პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვა

თავი 4. დიდი მარხვის მოგზაურობა

3. დიდი მარხვის კვირადღეები

დიდი მარხვის ყოველ კვირადღეს ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ყოველი მათგანი იმ რიტმში შედის, რომლითაც მარხვის სულიერი „დიალექტიკა“ ვლინდება. მეორე მხრივ, ეკლესიის ისტორიული განვითარების პროცესმი დიდი მარხვის თითქმის ყოველმა კვირადღემ კიდევ მეორე მნიშვნელობაც მიიღო. ასე მაგალითად, პირველ კვირადღეს აღინიშნება კრება მართლმადიდებლობისა (მართლმადიდებლობის ზეიმი), რითაც მოიხსენიება ხატმბრძოლობაზე გამარჯვება და ხატთაყვანისცემის აღდგენა 843 წელს კონსტანტინეპოლში. ამ დღესასწაულის დიდ მარხვასთან კავშირი მხოლოდ ისტორიულია: მართლმადიდებლობის პირველი ზეიმი სწორედ ამ კვირადღეს აღნიშნეს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ დიდი მარხვის მეორე კვირადღე წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას ეძღვნება. მისი მტრების გაკიცხვა და მისი მოძღვრების გამართლება ეკლესიამ XIV საუკუნეში მართლმადიდებლობის მეორე ზეიმად აღიარა და ამიტომაც ამ მოვლენის აღნიშვნა დიდი მარხვის მეორე კვირადღეს დაწესდა. თუმცა ორივე ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მაინც არ უკავშირდებიან დიდ მარხვას, როგორც ასეთს, და ამიტომაც მათ ცალკე არ განვიხილავთ. წმინდა იოანე სინელის (კლემაქსის) ხსენებას მარხვის მეოთხე კვირას და წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენებას მეხუთე კვირას გაცილებით უფრო მჭიდრო და არსებითი კავშირი აქვს დიდ მარხვასთან. ორივე წმინდანში ეკლესია არა მხოლოდ ასკეტიზმის მატარებელს ხედავს, არამედ მის ყველაზე სრულყოფილ ნიმუშსაც. წმინდა იოანე სინელი თავისი ნაწერებით, წმინდა მარიამ ეგვიპტელი კი თავისი ცხოვრებით წარმოგვიდგენს ამ მაგალითს. ამ წმინდანთა ხსენებამ მარხვის მეორე ნახევარში უნდა გაამხნევოს და ანუგეშოს მორწმუნენი მათ სულიერ ბრძოლაში დიდი მარხვის მთელი მოსაგრეობის მანძილზე. და რადგანაც ასკეტიზმის მხოლოდ მოხსენიება კი არა, მისი ცხოვრებაში განუწყვეტელი გამოყენებაა საჭირო, ამ ორი წმინდანის ხსოვნა კი ჩვენს პირად სამარხვო მოსაგრეობას უახლოვდება, ჩვენ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ წიგნის ბოლო თავში.

დიდი მარხვის კვირადღეთა პირველი და უმთავრესი მნიშვნეღობა სამოციქულოსა და სახარების საკითხავებში ვლინდება. ეს წესი და მიმდევრობა რომ შევიმეცნოთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი მარხვის პირვანდელი კავშირი ნათლისღებასთან, ანუ მარხვის, როგორც ნათლისღებისთვის მომზადების, საზრისი. ხსენებული საკითხავები ნამდვილად ადრეული ქრისტიანული კათაკმევლობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ. ეს საკითხავები ხსნიან და გარკვეულად აჯამებენ კათაკმეველთა მომზადებას ნათლისღების საპასექო საიდუმლოსათვის. ნათლისღება (ნათლობა) ახალი ცხოვრების კარია. რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა. ეს ახალი ცხოვრება ჯერ მხოლოდ განცხადებულია და აღთქმულია კათაკმევლისათვის და იგი იღებს და რწმენით ელოდება მას. კათაკმეველი ძველი აღთქმის ადამიანების მსგავსად აღთქმულის რწმენით ცოცხლობს, თუმც მისი აღსრულება ჯერ არ უნახავს.

ესაა პირველი კვირადღის მნიშვნელობა. წმინდა მოციქული პავლე ძველი აღთქმის ყველა მართალს ჩამოთვლის და ასე ასრულებს: „და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ“ (ებრაელთა 11,39-40).

რას ნიშნავს ეს? პასუხი პირველი კვირადღის სახარების საკითხავში მოიპოვება: „უფროჲსი ამათსა იხილო... ამინ, ამინ გეტყჳთ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (ი. 1,43-51).

ეს ნიშნავს: თქვენ, კათაკმეელები, რომლებმაც ქრისტეს მიერ ნათლისღება განიზრახეთ და აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებით, იხილავთ ახალი დროის დადგომას, ყველა აღთქმის შესრულებას, ზეციური სასუფევლის განცხადებას. მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ იხილავთ, თუ ირწმუნებთ და მოინანიებთ, თუ ცხოვრების ხედვას გამოიცვლით, თუ მოისურვებთ და საკუთარ თავზე აიღებთ მოსაგრეობას.

