აი უკვე გავიდა დიდი მარხვის პირველი კვირა. ალბათ უკვე იგრძენით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ალბათ ბევრი ისეთი რამაც ხდება, ადრე რომ არ შეგიმჩნევიათ. ამიტომ დღეს მინდა ცოტა რამ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა ხდება მარხვისას ადამიანის ცხოვრებაში.
ადამიანი მარხვას რომ შეუდგება, ბევრ წინააღმდეგობებს აწყდება: ეჩხუბებიან, ზოგი სულ ტყუილად აუხირდება, მაინცდამაინც მაშინ გამოუჩნდება ისეთი კერძები, რომლებსაც მანამდე შეიძლება ნატრობდა კიდეც.
რატომ ხდება ასე?
შევეცდები აგიხსნათ ეს.
საერთოდ მარხვა უფლისადმი ერთგულების გამოხატვაა. რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, წამომდგარნი ისევ უნდა შევეცადოთ გზის გაგრძელებას. არის ხოლმე ადამიანი მარხვას სიწუწკის გამო რომ არღვევს. ასე ამჟღავნებს ამქვეყნიური სიამეების სიყვარულს. მაგრამ ადამიანს ამან ხელი არ უნდა ჩააქნევინოს. განა ადამიანი, რომელიც ტალახში ვარდება, გააგრძელებს იქ წოლას?! თუ წამოდგება და განიწმინდება?! აი, ასე უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიც. უფალმა მოგვცა შესაძლებლობა მონანიებისა, რაც თავისთავად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ისევ შევუდგეთ მარხვას. წავიქცევით? უნდა წამოვდგეთ! ისევ წავიქცევით? ისევ წამოვდგეთ და ასე გავაგრძელოთ, სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე. განა ბავშვსაც ასე არ მოსდის სიარულს რომ სწავლობს?! რამდენჯერ დაეცემა იგი ამ დროს?! ხან თავს მიარტყამს, ხან ხელს იტკენს, ხან ფეხს, მაგრამ ბოლო ბოლო იგი მაინც სწავლობს სიარულს. სულიერებაშიც ზუსტად ასეა. ჩვენი ერი ძალიან სუსტია სარწმუონებაში. შეიძლება ეს მთლად ჩვენი ბრალიც არ იყოს. ჩვენს სარწმუნოებას ხომ ყველა ავიწროვებდა! დღესაც იგივე გრძელდება. მართლმადიდებლობა ერთ-ერთი რელიგიაა თურმე, რომელიც მსოფლიოს ყველაფერში უშლის ხელს. ხომ გასაგებია რაშიცაა საქმე?! მსოფლიოს, ე.ი. „ამ ქვეყნის თავადი“ კარგად მოგეხსენებათ ვინც არის, მართლმადიდებლობა კი ღვთისთვის სათნო აღმსარებლობაა და ამიტომაა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ყველასთვის ხელისშემშლელები ვართ. მთელი მსოფლიო აღმდგარია ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ხილული მტრების გარდა ადამიანს მარხვაში უხილავი მტრებიც ებრძვიან. ძალიან ბევრი მეუბნება:
- როგორც კი მარხვა დავიწყე, განსაცდელს განსაცდელი მოჰყვაო ჩემს ოჯახში. დედა წამეჩხუბა, შვილის, შეურაცხმყოფენო. ერთი სიტყვით, ისეთი გარემო ექმნება ოჯახში, ვერაფრით ვერ ლოცულობს. ამას ყველაფერს კი აწყობს ბოროტი, რადგან მარხვა რომ იწყეთ, ე.ი. უფლისკენ მიიხედეთ, ეს კი ნიშნავს, რომ დაგმეთ ეშმაკი და ხელიდან ეცლებით. ისიც ცდილობს სხვადასხვა დაბრკოლებებით დაგაბრუნოთ ძველ ცხოვრებაში, ხელი აგაღებინოთ განწმენდაზე. აგზავნის სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც გვაღიზიანებს. მაგრამ ერთი იცოდეთ: ამ ადამიანებმა არ იციან ეშმაკის იარაღები რომ არიან. ეშმაკი ისე აკეთებს ამას, რომ ადამიანი ვერ გრძნობს, თუ ვინმე აკეთებინებს. ამიტომ მათ მიმართ კი ნუ განვეწყობით მტრულად, არამედ ეშმაკის მიმართ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვები, არ უნდა დათმოთ. ბევრი ამბობს, თუ არსებობს ეშმაკი ან ღმერთო დაგვენახოსო. ერთ სცადეთ და შეუშვით თქვენში აზრი, რაც არ გინდა ის გააკეთო, და უცებ იგრძნობ, ვიღაცა რომ გაგაკეთებინებს ამას ძალით, გაიძულებს ამის გაკეთებას. ეს უხილავი ძალაა, ადამიანი ვერ ხედავს ამას, მორწმუნე ადამიანი კი მას გრძნობს.
