პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს (ლუკა 11.3; მათე 6.11)
ის სამი მუხლი ამ ლოცვის, რომელნიც ჩვენ აქამდის განვიხილეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი და იყავნ ნება შენი“ არის იდეალი და მისწრაფება ადამიანის - ანდერძი ქრისტესი, რომლის ასრულებისთვის უნდა შეეწიროს მსხვერპლად ყოველი ადამიანის ცხოვრება და რომლის აღსრულებისათვის ვერც ერთი თაობა და ვერც ათასი წელია საკმარი - ეს სამი იდეალი იქნება ყოველთვის იდეალი ყოველ ადამიანურ საზოგადოების განუსაზღვრელი დროით, სივრცით და ამ საზოგადოების კულტურული განვითარებით - პირიქით, რაც უფრო მაღლა იდგება ეს საზოგადოება, მით უფრო საშინელ სიმწვავით იქნება მასში განცდილი ეს იდეალები. თვით გრამმატიკული ფორმაც ორჯერ „იყავნ“ და ერთხელ „მოვედინ“ არის ოპტატიური ე.ი. ნატვრითი ფორმა: ნეტავ იყოს, ნეტავ მოვიდეს; და ეს ნეტავ არაა რაიმე ზღაპრული, უიმედო კილო „ნეტავი რადმე მაქცია“, არამედ ესაა ნატვრა და ოხვრა მთელ კაცობრიობის, მუშაობა და ბრძოლა მთელ ქრისტიანობის - იდეალი და მისწრაფება ყოველ შეგნებულ წევრის, ქრისტეს ეკლესიის.
და დღევანდელ თხოვნით „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ ვტოვებთ ჩვენ ამ იდეალებს და გადავდივართ ცხოვრებაში, რომელისათვისაც ადამიანს სჭირია პური, არა მხოლოდ იმ დიდ მიზნების ასრულებისთვის, არამედ საერთოდ არსებობისთვის, და ეს ადამიანი მიდის ღმერთთან, რომელიც მისი მამაა - ქრისტეს სწავლით და როგორც შვილი ბრძანების კილოთი ეუბნება მას: პური მომეც ჩვენ, პური არსობისა, პური ჩვენი.
„მომეც ჩვენ“, ჩვენი ქართული გამოთქმა ამ აზრის არის უბადლო ე. ი. მე და იმას, თვითეულ ჩვენგანს; აქ სდგას ადამიანი მტკიცედ გადახლართული მეორე ადამიანთან - საზოგადოებასთან და ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს ამ პურს თავისთვის და სხვისთვისაც - მან იცის, და თუ არ იცის, ლოცვა უნდა ეუბნეოდეს - რომ თუ მხოლოდ მას ერთს აქვს ეს პური და სხვას არა, თუ მეორე მშიერია, არც იმ პურს, რომელიც მას აქვს ბარაქა და მადლი და ღვთის კურთხევა ექნება. ჩვენმა ქართულ ენის ელასტიკამ, ინტუიციამ და სიმდიდრემ აქ ისე ცხადათ და ნათლად დაგვიხატა „მომეც ჩვენ“-ში, თუ ქრისტე რას ჰგულისხმობს - რუსებისთვის ან სხვებისთვის, საჭირო იყო განმარტება, თვითეულ ქართველისთვის კი ეს აზრი აქ ცხადია.
მეორე აზრიცაა დღეს ჩვენთვის აქ საინტერესო. იესო ქრისტე ასწავლის ადამიანს, ბრძანებით კილოთი უთხრას ღმერთს: „მომეც ჩვენ“ იმ ღმერთს, რომელმაც არა მხოლოდ დაწყევლა ადამიანი და უთხრა: „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა“-ო და მიწას უბრძანა მისთვის ანწლი, ეკალი, კუროსთავი და შხამიანი ბალახი მიეცა ოფლის წილ; და ამ ღმერთმა მისცა უფლება დედამიწასა და უსამართლობას, ადამიანის სიბოროტეს და ეშმაკს ეს ოფლით გაჟღენთილი პური, ადამიანის ყოფილიყო გაჟღენთილი „ადამიანის სისხლით, ჩაშავებული სისხლით ადამიანის“ - დედა-მიწაზედ მდგომი ადამიანი ეუბნება ამას ღმერთს „მომეც ჩვენ“, რომელმაც უფლება მისცა დედამიწის ვაკხანალიას, სადაც თვით ადამიანი, ამ პურის მომცემად გახდა და ამ დღიურ ლუკმას მუშტით ცხვირის წინ უჭერს და მის მაგივრად თხოულობს მის სულს და მის პატიოსნებას, ამცირებს და ჭუჭყში სვრის ადამიანის ღირსებას. და დღეს მოდის ეს ადამიანი ღმერთთან და ბრძანების კილოთი ეუბნება: „შენ ხარ ჩვენი მამა, შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვეც მიზანი განუსაზღვრელი და დაუსრულებელი - შენი ვალიცაა რომ მოგვცე საზრდო, რომ ეს მიზანი შევასრულოთ აქ, დედა-მიწაზედ, ჩვენი ძალის და ღონის მიხედვით“.
