული და ეს არის, რომელიც ამსუბუქებს მის დანაშაულს და სასჯელს, მაგრამ ეს მოვლენა მას არ გაამართლებს და არც გაამართლა. რა მისცა ჩვენმა ეკლესიამ ჩვენ ერს წარსულ საუკუნეში? ერს, რომელსაც სიცოცხლე სურდა და სიმართლეს ეძებდა, რომელსაც ეკლესია უყვარდა და ეკლესიის მსახურს პატივსა სცემდა, იმათ, ვის ძვალზედ და სისხლზედაა აშენებული ეკლესია. მათ, ვინც ყველაზედ ძლიერ უსამართლობას გრძნობენ და იბრძვიან და რომელთა წრიდან და საშოდან გამოდის და იბადება ყოველთვის ცხოვრება. მათ ლტოლვას ვერ აუღო ალღო ჩვენმა ეკლესიამ და გადასცა ისინი სხვებს, რომელნიც დღევანდლამდისინ ამ ძიებას ცხოვრების სიმართლის უდაბურ რიყით და უგზო-უკვლობით ატარებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ორი რამ, გინდაც რომ დაგვიანებულიც იყოს (თუმცა დაგვიანებული არაა) - ერი, როგორც ასეთი, თავის უმაღლეს ფენებში ისე არა როგორც უმდაბლეს განიცდის სიმართლეს და ეძებს სიმართლეს - ე. წ. განათლებულ სფეროში. ეს ძიება სიმართლის არის მეტოდიური და უკვე ერთგვარი დისციპლინით - კაცი იქ აზროვნებს ისტორიულად, ლოღიკურად და მისი აზროვნება არის არტისტულ გემოვნებით - მას ესმის დასაწყისი, ან სურს შეიგნოს დასაწყისი და ეს ცნება ამართლებს მასში ბევრ რამეს - გინდაც უსამართლოთ ქმნილს აკეთილშობილებს ამ ადამიანის ფსიქიკას და ართმევს მას ფანატიზმს - ერი კი დაბალ ფენებში ეძებს სიმართლეს. იგი არ ფიქრობს ისტორიულად - მისთვის ირაკლი და მაჰმად-ხანი ერთი და იგივეა. იგი არ აზროვნებს ლოღიკურად და მისი გემოვნება არაა არტისტული - ამისთანა სტიქიას უნდა აღზრდა, თორემ თუ მოედვო დურუჯივით მოვლილ ყანებს წალეკავს და სრულიად გაანადგურებს მათ და მეორე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ არასოდეს ქართული სიბრძნე: როგორიც ბერი, ისეთი ერიც; ჩვენი ერის აზროვნება არაა მატერიალისტური, არამედ იდეალისტური ე.ი. რა სიმაღლეზედაც იდგება სამღვდელოება, თვით მატარებელნი მორალურ-ზნეობრივ-რელიგიურ პრინციპის, მისი ყოველგვარ მნიშვნელობით ამ სიმაღლეზედ იდგება თვით ერიც, რასაკვირველია ჩვენ ეკლესიას ჰყვანდნენ ბრწყინვალე პიორვნებანი მე-19 საუკ. მაგრამ ისინი საკმარისი არ არიან მის დანაშაულის გამართლებისთვის. მთელ ამ წარსულს ტრაღიკას ისეთი სიმწვავით არვინ გრძნობს - როგორც ის, ვისაც ეს ეკლესია უყვარს და მისი არსებობის მიზანი ცხადია და ნათელი და ვისაც ეს „ცოდვის კითხვა“ წარსულის ხვდება, როგორც გზა სავსე ქვებით და ეკლით, როგორც ბილიკი რაიმე, რომელიც მას აქვს გასავლელი და ყოველ მხრივ ამ ბილიკზედ მას მკვდრები, მკვდრები და მკვდრები ეგებებიან.
„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა“ ჩვენ შევცოდეთ შენი ნების წინაშე და ჩვენი ბრძოლა ამ შენი ნების გულისთვის ადამიანის ნებასთან, რომელიც აქ სუფევდა, ძლიერ სუსტი და უმნიშვნელო იყო. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ მიზანი ჩვენი იყო შენი ნების ამ ქვეყანაზედ გაბატონება. ისე, როგორც ის ბატონობს ცაში ანგელოზთა და წმიდანთა შორის - ჩვენ უნდა დაგვევიწყა, რადგანაც ნაწილევს „მო“ აქ ყურადღებას არ ვაქცევდით; შენი სუფევა იყო ცაში და იქითკენაც ხალხი მიგყავდა და მიტომაც იყავნ ნება შენი ჩვენთვის არ არსებობდა - იქ ღმერთი ბატონობს და სუფევს უმღვდლოთაც შემოსილი მშვენიერებით.
ადამიანის ფსიქიურ მოვლენათა არც ერთი მისი თვისების ისე ძნელი არაა დამორჩილება და მოდრეკა, როგორც ამ ნების და მეორეს მხრივ, ისეთი რთული და პრობლემებით სავსე, როგორც ეს ნება და ამ ღვთის ნებას უნდა დაუმორჩილოს ადამიანმა თავისი ნება - ეს მოითხოვს მაშ მორჩილებას - ჩვენ საუკუნეს ისე არ სძულს არაფერი, როგორც მორჩილება და სიდაბლე და არც ერთი საუკუნე არ იყო შეიძლება იმდენი მონებით სავსე, როგორც ჩვენი, უმაღლეს ნებისყოფისადმი თვის ნების დამორჩილება - თავისი ჟინის „გაიტანე რაც დაიჟინო“-სი განწირვა არის და იყო საუკეთესო თვისებათაგანი ქრისტიანე მოქალაქის, რომელიც თვის მოქალაქეობისთვის იღებდა მაგალითს იესო ქრისტეს ცხოვრებიდან და ეს ცხოვრება იყო დასაწყისიდან დასასრულამდენ. სიმდაბლით და მორჩილებით სავსე თავისი მამისადმი „მორჩილ იქმნა სიკვდილამდისინ და სიკვდილამდისინ ჯვარზედ“.
ვინც ჩვენ ემიგრაციის ცხოვრებას თვალს გადაავლებს, ის შეიძლება დარწმუნდეს, რომ სინანულს ე. ი. მოქცევას, დაბრუნებას სახლში აქვს ადგილი ჩვენ ცხოვრებაში; ჩვენ ვეძებთ მაგალითს ჩვენ წარსულში, ისეთ ადამიანს - მადლიან პიროვნებას საორიენტაციოდ და მასზედ დასამყარებლად და ესაა ჩვენთვის დღეს შოთა რუსთაველი; მაგრამ შოთა არაა საკმარისი - დასაწყისისთვის შეიძლება კმაროდეს, ეს არაა სათავე - ჩვენ კი უნდა შევეცადოთ და გავიგნოთ გზა სათავისაკენ, რომლიდანაც იღებდა თვით შოთა რუსთაველიც და ეს სათავეა იესო ქრისტე, - მისი ცხოვრება და სიკვდილი ჩვენთვის - ესაა მისი ანდერძი და სახარება, დატოვილი ჩვენი ცხოვრების ორიენტაციისთვის, ჩვენი ცხოვრების ბნელის გასაფანტად. ჩვენთვის მკვიდრ და მტკიცე დასაყრდნობის მისაცემად. „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა“. ამინ.