ამას მოგვაგონებს მეორე კვირის სამოციქულოს საკითხავი: „ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ... ვითარმედ ჩუენ განვერნეთ (სამართლიან საზღაურს), უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხოვრებაჲ რომელმან-იგი დასაბამი მიიღო სიტყუად უფლისა მიერ?“ (ებრაელთა 1,10-2,3).

მეორე კვირის სახარების საკითხავი (მკ. 2,1-12) ამ ძალისხმევისა და სურვილის სახედ განრღვეულს (დამბლადაცემულს) წარმოგვიდგენს, რომელსაც ქრისტეს ფერხთით სახლის სახურავიდან ჩაუშვებენ: „და იხილა იესო სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“.

მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა იწყება და სახარების საკითხავშიც ვისმენთ (მკ. 8,34-9,1): „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვაღად სულისა თვსისა?“.

ამ კვირადღიდან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას იხსნება ქრისტეს მიერ შეწირული მსხვერპლის საზრისი - იმ მსხვერპლისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფევლის საფარველს მიღმა, ესე იგი, წმიდათა-წმიდამი შესასვლელ კარს უღებს (იხ. მესამე კვირა - ებრაელთა 4,14-5,6; მეოთხე კვირა - ებრაელთა 6,13-20; მეხუთე კვირა - ებრაელთა 9,11-14), მაშინ როცა მარკოზის სახარებაში მოცემულია ქრისტეს ნებაყოფლობით ვნებათა უწყება: „ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი“. ასევე მკვდრეთით აღდგომაც ცხადდება მეხუთე კვირას: „მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,32-45).

უდიდესი საიდუმლოსათვის მომზადება, კათაკმევლობა მთავრდება და ახლოვდება ის გადამწყვეტი ჟამი, როცა ადამიანი შევა და მიუერთდება ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას.

ჩვენს დროში დიდი მარხვა უკვე აღარაა კათკმეველთა ნათლისღებისთვის მომზდების პერიოდი, მაგრამ ჩვენ, თუმც ნათელღებულნი და მირონცხებულნი, განა გარკვეული აზრით კათაკმეველნი არა ვართ? განა არ უნდა დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას წელიწადში ერთხელ? განა კვლავაც არ ვშორდებით ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც გვაზიარეს? განა საჭირო არაა ქრისტიანული სარწმუნოების ფესვებთან ეს ყოველწლიური დაბრუნება ჩვენი ცხოვრებისთვის, რომელიც, არსებითად, მხოლოდ ქრისტესა და მის სასუფეველს ერთი მთლიანი განშორებაა?

 

4. დიდი მარხვის განზოგება (გაშუალედება) - წმინდა ჯვარი

დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღის ღამისთევისას დიდი დიდებისმეტყველების შემდეგ ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირით ტოვებენ. ყოველი ღმრთისმსახურების შემდეგ სრულდება ჯვრის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჯვარზე ამ კვირადღის ყველა საგალობელი მოგვითხრობს, მაგრამ გვაუწყებს არა ვნებასა და ტანჯვას, არამედ ძლევასა და სიხარულს. უფრო მეტიც, მეორე საკვირაო კანონის ძლისპირები აღებულია საპასექო ღმრთისმსახურებისაგან: „აღდგომისა დღე“ და მთლიანად ეს კანონი სააღდგომო კანონის, ასე ვთქვათ, პარაფრაზს ნარმოადგენს.

ყოველივე ამის საზრისი ცხადია. ჩვენ დიდი მარხვის შუაგულს მივაღწიეთ. ერთი მხრივ, ფიზიკური და სულიერი მოსაგრეობა, თუ ის სერიოზული და თანმიმდევრულია, აუცილებლად იჩენს თავს და იგრძნობა დაღლილობა. ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვესაჭიროება. მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრნყინვალება უფრო ხილვადია. დიდი მარხვა ჩვენი თვითჯვარცმის დროა. ჩვენი, თუნდაც შეზღუდული გამოცდილებაა ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის სახარების საკითხავში ჟღერს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მკ. 8,34). მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად აიღო. მხოლოდ მისი ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი. მხოლოდ მისი ჯვარი ჩვენს ჯვრებს არა მარტო საზრისს, არამედ ძალასაც ანიჭებს. სწორედ ესაა განმარტებული ჯვრის თაყვანისცემის კვირის სვინაქსარში:

„მესმესა ამას კჳრიაკესა მარხვათასა ვდღესასწაულობთ თაყუანისცემასა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა ესევითარისა მიზეზისათჳს; რამეთუ ორმეოცთა ამათ დღეთა შინა მარხვათასა, სახედ ჩუენცა ჯუარცმას და ტანჯვასა მივიღებთ და მოვაკუდინებთ ჴორცთა ჩუენთა, ვინაჲთგან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა და სხეულთა დაჭნობისა და მოკუდინებისა; ამისთჳს, რამეთუ ესერა წინამდებარე არს ცხოველსმყოფელი იგი პატიოსანი ჯუარი ქრისტესი, რომელი მხიარულ-გუყოფს გულითა და განგუამტკიცებს სასოებითა კეთილად და მოგუაჴსენებს ვნებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, და ნუგეშინის-გუცემს... გრძელი და საჭირველი გზაჲ თანაგუაც წარვლად. ოდეს შეჰკრი ტჳრთი რაჲმე ძნიად სატჳრთავი მსოფლიოთა ნაღუაწთაგან და ხჳდოდი სიმძიმით შეურვებული, და სადაცა ჰპოვი აჩრდილი ხისა კეთილფურცლოვანი, მუნ განისუენი, და კუალად ხჳდოდი განმჴნობილი, ეგრეთვე უკუე ჟამი ესე მარხვისაჲ არს მწუხარებისა და იწროებისა და ღუაწლისა. ამისთჳს განეწესა დღეთა ამათ შინა წმიდათა მამათაგან ცხოველსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომელი მოგუანიჭებს შუებასა, სიხარულსა და სიმჴნესა და გუყოფს მძიმეთა სუბუქ და უმეტეს ღუაწლთა მიმართ მიგვზიდავს. ვითარცა არს ქუეყნიერთა მეფეთა ჩუეულებაჲ, ოდეს წყობათა შინა მძლე ექმნებიან მტერთა თჳსთა და ნებავნ საყოფელადვე თჳსად მიქცევა, მოაქუნდინ სახე იგი ძლევისა კეთილთა თჳსთა და სკიპტრა იგი მეფობისა, და, მო-რაი-იქცის დიდითა სიხარულითა, უხარის ძლევისა მისთჳს, ეგრეთვე მის თანა მყოფნი ერთბამად იხარებენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ინება უძლეველისა და შეუპოვარისა სიკუდილის, რაჲთა ჯუარისა მიერ სძლოს და არცხჳნოს მას და იქმნეს დიდებულ. და გამოვიდა სასძლოჲსა მისგან აღდგომითა თჳსითა და წარგზავნა სკიპტრა თჳთ სამეუფო ნიში, რომელ არს ცხოველსმყოფელი ჯუარი, და მოგუანიჭა გამოუთქუმელი სიხარული და ნუგეშინისცემაჲ, და აღგუავსო ჩუენ მრავლითა კეთილითა და განგუამტკიცებს მზა ყოფად შემძლებელობით შეწყნარებად მეუფისა ძალისაებრ ჩუენისა, რაჲთა ბრწყინვალედ ქებაჲ შეუთხზნეთ ძლევისა მისთჳს“.

ამგვარად გამხნევებულნი და ნუგეშცემულნი შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში. კიდევ შვიდი დღე და დიდი მარხვის მეოთხე კვირის სახარების საკითხავში გვესმის: „...ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი; და მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 9,31). ამგვარად, ის ძირითადი აქცენტი, რომელიც ადრე ჩვენს მონანიებასა და მოსაგრეობაზე მოდიოდა, ახლა „ჩვენთჳს, კაცთათჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს“ მომხდარ მოვლენებზე გადაინაცვლებს.

უფალო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მიწევნად დღესასწაულსა ამას, დღესა, რომელი-ესე წინა ბრწყინავს ბრწყინვალედ, წმიდისა შჳდეულისა, რომელი-იგი ადიდე აღდგინებითა მეგობრისა შენისა ლაზარესითა, ყოვლად საკჳრველითა და განსაკრთომელითა, შიშსა შენსა შემსჭუალენ ჴორცნი ჩემნი, და მოგუმადლე, მჴსნელო, მორწმუნეთა შენთა ყოველსავე ამას ჟამსა წმიდისა მარხვისასა სათნოდ სრულ-ყოფად, მარხვითა და ლოცვითა.

ჟამი ესე ღმრთივბრწყინვალე წმიდათა მარხვათაჲ ესერა განვაზოგეთ, აწ კუალად დასაბამი კეთილი ვაჩუენოთ და სრულყოფად სათნოებათა ავმაღლდეთ, რაჲთა მივემთხჳნეთ უკუდავსა ცხორებასა მოღუაწებითა ძლიერითა.

წმიდა შვიდეულის (ვნების შვიდეულის) წინ დიდებულად ბრწყინავს ეს დღესასწაული, ყოვლად საკვირველი და განსაკრთომელი, რომელიც შენს მიერ განდიდებულ იქმნა შენი მეგობრის, ლაზარეს აღდგინებით. უფალო, რომელმაც ღირსი გაგვხადე ჩვენ, მორწმუნენი, ამ დღესასწაულის მოღწევისა, მოგვანიჭე მთელი მარხვის ჟამის სათნოდ დასრულება, მარხვითა და ლოცვით.

