პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვა

თავი 5. დიდი მარხვა ჩვენს ცხოვრებაში

1. მარხვის „სერიოზულად“ მიღებისათვის

აქამდე ჩეენ ვსაუბრობდით მარხვის შესახებ ეკლესიურ სწავლებაზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სამარხვო ღმრთისმსახურებაში გადმოგვეცემა. ახლა ჩვენს წინაშე დგება კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოძღვრება ცხოვრებაში? როგორ უნდა ვაქციოთ დიდი მარხვა ჩვენი არსებობის არა მარტო ნომინალურ, არამედ რეალურ მამოძრავებელ ძალად? ჩვენი ცხოვრება (საჭიროა კი ამის გახსენება?) ხომ იმდენად განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან, რომლითაც ამ სტიქარონებისა და კანონების შემქმნელი, საღმრთისმსახურო წესებისა და ტიპიკონის დამდგინებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. ისინი ჯერ საკმაოდ მცირერიცხოვან თემებად ცხოვრობდნენ, ქალაქგარეთ, ორგანულად მართლმადიდებლურ სამყაროში. თვით მათი ცხოვრების წესი ეკლესიასთან შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ვეებერთელა ურბანისტულ და ტექნოლოგიურ საზოგადოებაში, რომელიც პლურალისტურია რელიგიური რწმენის მიმართ, სეკულარულია თავისი მსოფლმხედველობით, სადაც ჩვენ, მართლმადიდებლები, უმნიშვნელო უმცირესობას წარმოვადგენთ. დიდი მარხვა აქ უკვე ისეთ გარეგნულად მკაფიო ადგილს ვეღარ იკავებს, როგორც, მაგალითად, რუსეთსა ან საბერძნეთში. ამიტომაც ჩვენი შეკითხვა ძალიან აქტუალურია: შეგვიძლია თუ არა ჭეშმარიტად შევინახოთ მარხვა და არ შემოვიფარგლოთ, როგორც ეს ხშირად ხდება, ჩვენი ყოფის ორი ან სამი „სიმბოლური“ ცვლილებით?

ცხადია, რომ ყოველი მორწმუნისათვის დიდი მარხვის უკლებლად ყველა ღმრთისმსახურებაზე დასწრება შეუძლებელია. მათი უმრავლესობა ეკლესიაში კვირაობით სიარულს განაგრძობს, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, საკვირაო ლიტურგია, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, არ ასახავს დიდი მარხვის ღვთისმსახურებას (არ გამოირჩევა სხვა კვირადღეების ღვთისმსახურებისაგან), და ამგვარად, მასზე დასწრებით შეუძლებელია სამარხვო ღმრთისმსახურების განსაკუთრებულ თვისებათა „შეგრძნება“, დიდი მარხვის სულის მიღება. და რადგანაც გარშემო არსებული ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, არაფრით ირეკლავს დიდ მარხვას, გასაკვირი არაა, რომ დიდ მარხვასთან ჩვენი დამოკიდებულება უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. ჩვეულებრივი შეკითხვაა; „რაზე ამბობთ უარს მარხვისას?“ - და ეს ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითია. დადებითი თვალსაზრისით დიდი მარხვა განიხილება როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ („არაუგვიანეს ბზობის კვირისა“ - როგორც მე ერთ სამრევლო უწყებაში ამოვიკითხე). ამ „მოვალეობის“ შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას.

ამგვარად, აშკარაა, რომ თანდათანობით წარმოიქმნა ღრმა შეუსაბამობა, ერთი მხრივ, დიდი მარხვის სულისკვეთებასა და „თეორიას“ - რომელთა ახსნას შევეცადეთ ჩვენ სამარხვო ღმრთისმსახურებათა მაგალითზე - და, მეორე მხრივ, მარხვის საყოველთაო მცდარ გაგებას შორის, რომელსაც ზოგჯერ თვით სამღვდელოება უჭერს მხარს და იზიარებს. ყოველთვის უფრო ადვილია ფორმალურამდე დავიყვანოთ ყოველგვარი სულიერი საწყისი, ვიდრე ფორმალურს მიღმა ვეძიოთ სულიერი. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუმცა მარხვას ჯერ კიდევ „ინახავენ“, მან მაინც დაკარგა ჩვენს ცხოვრებასთან უშუალო შეხება, ის უკვე აღარაა სინანულისა და განახლების ის განბანვა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღმრთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. შეგვიძლია თუ არა, დავიბრუნოთ დიდი მარხვის ეს დაკარგული მნიშვნელობა, კვლავ სულიერ ძალად და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ ის? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად და, მე ვიტყოდი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გვსურს თუ არ გვსურს სერიოზულად მოვეკიდოთ დიდ მარხვას. როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ახლანდელი ცხოვრების პირობები წარსულისაგან, რა რეალურიც არ უნდა იყოს თანამედროვე ცხოვრების მიერ შექმნილი სიძნელეები და დაბრკოლებები, არც ერთი მათგანი არ შეიძლება გახდეს აბსოლუტურ დაბრკოლებად და ვერაფერი აქცევს დიდ მარხვას ჩვენთვის შეუძლებლად. სინამდვილეში ჩვენს ცხოვრებაზე დიდი მარხვის რეალური ზეგავლენის დაკარგვის საფუძველი გაცილებით უფრო ღრმაა. ეს საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ, დაგვყავს რელიგია ზედაპირულ ნომინალიზმამდე ან სიმბოლიზმამდე, რაც საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ გვერდი ავუქციოთ და გაგება შევუცვალოთ რელიგიის მიერ ჩვენი ცხოვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მოსაგრეობისა და ძალისხმევის სერიოზულობას. უნდა დავსძინოთ, რომ ამგვარი რედუქცია განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ახასიათებს. დასავლელი ქრისტიანები, კათოლიკეები და პროტესტანტგრი, როცა აწყდებიან რაიმეს, რაც „შეუძლებლად“ მიაჩნიათ, უფრო ადვილად შეჰყავთ ცვლილება თვით რელიგიაში, რათა იგი ცხოვრებისათვის „მოსახერხებელი“ გახდეს. სულ მცირე ხნის წინათ მოწმენი გავხდით, თუ როგორ დაიყვანა მინიმუმამდე მარხვა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და შემდეგ როგორ გააუქმა იგი. ჩვეულებრივ, მარხვის ამგვარ „მისადაგებას“ ცხოვრებისეული პირობებისადმი ჩვენ გულწრფელი და სამართლიანი რისხვით ვხვდებით, როგორც ქრისტიანული გადმოცემის ღალატს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მინიმალიზაციას. მართლაც, დიდება და პატივი მართლმადიდებლობას, მაგრამ არა ჩვენ, მართლმადიდებლებს. გუშინ და დღეს კი არა, დიდი ხნის წინათ ვიპოვეთ ჩვენ საშუალება, ჩვენს ადამიანურ სისუსტეს შევურიგოთ საეკლესიო წესები, თანაც ამ დროს არა თუ არ ვკარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, არამედ თავს ვიმართლებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ სინდისი წმინდა გვაქვს. ეს ხერხი მდგომარეობს საეკლესიო მოთხოვნათა სიმბოლურ შესრულებაში. სიმბოლური ნომინალიზმი ახლა უკვე მთელს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას მსჭვალავს. მაგალითად, ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ჩვენი ლიტურგიისა და სამონასტრო წესდების შეცვლა, - ღმერთმა დაგვიფაროს! - უბრალოდ, ერთი საათის ხანგრძლივობის ღმრთისმსახურებას ჩვენ კვლავ „ღამისთევას“ ვუწოდებთ და ამაყად განვმარტავთ, რომ ეს ისეთივე წესია, რომელსაც საბა განწმენდილის ლავრაში აღასრულებდნენ ბერები IX საუკუნეში. რაც შეეხება დიდ მარხვას, იმის მაგიერ, რომ არსებითი კითხვები დავსვათ - „როგორ უნდა ვიმარხულოთ?“, ან „რა არის დიდი მარხვა?“ - ჩვენ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. საეკლესიო ჟურნალებსა და ცნობის ფურცლებში ჩნდება რეცეპტები; „გემრიელი სამარხვო კერძები“. ზოგიერთი სამრევლო შემოსავალსაც კი ზრდის „გემრიელი სამარხვო სადილის“ კარგად მოთავსებული განცხადებით. ჩვენს ეკლესიებში იმდენი რამ განიმარტება სიმბოლურად როგორც საინტერესო, თავშესაქცევი ან სანახაობრივი წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რომელიც არა მარტო წინაპრებთან, არამედ ღმერთთან და მის მიერ ახალ ცხოვრებასთანაც გვაკავშირებს, რომ ამ რელიგიური ფოლკლორის მიღმა სულ უფრო ძნელია რელიგიის ღრმა და სერიოზული საზრისის განჭვრეტა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სხვადასხვანაირ წეს-ჩვეულებებში თავისთავად არაფერი ცუდი არ არის. მათი წარმოქმნის ჟამს ისინი ადამიანებს ემსახურებოდა როგორც რელიგიისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოხატვის ხერხი. ეს სიმბოლოები კი არა, თვით ცხოვრება იყო. მაგრამ ცხოვრება შეიცვალა და სულ უფრო შემცირდა მისი არსებითი კავშირი რელიგიასთან, ზოგი წეს-ჩვეულება კი შენარჩუნდა, როგორც წარსული ცხოვრების „სიმბოლო“. თანაც, შენარჩუნდა ის, რაც უფრო სანახაობრივი და, ამავე დროს, ადვილად შესასრულებელი გახდა. სულიერი საშიშროება აქ იმაში მდგომარეობს, რომ თანდათანობით თვით რელიგიას უყურებენ როგორც რაღაც სიმბოლოებისა და ადათების ერთობლიობას; არ ესმით, რომ ეს უკანასკნელნი ძალისხმევისა და განახლებისკენ უნდა მოგვიწოდებდნენ. გაცილებით უფრო მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სანამ საერო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები კვლავ არ შეუერთდება მათ წარმომშობ ცხოვრებისადმი რელიგიურ დამოკიდებულებას, სანამ სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არასერიოზულია, თვით ეკლესიაც დარჩება ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, ცხოვრებაზე გავლენის არმქონე. ამრიგად, წარსული მემკვიდრეობის სიმბოლიზაციის მაგიერ ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი ჩართვა.

