ძვირფასო მიხეილ!
თქვენ დამისვით სერიოზული სახარებისეული შეკითხვა, რომელიც ყოველი კუთხით მარადიულობისკენ მიისწრაფვის? მარადიულობა კი საშინელია უფლის გარეშე. ყველაფერს ადამიანურს აქვს სასრული და სიტყვიერი ახსნა - მხოლოდ ღმერთკაცში. უფალ იესო ქრისტეს გარეშე ყველაფერი ადამიანური აუცილებლად გადადის ქაოსში, საშინელებაში, სიკვდილში, ჯოჯოხეთში; გონება - უგუნურებაში, გრძნობა - უსასოობაში, ნება - თვითგანლევაში საკუთარი თავის გაღმერთების ან შეძულების გზით.
„ადამიანის დარდი მიცვალებულთათვის?“ - სრულიად ბუნებრივია, რადგან სიცოცხლე ღმერთისგანაა, სიკვდილი კი ეშმაკისგან. ადამიანისათვის, რომელსაც აქვს ღმერთის მსგავსი ბუნება და რომელიც მას ურიცხვი გზებით იზიდავს ღმერთისაკენ, ღვთიური უკვდავებისა და მარადიულობისაკენ, სიკვდილი ყოველთვის და ყველგან „უკანასკნელი მტერია“. ამ მტრის განადგურება შეეძლო და მართლაც გაანადგურა ღმერთკაცმა ქრისტემ თავისი აღდგომით. და ამით ჩვენი ოდინდელი, თავდაპირველი დარდი აქცია სიხარულად, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს: ვერც ადამიანთაგანი, ვერც ანგელოზთაგანი, ვერც ეშმაკთაგანი და ვერც თვითონ სატანა. ამ სიხარულში ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შეჰყავს მხოლოდ მკვდრეთით აღდგომილი და მარად ცოცხალი ღმერთკაცის რწმენას.
ეს რწმენა ადამიანში ნერგავს გრძნობას და გრძნობით შეგნებას იმისას, რომ სიკვდილი მთელს ქვეყანაზე დამარცხებულია და ადამიანურ ბუნებას ელის მარადიული ცხოვრება უფალ იესო ქრისტესთან და მარადიული სიხარული მასში. ამიტომ ქრისტიანები ისე არ გლოვობენ თავიანთ მიცვალებულებს, „როგორც სხვა დანარჩენები, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“. ჩვენი გლოვა თანდათან გადადის, ლოცვით სევდაში და სიხარულში: სევდა გვიპყრობს დროებითი განშორების გამო, სიხარული კი - მარადიული სიცოცხლის გამო.
მკვდრეთით აღმდგარი უფლისადმი რწმენა ანათებს ყოველივე ადამიანურს, ყოველივეს, გარდა ცოდვისა. ანათებს მის აზრებს, გრძნობებს, გადაწყვეტილებებს, საქმეებს. და, რაც ყველაზე მთავარია, ანათებს მის გონებას, გულსა და ნებას. ასევე ნათდება და წმინდა ხდება ჩვენი დარდიც მიცვალებულთა გამო. წმიდა დარდი კი ლოცვით ცოცხლობს და სუნთქავს. ამიტომ საჭიროა მეტი, რაც შეიძლება მეტი ვილოცოთ აღდგომილი უფლისადმი!
უფლისადმი რწმენით ჩვენი ტირილი წმინდა ტირილად გადაიქცევა, ჩვენი ცრემლები - წმიდა ცრემლებად; „ნიჭი ცრემლისა“ ეძლევათ მხოლოდ მხნე, ღვთისმოყვარე მოღვაწეებს. ისინი იმედით დასტირიან თავიანთ თავსაც და ყოველ არსებასაც, რადგან ცოცხლად გრძნობენ ცოდვის არსებობას ჩვენს ადამიანურ სამყაროში. მაგრამ მათ არ ეშინიათ ცოდვის, რადგან ყოველთვის ამარცხებენ მას უცოდველის შეწევნით; არ ეშინიათ სიკვდილის, რადგან ყოველთვის ამარცხებენ მას უკვდავის შეწევნით; არ ეშინიათ ეშმაკის, რადგან ყოველთვის ამარცხებენ მას ღმერთის შეწევნით.
ქრისტე აღდგა! რამდენი სიხარული მოუტანა მან ადამიანს! რამდენი სიკვდილი გათელა! რამდენი დემონი დაამარცხა! ამიტომ მგლოვიარე ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიკვდილი ყოველი მხრიდან ესხმის თავს, უნდა მიენდოს ერთადერთ ნუგეშინისმცემელს, რომელმაც გვახარა: „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმერთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ“ (იოან. 14,1) და ძალიან მალე ადამიანის გული ივსება საკუთარი უკვდავების გრძნობით და ღმერთკაცში და ღმერთკაცთან ერთად მარადიულობის შეგნებით. ადამიანი ღვთიური სიყვარულის მოციქულთან ერთად სიხარულითა და აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ უწყით, რამეთუ მივეცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად“ (1 იოან. 3, 14).
ყველაფერი ყველაფერშია. არ არსებობს არც ერთი ჭეშმარიტი ადამიანური საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ადამიანს შეეძლოს დამოუკიდებლად, ღმერთკაცის გარეშე, რადგან ადამიანი შექმნილია სწორედ იმისათვის, რომ გახდეს ღმერთკაცი.
გისურვებთ უფლის მიერ ნუგეშსა და სიხარულს.
თქვენი მამა იუსტინე
წიგნიდან „ღმერთკაცობრივ გზაზე“