აი, უკვე გავანახევრეთ ღმრთის მიერ გაბრწყინებული ჟამი წმიდა მარხვისა. კვლავ კეთილად განვაგრძოთ იგი, ავმაღლდეთ სათნოების სრულყოფით, რათა ძლიერი მოღვაწეობით უკვდავი ცხოვრება მოვიპოვოთ.

მეხუთე კვირის ოთხშაბათის ცისკარზე კვლავ იკითხება ანდრია კრიტელის დიდი კანონი, მაგრამ ამჯერად მთლიანად. თუ დიდი მარხვის დასაწყისში ეს კანონი სინანულის გზის მემღები კარის მოვალეობას ასრულებდა, ახლა იგი სინანულის შეჯამებად და აღსრულებად ჟღერს. თუ მარხვის დასაწყისში ჩვენ მხოლოდ ვისმენდით კანონს, ახლა მისი სიტყვები ჩვენს სიტყვებად, ჩვენს ტირილად, ჩვენს სასოებად და თვით საკუთარი მოსაგრეობის შეფასებად იქცა; სინამდვილეში რას მივაღწიეთ ამ მარხვის განმავლობაში? სადამდე მივედით სინანულის გზაზე? რადგანაც ამ დღეს ყოველივე, რაც ჩვენი პიროვნულია, თავის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ უკვე ქრისტეს მოწაფეებს მივდევთ, როცა ისინი იერუსალიმის გზას ადგნენ და ქრისტე მიუძღოდა მათ. სწორედ ამ დროს უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „აჰა, ესერა აღვალ იერუსალემდ, და ძე კაცისაჲ მიეცესმღვდელთმთავართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,33-34). ეს მეხუთე კვირიაკის სახარების საკითხავია.

სამარხვო ღმრთისმსახურებათა ტონი იცვლება. თუ მარხვის პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის განწმენდაზე იყო მომართული, ახლა ჩვენ გვიხსნიან, რომ ეს განწმენდა არაა თვითმიზანი, არამედ მან უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში. ჩვენი მოსაგრეობის საზრისი უკვე ამ საიდუმლოში მონაწილეობად იხსნება ჩვენს წინაშე. ამ საიდუმლოებას კი ისე მივეჩვიეთ, რომ გვავიწყდება კიდეც მისი მნიშვნელობა და, როცა უფლის მოწაფეებთან ერთად მივდევთ მას იერუსალიმის გზაზე, ჩვენ გვიკვირს და გვეშინია.

 

5. ბეთანიისა და იერუსალიმის გზაზე

დიდი მარხვის მეექვსე და უკანასკნელი კვირა ბზობის კვირიაკედ იწოდება. ლაზარეს შაბათის წინამორბედი ექვსი დღის განმავლობაში საეკლესიო ღმრთისმსახურება თითქოს საშუალებას გვაძლევს მივსდიოთ ქრისტეს იმ დროს, როცა იგი ჯერ თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს გვაუწყებს, შემდეგ კი იწყებს აღსვლას ბეთანიაში და შემდეგ იერუსალიმში. ამ კვირის საერთო ტონი და თემა კვირადღის მწუხრის ლოცვაზე გვეძლევა:

მეექუსესა ამას შჳდეულსა წმიდათა მარხვათასა აწ შემავალთა, უფლისა გალობაჲ წინა დღით შევწიროთ ბაიაობისა, რამეთუ მოვალს შემუსრვად ყოვლად ძლიერი სიკუდილისა ძალსა...
წმიდა მარხვის ამ მეექვსე შვიდეულში შესვლისას უფლის მიმართ აღვავლინოთ ბაიაობის (ბზობის) გალობა, რადგანაც ყოვლადძლიერი მოდის, რათა შემუსროს სიკვდილის ძლიერება.

ყურადღების ცენტრშია ლაზარე, მისი სნეულება და სიკვდილი, ნათესავების გლოვა და ის, თუ როგორ აღიქვამს ქრისტე ყოველივე ამას.

ორშაბათს ვისმენთ გალობას:

დღეს ეუწყების მეუფესა წიაღ-იორდანესა სალმობაჲ ლაზარესი...
დღეს იორდანეს გაღმა მყოფ ქრისტეს აცნობეს ავადმყოფობა ლაზარესი...

სამშაბათს:

გუშინ და დღეს სალმობაჲ ლაზარესი ეუწყა ქრისტესა...
გუშინ და დღეს აცნობეს ქრისტეს ავადმყოფობა ლაზარესი...

ოთხშაბათს:

დღესა ამას ლაზარე მოკუდა და დაეფლვის, და ტირილით იგლოვენ დანი იგი მისნი...
ამ დღეს მოკვდა და დამარხეს ლაზარე, ტირილით იგლოვენ მას დები...

ხუთშაბათს:

ორდღეობს დღეს ლაზარე საფლავსა შინა...
უკვე მეორე დღეა, რაც ლაზარე საფლავშია...

და ბოლოს, პარასკევს:

ცისკარსა მსთუად მოვალს ქრისტე აღდგინებად მკუდრეთით ძმისა მართას და მარიამისსა...
დილით ადრე მოდის ქრისტე, რათა მკვდრეთით აღდგინოს ძმა მართასი და მარიამისა...