მარხვისადმი სერიოზული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლოსა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას გონების შესაძლებლად უღრმეს დონეზე აღვიქვამთ - აღვიქვამთ, როგორც სულიერ მოწოდებას, რომელიც ჩვენგან პასუხს, გადაწყვეტილებას, მუდმივ მცდელობას ითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამიტომ დააწესა ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი რამდენიმე კვირა. სწორედ ესაა პასუხისა და გადაწყვეტილების დრო. ამისათვის საუკეთესო და ყველაზე ადვილი გზაა ეკლესიის ხელმძღვანელობას დამორჩილება, თუნდაც გარკვეული დაფიქრება სახარების ხუთი საკითხავის საზრისზე, რომელთაც ეკლესია დიდი მარხვის წინ ხუთი მოსამზადებელი კვირის განმავლობაში გვთავაზობს: სურვილი (ზაქე), სიმდაბლე (მეზვერე და ფარისეველი), დევნილებიდან დაბრუნება (უძღები შვილი), მსჯავრი (საშინელი სამსჯავრო) და მიტევება (მიტევების კვირა). ეს სახარების საკითხავები არა მარტო უნდა მოვისმინოთ ტაძარში, არამედ შინაც მივიტანოთ და საკუთარ ცხოვრებას, ოჯახურ ყოფას, პროფესიულ მოვალეობებს, ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ზრუნვას, ჩვენს გვერდით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა შევუპირისპიროთ.

თუ ამ ფიქრს კიდევ მოსამზადებელი კვირების ლოცვას („სინანულისა კარი გამიღე“) და 136-ე ფსალმუნს დავუმატებთ, მივხვდებით, რას ნიშნავს ეკლესიასთან ერთად ცხოვრება და როგორ ამკობს ჩვენს ცხოვრებას დიდი მარხვის საღმრთისმსახურო თავისებურებანი. დიდი მარხვის განმავლობაში სასარგებლო იქნებოდა რელიგიური შინაარსის მქონე წიგნის წაკითხვა. ამგვარი კითხვის მიზანი არა მარტო ჩვენი რელიგიური თვალსაწიერის გაფართოებაა, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი გონების განწმენდაა ყველაფრისაგან, რაც კი მას, ჩვეულებრივ, ანაგვიანებს. წარმოუდგენელია, რამდენადაა ჩვენი გონება დაკავებული სხვადასხვანაირი საზრუნავით, ინტერესებით, შფოთვითა და შთაბეჭდილებებით. რაოდენ ძნელიაყოველივე ამაში გარკვევა. რელიგიური შინაარსის წიგნის კითხვა, როცა გონება კონცენტრირებულია ჩვეულებრივი აზრებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ საგნებზე, თავისთავად ქმნის განსაკუთრებულ გონებრივ და სულიერ ატმოსფეროს. ეს ყველაფერი არ უნდა მივიჩნიოთ რაღაც მზა რეცეპტად. შესაძლოა, არსებობდეს დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი სხვა ღირსეული საშუალებებიც. ამ მოსამზადებელ პერიოდში მთავარი ისაა, რომ ჩვენ დიდი მარხვის ლოდინს ვიწყებთ. იგი თითქოსდა შორიდან გვიახლოვდება, ან, შეიძლება, თვით ღმერთი გვიგზავნის მას როგორც სახეცვლილების, განახლების, საკუთარი თავის გაღრმავების შესაძლებლობას, და რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ შესაძლებლობას. ისე, რომ, როცა მიტევების კვირადღეს შინიდან გამოვდივართ და მწუხრის ლოცვაზე ვეშურებით, მზად უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება, უფრო გულწრფელად შევიგნოთ და შევიგრძნოთ დიდი წარდგომის სიტყვები, რომლებიც დიდი მარხვის დასაწყისს აღნიშნავენ:

ნუ გარე-მოქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე; მსთუად შეგესემინ ჩემი; მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი.

 

2. დიდი მარხვის ღმრთისმსახურებებზე დასწრება

როგორც უკვე ვთქვით, დიდი მარხვის ყველა ღმრთისმსახურებას ვერავინ დაესწრება. მაგრამ თითოეულს შეუძლია, ზოგიერთ მათგანს მაინც დაესწროს. დიდი მარხვის დროს, უპირველეს ყოვლისა, უფრო ხშირად უნდა ვიაროთ ეკლესიაში და მონაწილეობა მივიღოთ საეკლესიო წესების შესრულებაში. არ ეპატიება მათ, ვინც ამას უგულებელყოფს. რა თქმა უნდა, აქაც სხვადასხვა პირად გარემოებას შეიძლება შევხვდეთ, - ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და შეუძლებლობებს, რომლებიც სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებებს განაპირობებს, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღოთ. აუცილებლად უნდა მივმართოთ რაღაც ძალისხმევას და შევინარჩუნოთ ქცევის გარკვეული უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. საღმრთისმსახურო თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ქვემოთ მოყვანილი მინიმუმი, რომლის მიზანია არა აღსრულებულ მოვალეობათა სულიერად გამანადგურებელი გრძნობა, არამედ სამარხვო ღმრთისმსახურების არსებითი ნაწილის შეთვისება.

პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სამრევლო ეკლესიებში მწუხრის აღსრულებას მიტევების კვირადღეს. ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ძალიან ბევრ ეკლესიაში ამ ღმრთისმსახურებას ან სრულიად ტოვებენ, ან კიდევ საჭირო ყურადღებისა და რუდუნების გარემე აღასრულებენ. ეს მწუხრი სამრევლო ეკლესიაში წელიწადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა იქცეს და შესაბამისად უნდა იქნეს მომზადებული. ეს უნდა აღინიშნოს სამრევლო გუნდის რეპეტიციებით, ქადაგებებსა და სამრევლო ცნობის ფურცლებში ამ დღის მნიშვნელობის განმარტებით, მრევლის წევრთა უმრავლესობისათვის ეკლესიაში მოსასვლელად ხელსაყრელი დროის შერჩევით. ერთი სიტყვით, ეს მწუხრის ლოცვა ნამდვილ სულიერ მოვლენად უნდა ვაქციოთ. რადგანაც - კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ეს მწუხრის ლოცვა ყველაზე უფრო ღრმად და ნათლად გვიხსნის დიდი მარხვის მნიშვნელობას: სინანულის, შერიგებისა და სამარხვო გზის თანხმობით დაწყებას.

ამ მწუხრის ლოცვის შემდეგი პირველი ადგილი ეკუთვნის მარხვის პირველ კვირას. განსაკუთრებულად უნდა ვეცადოთ, რომ ერთხელ ან ორჯერ მაინც მოვისმინოთ წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. როგორც უკვე ითქვა, ამ პირველ დღეთა ღმრთისმსახურების ძირითადი მიზანია დიდი მარხვის საერთო ატმოსფეროში ჩვენი შეყვანა - ატმოსფეროში, რომელსაც ჩვენ „ნათელი სევდა“ ვუწოდეთ.

ამის შემდგომ, მთელი დიდი მარხვის განმავლობაში სრულიად აუცილებელია, კვირაში ერთი დღე მაინც მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურგიას მასთან დაკავშირებული ყველა სულიერი განცდით; მარხვით, თუნდაც ერთი დღის ქცევით განკითხვისა და სიხარულის ნამდვილ მოლოდინად. აქ უკვე აღარ გამოგვადგება არანაირი თავის მართლება ცხოვრებისეული გარემოებებით, დროის უკმარობითა და ასე შემდეგ. რადგანაც, თუ ჩვენ მხოლოდ იმას შევასრულებთ, რაც „მოსახერხებელია“ ჩვენი ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სამარხვო მოსაგრეობის თვით ცნებაც კი ყოველგვარ აზრს დაკარგავს. სინამდვილეში არა მარტო ჩვენს დროში, არამედ ადამ და ევადან მოყოლებული სოფელი ესე ყოველთვის აბრკოლებდა ღმრთის მცნებათა აღსრულებას. ამიტომ თანამედროვე ცხოვრების წესშიც, არსებითად, არაფერია ახალი და განსაკუთრებული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კვლავ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულად ვართ განწყობილნი რელიგიის მიმართ. თუ მართლაც სერიოზულნი ვართ ჩვენს არჩევანში, მაშინ ეკლესიაში რვაჯერ თუ ცხრაჯერ წასასვლელად მინიმალური ენერგია დაგვეხარჯება. მაგრამ თუ საკუთარ თავს ეკლესიაში ამ რვა თუ ათ მისვლას წავართმევთ, ამით არა მარტო სამარხვო ღმრთისმსახურების მშვენიერებასა და სიღრმეს მოვაკლდებით, არამედ, როგორც შემდგომ თავში გავიგებთ, - მოვაკლდებით ყოველივე იმას, რაც ჩვენს მარხულობას საზრისს ანიჭებს და ქმედითად აქცევს.

 

3. ლოცვითა და მარხვით

არ არსებობს დიდი მარხვა მარხულობის გარეშე. მაგრამ დღეს, ადამიანები ან არასერიოზულად ეკიდებიან მარხულობას, ან არასწორად იგებენ მის ჭეშმარიტ სულიერ საზრისს. ერთნი ფიქრობენ, რომ მარხვა რაღაცაზე სიმბოლური უარის თქმაა. მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ მარხვის ყველა წესი უნდა შეინახონ კეთილსინდისიერად, ესე იგი, მხოლოდ სამარხვო საჭმელი მიიღონ. და მაინც, ორივე შემთხვევაში მარხულობა იშვიათად განიხილება საერთო სამარხვო მოსაგრეობის შემადგეწელ ნაწილად. ამიტომ აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, თავდაპირველად მარხვის შესახებ ეკლესიური მოძღვრების გაგებას უნდა ვეცადოთ, მერე კი შემდეგი კითხვა დავსვათ: როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოძღვრება საკუთარ ცხოვრებაში?

მარხულობა ანუ გარკვეული საჭმლისგან თავისშეკავება მხოლოდ ქრისტიანული პრაქტიკა არაა. ის არსებობდა და დღესაც არსებობს სხვა რელიგიებსა და რელიგიის გარეშეც, მაგალითად, როგორც სპეციალური თერაპია. ახლა ადამიანები მარხულობენ (ან, უფრო სწორად, თავშეკავებას მისდევენ) განსხვავებული მიზეზების გამო, მაგალითად, პოლიტიკური მოსაზრებებით. ამიტომაც უნდა გავარკვიოთ მარხვის სპეციფიკურად ქრისტიანული საზრისი. ეს საზრისი ჩვენს წინაშე, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიაში მოთხრობილი ორი მოვლენის ურთიერთკავშირში იხსნება. ერთი მოვლენა ძველი აღთქმის დასაწყისშია მოცემული, მეორე კი - ახალი აღთქმის დასაწყისში. პირველი მოვლენა ისა, რომ ადამმა ედემში „მარხვა დაარღვია“ და აკრძალული ხის ნაყოფი იგემა - ასე იხსნება ჩვენს წინაშე პირველყოფილი ცოდვა. მეორე მოვლენაა: ქრისტემ, ახალმა ადამმა, თავისი მსახურება მარხვით დაიწყო. ქრისტე განცდილ იქნა სატანისაგან და გაუძლო განსაცდელს. ადამის ცოდვით დაცემის შედეგი იყო მიწიერი სამოთხიდან განდევნა და სიკვდილი. ქრისტეს გამარჯვების შედეგებია სიკვდილის მოსპობა და სამოთხეში ჩვენი დაბრუნება. ადგილის უკმარისობა საშუალებას არ გვაძლევს, უფრო დაწვრილებით განვმარტოთ ამ პარალელიზმის საზრისი. მაგრამ უკვე ნათქვამიდანაც საკმაოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ მარხვა რაღაც გადამწყვეტს წარმოადგენს. ეს უბრალო წეს-ჩვეულება ან ვალდებულება არაა. მარხვა სიცოცხლისა და სიკვდილის, ცხოვნებისა და წარწყმედის საიდუმლოს უკავშირდება.

