გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე - შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს. შენს გმირობას ნუ ენდობი, თუნდაც ბევრს მოღვაწეობდე. ერთი მოღვაწე მეუბნება: „მე აუცილებლად უნდა ვიყო შეწყალებული, იმიტომ, რომ ყოველდღე ამდენ და ამდენ მუხლდრეკას ვაკეთებ“. მაგრამ როცა მოვიდა სიკვდილი, მან ტანსაცმელი შემოიხია. ამგვარად, არა ჩვენი გმირობით, არამედ თავისი მადლით გვწყალობს (უფალი) ღმერთი. უფალს სურს, რომ სული იყოს მორჩილი და ყველას სიყვარულით მიუტევოს. მაშინ უფალიც მიუტევებს მას სიხარულით. უფალს უყვარს ყველა და ჩვენ უნდა მივბაძოთ მას, უნდა გვიყვარდეს ყველა; თუ უძლურნი ვართ, უნდა ვთხოვოთ: უფალი უარს არ გვეტყვის და დაგვეხმარება თავისი მადლით. ჯერ კიდევ მორჩილებაში მყოფმა შევიმეცნე ღმერთის სიყვარული. იგი აუწერელია. სული გრძნობს, რომ ღმერთშია და ღმერთთან და უხარია, თუმცა სხეული იქანცება ღმერთის მადლით, მაგრამ ამ მადლის დაკარგვა შეიძლება ერთი ცუდი ზრახვითაც. ცუდ ზრახვებთან ერთად შემოდის ჩვენში მტრის ძალა; გრძნობს მაშინ ადამიანი დაღუპვას და ხედავს რომ ღვთის მადლი აღარ არის მასში, უამისოდ კი იგი ცოდვილი, უძლური მიწაა.
სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი, ბევრი გამოცდილებით სწავლობს, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს მცნებების თანახმად, მაშინ იგი თუმცა მეორედ, მაინც გრძნობს მადლს და აქვს შემართება ლოცვაში, მაგრამ თუ შესცოდებს ერთი ზრახვითაც კი, მადლი იმალება, და სული ტირის ღმერთის წინაშე. მთელი ცხოვრება სული ასე აწარმოებს ბრძოლას ზრახვებთან; გული არ გაიტეხო ბრძოლისაგან. უფალს უყვარს მამაცი მეომრები. ავი ზრახვები სტანჯავენ ამაყ სულს და სანამ იგი მორჩილი არ გახდება, ვერ გაიგებს, ვერ მიიღებს სიმშვიდეს. როცა ცუდი ზრახვები მოიწევს შენსკენ, მაშინ მოუწოდე ღმერთს ადამის მსგავსად: „უფალო, შემოქმედო, ჩემი სული იტანჯება ცუდი ზრახვებისაგან... შემიწყალე მე“. და როცა პირისპირ დგახარ მეუფის ნინაშე, მტკიცედ გახსოვდეს, რომ შენი ყველა თხოვნა, თუ იგი სასარგებლოა, შეწყნარებული იქნება.
ღრუბელი მოვიდა, დაფარა მზე, ჩამოწვა სიბნელე. ასე, ერთი ცუდიზრახვითაც კი სული კარგავს მადლსდა სიბნელე დაეუფლება. ასევე ერთი მორჩილი ზრახვითაც კვლავ მოდის მადლი. მე გამოვცადე იგი საკუთარ თავზე. იცოდე, თუ შენი ზრახვები იხრება ადამიანებისკენ - ვინ როგორ ცხოვრობს, ეს ნიშანია სიამაყის. იყავი ყურადღებით. თვალყური ადევნე საკუთარ თავს და ნახავ, როგორც კი სული თავს აიმაღლებს ძმის წინაშე, კვალდაკვალ მოჰყვება მას ცუდი ზრახვა, რომელიც არაა მაამებელი ღმერთისთვის და ამის საშუალებით სული მორჩილი ხდება. ხოლო თუ არ იქნება მორჩილი, მაშინ მოვა მცირე ცდუნება; თუ მაინც არ იქნება მორჩილი, მაშინ დაიწყება სიძვის ბრძოლები; თუ კვლავ ისე დარჩება, ვარდება რომელიმე მცირე ცოდვაში და თუ კვლავ არ დამორჩილდა, იქნება დიდი ცოდვა. და ასე მანამ იქნება ცოდვებში, სანამ არ მოიპოვებს მორჩილებას. მაგრამ, როგორც კი მოინანიებს, გულმოწყალე ღმერთი მისცემს მას მშვიდობას და გულაჩუყებას. შემდეგ კი დაიჭირე მორჩილება მთელი ძალით; თუ ასე არ მოიქცევი, ისევ ჩავარდები ცოდვებში.