ამგვარად, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ სულიერად ვუჭვრეტთ ქრისტეს მომავალ შეხვედრას სიკვდილთან - ეს ჯერ მისი მეგობრისა ლაზარეს სიკვდილია, მერე კი - მისი საკუთარი. ახლოვდება ჟამი ძისა კაცისა, რომლის შესახებაც იგი ასე ხშირად გვაუწყებდა და რომლისკენაც იყო მიმართული მთელი მისი ამქვეყნიური მსახურება. ჩვენ უნდა ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა აქვს ამ მჭვრეტელობას დიდი მარხვის ღმრთისმსახურებაში? როგორაა ის დაკავშირებული ჩვენს სამარხვო მოსაგრეობასთან?

ეს შეკითხვები კიდევ ერთ საკითხს გულისხმობს, რომელსაც მოკლედ მაინც უნდა შევეხოთ. როცა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფნის საქმეებს იხსენებს, ეკლესია ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც ცვლის წარსულ დროს ახლანდელით. მაგალითად, შობის დღესასწაულზე ვგალობთ; „ქალნული დღეს შობს...“, დიდ პარასკევს - „დღეს იგი (ქრისტე) დგას პილატეს წინაშე“, ბზობის კვირას - „დღეს შედის იგი იერუსალიმში...“ რას ნიშნავს დროის ამგვარი ცვლილება, ეს საღმრთისმსახურო „დღეს“?

ეკლესიურ მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა ამაში მხოლოდ რიტორიკულ მეტაფორას, ხატოვან პოეტურ გამოთქმას ხედავს. ღმრთისმსახურებისადმი თანამედროვე მიდგომა ან რაციონალისტურია, ან სენტიმენტალური. რაციონალისტურ მიდგომას ღმრთისმსახურების საზრისი იდეებამდე დაჰყავს. ამგვარი მიდგომის ფესვები იმ თეოლოგიაშია, რომელიც მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში დასავლური ღმრთისმეტყველების გავლენით განვითარდა წმინდა მამათა შემდგომ ეპოქაში. ამ ტიპის თეოლოგიისათვის ღმრთისმსახურება, უკეთეს შემთხვევაში, ნედლი მასალაა წმინდად ინტელექტუალური კონსტრუქციების ასაგებად. ის, რაც ღმთისმსახურებაში ვერ განისაზღვრება როგორც ინტელექტუალური რეალობა, „პოეზიად“ იწოდება, ესე იგი, იმად, რისი სერიოზულად მიღება არ შეიძლება. და რადგანაც წინასწარვე გასაგებია, რომ ეკლესიის მიერ მოხსენიებული მოვლენები წარსულს განეკუთვნება, ამ საღმრთისმსახურო „დღეს“ სერიოზული მნიშვნელობა არ მიენიჭება. სენტიმენტალური მიდგომა ინდივიდუალური ეგოცენტრული ღმრთისმოსაობის შედეგია, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ინტელექტუალურ თეოლოგიას უპირისპირდება. ამ ტიპის ღმრთისმოსაობისათვის ღმრთისმსახურება პირადი ინდივიდუალური ლოცვის სასარგებლო ჩარჩოა, შთამაგონებელი ფონია, რომლის დანიშნულება ჩვენი გულის „გათბობა“ და მისი ღმრთისკენ მიმართვაა. ღმრთისმსახურებათა შინაარსი და მნიშვნელობა, საღმრთისმსახურო ტექსტები, რიტუალები და მოქმედებანი აქ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. ისინი სასარგებლოა და თავის შინაარს ამართლებს იმდენად, რამდენადაც ლოცვას გვაიძულებს! ამგვარად, საღმრთისმსახურო აწმყო სხვა საღმრთისმსახურო ტექსტების მსგავსად აქ ქრება ერთგვარ არადიფერენცირებულ, მოწიწებულად შთაგონებულ პირად ლოცვაში.

ჩვენი საეკლესიო ცნობიერების ამ ორ „მიდგომას“ შორის, ხანგრძლივი პოლარიზაციის გამო, ძალიან ძნელია ვაჩვენოთ, რომ ჭეშმარიტი ღმრთისმსახურება არ დაიყვანება არც ერთ ამ „მიდგომაზე“- არც იდეებზე და არც პირად ინდივიდუალურ ლოცვაზე. არ შეიძლება იდეების განდიდება! რაც შეეხება პირად ლოცვას, განა სახარებაში არაა ნათქვამი: „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ  კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მ. 6,6). თვით საღმრთისმსახურო მოხსენიების ცნება ერთდროულად გულისხმობს გარკვეულ მოვლენასაც და ჩვენს ერთობლივ, კრებით რეაქციას მასზე. ღმრთისმსახურების აღსრულება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანები ერთად იკრიბებიან და ამარცხებენ თავიანთ ბუნებრივ განცალკევებულობასა და გათიშულობას, ერთი ორგანიზმის, ერთი პიროვნების მსგავსად რეაგირებენ რომელიმე მოვლენაზე (გაზაფხულის დადგომაზე, ქორწილზე, დაკრძალვაზე, გამარჯვებაზე და ასე შემდეგ). ყოველგვარი დღესასწაულის ბუნებრივი სასწაული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს დღესასწაული თუნდაც დროებით სძლევს, ტრანსცენდენტულ დონეზე ამაღლებს როგორც იდეებს, ასევე ინდივიდუალიზმსაც. მართლაც, ღმრთისმსახურების დროს სრულიად განსაკუთრებულად და განუმერებლად ივიწყებ საკუთარ თავს და უერთდები სხვებს. მაშ როგორია ზემოთქმულის შუქზე იმ საღმრთისმსახურო აწმყოს მნიშვნელობა, რომლის მეშვეობით ეკლესიას მოვლენათა არსში შევყავართ? რა აზრით მოიხსენება წარსულის მოვლენები დღეს მომხდარად?

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის მთელი ცხოვრება ერთ უწყვეტ მოგონებასა და მოხსენიებას წარმოადგენს. ყოველი ღმრთისმსახურების ბოლოს ჩვენ ჩამოვთვლით ყველა წმინდანს, რომლის „ხსენებას ვყოფთ“ დღეს. უპირველეს ყოვლისა, მთელი ეკლესია ქრისტეს მოხსენიებაა. სრულიად ბუნებრივი თვალსაზრისით, მეხსიერება ორმნიშვნელოვანი უნარია. მოგონება ვინმესი, ვინც გვიყვარდა და ვინც უკვე აღარ არის, ორ განსხვავებულ რაიმეს ნიშნავს. ერთი მხრივ, მეხსიერება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის ცოდნა, რაც იყო. როცა მამაჩემს ვიგონებ, მას ვხედავ. ჩემს მეხსიერებაში იგი ინახება არა როგორც ყოველივე ის, რაც მის შესახებ ვიცი, არამედ როგორც ცოცხალი რეალობა. ამავე დროს, ეს რეალობა მაიძულებს მკაფიოდ ვიგრძნო, რომ იგი უკვე აღარ არის, რომ ამ ცხოვრებაში და ამქვეყნად ვეღარასოდეს შევეხები მის ხელს, რომელსაც ასე ცხადად ვხედავ ჩემს მეხსიერებაში. ამგვარად, მეხსიერება ადამიანის ყველაზე საოცარი და ამავე დროს ყველაზე ტრაგიკული უნარია, რადგანაც არაფერი ისე აშკარად არ გვიჩვენებს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ნაკლულ ხასიათს, იმას, რომ ადამიანს არ ძალუძს რაიმეს რეალური შენარჩუნება და შენახვა, ამქვეყნად რაიმეს რეალური ფლობა. სწორედ მეხსიერება გვიცხადებს, რომ სიკვდილი და ჟამთასვლა ბატონობს დედამიწაზე. მაგრამ იმის გამო, რომ მეხსიერება მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, ქრისტიანობა მეხსიერებაში იდგამს ფესვებს, რადგანაც ქრისტიანობის გულში ერთი ადამიანის, ერთი მოვლენის ერთი ღამის ხსოვნა ინახება, - ღამისა, როცა ჩვენს მიმართ ითქვა: „ამას იქმოდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა!“. და აჰა, ხდება სასწაული! ჩვენ ვიხსენიებთ მას და იგი აქ არის, არა როგორც წარსულის ბუნდოვანი ხატი, არა როგორც სევდიანი „აღარასოდეს“, არამედ სიახლოვის ისეთი სიძლიერით, რომ ეკლესიას უწყვეტად შეუძლია იმეოროს ის, რაც მოწაფეებმა წარმოთქვეს ემაუსში მისი გამოცხადების შემდეგ: „...ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის...?“ (ლ. 24,32).

ბუნებრივი მეხსიერება, უპირველეს ყოვლისა, არყოფნის ყოფნაა, რადგანაც, რაც უფრო ახლოს იმყოფება ის, ვისაც ვიხსენებთ, მით უფრო მძიმეა მისი არყოფნის ტკივილი. მაგრამ ქრისტეს მიერ მეხსიერება კვლავ იღებს ჟამთასვლის განკურნების უნარს, რომელიც ცოდვამ, სიკვდილმა, სიძულვილმა და გულმავიწყობამ მოგვაკლო. და ამ საღმრთისმსახურო დღესასწაულის, ამ საღმრთისმსახურო აწმყოს გული სწორედ ეს განახლებული მეხსიერებაა, რომელსაც დროის დამორჩილების ძალა შესწევს. ეს მეხსიერება დგას ლიტურგიული აწმყოს საღმრთისმსახურო აღნიშვნის ცენტრში. რა თქმა უნდა, ყოვლადწმიდა ქალწული დღეს არ შობს ყრმას, „ფაქტობრივად“ პილატეს წინაშეც არავინ დგას. „ფაქტის“ სახით ეს მოვლენები წარსულს მიეკუთვნება, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ფაქტების ხსენებას ვყოფთ, ეკლესია კი, უპირველეს ყოვლისა, ამ მოხსენიების ნიჭი და ძლიერებაა, რომელიც წარსული ფაქტებს მარადიულად მნიშვნელოვან მოვლენებად აქცევს.