მართლმადიდებელი მოძღვრების თანახმად, ცოდვა არა მარტო რომელიმე წესის დარღვევაა, რომელიც სასჯელს მოითხოვს, - ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მიერ მოცემული ცხოვრების დამახინჯებაა. ამიტომაც პირველყოფილი ცოდვის ისტორია მოცემულია, როგორც ჭამასთან დაკავშირებული მოქმედება. საკვები აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმისთვის, რადგანაც მასში სიცოცხლეს ინარჩუნებს. მაგრამ სწორედ აქ დგება მთავარი კითხვა: რას ნიშნავს, იყო ცოცხალი? რას ნიშნავს თვით სიცოცხლე? ჩვენს დროში ეს სიტყვა, ძირითადად, თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობით განიხილება: სიცოცხლე სწორედ ისაა, რაც მთლიანად დამოკიდებულია საკვებზე და, საზოგადოდ, ყოველივე ცოცხალის ფიზიკურ მხარეზე. მაგრამ საღმრთო წერილისა და ქრისტიანული გადმოცემის შუქზე, ამგვარი სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება, სიკვდილს უიგივდება, რადგანაც სიკვდილის საწყისი ყოველთვის იმყოფება და მოქმედებს მასში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. იგი სიცოცხლის მომნიჭებელია. როგორღა იქცა სიცოცხლე მოკვდავად? რატომაა სიკვდილი და მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილი ყოველივე ცოცხალის არსებობის აბსოლუტური პირობა? ეკლესია პასუხობს: იმიტომ, რომ ადამიანმა უარყო სიცოცხლე, რომელიც შესთავაზა და აჩუქა მას ღმერთმა, ადამიანმა არჩია სიცოცხლე, რომელიც ღმერთზე კი არა, „მხოლოდ პურზე“ არის დამოკიდებული. ადამიანი არა მარტო არ დამორჩილდა ღმერთს, რისთვისაც დაისაჯა, არამედ შეცვალა თავისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. უეჭველია, რომ ქვეყნიერება ადამიანს მიეცა როგორც საკვები, ანუ სიცოცხლის საშუალება. მაგრამ სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ღმერთთან ურთიერთობა. სიცოცხლეს ღმერთში არა მარტო თავისი დაგვირგვინება უნდა ჰქონოდა, არამედ თავისი სრულყოფილი სისავსეც. „მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (ი. 1,4). ქვეყნიერება და საკვები იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანს მათი მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა შესძლებოდა და მხოლოდ ღმრთის რწმენით მიღებული საკვები ყოფილიყო სიცოცხლის მომცემი. თავისთავად საკვები სიცოცხლეს არ შეიცავს და არ შეუძლია მისი კვლავწარმოება. მხოლოდ ღმერთი ფლობს სიცოცხლეს, იგია თვითონ სიცოცხლე. თვით საკვებშიც კი სიცოცხლის საწყისი ღმერთია და არა კალორიები. ამგვარად, ჭამა ანუ ცოცხალ არსებად ყოფნა, ღმერთის ცოდნა და მასთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი ერთი და იგივე რეალობაა. ამიტომაც ადამის უსაზღვრო ტრაგედია იმაში მდგომარეობას, რომ მან აღიქვა საკვები როგორც „სიცოცხლე თავისთავად“. უფრო მეტიც, მან საკვები იგემა ღმრთისგან დაფარულად, მის გარეშე და იმ მიზნით, რომ ღმრთისაგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. ეს კი იმიტომ ჩაიდინა, რომ ირწმუნა, თითქოს საკვებს თავისთავადი სიცოცხლე ჰქონოდეს, და თითქოს მისი ჭამით თვით ადამი შესძლებდა ღმერთად გახდომას, ესე იგი, საკუთარ თავში სიცოცხლის ფლობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამმა ირწმუნა საკვები, მაშინ როცა რწმენისა და ნდობის ერთადერთი საგანი ღმერთი და მხოლოდ ღმერთია. მიწიერი სამყარო საკვები იქცა ადამის ღმერთად, მისი სიცოცხლის წყაროდ და საწყისად თვით ადამი კი მათი მონა გახდა. „ადამი“ ებრაულად კაცს ნიშნავს. ეს ჩემი სახელია, ჩვვნი საერთო სახელია. და კაციც ადამად, ესე იგი საკვების მონად რჩება. ის შეიძლება ირწმუნებოდეს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ მისთვის ღმერთი უკვე აღარაა მისი სიცოცხლე, მისი საზრდო, მისი არსებობის ყოვლისმომცველი შინაარსი. ის შეიძლება ირწმუნებოდეს, რომ ღმრთისაგან იღებს სიცოცხლეს, მაგრამ უკვე აღარ ცხოვრობს ღმრთის მიერ და ღმრთისათვის. ადამიანის ცოდნა გამოცდილება და საკუთარ თავში დარწმუნებულობა ერთსა და იმავე პრინციპს ემყარება: „პურითა მხოლოდ“. ჩვენ ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ მაგრამ ღმრთის მიერ აღარ ვცოცხლობთ. ყველა ცოდვათა შორის ეს უმძიმესია. ამ ცოდვით ჩვენი სიცოცხლე სასიკვდილოდაა განწირული.

ქრისტე ახალი ადამია. იგი მოვიდა იმისათვის, რომ მოსპოს სნეულება, რომელიც ძველმა ადამმა სიცოცხლეში ჩაასახლა, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლისათვის აღადგინოს ადამიანი. ამიტომ ქრისტეც თავის მიწიერ მსახურებას მარხვით იწყებს: „და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია“ (მ. 4,3). შიმშილი ის მდგომარეობაა როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ რაღაც გარეგანზე ვართ დამოკიდებული, როცა სასწრაფოდ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება საკვები. სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენში არ არსებობს თვითკმარი სიცოცხლე. ეს ის ზღვარია, რომლის მიღმა მე შიმშილით ვკვდები, ან სხეულის საკვებით გამხნევების შედეგად კვლავ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. სხვა სიტყვებით, ეს ის საბოლოო მომენტია, როცა ჩვენს წინაშე დგება შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? და რადგანაც ეს განყენებული კითხვა არაა, რადგანაც მის გადაწყვეტაზე ჩემი ხორციელი სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს მომენტი იქცევა ცდუნებად. სატანამ ადამს სამოთხეში მიაკითხა, ქრისტეს კი - უდაბნოში. ორმა მშიერმა კაცმა გაიგონა სატანის სიტყვები: ჭამე, რადგანაც შენი შიმშილი გიჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე საკვებზე ხარ დამოკიდებული, რომ შენი სიცოცხლე საკვებშია. ადამმა დაიჯერა და ჭამა. ქრისტემ უარყო ეს ცდუნება და თქვა, რომ არა პურითა მხოლოდ ცოცხლობს კაცი, არამედ ღმრთითაც. მან უარყო ეს მსოფლიო ტყუილი, რომელიც სატანამ მთელს ქვეყნიერებას შთააგონა და ყოველნაირ განხილვაზე მაღლა მყოფ ცხად ჭეშმარიტებად, მთელი საკაცობრიო მსოფლმხედველობის, მეცნიერების, მედიცინისა და, შესაძლოა, თვით რელიგიის საფუძვლად აქცია. ამ სიცრუის უარყოფით ქრისტემ აღადგინა საკვებს, სიცოცხლესა და ღმერთს შორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რომელიც დაარღვია ადამმა და რომელსაც ჩვენც ვარღვევთ ყოველდღე.

მაშინ რაღას ნიშნავს მარხვა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის? ეს თვით ქრისტეს სამარხვო გამოცდილებაში მონაწილეობაა, - იმ გამოცდილებაში, რომლითაც მან გაგვათავისუფლა საკვების, მატერიისა და ამა სოფლის მონობისაგან. მაგრამ ეს გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება სრული. ჩვენ ჯერ კიდევ დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ძველი ადამის სამყაროა. და რადგანაც ჩვენც მისი ნაწილი ვართ, დღემდე ჩვენი სიცოცხლე საკვებზეა დამოკიდებული. მაგრამ რადგანაც სიკვდილი, რომელშიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს, ქრისტეს სიკვდილის მიერაა დათრგუნული და ახალ სიცოცხლეში გადასვლად იქცა, საკვები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, და სიცოცხლე, რომელსაც ეს საკვები ინარჩუნებს, შეიძლება გახდეს სიცოცხლედ ღმერთში და ღმრთისთვის. ჩვენი საკვების ნაწილი უკვე იქცა „უკვდავების საზრდოდ“ - თვით ქრისტეს ხორცად და სისხლად. მაგრამ თვით ყოველდღიური „პური არსობისა“, რომელსაც ღმრთისგან ვღებულობთ, უკვე ამ სიცოცხლეში, ამა სოფელში შეიძლება იქცეს იმად, რაც ამყარებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას და არა გვაშორებს მას. ამ გარდაქმნის უზრუნველყოფა კი მხოლოდ მარხვას შეუძლია, მხოლოდ მარხვას შეუძლია მოგვცეს დამაჯერებელი მტკიცება იმისა, რომ ჩვენი დამოკიდებულება საკვებსა და მატერიაზე არაა საბოლოო, არაა აბსოლუტური და რომ ლოცვასთან, მადლთან და ღმრთის სამსახურთან შეერთებულ ამ დამოკიდებულებას თვითონ სურს იქცეს სულიერებად. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მართებულად.

მთელი თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაგებული მარხვა არის ერთადერთი საშუალება ადამიანის პირველადი ბუნების აღსადგენად. ეს თეორიული კი არა, პრაქტიკული გამოწვევაა იმ უდიდესი სიცრუისა, რომელმაც დაგვაჯერა, თითქოს მხოლოდ პურზე ვიყოთ დამოკიდებული და ამ სიცრუეზე ააგო მთელი საკაცობრიო ცოდნა, მეცნიერება და არსებობა. მარხვა ამხელს ამ სიცრუეს. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ქრისტე სატანას სწორედ მარხვის დროს შეხვდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ, ეს იმ ყოვლისმომცველი კანონის წინააღმდეგ ნასროლი გამოწვევაა, რომელიც სატანას „ამა სოფლის თავადად“ აქცევს. თუ ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს ძალა, არ დამორჩილდეს ამ შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით, აქციოს შიმშილი სულიერი ძლიერებისა და გამარჯვების წყაროდ, მაშინ არაფერი რჩება ნახსენები დიდი სიცრუისაგან, რომელშიც ადამის დროიდან მოყოლებული ვცხოვრობთ.

რა შორს წავედით ჩვენ მარხვის ჩვეული გაგებისაგან, რომლის თანახმად ის უბრალოდ დიეტის ცვლილებაა, როგორ დავშორდით იმაზე გაუთავებელ მსჯელობას, თუ რა შეიძლება მარხვისას და რა არის აკრძალული, როგორ დავცილდით ამ ზედაპირულ ფარისევლობას! საბოლოო ჯამში ხომ მარხვა ერთი რამეა: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს, ანუ უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და შიმშილის საშუალებით აღმოვაჩინოთ, რომ ეს დამოკიდებულება არაა ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება, რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის მიმშილია. ადრეულ ეკლესიაში მარხვა საჭმლისაგან სრულ თავშეკავებას ნიშნავდა, ესე იგი შიმშილის მდგომარეობას. რომელსაც სხეული ბოლო ზღვრამდე მიჰყავს. მაგრამ სწორედ აქ გვესმის ჩვენ, რომ მარხვა, როგორც საჭმელზე ფიზიკური უარი, სრულიად უსარგებლოა მისი მეორე, სულიერი მხარის გარეშე. „მარხვითა და ლოცვით“ - ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სულიერი ძალისხმევის გარეშე, საღმრთო რეალობით საკუთარი თავის გაუმაგრებლად, იმის შეუგნებლად, რომ ჩვენი არსება სრულად ღმერთზე და მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, ფიზიკური მარხვა თვითმკვლელობად იქცევა. თუ ბოროტი თვით ქრისტეს აცდუნებდა მარხვისას, ჩვენ არანაირი საშუალება არა გვაქვს, ცდუნებას დავაღწიოთ თავი. ფიზიკური მარხვა, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, არათუ უაზრო, სახიფათოც კი ხდება, თუ არ შეუერთდა სულიერ ძალისხმევას, ლოცვას, ღმერთში ფესვგადგმულ ფიქრს. მარხვა ხელოვნებაა, რომელსაც სრულყოფილად იყვნენ დაუფლებულნი წმინდანები. ჩვენი მხრიდან სახიფათო და ამპარტავნული წამოწყება იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ხელოვნება შესაბამისი სულიერი განსჯისა და სიფრთხილის გარეშე ავითვისოთ. მთელი სამარხვო ღმრთისმსახურება განუწყვეტლივ გვახსენებს სიძნელეებს, დაბრკოლებებსა და ცდუნებებს, რომლებიც იმის წინაშე დგება, ვინც საკუთარ ძალებს ენდობა და არა ღმერთს.

ამიტომაცაა აუცილებელი სამარხვო მოსაგრეობის სულიერი მომზადება. ის მდგომარეობს, ჯერ ერთი, საღმრთო შეწევნის თხოვნაში, მეორე - იმაში, რომ მთელი ჩვენი მარხვა ღმერთზე იყოს კონცენტრირებული და ღმრთისაკენ მიმართული. ჩვენ ღმრთისთვის უნდა ვიმარხულოთ. ჩვენს სხეულში უნდა ვიგრძნოთ მისი არსებობა, უნდა ვიხილოთ, როგორ იქცევა ჩვენი სხეული მის ტაძრად. ამიტომაც სხეულს, საჭმელს და მთელს ჩვენს ცხოვრებას რელიგიური მოწიწებით უნდა მოვეპყრათ. ყოველივე ამას შეიძლება მარხვის დაწყებამდე მივაღწიოთ, რომ მარხვას უკვე სულიერად შეიარაღებული შევხვდეთ სულიერი ბრძოლისა და გამარჯვების წინასწარი განზრახვით.

აი, თვით მარხვაც დგება. ზემოთქმულის თანახმად, ის ორ დონეზე უნდა აღვასრულოთ: ჯერ ერთი, ასკეტური მარხვის დონეზე და, მეორეც, სრული მარხვის დონეზე. ასკეტური მარხვა მდგომარეობს საჭმლის საგრძნობ შემცირებაში, რათა განუწყვეტელი შიმშილის მეტ-ნაკლები შეგრძნება ღმრთის ხსოვნად და ამ ხსოვნის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ძალისხმევად აღვიქვათ. ყველამ, ვისაც კი ამგვარი მარხვა შეუნახავს, იცის, რომ ასკეტური მარხვა, იმის მაგიერ, რომ დაგვასუსტოს, სიმსუბუქის, მიზანმიმართულობის, სიფხიზლის, სიხარულისა და სიწმინდის გარკვეულ შეგრძნებას გვიქმნის. საკვებს მართლაც ღმრთის ძღვენსავით ვღებულობთ. მუდამ იმ შინაგან სამყაროზე ვართ მომართულნი, რომელიც იდუმალი ხერხით გვკვებავს. აქ არ ვიმსჯელებთ საჭმლის რაოდენობასა და თვისებრიობაზე, ასკეტური მარხვისას მის დღის განმავლობაში განაწილებაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალურ თვისებებზე, ცხოვრებისეულ პირობებზეა დამოკიდებული. მაგრამ პრინციპი აშკარაა: ეს უნდა იყოს ნაწილობრივი შიმშილის მდგომარეობა, რომლის „უარყოფით“ ბუნებასაც ლოცვა, ღმრთის გახსენება, ყურადღება და კონცენტრირება დადებით ძალად გარდაქმნის.

რაც შეეხება სრულ მარხვას, მისი ხანგრძლიობა უნდა შევზღუდოთ ევქარისტიასთან შესაბამისად, რადგანაც ამგვარი მარხვა საზიარებლად გვამზადებს. ჩვენი ცხოვრების პირობებში ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველშეწირულის ლიტურგიის აღსრულების დღეა. ვმარხულობთ ჩვენ ადრე დილიდან, თუ მხოლოდ შუადღიდან, სრული მარხვის მიზანი ერთია: გავატაროთ ეს დღე მოლოდინში, სასოებაში, რომ საბოლოოდ თვით ღმერთთან ურთიერთობით განვძღებით. ესაა სულიერი კონცენტრაცია მოლოდინზე, მომავალში მისაღებ საღმრთო ნიჭზე, რომლის გულისთვის მზად ვართ, უარვყოთ ყველა სხვა ძღვენი.