ზოგჯერ ლოცვისას ადამიანი უცებ გრძნობს, რომ ღმერთამდე ავიდა მისი ლოცვა, ღრუბლები გააპო, გაუთბა გული და სიხარული შემოვიდა მასში. მაგრამ არის პირიქითაც, როცა ადამიანი გულს ვერ უდებს ლოცვას, გაღიზიანებულია, რაღაცა ხელს უშლის. ადამიანი ვერ ხედავს და იმ მომენტში, როცა ის კარგად ლოცულობს, ანგელოზები არიან მის გარშემო და არ უშვებენ მასთან ბოროტს, რათა ამ ადამიანმა იგრძნოს ლოცვის ძალა. მაგრამ როცა გაძლიერდება, მერე მასთან ხანდახან უშვებს ეშმაკს, რომ ადამიანი მას თავისით მოერიოს. პატარა ბავშვი როცა სიარულს სწავლობს, თავიდან მასაც ხელით დაატარებენ, მერე უშვებენ და აძლევენ საშუალებას, დაცემის შემთხვევაში თვითონ წამოდგეს. ანგელოზები როცა გვმფარველობენ, ადვილია ჩვენთვის, მაგრამ მერე ხელს რომ გვიშვენებ, ვმძიმდებით, მაგრამ ეს აუცილებელია ჩვენივე გამოწვრთნისათვის.
ადამიანები ხშირად თავს იმართლებენ:
- აი, მე ხასიათზე არა ვარ და ვერ დავაძალებო თავს ლოცვას.
ხასიათზე კი ადამიანი მაშინაა, როცა მასთან ანგელოზია. მაგრამ ეს უკვე მისი ღვაწლით კი არ ხდება, არამედ ანგელოზის შემწეობით. ღვაწლი კი ისაა, როცა ადამიანი თავს დააძალებს ლოცვას, მოერევა საკუთარ თავს და აიძულებს მაინც ილოცოს.
როგორც გითხარით, მარხვისას ხშირად ახლობლებიც გვესხმიან თავს. აღიზიანებთ ჩვენი ლოცვები. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
მოთმინებით და რუდუნებით, ასე თანდათან უნდა ხდებოდეს ადამიანის მოქცევა.
მახსოვს ერთხელ ერთი გოგონა მოვიდა ჩვენთან მონასტერში. დედამისი თავის მოკვლით იმუქრებოდა, ვერაფრით ვერ დავამშვიდეთ. მისი მნახველი ვერავინ დაიჯერებდა, ის ქალი როდესმე რომ მოიქცეოდა. მაგრამ დღეს ეს ქალი ტაძრიდან არ გამოდის. უბრალოდ დრო სჭირდება ყველაფერს და თავისებური მიწოდება. მაინც როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? ილოცეთ ღვთისადმი, რომ იმ ადამიანსაც გაეხსნას ლოცვის სურვილი. საერთოდ კი ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ილოცონ ერთმანეთისთვის, მხილებებს იწყებენ და ამით კიდევ უფრო აღიზიანებენ მათ.
ეს იმას ჰგავს, კაცი მთვრალი რომ მოვა, თქვენ კი ჭკუის დარიგებას დაუწყებთ. გააგებინებთ მას რაიმეს თუ არა?! ამით ხომ უფრო გააღიზიანებთ! ტაქტი უნდა ყველაფრის თქმას.
თუ ურწმუნონი შვილები არიან, დედებმა უნდა ილოცოთ შვილებისთვის. დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა გააჩნია. თუ გულით ვილოცებთ, მათაც მოვაქცევთ.
მაგრამ არსებობს ისეთი ძალები, რომელნიც აღემატებიან ადამიანის ძალებს. ამისათვის არსებობს ღვთისმშობელი, წმიდა ნიკოლოზი და სხვა წმინდანები, უნდა ვთხოვოთ მათ შემწეობა და ისინიც დაგვეხმარებიან. მორწმუნე მლოცველი ადამიანის ლოცვა შვიდ წინა და სამ მომავალ თაობას წვდება. ბევრი კითხულობს, კი მაგრამ როგორ წვდებაო ამდენს?