ხედავს რა, რომ სული არ არის განმტკიცებული მორჩილებაში, უფალი ართმევს მას მადლს, მაგრამ არ დაეცე სულით ამის გამო: მადლი შენშია, მაგრამ დაფარულად. შენ მიაჩვიე შენი თავი, განაგდო ზრახვები სწრაფად, ხოლო თუ დაგავიწყდა და არ განდევნი მაშინვე, მოინანიე. იშრომე ამაზე, რათა მოიპოვო ჩვევა. სულს აქვს ჩვევა: როგორც მიეჩვევი, ისე გააკეთებ შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე. შენ შემეკითხები: როგორ ხდება ეს? აი ასე: როგორც ცოცხალი ადამიანი გრძნობს როდის ცხელა და როდის ცივა, ასევე გამოცდილებით, სულიწმიდის გამოცდილებით შემეცნებული ადამიანი გრძნობს, როდის არის მის სულში მადლი და როდის მოდის ავი სულები. უფალი აძლევს სულს გონებას, რომ შეიცნოს მისი მოსვლა და უყვარს იგი სულს, ასრულებს იგი უფლის ნებას. ასევე, ზრახვებს მტრისაგან სული შეიცნობს არა მისი გარეგნული სახის მიხედვით, არამედ მოქმედებით სულზე. გამოცდილებით შეიცნობა ეს, ხოლო ვისაც არა აქვს გამოცდილება, მას მტრები ადვილად მოატყუებენ. მტერი დაეცა სიამაყით და ჩვენც იქითკენ გვეწევა. მოაქვთ ჩვენთვის ქების ზრახვები. თუ სული მიიღებს ქებას, მადლი უკუიქცევა, სანამ მორჩილი არ გახდება სული... და ასე მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანმა უნდა ისწავლოს ქრისტესმიერი მორჩილება და სანამ არ შეისწავლის, მანამ ვერ შეიცნობს სული სიმშვიდეს ზრახვებისაგან და ვერ ილოცებს სუფთა გონებით. ვისაც უნდა სუფთად ლოცვა, მან არ უნდა იცოდეს არავითარი საგაზეთო სიახლე, არ უნდა იკითხოს ცუდი წიგნები ან ცნობისმოყვარეობდეს სხვის ცხოვრებაზე. ყველაფერ ამას მოაქვს გონებაში ბევრი არასუფთა ფიქრი და როცა ადამიანს უნდა გაერკვეს მასში, ისინი უფრო და უფრო მეტად უხლართავენ და უქანცავენ სულს. როცა სული ისწავლის სიყვარულს უფლისაგან, მაშინ მას ეცოდება მთელი ქვეყნიერება, ღვთის ყველა ქმნილება; მაშინ იგი ლოცულობს, რათა ყველა ადამიანმა მოინანიოს და მიიღოს სულიწმიდის მადლი. მაგრამ თუ სული ჰკარგავს მადლს, სიყვარული მიდის მისგან, რამეთუ ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია გიყვარდეს მტრები და მაშინ გულიდან გამოდის ავი ზრახვები, როგორც უფალი ამბობს (მათ. 15,19).
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11,29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში. ნეტარია, ვინც მოიპოვა მორჩილება, რამეთუ მან ჰპოვა სრულქმნილი სიმშვიდე ღმერთში. მე აქამდე ყოველ დღე ვთხოვ უფალს მორჩილებას; სულიწმიდით შევიმეცნე, რომ არსებობს ქრისტესმიერი მორჩილება და მწყურია მისი მოპოვება. ო, ქრისტესმიერი მორჩილება. ვინც შეგიგრძნო შენ, გაუმაძღრად მიიწევს იგი ღმერთისკენ დღე და ღამე.