მაგრამ მითხარით: აქვს ადამიანს უფლება ასეთი ბრალდება წარუდგინოს ღმერთს? გვაქვს ჩვენ დღეს ეს უფლება? რა გავაკეთეთ ჩვენ იმ სამი მუხლის აღსრულებისთვის, რომ დღეს ჩვენ ბრძანებით კილოთი ვთხოვდეთ ღმერთს ამ პურს? - გულუბრყვილო იქნებოდა ფიქრი, რომ ღმერთი ზეციდან ჩამოგვიყრის საზრდოს ან და როგორც უსუსურ ბავშვებს პირში უდებენ საჭმელს, ისე ჩაგვიდებდა. ჩვენ ვართ აქ მუშაობისთვის და საბრძოლველად და ჩვენ ნამუშევარს ბარაქა და კურთხევა ექნება მაშინ, როდესაც ღვთის კურთხევა იქნება მასზედ: მთელი ჩვენი მუშაობა დამოკიდებულია ჯანსაღობაზედ, ამინდზედ და ამას სთხოვს კაცი ღმერთს და მას, რასაც იღებს, - და რა გვაქვს ჩვენ თვითონ, რაც ღვთისგან მომადლებული არ იყოს - ვალდებულია მისცეს სხვებსაც - ვისაც არა აქვს, რადგან მხოლოდ ამ პირობით გამოითხოვა ღვთისგან და ამ პირობითაც მიიღო მან.
და მესამე აზრი, ჩვენთვის დღეს საჭირო არის „დღეს“ პური ჩვენი არსობის მომეც ჩვენ დღეს და ეს ნიშნავს მას, რომ პურისთვის არსებობა და ცხოვრება არ უნდა იყოს იდეალი ადამიანის; „დღეს“ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა პურისთვის არის განსაზღვრული და ყველა პროგრამები, რომელნიც ამ პურის საკითხს შეეხებიან არიან წარმავალნი და განსაზღვრულნი ამ დღით ე. ი. მომენტით; გუშინ შექმნილი პროგრამა დღეს უკვე დაძველებულია ახალი მანქანის შექმნით ან და ახალი კუნძულის აღმოჩენით იგი შეიძლება სრულიად უვარგისად იქცეს, და ის, რომელიც მაინც ამ პროგრამას ებღაუჭება და მაინც ქაფიან პირით ამ პროგრამის შესრულება სურს, მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, ვიდრე სარგებლობა, რომელიც ამ პროგრამით იყო ნავარაუდევი; ხვალინდელ დღეს სულ სხვა კონცეპცია და სულ სხვა პროგრამა ესაჭიროება.
იესო ქრისტე არ მოვიდა მისთვის ამ ქვეყნად, და მიტომ არ შექმნა თავისი ეკლესია, რომ იგი ამისთანა წარმავალ და განსაზღვრულ რამეზედ, რომელიმე ბანკირის და სახელმწიფოს ჟინზედ ან გუნებაზედ ყოფილიყო დამყარებული - ეს ეძებდა ადამიანში უკვდავ ღირსებას და ადამიანის სულის უკვდავ ღირებულებას და ღვთაებრივობას, რომელიც არაფრითაა განსაზღვრული და არვისგან გარდა ღვთის დამოკიდებული. ამისთანა უკვდავ საძირკველზედ ააგო მან ეკლესია და იგი უკვე 2000 წელიწადია რაც არსებობს და იარსებებს კიდევაც, მიუხედავათ ყოველგვარი ცდის ჯოჯოხეთისა და სიბნელის მის წინაღმდეგ. იესო ქრისტე არ იყო პირველ რიგში ნაციონალ-ეკონომი, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ მას პურის საკითხი არ აინტერესებდა, თვითონ იგი, როგორც სახარებიდან ვიცით, სჭამდა და სვამდა, ქორწილშიაც კი იყო და როდესაც მას სადილს უმართავდნენ, ყოველთვის მიდიოდა; იესო ქრისტე აძლევდა ღარიბებს მოწყალებას და კასსაც კი ჰქონდათ მის მოწაფეებს ღარიბებისთვის; უკანასკნელ საღამოს თვისი ამ ქვეყნად ცხოვრების - გაუმართა თვის მოწაფეებს სერობა გამოსათხოვარი და თვის პროგრამმაში „პურის საკითხი“ სხვებზედ (თანანადები და განსაცდელი) წინ დააყენა.
ჩვენ ვართ უცხოეთში საშინელ ნივთიერ გაჭირვებაში და ლუკმა პურზედ ზრუნვა, შინაარსია მთელი ჩვენი ცხოვრების; ჩვენ გვჭირია სიჯანსაღე ამ პურის მოპოებისთვის და სწორედ დღეს აქ გვმართებს ჩვენ, აქ გულმოდგინეთ ლოცვა „პური ჩვენი არსოების მომეც ჩვენ დღეს“ ბარაქა და მადლი ამ ოფლით მოპოებულზედ და ფიქრიც მასზედ, რომ ამ პურით სხვებსაც დავეხმაროთ. ამინ.