სიზმრების გარდა, არსებობს ხილვებიც. მათ სხვაგვარად გამოცხადებებს ან ჩვენებებსაც უწოდებენ.
ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ადამიანი ხედავს სიფხიზლეში და არა ძილის დროს. ხილვის ჭვრეტაში ადამიანის ყველა გრძნობა მონაწილეობს.
ისევე, როგორც სიზმრები, ხილვებიც შეიძლება მომდინარეობდეს როგორც ღვთისაგან, ისე ეშმაკისაგან.
ხილვებს ღმერთი, ჩვეულებრივ, კეთილმსახურ და წმინდა ადამიანებს მოუვლენს ხოლმე სარწმუნოებასა და სულის ცხონებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასაწყვეტად.
ერთხელ წმიდა ანტონი მთაზე მოწაფეებს ესაუბრებოდა. უეცრად მან იხილა, თუ როგორ მაღლდებოდა ზეცაში ვიღაცის თვალისმომჭრელად სპეტაკი სული. ზეცაში დღესასწაული იყო. ანგელოზები ზეიმობდნენ.
ანტონი დადუმდა და აღფრთოვანებით შესქცეროდა ცას. სურდა გაეგო, გაეგო, თუ ვისი ეს სული, ღვთის სასუფევლისკენ, დაუსრულებელი სიხარულისკენ რომ მიისწრაფოდა. ამ დროს ზეციდან გაისმა ხმა: „ეს ამონის სულია“.
ამონი მოსაგრეობდა ნიტრიის უდაბნოში, რომელიც ძალზე იყო დაშორებული ანტონი დიდის სამოღვაწეო ადგილს. მას ისეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა, რომ ერთხელ სიარულით გადალახა მდინარე და მეორე ნაპირს ისე მიაღწია, ფეხიც არ დაუსველებია.
ღირსი ანტონის მოწაფეებმა მოძღვრის აღფრთოვანება რომ იხილეს, ჰკითხეს:
- რა მოხდა? რატომაა, რომ ვერც ვერაფერს ხედავ და არც არაფერი გესმის?
ანტონიმ მათ მიუგო:
- ახლა გარდაიცვალა ამონი, ჩემი თანამოსაგრე და მეგობარი.
მოწაფეებმა ეს დაიმახსოვრეს. ჩაინიშნეს ის დღე და საათი, როცა წმინდანმა ჩვენება იხილა. მოგვიანებით, ოცდაათი დღის შემდეგ, ანტონისთან ნიტრიის უდაბნოს ბერები მივიდნენ და ღირსი ამონის მიცვალების დროც აუწყეს. ცხადი გახდა, რომ ამონი სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როცა წმიდა ანტონიმ ზეცად აღმავალი მისი ბრწყინვალე სული იხილა. ამას რომ გებულობდნენ, ყველანი სიხარულით ივსებოდნენ და უკვირდათ დიდი მეუდაბნოე ანტონისა.
საკვირველი ჩვენება ჰქონდა ბასილი დიდსაც. სპარსეთში სალაშქროდ მიმავალ უსჯულო იმპერატორ იულიანეს გზად კესარიაზე უნდა გაევლო. ქალაქში ჩასვლამდე იულიანემ კაცები აფრინა ბასილი დიდთან და უბრძანა, გამოსულიყო მასთან შესახვედრად და ეკლესიის ოქროულობაც მიერთმია. ბასილი იმპერატორს ჯერ კიდევ ათენიდან იცნობდა, სადაც ისინი ერთად სწავლობდნენ. იგი ხალხთან ერთად გამოეგება თვითმპყრობელს, მაგრამ მის ამალას ოქროულობის ნაცვლად სამი ქერის პური მიართვა.
განრისხებულმა იულიანემ მიიღო ძღვენი, მაგრამ მსახურებს უბრძანა, სანაცვლოდ ეპისკოპოსისთვის პირუტყვის საკვები - ჩალა და თივა შეეძლიათ.
ასეთი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება რომ იხილა, წმინდანმა თქვა:
- მეფეო, როცა გვიბრძანე, რომ შეგხვედროდით, ის მოგართვით, რასაც თავად ვჭამთ. შენც იმას გვთავაზობ, რასაც შენ შეექცევი.
კიდევ უფრო განრისხებული იულიანე წმინდანს დაემუქრა:
- ახლა მიიღე ეს ძღვენი, მაგრამ როცა სპარსეთიდან გამარჯვებული დავბრუნდები, გადავწვავ ამ ქალაქს, მის უგუნურ და შენგან მოტყუებულ მცხოვრებლებს კი ტყვედ წავასხამ, რადგან აგინებენ ღმერთებს, რომელთაც მე თაყვანს ვცემ. შენც ღირსეულ ჯილდოს მიიღებ.
