„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო,
რაჲსათვის დამიტევე მე?“
(მათე 27,46)
სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.
უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ, მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ...“ (ტრიოდიონი, დიდ პარასკევს ცისკრად. აღსავალი 12).
ამგვარად გადმოგვცემს ეკლესია უფლის სიტყვას. ალბათ, იგივე კითხვები და აზრები აწუხებდათ სინდისდამძიმებულ იუდეველებს, როცა სირცხვილეულნი, მკერდში მჯიღის ცემით გოლგოთიდან ბრუნდებოდნენ.
უფალმა ყველას მიუტევა. მტრებსაც. მაგრამ ეს სოფელი მარტოოდენ პატიებას არ საჭიროებდა. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება განილეოდა. თავისი საქმე ვინმესთვის უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ვისთვის? რჩეულმა ერმა ჯვარს აცვა მესია. თავისიანებმა არ მიიღეს უფალი. უახლოესი მეგობრებიც შემოეფანტნენ. ჯვართან მხოლოდ რამდენიმე ახლობელი დარჩა, გარდაცვალების ჟამს ყველა ადამიანთან რომ რჩებიან. „შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილამდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა“ - სთხოვდა უფალი უახლოეს მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში, მაგრამ მათ თხოვნა ვერ შეუსრულეს... იტანჯებოდა მაცხოვარი მარტოობისაგან, გამცემლობისგან, ამ სოფელში ბოროტის ზეობისგან. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?“ - ასე ლოცულობდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ამგვარადვე შეჰღაღადა ჯვარცმულმა ძემ კაცისამ ზეციურ მამას მთელი კაცობრიობის სახელით, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებს - სიმართლის მაძიებელთ და ღმრთისმოყვარეთ ყოველთვის ტანჯავდათ კითხვები, თუ რატომ მიეცა დედამიწა უსჯულოებს; რატომ იდევნებიან მართალნი; რატომ აფარებენ უდაბნოებსა და ქვაბებს თავს ისინი, რომელთა ღირსიც არაა მთელი ქვეყანა; რატომ არიან აღზევებულნი ბოროტისმქმნელნი და რატომ ზეიმობენ უსამართლონი?
უწინ მამამ პასუხად მოსცა ძეს: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო“ (იოან. 12,28). ხოლო ჯვარცმისას ზემორე სიტყვებზე პასუხი არ ყოფილა. ძე ღმრთისამ განკაცებით უკიდურესად დაიმდაბლა თავი, ადამიანური ნებით ბოლომდე დაემორჩილა ღმრთაებრივს და სრულად გაითავისა კაცობრიობის გზა.