ამგვარად, საღმრთისმსახურო აღნიშვნას კვლავ შეჰყავს ეკლესია მოვლენაში და ეს ნიშნავს, რომ შეჰყავს არა მარტო მოვლენის „იდეაში“, არამედ მის სიხარულსა და სევდაში, მის ცოცხალსა და კონკრეტულ რეალობაში. ერთია იცოდე, რომ, როცა ჯვარცმულმა ქრისტემ შესძახა - „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“, - მან გამოავლინა თავისი „კენოზისი“, თავისი სიმდაბლე. მაგრამ სულ სხვაა, როცა ჩვენ ყოველწლიურად, ერთადერთ პარასკევს ვიხსენებთ ამ სიტყვებს და ყოველგვარი ინტელექტუალური დაძაბვის გარეშე, დარწმუნებით ვიცით, რომ ერთხელ წარმოთქმულნი, ეს სიტყვები მარადიულად ინარჩუნებენ თავიანთ ქმედითობას, რომ ვერავითარი დიდება და გამარჯვება, ვერავითარი სინთეზი ვერ წაშლის მათ. ერთია - განმარტო, რომ ლაზარეს აღდგინება იყო საყოველთაო მკვდრეთით აღდგომაში დარწმუნება და მისი დასტური. მაგრამ სულ სხვაა ამ მოვლენის ყოველდღიური მოხსენიება მთელი კვირის განმავლობაში, რომელიც ნიშნავს სიცოცხლისა და სიკვდილის თანდათანობით შეხვედრას ერთმანეთთან, ამ შეხვედრის ნაწილად ქცევას, საკუთარი თვალებით მის ხილვას, მთელი არსებით მის შეგრძნებას და შეგნებას იმისა, რასაც იოანე მახარებლის სიტყვები გვეუბნება: „...და ცრემლოოდა იესო“ (ი. 11,33-35). ჩვენთვის ეს ყოველივე დღეს ხდება. ჩვენ მაშინ არ ვყოფილვართ ბეთანიაში, არ ვმდგარვართ ლაზარეს საფლავთან მოტირალ დებთან ერთად. ჩვენ მხოლოდ სახარებიდან ვიცით ამის შესახებ. მაგრამ დღეს, ღმრთისმსახურებაში ეს ისტორიული ფაქტი ჩვენთვის მოვლენად იქცა, ჩვენს ცხოვრებას ძალად, ხსოვნად და სიხარულად შეეძინა. თეოლოგია ვერ წავა იდეის, აზრის მიღმა. იდეისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით კი რაღა საჭიროა ეს ხანგრძლივი ხუთი დღე, როცა ასე მარტივია თქვა: „ეს მოხდა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დასადასტურებლად“? მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ, თავისთავად, ეს ფრაზა არაფერს ამტკიცებს. ჭეშმარიტი მტკიცება ამ ხუთდღიანი ღმრთისმსახურებიდან მომდინარეობს, როცა ჩვენ მოწმესავით ვესწრებით სიკვდილისა და სიცოცხლის ცხარე ბრძოლას და იმდენად გაგებას კი არ ვიწყებთ, არამედ მონაწილეობას და ჭვრეტას იმისა, როგორ ამარცხებს იესო სიკვდილს.