როგორ და სინდისით. მლოცველი ადამიანის შთამომავლობა რეაგირებს სინდისზე და როცა ცუდი რამის გაკეთება უნდა, შინაგანი ხმა, რასაც წამოადგენს სწორედ სინდისი, ახსენებს თავს და არ უშვებს ამის გასაკეთებლად. თუ ადამიანს არავინ არა ჰყავს ასეთი მლოცველი, ნამუსი იკარგება, იწვება მასში.
ამიტომ შეძლებისდაგვარად ჩვენ ყველაზე უნდა ვილოცოთ. არავინ იცის, ვის როგორი აღსასრული ექნება. ამბობენ, სასუფეველში მოხვედრილ კაცს პირველი რაც დაეუფლება, იქნება გაკვირვების გრძნობა, იმიტომ რომ იქ ვერ დაინახავს იმას, ვისაც ელოდა და ნახავს იმას, ვისაც არ ელისო.
იყო ერთი ბერი, მსმელი. რომ გარდაიცვალა, ყველამ ჩათვალა, რომ იგი ჯოჯოხეთში მოხვდა. იწყეს მისთვის პანაშვიდების გადახდა. შესთხოვა ერთხელაც მონასტრის წინამძღვარმა უფალს, გაეხსნა მისთვის, სად მოხვდა იგი და ღამით სიზმარში ხედავს თეთრებში ჩაცმულ ამ ბერს, გაბრწყინებულს სასუფეველში.
- კი მაგრამ, შენ როგორ მოხვდიო მანდ?
და იცით რა უპასუხა ბერმა:
- მე ჩემს ცხოვრებაში არავინ განმიკითხავს და ღმერთმა არც მე განმიკითხაო.
დღეს ადამიანები სულ განკითხვებში არა ვართ?
ცოდვილი ადამიანი ეცოდება ღმერთს, მართალი კი უყვარს და ისმენს მისას. ამიტომ მორწმუნემ არასოდეს არ უნდა ითხოვოს ღვთისგან ვინმესთვის ისეთი რამ, რასაც თავისთვის არ ისურვებდა. არაფრით არ შეიძლება, მორწმუნემ სხვას ცუდი უსურვოს. ქრისტიანი სწორედ იმით უნდა განსხვავედებოდეს სხვებისგან, რომ თავის მაჭირვებელზე ლოცულობდეს. არ უნდა შეგვიპყრას შურმა. ღმერთმა თვითონ იცის, ვის რა მისცეს. ადამიანის სურვილებს ხომ საზღვარი არა აქვს. კაცს რომ ერთი მილიონი მისცე, იცით რას ისურვებს?! მეორე მილიონსაც. იმას კი ვერ იგრძნობს, რომ ამით თავს იმძიმებს. იყო ერთი ასეთი შემთხვევაც. ორი ძმა მონასტერში წავიდა და ერთხელად სადღაც რომ გარბოდნენ, გზაზე ოქროებით სავსე ქისა ნახეს დაგდებული. ერთი ძმა ოდნავ შეყოვნდა, მერე გადაახტა და განაგრძო სირბილი, მეორე კი შეჩერდა, აიღო ქისა და ისე გაიქცა. ააშენა უამრავი მონასტრები და მერე ძმას დაახარბა: მე ღვთისთვის, ნახე, რამდენი რამ გავაკეთეო. ძმამ არაფერი მიუგო. მაშინ გამოეცხადა უფალი და უთხრა: შენი ძმა ამ ხნის განმავლობაში ჩემთან იყო, შენ კი სული დაიმძიმე იმის ფიქრით, სად არ აგეშენებიაო.
ასე რომ, არავინ ვიცით, ვინ უფრო სათნო საქმეს იქმს და ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს.
მორწმუნე ადამიანს შეუძლია მთელი რაიონი აცხოვნოს. ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა, როცა ვინმე გიმტრობთ და ამ მტრობაზე მტრობით არ უპასუხებთ.
მოკლედ, იტვირთეთ ერთმანეთისა და ლოცვით შეავედრეთ ერთურთი ღმერთს, რომ დაითრგუნოს ეშმაკი და იზეიმოს მართლმადიდებლობამ.
ლაგოდეხი, 1998 წ. მარტი
„თანაგრძნობა“, 1998 წ.