მაგრამ ყოველივე ზემოთქმული შემდეგაც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი მარხვა, თუ ეს ნამდვილი მარხვაა, აუცილებლად მოჰყვება ცდუნება, სისუსტე, ყოყმანი, გაღიზიანება. სხვა სიტყვებით, მარხვა იქნება ბრძოლა, რომელშიც, როგორც ეტყობა, ჩვენ არაერთხელ დაგვამარცხებენ. მაგრამ თუ ჩვენი მარხვა თავისი არსებით ნამდვილია, მასში აუცილებლად იჩენს თავს ჩვენი ქრისტესმიერი ცხოვრება - ცხოვრება ბრძოლისა და მოსაგრეობისა. რწმენა, რომელსაც ეჭვი და ცდუნება არ დაუმარცხებია, იშვიათადაა ნამდვილი რწმენა. ქრისტიანულ ცხოვრებაში ზრდა წარმოუდგენელია ცდომილებათა და დაცემათა მწარე გამოცდილების გარეშე. რა ხშირად ხდება, რომ ადამიანები ენთუზიაზმით იწყებენ მარხვას, მაგრამ პირველივე დამარცხების შემდეგ უარს ამბობენ მასზე. მე ვიტყოდი, რომ რწმენის ნამდვილი გამოცდა პირველი დაცემით იწყება. თუ ამგვარი მარცხის შემდეგ, როცა მიმშილსა და ვნებებს დავუთმეთ, ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენი შეცდომა დაგვიშვია, ადრე თუ გვიან ასეთი მარხვა თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. სიწმიდესა და იმედგაცრუების ცინიზმს შორის ძევს უდიდესი საღმრთო სიქველე - მოთმინება, უპირველეს ყოვლისა, მოთმინება საკუთარი თავის მიმართ. სიწმიდისაკენ შემოკლებული გზები არ არსებობს. ჩვენ ყოველი ნაბიჯის, ყოველი საფეხურის სრული საფასური უნდა გადავიხადოთ. ამიტომაც უფრო უსაფრთხო მინიმუმიდან დაწყება იქნება, რაც ჩვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს მხოლოდ ოდნავ აღემატება. ამის შემდეგ თანდათანობით გავაძლიეროთ მარხვა. ასე აჯობებს, ვიდრე თავიდანვე ავიდეთ თვალუწვდენელ სიმაღლეზე და იქიდან მიწაზე ჩამოვარდნისას დავიღუპოთ.

ამრიგად, სიმბოლური და ნომინალური მარხვისაგან ჭეშმარიტ მარხვას უნდა დავუბრუნდეთ. იყოს იგი შეზღუდული და მოკრძალებული, მაგრამ თანმიმდევრული და სერიოზული. პატიოსნად უნდა შევაფასოთ ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობათა შესაბამისად მოქმედების უნარი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მარხვისას არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი შესაძლებლობების სიმცირისა, არამედ უნდა დავინახოთ საკუთარ სიცოცხლეში იმის საღმრთო მტკიცებულება, რომ ადამიანისთვის შეუძღუბელი ღმრთისათვის შესაძლებელია.

 

4. დიდი მარხვის შესაფერი ყოფა-ცხოვრება

ჩვენ ვესწრებით საეკლესიო ღმრთისმსახურებას, გარკვეულ დროს ვმარხულობთ და ვლოცულობთ, მაგრამ სამარხვო მოსაგრეობა ამით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ ეს ყოველივე ნამდვილად ქმედითი და ნაყოფიერი იქნეს, საჭიროა მხარდაჭერა მთელი ჩვენი ცხოვრების მხრიდან. სხვა სიტყვებით, საჭიროა გარკვეული „ყოფა-ცხოვრება“, რომელიც არ იქნებოდა მარხვის საწინააღმდეგო და ორად არ გახლეჩდა ჩვენს არსებობას. წარსულში, მართლმადიდებელ ქვეყნებში თვით საზოგადოება ქმნიდა დიდი მარხვის შესაფერ ატმოსფეროს, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ წეს-ჩვეულებათა ერთობლიობის მეშვეობით. ეს უზრუნველყოფდა საჭირო ყოფა-ცხოვრებას. დიდი მარხვის განმავლობაში მთელი საზოგადოება ემორჩილებოდა ცხოვრების გარკვეულ რიტმს, წესებს, რომლებიც განუწყვეტლივ ახსენებდა საზოგადოების ცალკეულ წევრებს დიდი მარხვის შესახვბ. რუსეთში, მაგალითად, ამის განუწყვეტელი მოხსენიება იყო საეკლესიო ზარების განსაკუთრებული სამარხვო რეკვა: თეატრები იხურებოდა, წყდებოდა მაღალი საზოგადოების მეჯლისები და მიღებები. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს გარეგანი წესები ვერ აღძრავდნენ ადამიანში სინანულს, ვერ მიმართავდნენ მას უფრო აქტიური რელიგიური ცხოვრებისაკენ. მაგრამ იქმნებოდა განსაკუთრებული სამარხვო ატმოსფერო, რომელიც აადვილებდა პირად, ინდივიდუალურ ძალისხმევას. ჩვენ სუსტები ვართ, ჩვენ გვესაჭიროება გარედან შეხსენება, სიმბოლოები, ნიშნები. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ გარეგნული სიმბოლოები თავისთავად იქნება მიჩნეული მარხვის აღსრულების საკმარის პირობად და იმის მაგიერ, რომ გვამცნონ დიდი მარხვის შესახებ, თვითონ დაჩრდილავენ მის ჭეშარიტ მნიშვნელობასა და საზრისს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ საშიშროებაზე, როცა განვიხილეთ ის ვითარება, როცა გარეგანი წეს-ჩვეულებები ცვლიან ჭეშმარიტ პირად მოსაგრეობას. მაგრამ სწორი მიდგომისას ხედავ, რომ ეს წესები რაღაც გადამცემი ღვედის მსგავსი რამაა, რომელიც სულიერ მოსაგრეობას ცხოვრების დარჩენილ ერთიანობასთან აკავშირებს.

ჩვენ მართლმადიდებელ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. ამიტომაც ჩვენი დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ძალუძს სამარხვო ატმოსფეროს შექმნა. ჩვენი გარემომცველი სამყარო, სამყარო, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, დიდი მარხვით არ იცვლის სახეს. ამიტომაც ჩვენგან ახალი ძალისხმევა მოითხოვება - საჭიროა, კიდევ ერთხელ ჩავფიქრდეთ რელიგიურ კავშირზე გარეგან და შინაგან ცხოვრებას შორის. სეკულარიზმის, ჩვენი ცივილიზაციის ეკლესიისაგან დაშორების სულიერი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ნამდვილ რელიგიურ შიზოფრენიაში ვვარდებით: ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება - რელიგიურად და საეროდ. ამ ნაწილებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ამიტომაც გარეგანი მეხსენებებისა და სიმბოლოების შესაცვლელად ჩვენს დროში განსაკუთრებული სულიერი ძალისხმევა გვმართებს. სქემატურად ეს ძალისხმევა შეიძლება განვიხილოთ, ჯერ ერთი, ჩვენი შინაური ცხოვრების თვალსაზრისით, და მეორე, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მხრიდან.

