საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო!
შესდექით, ვისაც იგი გიტვირთავთ, მპყრობელი ხელითა თვისითა ყოვლისა ქვეყნისა! შესდექით, ვისაც იგი გიტვირთავთ, მხართა ზედა თვისთა მტვირთველი ცოდვათა კაცთა მოდგმისა! შესდექით, ვისაც ის გიტვირთავთ, ვისთვისცა დადგნენ სვლისა თვისისაგან მზე და მთოვარე, ოდეს იხილეს იგი ჯვარსა ზედა! ნუ გვაყენებთ ჩვენ, ყრმებს, მოსვლად მამისა, თუმცაღა უკვე შესვენებულისა; ნუ გვაყენებთ შვილთა, ვიტვირთოთ ყველას საერთო მშობელი, რომელმაც დაგვბადნა სისხლითა თვისითა; ნება მოგვეცით, მცირედი ცრემლი დავღვაროთ თვალთა ჩვენთაგან მასზე, ვინც თვისისა სხეულისაგან გვიწყაროა უხვი ნაკადულები სისხლისა თვისისა, ხოლო ნეკნთაგან – სისხლი და წყალი!
ჰოჲ, რას ვხედავ მე – ხილვასა საშინელსა და შესაძრწუნებელსა! და რას ვხედავ მე? ვჭვრეტ მას, რაც საუკუნითგან არ უხილავთ თვალთა პირველმამათა. რამეთუ ვის სად უხილავს ღმერთი განშიშვლებული, გვემული, ეკლის გვირგვინდადგმული, ნავღლითა და ძმრით წყურვილმოკლული, სამსჭვალთა მიერ განხვრეტილი და ლახვრითა გვერდში ძგერებული და მომკვდარი? შეძრწუნდი ამას ზედა, შეუშინდი ზეცას, დაე, შეიძვრინ საფუძველნი ქვეყანისანი!... და რას ვხედავ მე? ვჭვრეტ ღმერთსა უსულოდ, ცხოვრებისმომცემელსა მკვდრად, ნათელსა მიმქრალსა, სიტკბოებასა მწუხარექმნილსა, უშვენიერესსა სიკეთითა შორის ძეთა კაცთასა არმქონესა იერისა ქვე სიკეთისაცა, არამედ პირისახე მისი უპატიო, დამცრობილი უფროს ძეთა კაცთასა! ვჭვრეტ ყოვლადპატიოსნისა და უმეტესად კურთხეულისა ქალწულისაგან გამოუთქმელად შობილსა ყოვლადპატიოსანსა და ყოვლადკურთხეულსა სხეულსა ქრისტეს ჩემისასა ერთიანად სისხლში შესვარულსა, მთლად დაწყლულებულს, დაბძარულს, თავით ბოლომდის, ვითარცა ძაძას! წყლულებს მოუცავს თავი უწმინდესი, - თავი, რომელმაც მოიაზრა კაცთა ხსნის საკვირველი საშუალებანი, კაცთა მოდგმისა, რომელსაც არანაირი იმედი არ ჰქონდა გადარჩენისა, თავი ესე წყლულებს მოუცავს ეკლიან გვირგვინით ვიდრე ტვინამდის...
აწ ვჭვრეტთ საღმრთო სიტყვათა აღსრულებას უწინ კაცთა მომართ თქმულს: „მიწა დაიწყევლოს შენს გამო, ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს“ (დაბადება 3,17-18). და ჰა, აღმოაცენა მიწამან წყეულმან ეკალი თავსა ზედა ჩემისა იესუსა!...
ბინდმა დაჰფარა თვალნი, - თვალნი, რომელნიც მოწყალებით მიჰხედავდნენ ყოველთა, სიყვარულით უმზერდნენ ყველას, თვალნი, რომელთა ნათელმიმხედვარობით ხარობდნენ ყოველნი მისნი მოყვარულნი, ნუგეშინის-ცემულ იქმნებოდნენ სასო-მიხდილნი, სინანულად მოვიდოდნენ შეცთომილნი; თვალნი ესე აწ სისხლითა და ცრემლით აღვსილან, სიკვდილს დაუხურავს! დაბნელებულა სახე – სახე ყოვლადწმიდა, ყოვლადნათელი, ან უკეთ, ღვთისიერისა, რომელიც თაბორსა ზედა ჰბრწყინვიდა, ვითარცა მზე, როს გამოჰკრთებოდა მას ზედა დიდება ღვთაებისა: სახემან ამან აწ უპატიობა, ნერწყვება, ძლიერი დარტყმები მიიღო ხელით და მთლად გალურჯდა... დაიფარა შვენიერებაჲ შენი, ჰოჲ ყოვლადმშვენიერო, ჰოჲ ყოვლადსაყვარელო! დადუმებულან ყოვლადტკბილნი ბაგენი, რომელთაგან გარდამოედინებოდნენ ზეციური სიტკბოების ნაკადულები სიტყვანი უტკბილეს თაფლისა და გოლეულისა; დადუმდა ღვთისმეტყველი ენა; დადუმდა სასა საღმრთოჲსა ხმისა; ღვთის სიტყვას დუმილი ადევს. ვინ ანუგეშებს მოტირალთ? სიტყვით ვინ განჰკურნავს სნეულთ, აღადგენს შესვენებულთ? ვინ ეტყვის ცოდვილთ: „მიგეტევნეს შენ ცოდვანი შენნი მრავალნი“? წყლულებს მოუცავს ხელები, - ხელები, რომელთა ერთი შეხებით თრთოდა სიკვდილი; ხელები, რომელნიც სამკურნალო სალბუნი იყო ყოველსა სნეულებასა ზედა, ხელები, რომელთა შორისაც პური მრავლდებოდა და განაძღებდა ათასეულებს და რჩებოდა ნამუსრევიცა, - ხელები ესე განხვრეტილა ბასრი, გრძელი რკინის სამსჭვალებით, ბორკილთა მიერ დალურჯებულები; ხელები, რომელთაც ადამიანი შექმნეს, ადამიანისგანვე არაადამიანურად დატანჯულა! განხვრეტილა ფერხნიც, - ფერხნი, რომელნიც წყალთა ზედა ვიდოდნენ, ვითარცა ხმელსა; ფერხნი, რომელნიც ცრემლებით დაალტო ცხადად ცოდვისაგან დაპყრობილმა დედაკაცმა და თმებითა თვისითა წარხოცნა და ამისთვის მიიღო შენდობა ცოდვათა თვისთა; ფერხნი, რომელთაც ვინც კვარცხლბეკად გაუხდებოდა, ყოველთა ზედა ამაღლებული შეიქმნებოდა სოფელსა ამას. და ფერხნი ესე ეგრეთვე განიხვრიტა გრძელ, ბასრ, რკინის სამსჭვალთა მიერ, რათა იგინიცა სისხლსა დაეფარა! განიგმირა ცხოვრებაშემოსილი გვერდი მისი, რომელმაც პირველმშობელსა ჩვენსა ადამსა ნეკნისაგან შეუქმნა შემწე მისი. სიძეჲ ესე ზეციური აწ გვერდისაგან თვისისა აღაშენებს სასძლოსა თვისსა საყვარელსა, მოყვარულსა ჩვენსა დედასა, - ეკლესიასა თვისსა წმიდასა, გამოსყიდულსა სისხლითა მისითა, რათა აღმოშობოს შვილნი მრავალნი, წყლითა და სულითა... ორი წყარო გარდამოადინა თვისთა უწმინდესთა ნეკნთაგან უფალმან, - წყარონი სისხლისა და წყლისა: წყალი ჩვენისა განბანვისათვის, სისხლი ჩვენისა კურთხევისათვის; წყალი წყურვილისა ჩვენისა მოკვლისათვის, სისხლი – ჩვენისა კურნებისათვის. მწყურვალნო, წარვედით წყლისაკენ; სნეულნო სულით და ხორცით დაეწაფეთ უმანკო ქრისტე-კრავისა მაცხოვნებელ სისხლს. რამეთუ არა დიდებითა მისითა, არამედ წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნენით... თვალთა წინა ჩემთა ვჭვრეტ ღმერთსა ჩემსა წყლულებითა მისითა, რომელიც თითქოს მეტყვის მე: „მე შენ შეგიყვარე, შენც შემიყვარე მე. სხვას არას ვითხოვ შენგან; მხოლოსა სიყვარულსა, სიყვარულსა შენსა ვეძიებ. შენს გამო ვიშევ მე ამქვეყნად, შენთვის ვიყავ სიყრმიდან შრომაში, შენთვის მშიოდა, მწყუროდა, ვიმარხვიდი, შენთვის ვევნე, ძმარი და ნაღველი ვიგემე; შენთვის ჯვარს-ვეცვი, მივიღე წყლულები ესე და მოვკვედ. ამათ ყოველთა სანაცვლოდ შენგან არაფერს არ ველი, მხოლოდ გიყვარდე!“ შეგიყვარო შენ, უფალო, სიმტკიცეო ჩემო! უფალი განმამტკიცებელ ჩემდა და შესავედრებელ ჩემდა!
მაშ, მეც შენ მოგდევ, ყოველთა თანა, ჰოჲ იესუ – სიყვარულო, ყოვლისა ზრახვისა დამაცხრობელო! შენ სხეულითა, ჩვენ კი ჩვენთა გულებით დე დავიკრაძალოთ შენთან ერთად. ყოვლადწმიდასა სხეულსა შენსა კუბო აქვნდეს კუბოდ, ხოლო ჩვენს გულებს შენი წყლულები სამარედა და დასაფლავებად. ვუწყით, რომ შენ მესამესა დღესა აღმოჰხვედ საფლავთაგან; გარნა გულნი ჩვენნი დე განუყრელად შენს წყლულებთან ეგოს, ვიდრე არ დავიმკვიდრებთ სამარესა ჩვენსა. რამეთუ რა შეიძლება გულთა ჩვენთათვის ამაზე უფრო გულისსათქმელი, საყვარელი, უტკბილესი იყოს, ვიდრე შენი უწმინდესი წყლულები, რომელთაც ჩვენ ცრემლმორეული თვალებით ვუმზერთ, უღირს ბაგით მთხვევისთვის მივეახლებით, გულით ტკბილად ვეამბორებით?...
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა