„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ
არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34)
მაღალ გალავანს, ძველ იერუსალემს გარს რომ ერტყა, არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ღრმად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის დიადი ხელმწიფის ეს წმიდა ქალაქი ერთგვარ შეუვალ ზღუდეს უნდა დაეცვა გარე სამყაროს ბოროტებისა და ცდომილებათაგან. ქალაქში დაუშვებელი იყო უწმინდურება და სიბილწე. თვით ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა დასჯა მის კედლებს გარეთ აღესრულებოდა...
თხემის ადგილას, ამაღლებულ ბორცვზე, ქალაქის გალავნის გარეთ, ის ჯვარი იყო აღმართული , რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე. ჯვარს აცვეს, ვითარცა სჯულის დამრღვევი, ვითარცა შეურაცხმყოფელი ღმრთისა. გოლგოთიდან კარგად მოჩანდა იერუსალიმი და ის ტაძარი, უფლის „ხილული“ სამყოფელი რომ იყო ღმრთის რჩეული ერისათვის და რომელშიც იწირებოდა მსხვერპლი მომავალი გამოსყიდვის წინა სახედ. ყოველივე ჯვარცმული მაცხოვრის თვალწინ გადაშლილიყო...
სახარების მიხედვით, ქრისტე ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებში იერუსალიმის ხილვისას წუხდა, რადგან ქალაქი, ქვეყნიერების ნათლად მოწოდებული, ბოროტებაში ჩაძირულიყო; ჭვრეტდა უფალი მის მოახლოებულ ნგრევასა და განადგურებას. უფლის თვალწინ გადაშლილიყო იერუსალიმი და გული მწუხარებასა და ტკივილს გრძნობდა, რადგან ის, ვისთვისაც სჯული იყო მოცემული, ის, ვის სახელზეც შეიწირებოდა მსხვერპლი, ვინც განუზომლად აღემატებოდა ტაძარს და მის სიწმინდეებს, ძე ღმრთისა იდევნებოდა უფლის ქალაქიდან; სამღვდელოთა და მთავართაგან უარყოფილი და ბრბოსაგან შეურაცხყოფილი, ავაზაკთა შორის შერაცხილი, ტანჯვით აღესრულებოდა ჯვარზე იმ დროს, როცა იერუსალემი პასექის დღესასწაულისათვის ემზადებოდა. პასექისთვის, რომელიც ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების გახსენების გარდა, წინასახე იყო მომავალი მხსნელის მოვლინებისა.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო საშინელი და ყველაზე უფრო სამარცხვინო ჟამი დგებოდა: საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულებოდა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
საშინელი დანაშაულის გასაქარწყლებლად, საშინელი სირცხვილისაგან ადამიანთა სულების განსაწმენდად არ იქნებოდა საკმარისი ზეციური გრგვინვა, ცეცხლი სოდომისა და გომორისა. თვისობრივად სხვა რამ იყო საჭირო, ადამიანთა და ადამიანურ ურთიერთობათა სხვა კანონი, და ეს ახალი კანონი იყო: - პატიება, შენდობა, ყოვლისმიმტევებელი სიყვარული.
ჯვარცმის შემდეგ სამყაროში არ გამქრალა ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის გამომხატველი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ...“ არამარტო სტეფანე პირველმოწამემ გაიმეორა, არამედ ყოველი მორწმუნე სიხარულით და სიყვარულით წარმოთქვამდა მხსნელის სიტყვებს. ეს ყოვლისმიმტევებელი სიყვარული განახლებული ცხოვრების და განახლებული სიხარულის წყაროდ მოედინებოდა ქრისტიანულ სამყაროში. მიმტევებლობის ამ სიტყვებს მხოლოდ მას შემდეგ აქვს ძალა, რაც ისინი ქრისტემ წარმოთქვა.
მხოლოდ შენდობის სურვილი არ კმარა. საჭიროა შენდობის უფლება და მართლაც, როცა სიკეთე შეურაცხყოფილია და ზეიმობს ბოროტება, რომელსაც ამდენი უკურნებელი სალმობანი და ტანჯვა-წამება მოჰყვება, როდესაც სიცრუესა და სიბნელეს ამდენი ტკივილი მოაქვს, ვის აქვს უფლება, კი არ შეებრძოლოს ბოროტებას, არამედ შეუნდოს; შეიძულოს ცოდვა და შეიყვაროს ცოდვილი; არა განიკითხოს, არამედ გადაარჩინოს?
ეს უფლება კაცობრიობას და ყოველ ადამიანს მიანიჭა ქრისტემ; მიანიჭა ჯვრიდან. მხოლოდ მას, ყოვლადუცოდველს, განკაცებულ ძე ღმრთისას, სიყვარულს და ამავე დროს ადამიანური უსამართლობის, სიძულვილის, ცილისწამების, ღალატისა და ტანჯვა-წამების მთელი სისავსით მტვირთველს შეეძლო ამგვარი საბოლოო განაჩენი გამოეტანა კაცობრიობისათვის.
ამის შემდეგ მის მიმდევართ შეუძლიათ, და ვალდებულნიც არიან, იარონ მისი გზით.
არსებობს ჭეშმარიტებისა და ნათლის მარადიული დიადი წიგნი, აღსავსე ღმრთაებრივი სამართლიანობის აღსრულების მხურვალე მოწოდებებით. ესაა ფსალმუნთა წიგნი - წიგნი სულის წუხილისა - უკეთესობისა და სრულყოფილების წყურვილისა. მასში მრავლადაა ვედრებანი დიადი მსაჯულის მიმართ, რათა უსჯულოებზე მოაწიოს რისხვამ და მიეგოთ საქმეთა მათთაებრ. სიდიადე და კეთილშობილება გამოკრთის ძველი აღთქმის სიმართლის მაძიებლის ამ სიტყვათაგან.
გადიოდა საუკუნეები. თითქოს არ ისმენდა ღმერთი მართალთა ლოცვა-ვედრებას. დედამიწაზე ბოროტება ბატონობდა , სიმართლე დათრგუნულიყო, მსაჯული მოსვლას „აყოვნებდა“. ბოლოს და ბოლოს, აღივსო რა უსჯულოების ფიალა, ზეცას შეჰღაღადა მიწაზე დაღვრილმა ყოველი მართალის სისხლმა აბელიდან ბარუქის ძე ზაქარიამდე და მოვიდა ის, ვისაც მიეცა ყოველი ხელმწიფება, ვისთვისაც ცხადი იყო ამა სოფლის უსამართლობა და ბოროტება; ადამიანთა მწუხარება; ვინც უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა თითოეულის ტანჯვას... ყოვლის მსაჯულ უფალს, მას, ვისაც ყოველივე ემორჩილებოდა, ზეციურიც და ქვეყნიურიც, ტახტზე მჯდომარეს ჭვრეტდა დიდი წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე. თუ ქრისტე სამეუფო ტახტზე მჯდომარე განსჯიდა, კაცობრიობისათვის განაჩენი საბოლოო იქნებოდა... მაგრამ ყოველთა მეუფემ და მსაჯულმა ადამის მოდგმის პირველი განაჩენი არა სამეუფო ტახტიდან, არამედ ჯვრიდან, ჯვარცმულმა წარმოთქვა... ეს განაჩენი სამყაროს გადარჩენის, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისა და სიყვარულის საწყისად გაისმა. „მამაო, მიუტევე“... ეს სიტყვები ბოროტებაზე გამარჯვებაა! დიახ, გამარჯვებაა, არა ძალმომრეობით, არამედ სიყვარულით. ეს სიტყვები ბნელეთის სამყაროს შემმუსვრელ იმ ნათლად იქცა, ჯვარცმული მაცხოვრის სიდიადიდან რომ გამოკრთოდა.