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, შინაური ცხოვრება, ოჯახი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს, ქრისტიანული პრინციპების ყოველდღიურ განხორციელებას წარმოადგენს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძვლებს ჩვენ სწორედ შინ გვინერგავენ, ოჯახურ ყოფა-ცხოვრებასა და სულისკვეთებაში. არა სკოლაში და არა ეკლესიაში, არამედ ოჯახში წარმოიქმნება ის მსოფლმხედველობა, რომელიც თავდაპირველად შეუგნებელიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იქცევა მთელი ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად. ბერი ზოსიმა, დოსტოევსკის რომანის „ძმები კარამაზოვების“ გმირი, ამბობს: „ადამიანს ადრეული ბავშვობის მოგონებებზე ძვირფასი არა გააჩნია რა...“ ეს მოგონებები აცხოვნებს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოსიმა ამას ამბობს მაშინ, როცა იხსენებს, როგორ დაჰყავდა იგი დედას ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ის იხსენებს ამ ღმრთისმსახურებისა და მისი გალობის მშვენიერებას. ჩვენს საეკლესიო სკოლებში ახლა შესანიშნავი მუშაობა მიმდინარეობს ბავშვების რელიგიური განათლებისათვის, მაგრამ მასაც მცირე ნაყოფის გამოღება შეუძლია განათლების შინაური, ოჯახური საფუძვლების გარეშე. რა უნდა გაკეთდეს და რისი გაკეთებაა შესაძლებელი დიდი მარხვის დროს შინაურ, ოჯახურ ცხოვრებაში? რადგანაც შეუძლებელია ერთბაშად განვიხილოთ ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება, მე მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდები.

უეჭველია, ყველა დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ყოფა-ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა რადიოსა და ტელევიზიის გავლენით. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია მსოფლიოში მომხდარ მოვლენათა შესახებ ინფორმაციით. იმის გასაგებად, რაც ქვეყნად ხდება, აუცილებელი აღარაა სადმე გამოსვლა ან გამგზავრება. მთელი მსოფლიო განუწყვეტლივ მდებარეობს ჩვენი მისაწვდომობის არეში. თანდათანობით შინაგანი ცხოვრების ელემენტარული გამოცდილება, ამა ქვეყნის მშვენიერება უბრალოდ ქრება თანამედროვე კულტურიდან. და თუ ტელევიზია არა, მაშინ მუსიკა: მუსიკა უკვე აღარაა ის, რასაც უსმენ, ის საუბრების, კითხვის, სხვადასხვა საქმიანობის უწყვეტ ფონად იქცა. მუსიკის ეს მუდმივი საჭიროება მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა სიჩუმით ტკბობის უნარი, სიჩუმეს იგი უკვე სრულიად უარყოფითად აღიქვამს, როგორც რაღაცის არყოფნას, და ვერ ხვდება, რომ ეს შეიძლება იყოს ყოველი ნამდვილი სიახლოვის აუცილებელი პირობა. თუ ძველი დროის ქრისტიანები უპირატესად სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა, თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ამგვარად, რადიოსა და ტელევიზიის პრობლემა დიდი მარხვის განმავლობაში მეორეხარისხოვანი საკითხი კი არა, გარკვეული აზრით, სულიერი სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხია. უნდა შევიგნოთ, რომ შეუძლებელია გავანაწილოთ ჩვენი ცხოვრება სამარხვო ნათელი სევდის განცდასა და მოდური ფილმის ან სპექტაკლიდან მიღებულ შთაბეჭდილებას შორის. ეს ორი შეგრძნება სრულიად შეუთავსებელია და ერთი მათგანი აუციღუბლად გაანადგურებს მეორეს. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ უკანასკნელი მოდური ფილმი ადვილად გაანადგურებს ნათელ სევდას. საპირისპირო მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომაც პირველი სამარხვო წეს-ჩვეულება, რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია, ეს არის დიდი მარხვის პერიოდში რადიოსადა ტელევიზიის გადამწყვეტი უარყოფა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვბედავთ, სრული მარხვა გირჩიოთ, მაგრამ ასკეტური მარხვის აუცილებლობას დაჟინებით ვამტკიცებთ, რაც, როგორც უკვე ვთქვით, უპირველეს ყოვლისა. ნიშნავს „დიეტის“ ცვლილებასა და თავშეკავებას. მაგალითად, არაფერი ცუდი არაა იმაში, თუ კვლავაც გავაგრძელებთ ინფორმაცის თვალისდევნებას, ან ისეთ სერიოზულ პროგრამებს გავეცნობით, რომლებიც სულიერად და ინტელექტუალურად გაგვამდიდრებს. მაგრამ დიდი მარხვის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩვენი მიჯაჭვულობა ტელევიზორთან, ეკრანს მიერთებული ადამიანის მცენარეული ყოფა, ყოველივეს პასიური შთანთქმა. როცა ბავშვი ვიყავი (ეს ტელევიზიის გამოგონებამდე იყო), დედაჩემი კეტავდა როიალის კლავიატურას დიდი მარხვის პირველ, მეოთხე და მეშვიდე კვირის განმავლობაში. ეს ჩემს მეხსიერებას უფრო შემორჩა, ვიდრე ხანგრძლივი სამარხვო ღმრთისმსახურება, და ახლაც კი, როცა დიდი მარხვის დროს რადიოთი გადმოცემული მუსიკა მესმის, ეს თითქმის ისევე შეურაცხმყოფს, როგორც მკრეხელობა. ეს პირადი მოგონება მხოლოდ ილუსტრაციაა იმისა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ბავშვის სულში მოზრდილთა მიერ შეგნებულად მიღებული გარეგნული გადაწყვეტილება. აქ საუბარი არაა, უბრალოდ, ცალკეულ ჩვეულებაზე ან წესზე, არამედ დიდი მარხვის დროის დამცველ ცოცხალ გამოცდილებაზე, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რათა არ დავკარგოთ, არ დავამახინჯოთ, არ დავარღვიოთ იგი. მაგრამ აქ, ისევე როგორ სამარხვო საჭმლის მიღებისას, მხოლოდ თავშეკავება არ კმარა: მას უნდა ჰქონდეს დადებითი საპირწონე.

ამქვეყნიური ხმაურის არარსებობით შექმნილი მდუმარება, რომელსაც მხოლოდ დასაშვები საინფორმაციო გადაცემა არღვევს, დადებითი შინაარსით უნდა შევავსოთ. ჩვენი სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ საკვები გონებასაც სჭირდება. სწორედ თანამედროვე ადამიანის გონება იმყოფება ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ილუსტრირებული ჟურნალებისა და სხვა მსგავსი მოვლენებისგან განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშ. ჩვენ გთავაზობთ, რომ სულიერი ძალისხმევა რაღაც წმინდად სულიერზე მიმართოთ. ჩვენს ცხოვრებაში იმდენ შედევრს, საკაცობრიო აზრისა და შემოქმედების იმდენ საოცარ ნაყოფს უგულებელვყოფთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ადვილია სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ, როცა ფიზიკურად და გონებრივად დაღლილები ვართ, ტელევიზორი ჩავრთოთ, ან ილუსტრირებული ჟურნალის აბსოლუტურ სიცარიელეში ჩავიძიროთ. კარგი იქნებოდა. წინასწარ შეგვემუშავებინა დიდი მარხვის პროგრამა. წინასნარ შეგვედგინა წასაკითხად სასარგებლო წიგნების სია. არაა აუცილებელი, რომ ყველა ეს წიგნი რელიგიური შინაარსისა იყოს. ყველა ადამიანს როდი აქვს საღმრთისმეტყველო მოწოდება. მაგრამ ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებში იმდენი საღმრთისმეტყველო აზრია ჩაქსოვილი, ხოლო ყველაფერი, რაც კი ჩვენს გონებას გაამდიდრებს, ჭეშმარიტი შემოქმედების ყველა ნაყოფი კურთხეულია ეკლესიისგან, და მისი მართებულად აღქმის შემთხვევაში სულიერ ღირებულებას იძენს. წინა თავში მე ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ მარხვის მეოთხე და მეხუთე კვირადღე ეძღვნება ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ორი მოძღვრის - წმინდა იოანე სინელის („კლემაქსის“ აღმწერელის) და ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენებას. უნდა გავიგოთ, რომ ამ ორი წმინდანის სახით ეკლესია აშკარად მიგვითითებს, რომ დიდი მარხვის შედეგად ის ჩვენგან სულიერ და გონებრივ გამდიდრებას ელის. წიგნების კითხვა და სულიერი გააზრება შინაგანი სამყაროს მოპოვებასა და გამდიდრებაში დაგვეხმარება. თანამედროვე სეკულარული მსოფლიო არ გვაძლევს საშუალებას, შევიგრძნოთ ეს სიხარული, ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება, რომელიც არა გარეგან, არამედ შინაგან სამყაროში უნდა გამომჟღავნდეს. ამ სიხარულის გარეშე, და თუ მარხვასაც არ გავიგებთ როგორც ჩვენი ადამიანური არსების სიღრმეში მიმავალ გზას, დიდი მარხვა თავის საზრისს დგკარგავს.

