„დედაკაცო, აჰა ძე შენი!..
აჰა დედაჲ შენი...“
(იოან. 19,26-27)
ნელ-ნელა გადიოდა დრო. რამდენიმე დღის წინ „ოსანას“ მგალობელი, ახლა კი უფლის ჯვარცმის სეირის მაყურებელი ბრბო თანდათან მცირდებოდა.
დადუმდნენ ერისმთავარნი და მღვდელნი, გინებითა და აბუჩად აგდებით ერთგვარად რომ დაიკმაყოფილეს ჯვარცმულის მიმართ სიძულვილი.
გაბოროტებულ ცნობისმოყვარეთაგან ზოგნი წასულიყვნენ, ზოგნი დადუმებულიყვნენ. შეთხელებული ბრბოდან გამოიკვეთა უფლის ახლობელი და ძვირფასი ადამიანები.
სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა იხილა დედაჲ თვისი და მოწაფე, რომელიც უყვარდა. დედა უფლისა იდგა ჯვართან თავმდაბალი, შეუმჩნეველი; იდგა და ხედავდა ყოველივეს.გრძნობდა განუზომელ ტანჯვას, დამცირებას, კაცთა უსაზღვრო ბოროტებას, გარდაუვალ სიკვდილს ხედავდა...
სიტყვა უძლურია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის განცდათა გადმოსაცემად.
დუმს სახარებაც.
თუმც ეკლესიამ ამგვარად გადმოგვცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის („ვის სულშიაც განვიდა მახვილი“, ლუკ. 2,35) განცდები: - „... შენ თანა მოვკვდები, რამეთუ ვერ ვიტვირთავ ხილვად, შვილო, ნაკადულსა მაგას, ყოვლადუბიწოთა სისხლთა შენთასა“ „... ვითარ თავს ვიდებ მე უხმობასა შენსა, რომელს გაწოებდ ჩჩვილებრ წიაღთა ტვირთულსა... ვითარ ვიტვირთო ტკივილი ნაწლევთა, შვილო, ვხედვიდე რა თვალთა შენთა ძელსა ზედა მირულებულთა, რომელთა პირველ ვხედვიდი მშვენიერთა სიკეთითა, თვალიერ-მყოფელთა ყრმათასა... ვერ ვიტვირთავ მე უსულოდ დიდებასა შენსა საფლავსა შინა ძეო ჩემო, მკვდართა აღმადგინებელო; მოიხილე ტკბილო, ვითარ ესე განვლო მახვილმან შენმან მგზნებარე გული ჩემი... ჰოი მე გაბრიილ, სადა არს გიხაროდენ! სადა ხარება, სადა კურთხეულ არსი! ნათელი საშოსა დამიშრტა ჯვარსა ზედა. არა ვსტიროდე ყურიმლისცემასა შოლტითურთ და ნერწყუასა ბასრობითურთ, ანუ ჯვარცმასა შენსა ქრისტე ნაღვლითურთ, ანუ ლახვარსა, აწ ვითარ მიგაწვინო, ვითარცა მკვდარი, ჰოი ძეო ჩემო... ვითარ ერმან უსჯულომან შვილო ჩემო, ტკბილო, შიშველი ძელსა ზედა უწყალოდ გიხილეს და მხეცებრივ მიგხედნეს მძვინვარებით და განჰგმირეს საღმრთო გუერდი შენი, ვითარ არა დაიხსნნეს არსნი და შეირყივნეს, არამედ სულმან შენმან დაიცვნა ყოველნი სიტყუაო...“ (ტრიოდიონი, გოდება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა).
სახარება კი გვეუბნება, რომ დედა უფლისა იდგა ჯვართან...
იქნებ ღმრთაებრივი შვილის ყრმობას იხსენებდა, მაშინვე რომ სურდათ მისი მოკვდინება ამა სოფლის თავადის მიერ აღძრულ ძლიერთ ამა ქვეყნისა. აგონდებოდა მორჩილება, სიმშვიდე, სიბრძნე ყრმა იესუსი. აგონდებოდა მოძღვარი, თავის მისადრეკი ადგილიც რომ არ ჰქონდა; დასვენება რომ არ იცოდა, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდა ადამიანებისთვის.
თვალწინ კი ჯვარცმა აღესრულებოდა ენით გამოუთქმელი ტკივილებით; ყურს მოსწვდა განსაცვიფრებელი სიტყვები: - „მიუტევე მათ...“, „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა...“
ეგებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დედობრივი გული იმედოვნებდა, რომ ღმრთაებრივი ძე მასაც ეტყოდა სიტყვას... აი, უფალმა იხილა დედაჲ თვისი და ჰრქუა მას: „დედაკაცო“ (არ უთხრა „დედაო ჩემო“, არამედ „დედაკაცო“, რადგან ის, ვისაც მთელი დედობრივი გრძნობა და სითბო მისცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, ამსოფლიდან გადიოდა). „აჰა ძე შენი“, აქ, ამ სოფელში, დარჩი დედად მისთვის, ვინც ჩემს მაგივრად მზრუნველობას გაგიწევს, განუგეშებს და დაგიფარავს. იყავ დედა ჩემი ერთგული მეგობრისა და ყველა ჩემი მეგობრისა. „მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი“. მოწაფემ, რომელიც უყვარდა, მოციქულთაგან ერთადერთმა, არ მიატოვა სათაყვანებელი მოძღვარი შეჭირვებაში, სწორედ მას უთხრა: „-აჰა დედაჲ შენი:“ ნუ იგლოვებ, არ დარჩე მარტო, არამედ იცოცხლე და გიყვარდეს...
და არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი დედა და უდიდესი მფარველი უფლის ყოველი ერთგული მიმდევრისა და მეგობრისა.