ლაზარეს აღდგინება ამ ერთადერთი შაბათის საოცარი დღესასწაული, უკვე დიდი მარხვის ფარგლებს გარეთაა. წინადღით, პარასკევს ჩვენ ვგალობთ: „სულისა ცხოველმყოფელნი ორმეოცნი სრულ-იქმნნეს აწ“. საღმრთისმსახურო ტერმინებში ლაზარეს შაბათი და ბზობის კვირადღე უკვე „ჯვრის წინადასაწყისია“. დიდი მარხვის უკანასკნელი კვირა, არსებითად, უკვე ამ დღეთა უწყვეტი წინადღესასწაულია და, აქედან გამომდინარე, დიდი მარხვის მნიშვნელობის უკანასკნელი გამოცხადება. ამ წიგნის დასაწყისში უკვე ვთქვით, რომ დიდი მარხვა აღდგომის დღესასწაულისთვის მომზადებაა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენს ჩვეულებრივსა და ჩვეულ ცხოვრებაში ეს მომზადება ნომინალური და განყენებულია. დიდი მარხვა და აღდგომა ერთად დგანან, მაგრამ მათი ჭეშმარიტი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ხშირად არ ესმით. მაშინაც კი, როცა დიდი მარხვა არ განიხილება როგორც უბრალოდ აღსარებისა და ზიარების ყოველწლიური რელიგიური მოვალეობის (წელიწადში ერთხელ!) აღსრულების პერიოდი, მას მაინც განიხილავენ როგორც პირადი, ინდივიდუალური მოსაგრეობის დროს. სხვა სიტყვებით, დიდი მარხვის ჩვეულ გამოცდილებაში სრულიად აღარ დარჩა ფიზიკური და სულიერი ძალისხმევა, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მარადიულ აწმყოში მიგვაღებინებს მონაწილეობას, რომელიც, სხვა სიტყვებით, მიმართულია არა აბსტრაქტული მორალისკენ, არა პირად გამოსწორებას ან ვნებათა დაოკებას, ან თუნდაც სრულყოფას ესწრაფვის, არამედ ქრისტეს უზენაეს და საყოველთაო აწმყოში მონაწილეობას. ქრისტიანული სულიერება, რომელიც ამ მიზანს არ ესწრაფვის, შეიძლება ფსევდოქრისტიანულად გადაიქცეს, რადგანაც საბოლოო ჯამმი ის საკუთარ თავზეა მიმართული და არა ქრისტეზე. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ როცა გულის „ტაძარი“ განწმენდილია, დალაგებულია და გათავისუფლებულია მასში მცხოვრები უწმინდური სულისაგან, ის ცარიელი რჩება და უწმინდური სული ბრუნდება მასში, თანაც „მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი უბოროტესნი მისსა და შევიდის დაიმკჳდროს მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (ლ. 11,26). ამქვეყნად ყველაფერი, თვით სულიერებაც კი შეიძლება იყოს ეშმაკეული. ამიტომაც ესოდენ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დიდი მარხვის მნიშვნელობა და ზრდა, როგორც აღდგომის დღესასწაულის დიადი აწმყოსათვის მომზადება. ახლა უკვე ვიცით, რომ დიდი მარხვა ორი ნაწილისაგან შედგება. ჯვრის თაყვანისცემის კვირამდე ეკლესია მოგვიწოდებს საკუთარ სულზე დაუნჯებას (კონცენტრირებას), მოგვიწოდებს ხორცთან და ვნებებთან, ბოროტებასთან და ცოდვებთან საბრძოლველად. მაგრამ მაშინაც კი ეკლესია განუწყვეტლივ მოგვიწოდებს, ვისწრაფოთ წინ, გავზომოთ და დავაფუძნოთ ჩვენი მოსაგრეობა რაღაც უფრო უკეთესით, რაც მომავალში გველის. შემდეგ კი სამარხვო მოსაგრეობის საფუძველი ქრისტეს ვნებათა, მისი ჯვრისა და სიკვდილის საიდუმლოება ხდება, თვით მარხვა კი იერუსალიმში ამაღლებად გადაიქცევა.

და ბოლოს, ამ მომზადების უკანასკნელ კვირას ჩვენ თვით საიდუმლოს ხსენებას ვყოფთ. სამარხვო მოსაგრეობამ საშუალება მოგვცა, გვერდზე გადაგვედო ყველაფერი, რაც, ჩვეულებრივ, ჩვენი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის მთავარ მიზანს გვაშორებს. თითქოსდა თვით დრო აღსასრულს მიუახლოვდა. ახლა დრო უკვე ჩვენი ჩვეულებრივი საქმეებითა და საზრუნავით კი არ იზომება, არამედ იმით, რაც ბეთანიის და, კიდევ უფრო შორს, იერუსალიმის გზაზე ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ეს რიტორიკა არაა. ყველასათვის, ვინც კი ღმრთისმსახურების ჭეშმარიტ გამოცდილებას შეუერთდა, - თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ, თუნდაც არასრულყოფილად, - ცხადი ხდება, რომ იმ წუთიდან, როცა ჩვენ გვესმის „იხარებდე, ბეთანია“და მემდეგ „ცისკარსა მსთუად მოვალს ქრისტე“, გარე სამყარო თითქოსდა რეალობას კარგავს და მის ამაოებასთან გარდაუვალი შეხება ტკივილსაც კი გვაყენებს. რეალობა უკვე ეკლესიაშია, სადაც დღითი-დღე სულ უფრო მძაფრად შევიგნებთ, რას ნიშნავს მოლოდინი და რატომაა ქრისტიანული სარწმუნოება, ყველაზე უფრო მეტად, სწორედ მოლოდინი და მომზადება. ამგვარად, როცა პარასკევს მწუხრის ლოცვაზე ჩვენ ვგალობთ: „სულისა ცხოველმყოფელნი ორმეოცნი სრულ-იქმნნეს აწ“, - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევასრულეთ ყოველწლიური ქრისტიანული „მოვალეობა“, არამედ მთელი სულით მივიღეთ სიტყვები, რომლებსაც მეორე დღეს ვიგალობებთ:

ლაზარეს მიერ შენ ქრისტემან აწვე დაგჴსნა, სიკუდილო; სადა უკუე არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი?
ქრისტემ ლაზარეს აღდგინებით უკვე დაგამარცხა შენ, სიკვდილო; მაშ სადღაა ჯოჯოხეთო შენი გამარჯვება?