ო, რა უძლური ვარ მე. დავწერე ცოტა და უკვე მოვიქანცე, სხეული ეძებს დასვენებას. უფალმაც დედამიწაზე სხეულში შეიგრძნო ადამიანური უძლურება. იგი, გულმოწყალე, იღლებოდა კიდეც გზისგან, ეძინა კიდეც ნავში ქარიშხლის დროს, ხოლო როცა მოწაფეებმა გააღვიძეს, უბრძანა ზღვას დაწყნარება და ქარსაც და ჩამოვარდა დიდი სიჩუმე. ასევე, სულში, როცა ჩვენ მოვუწოდებთ უფლის წმიდა სახელს, იქნება დიდი სიმშვიდე. ო, უფალო მოგვეცი უფლება გაქებდეთ შენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხიბლში ადამიანი ვარდება ან გამოუცდელობით ან სიამაყით. თუ გამოუცდელობით მოხდა, უფალი ჩქარა განკურნავს, ხოლო თუ სიამაყისაგან, დიდხანს მოუწევს სულს ტანჯვა, იქამდე სანამ სული არ ისწავლის მორჩილებას და მაშინ განკურნავს მას უფალი. ხიბლში ჩვენ ვვარდებით, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვართ, ვიდრე სულიერი მამა. ასე მე ჩემი გამოუცდელობით გავიფიქრე და ამის გამო დავიტანჯე. ძლიერ ვმადლობ უფალს, რომ ამით მან მორჩილება მომცა, არ წაურთმევია თავისი წყალობა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ სულიერ მამასთან აღსარების გარეშე შეუძლებელია თავის დახსნა ხიბლისაგან, იმიტომ რომ მათ (სულიერ მოძღვრებს) აქვთ მიცემული ღმერთისაგან ხელისუფლება შეკვრისა და გახსნისა.
თუ დაინახავ ნათელს (შუქს) შენს შიგნით ან გარედან, არ დაუჯერო მას, თუ მასთან ერთად არ არის შენში გულაჩუყება ღმერთის მიმართ და სიყვარული მოყვასისადმი; მაგრამ ნუ გეშინია, ჰყავ მორჩილება და ეს შუქი გაქრება. თუ ხედავ რაიმე ხილვას, ან სახეს, ან სიზმარს, არ დაუჯერო, იმიტომ რომ თუ იგი ღმერთისგანაა, თვითონ უფალი შთაგაგონებს ამას. სული რომელსაც არ შეუგრძვნია სულიწმიდა, ვერ შესძლებს გაიგოს საიდანაა ხილვა. მტერი აძლევს სულს ხანდახან სიტკბოებას, შერეულს პატივმოყვარეობაში. მამები ამბობენ, რომ როცა სული მტრისგან ხედავს ხილვას, შეშფოთებას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მორჩილი სული, რომელიც არ თვლის თავს ხილვის ღირსად; მტრული მოქმედების დროს იგი გრძნობს ან შეშფოთებას ან შიშს, პატივმოყვარემ კი შეიძლება არ განიცადოს არც მიში და არც შეშფოთება, იმიტომ რომ მას უნდა ხილვები და თვლის თავს ამის ღირსად. ამიტომ მტერი ადვილად ატყუებს მას. ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი გონებით, მაგრამ ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებით მეცნიერებისაგან, იგი ხიბლშია, იმიტომ რომ ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით. თუ შენ გონებით ხედავ ეშმაკებს, ჰყავ მორჩილება და ეცადე არ დაინახო; სწრაფად მიდი მოძღვართან ან ბერთან, რომელიც შენ გხელმძღვანელობს. ყველაფერი მოუყევი სულიერ მამას და მაშინ უფალი შეგიწყალებს, გაგათავისუფლებს ხიბლისაგან. ხოლო თუ გაიფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენ მეტი იცი მოძღვარზე და არ ეტყვი მას აღსარებაზე, რაც შენში ხდება, მაშინ აუცილებლად დაშვებულ იქნება შენზე ხიბლი გამოსაფხიზლებლად. მტერს ებრძოლე მორჩილებით. როცა ხედავ რომ შენი გონებით იბრძვის სხვა გონება, მორჩილება ჰყავ და ბრძოლა შეწყდება. თუ მოხდება ისე, რომ დაინახავ ეშმაკებს, ნუ შეგეშინდება და ისინი გაქრებიან, ხოლო თუ შენ გიპყრობს შიში, მაშინ ვერ გაექცევი ზიანს. იყავი მამაცი. გახსოვდეს, რომ გიყურებს უფალი, გაქვს თუ არა მისი იმედი. თუ ჩავარდი ხიბლში და გინდა გათავისუფლდე მისგან, ნუ წარიკვეთ სასოს, იმიტომ რომ უფალს უყვარს ადამიანები და მოგცემს გამოსწორებას; და გექნება სიმშვიდე ზრახვებისაგან, რომელიც მოაქვს მტერს, მაგრამ სულმა რომ მშვიდობა მოიპოვოს, მორჩილი უნდა იყო და ამბობდე: „მე ყველაზე ცუდი ვარ, ყველა პირუტყვზე და მხეცზე უარესი“. ასევე სუფთად უნდა თქვა აღსარება სულიერ მამასთან და მაშინ გაიქცევიან ეშმაკები.
როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა გეუბნება: მოიპარე და მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს საკუთარ თავზე. თუ ზრახვა გეუბნება - ჭამე ბევრი, გაძღომამდე და შეჭამ ბევრს, ისევ ეშმაკს აძლევ ნებას, იბატონოს შენზე. ასე თანდათან დაგეუფლება ზრახვა ყოველგვარი ვნებისა და გახდები ეშმაკის თავშესაფარი, მაგრამ თუ მიიღებ საჭირო სინანულს, ისინი გაიქცევიან. როცა ჩვენ ვტირით ცოდვებისთვის და მორჩილებას ვყოფთ, არ გვაქვს ხილვები და სულს არც სურს ისინი, ხოლო როცა ვტოვებთ ტირილს და მორჩილებას, მაშინ გაგვიტაცებს იგი. მე არ ვიცოდი, თუ რა საჭირო იყო შემუსვრილება, თუკი უფალმა მოგიტევა ცოდვები; შემდეგ კი გავიგე, რომ ვისაც არა აქვს შემუსვრილება, იგი ვერ გაჩერდება მორჩილებაში, რამეთუ ბოროტისულები ამაყნი არიან, ისინი ჩაგვაგონებენ სიამაყეს, უფალი კი გვასწავლის მორჩილებას და სიყვარულს, ამის საშუალებით სულში შემოდის მშვიდობა. ბრძოლებში უნდა იყო მამაცი. უფალმა წინასწარმეტყველ იერემიას უთხრა: „წადი, იქადაგე და იყავი მამაცი, თორემ დაგსჯი“ (იერ. 1,17). უფალს უყვარს მამაცი და ბრძენი სული, ხოლო თუ ჩვენ არა გვაქვს არც ერთი და არც მეორე, უნდა ვთხოვოთ ღმერთს და დავუჯეროთ სულიერ მამებს: მათში ცხოვრობს მადლი სულიწმიდისა. განსაკუთრებით ადამიანი, რომლის გონებაც დაზიანდა ეშმაკის მოქმედებისაგან, არ უნდა ენდოს საკუთარ თავს, არამედ უსმინოს სულიერ მამას. სულიერი უბედურებები ხდება ჩვენში სიამაყისაგან, ხოლო სხეულებრივი ხშირად დაშვებულია ღმერთისგან ჩვენდამი სიყვარულის გამო, როგორც ეს მოუხდა იობს. სიამაყის შეცნობა ჩვენში ძნელია. მაგრამ აი ნიშნები: თუ შენ თავს გესხმიან მტრები, ან გტანჯავენ ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში არ არის მორჩილება და ამიტომ თუმცა ვერ გებულობ შენს სიამაყეს, - მაინც ჰქმენ მორჩილება. თუ ღიზიანდები, ე.ი. ნერვიული ხარ, ეს ნამდვილი უბედურებაა. ვინც იტანჯება შეტევებით, ეს ავადმყოფობა იკურნება მორჩილებით, მონანიებით, ძმისადმი და მტრისადმი სიყვარულით.