„პროგრესი, რომელიც ქრისტეს უარყოფს, რეგრესად იქცევა“

რა არის სულიერება და რით განსხვავდება იგი ზნეობრიობისაგან? პავლე მოციქულმა ესოდენ აშკარად დაგვიხატა ქრისტიანული სულიერება: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება...“ (გალ. 5, 22-23). ანუ სულიერება - ესაა სულის მდგომარეობა, რომელსაც ისეთი დადებითი თვისებები აქვს, როგორებიც, მაგალითად, პავლე მოციქულმა დაასახელა. ამავე დროს, სულიერება არის განწმედა ყოველგვარი შინაგანი უწმიდურებისაგან, უპირველეს ყოვლისა, სიამაყისგან, „დიდებისმოყვარეობისგან, ვერცხლისმოყვარეობისა და სიტკბოთმოყვარეობისაგან“ (აბბა დოროთე), რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ურიცხვი ვნებების თაიგულს წარმოშობენ. ადამიანის სულიერების ხარისხის ერთი შეხედვით შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან სული გარეშე თვალისათვის დაფარულია. ზნეობრიობა კი - ესაა ადამიანის დამოკიდებულება გარემომცველ სამყაროსთან, პირველ რიგში, სხვა ადამიანის, საზოგადოების მიმართ. ზნეობრიობა ფასდება ადამიანის ქცევის მიხედვით, მაშინ როცა მისი შინაგანი მოტივები უმეტესწილად სხვათათვის დაფარული რჩება. ამიტომაც ადამიანის ყველა ზნეობრივი ქმედება ხშირად ერთდროულად ვერ იქნება ჭეშმარიტად სულიერიც, ანუ უანგაროდ აღსრულებული სიკეთე. ამ შემთხვევაში ზნეობრიობა სულიერების გარეშე იქნება, ხოლო ე.წ. მაღალზნეობრივი ადამიანი - მხოლოდ გარეგნულად წმიდა იქნება. ადამიანის სულიერების ხარისხი, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიხედვით განისაზღვრება, რომელსაც იგი თავის ცხოვრებაში ისახავს. ისევე, როგორც ამა თუ იმ თესლში ჩადებულია კეთილი ან ბოროტი მარცვალი, ასევე მიზანი ადამიანის მთელ ცხოვრებას ან ჯანსაღ და მართალ, ან არანორმალურ, უგუნურ ცხოვრებად აქცევს, ვინაიდან საბოლოო მიზნის წინაშე ყოველივე დანარჩენი, უკეთეს შემთხვევაში, მის მისაღწევ საშუალებად გადაიქცევა, უარეს შემთხვევაში კი, უფასურდება და ითელება. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანისთვის უმაღლესი მიზანი არის ტკბობა, დიდება, სიმდიდრე, მაშინ ყოველივე დანარჩენი, ანუ ჭეშმარიტებაც, სიმართლეც, სინდისიც, სხვა ადამიანიც, მამულიც, ბუნებაც და... თავად ღმერთიც მისთვის ზედმეტი აღმოჩნდება. ხოლო თუკი ამგვარი მიზნისაკენ მიისწრაფიან არა ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი საზოგადოება, თუ ასეთი მიზანი მთელი ცივილიზაციის კოლექტიური გონების მამოძრავებელ ძალად იქცევა, ნუთუ ცხადი არაა, თუ რა მომავალს უნდა ელოდნენ ადამიანები? თანამედროვე რეალიების წინაშე ამის წინასწარმეტყველება ძნელი არ უნდა იყოს. პიროვნებისა და საზოგადოების სულიერი მდგომარეობა თავისებურ მღვრიე საწყის ხსნარს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ყოფიერების უმდაბლესი დონის „კრისტალებს“ წარმოშობს, განსაზღვრავს ადამიანის მთელი ცხოველქმედების მიმართულებასა და შინაარსს. ადამიანის ცხოვრების ძირითადი კანონი ნათლად ჩამოაყალიბა იესო ქრისტემ: „ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა და მერმე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მთ. 6, 33). მაგრამ ეს სიტყვები სხვაგვარადაც იკითხება: თუ უპირველეს ყოვლისა ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს არ ეძიებთ, ვერაფერს მიაღწევთ. ამგვარია ქრისტიანული, უფრო ზუსტად, მართლმადიდებლური პასუხი თანამედროვეობის მთავარ კითხვაზე: რატომ უახლოვდება კაცობრიობა არასრული კეთილდღეობის ტრიუმფს ამ სამყაროში, არამედ საბოლოო ტრაგედიის საოცარ დაჩქარებას. მრავალი მიუთითებდა ამ კანონზომიერების შესახებ. „პროგრესი, რომელიც უარყოფს ღმერთსა და ქრისტეს, ბოლოს და ბოლოს, რეგრესად იქცევა; ცივილიზაცია გაველურებით დასრულდება, თავისუფლება - დესპოტიზმითა და მონობით. როდესაც ადამიანი ღვთის ხატებას ჩამოიცილებს, აუცილებლად ჩამოიხსნის ადამიანის ხატსაც და ცხოველური ხატისაკენ დაიწყებს სწრაფვას“. ეს ფრაზა 100 წლის წინ ითქვა. დღეს შეიძლება მას სხვა ფორმა ჰქონოდა. უეჭველია, სიტყვა „ცხოველური“, „ეშმაკით“ შეიცვლებოდა. ვინაიდან ცხოვრების იმ იდეალების სხვაგვარად მოხსენიება, რომლებიც უფრო და უფრო იპყრობენ თანამედროვე ადამიანთა დიდ ნაწილს, ძალიან ძნელია. ქრისტიანობა კაცობრიობას მოუწოდებს, ხელახლა გადახედოს და, სანამ გვიან არ არის, გამოასწოროს ცივილიზაციის განვითარების ის საბედისწერო გზა, რომელიც დაიწყო ადამიანთა პირველი ცოდვისგან, პირველი ცდუნებისგან - მოეწყვიტათ ყველაფრის („კეთილისა და ბოროტის“) შემეცნების ნაყოფი და ამ სამყაროში გამხდარიყვნენ ღმერთები ღმერთის გარეშე - რაც უფრო და უფრო მეტი დაჟინებით ხორციელდება დღევანდელ დღეს. მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ უარს ვიტყვით მატერიალიზმზე, როგორც პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპზე, თუკი გვექნება ცოდვების ჭეშმარიტი სინანული და თუ ღმერთს კეთილსინდისიერ ცხოვრებას აღვუთქვამთ. ნუთუ შეძლებს კაცობრიობა, შეიგნოს თავისი დამღუპველი სულიერი მდგომარეობა და მისი ჭეშმარიტი სათავეები? სწორედ ამის შედეგად მოხდება ადამიანის ცხოვრებისა და კაცობრიობის ისტორიის აზრის გაცნობიერება, რაც მესამე ათასწლეულში დადებითი ცვლილებების იმედს გვისახავს.

მოამზადა სიდონია ანასაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7 (266), 2004 წ.