გარდა ამისა, რა მნიშვნელობა უნდა შეიძინოს დიდმა მარხვამ, იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შინიდან მოშორებით ვიმყოფებით, საქმიან მივლინებაში, ან სამსახურმი სამუშაო მაგიდასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, კოლეგებთან ან მეგობრებთან შეხვედრისას? აქაც შეუძლებელია რაიმე განსაზღვრული რეცეპტის მოცემა, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი თვალსაზრისის გამოთქმა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მარხვა შესანიშნავი დროა, როცა უნდა განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენლად ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანებთან, საგნებთან, სამსახურთან. „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“, -აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით. მაგრამ ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით, ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს, ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას. დაიცავით თამაშის წესები, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეახამოთ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მათდამი სრულ გულგრილობასთან. იფიქრეთ ყველაფერზე მხოლოდ მატერიალური მოგების, შემოსავლისა და კარიერის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, იყავით ამა სოფლის ნაწილი, სოფლისა, რომელიც წამდაუწუმ იყენებს დიად სიტყვებს - „მშვიდობა“, „პასუხისმგებლობა, „სიფრთხილე“ - სინამდვილეში კი მატერიალისტური პრინციპით ხელმძღვანელობს, რომლის თანახმად ადამიანი მისი შემოსავლის მიხედვით ფასდება. დიდი მარხვა საზრისის ძიების დროა: ჩემი პროფესიული ცხოვრებისა და ჩემი პირადი მოწოდების შესაბამისობის, სხვა ადამიანებთან ჩემი ურთიერთობის, მეგობრობის, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის საზრისისა. არ არსებობს სამუშაო ან მოწოდება, რომლის თანდათანობითი გარდგქმნა შეუძლებელი იყოს არა მეტი ნაყოფიერების ან უკეთესი ორგანიზაციის, არამედ ადამიანური ღირებულების თვალსაზრისით. აუცილებელია გავაღრმავოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგანაც ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც (ხშირად შეუგნებლად) იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქეცით, რომლებიც ნელ-ნელა ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ ამქვეყნად. და თუ ჩვენს სარწმუნოებას რაიმე საზრისი აქვს, იგი აუცილებლად უნდა შევუფარდოთ ცხოვრებას მთელი თავისი სირთულით. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელი ცხოვრებისეული გარდაქმნები მხოლოდ რევოლუციების, ცხოვრებისეული პირობების გარეგნული ცვლილებების წყალობით ხორციელდება. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი შიგნიდან მოედინება - რწმენიდან და სარწმუნოების თანახმად ცხოვრებიდან. როცა ეკლესია ანტიკურ ბერძნულ-რომაულ სამყაროში შევიდა, იგი არ მოუწოდებდა მონათმფლობელური რევოლუციისაკენ. მაგრამ მონობა შეუძლებელი გახდა სარწმუნოების, ადამიანისადა მთელი ცხოვრების ახალი შეფასების წყალობით. ერთ წმინდანს - აქ კი წმინდანი, უბრალოდ, ნიშნავს ადამიანს, რომელიც სერიოზულადაა განწყობილი თავისი სარწმუნოების მიმართ, - უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ათასობით დაბეჭდილ პროგრამას. წმინდანი ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერია ამქვეყნად.

დავუმატოთ ერთი უკანასკნელი შენიშვნაც: დიდი მარხვა ის დროა, როცა ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური ყოველივეს, რასაც ვამბობთ. ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, ჩვენ გამუდმებით ვიძირებით სიტყვებში, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე კი - ძალაც. ქრისტიანობა ჩვენს წინაშე ხსნის სიტყვის-ამ ჭეშმარიტად საღმრთო ნიჭის წმიდათაწმიდა საზრისს. ჩვენს სიტყვას დიდი ძალა აქვს, დადებითიც და უარყოფითიც. ამიტომ ჩვენი სიტყვების მიხედვით განვისჯებით: „ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან გამართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მ. 12,36-37). თუ ვუფიქრდებით და ვწონით სიტყვებს, მაშინ კვლავ შევიმეცნებთ მათ ღრმა და წმიდათაწმიდა აზრს და გვესმის, რომ ზოგჯერ უცაბედად ნათქვამ უმნიშვნელო ხუმრობას შეუძლია მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს, შეუძლია იქცეს უკანასკნელ წვეთად, რომელიც ადამიანური სასოწარკვეთილების თასს აავსებს და საბედისწერო ნაბიჯისაკენ უბიძგებს მას. მაგრამ სიტყვა მოწმობადაც შეიძლება იქცეს. კოლეგასთან სამსახურში შემთხვევით საუბარს შეუძლია ხშირად სამუშაოზე, სხვა ადამიანებზე, ცხოვრებაზე სწორი თვალსაზრისი უკეთესად გადასცეს, ვიდრე ფორმალურ ქადაგებას. სიტყვას შეუძლია ჩვენს გულში ცხოვრებისადმი ახალი მიდგომის შესაძლებლობა, შემეცნების წადილი გაამჟღავნოს. ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, როგორ განუწყვეტელ გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე სიტყვებისა და ჩვენი პიროვნების მთელი აგებულების მეშვეობით. და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ღმრთისაკენ იმიტომ კი არ მოიქცევიან, რომ ვიღაცა მათ ბრწყინვალე ახსნას აძლევს, არამედ იმიტომ, რომ მასში ხედავენ იმ სინათლეს, იმ სიხარულსა და სიღრმეს, იმ სერიოზულობასა და სიყვარულს, რომელთა გარდა არაფერი არ ამტკიცებს ამქვეყნად ღმრთის არსებობასა და სიახლოვეს.

ამრიგად, დიდი მარხვა, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ის დროა, როცა ადამიანი თითქოსდა კელავ პოულობს სარწმუნოებას, და თვით სიცოცხლესაც კი მისი საღმრთო მნიშვნელობით, მისი წმიდათაწმიდა სიღრმით. თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს, ვსწავლობთ ღმრთისაგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით. ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბრებსა და ზედაპირულ ფიქრებს და კვლავ ვგებულობთ ადამიანებთან, მათ შრომასა და ხელოვნებასთან ურთიერთობის უდიდეს ღირებულებას. ყოველივე ამას კი იმიტომ ვიგებთ, რომ, უბრალოდ, კვლავ ვიპოვეთ თვით ღმერთი, დავუბრუნდით მას, და მასში ყოველივეს, რაც მან მოგვანიჭა უსაზღვრო სიყვარულითა და მოწყალებით.

ამიტომაც ვგალობთ აღდგომის დღესასწაულის ღამეს:

აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაჲ და ქუეყანაჲ და ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესს, რომლითა განვძლიერდით.

არ მოგვაკლო ამ სასოებას, კაცთმოყვარეო!