ბასილი დიდი იცნობდა იულიანეს ველურ ზნეს, მის მძვინვარე და ფეთქებად ხასიათს. ცხადი იყო, რომ მისი სიტყვები უბრალო მუქარა კი არა, ბასილისთვის გამოტანილი განაჩენი იყო. წმინდანმა ხალხი შეკრიბა, აუწყა, რა საფრთხეც ელოდა ქალაქს იულიანეს დაბრუნების დროისათვის; მოუწოდა, ოქრო-ვერცხლის მთელი მარაგი მოექუჩებინათ და მზადყოფნაში ჰქონდათ, რომ როცა იულიანე ქალაქ მოადგებოდა, შეეგებებინათ მისთვის. „ეს დააცხრობს ვერცხლისმოყვარის რისხვას და თავისი განზრახვის აღსრულებას გადაიფიქრებს“, - თქვა მან.
კესარიის მცხოვრებლებმა უამრავი ოქროს და ვერცხლის მონეტა მოიტანეს. ბასილი დიდი იწერდა, ვის რამდენი მოჰქონდა.
როცა იულიანეს დაბრუნების დრო მოახლოვდა, ბასილიმ შეკრიბა ყველა ქრისტიანი კაცი, ქალი თუ ბავშვი და სამდღიანი მარხვა დაუწესა. შემდეგ ყველანი დიდიმის მთაზე შეიკრიბნენ (ეს სახელწოდება მთამ თავისი ორი მწვერვალის გამო მიიღო), სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი იყო აღმართული.
მთის მწვერვალზე სამჯერ აღასრულეს ღამისთევის მსახურება. ქრისტიანები მხურვალედ ლოცულობდნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ, შურისძიების წყურვილით ანთებულ თვითმპყრობელს შეეცვალა თავისი განზრახვა.
მესამე დღეს ხალხთან ერთად ლოცვად მდგარმა ეპისკოპოსმა საოცარი ჩვენება იხილა: ანგელოზთა ურიცხვი მხედრობა შემოერტყა მთას. შუაში ბრწყინვალე საყდარზე მჯდომი ქალწული ჩანდა. ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო.
ერთხანს ღვთისმშობელი ანგელოზებს ესაუბრებოდა და შემდეგ კი ბრძანა: „მოუხმეთ მერკურის, დაე, ის წავიდეს და განგმიროს ჩემი ძის მტერი, იულიანე“.
გაოცებულმა ბასილი დიდმა იხილა, თუ როგორ წარდგა ზეციური დედოფლის წინაშე საჭურვლით შემოსილი წმიდა მოწამე მერკური, მიიღო მისი ბრძანება და გაუჩინარდა.
ამ ხილვის შემდეგ წმინდანი სხვებთან ერთად ქალაქში დაბრუნდა. აქ იყო დიდმოწამე მერკურის სახელობის ტაძარი და მისი საჭურველი. მერკური კესარიაში ეწამა იმპერატორების, ვალერისა და ვალერიანეს ზეობისას.
წმიდა ბასილი ტაძარში შევიდა. მან გაოცებით შენიშნა, რომ არც მერკურის წმიდა ნაწილები და არც მისი აღჭურვილობა ადგილზე აღარ იყო. მოუხმეს ტაძრის დარაჯს. ისიც შეძრწუნდა. არაფერი იცოდა. მაშინ ბასილი დიდი მიხვდა, რომ მისი ხილვა ჭეშმარიტი იყო.
სწორედ იმ დღეს, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იულიანე მოკლეს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო“.
არსებობს ეშმაკისეული ხილვებიც. როგორც პავლე მოციქული წერს, სატანა „იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“. ის ხან რომელიმე წმინდანის, ხან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ხან ნათების სახით გვევლინება და იძლევა ერთი შეხედვით კეთილ და სასარგებლო რჩევა-დარიგებებს, რომელთა ნამდვილი მიზანი ადამიანთა მოხიბლვა და ცდუნებაა.
ჩვენს დროში გამოჩნდა მრავალი ე.წ. „ნათელმხილველი“, რომლებიც სინამდვილში ეშმაკის იარაღები არიან. ხშირად ისინი, უბრალოდ, ტყუიან. ერთხელ ერთმა ასეთმა „წმიდანმა“ მთელი ათენი ააფორიაქა თავის მონათხრობით რაღაც ნათების შესახებ, რომელსაც ვითომ გაძლიერებული ლოცვის დროს ხედავდა.
სიცრუესა და ტყუილს არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს საღვთო მოვლენებთან. მაგრამ, გარდა გამონაგონებისა, არსებობს ნამდვილი ხილვებიც, რომელთაც ეშმაკი გვივლენს. მათი მიზანი - ადამიანთა ცდუნებაა.
1853 წელს გაზეთებში გამოჩნდა სტატიები წმიდა პარასკევას გამოცხადებაზე, ერთი ოცი წლის ეტოლიელი გოგონას სახით. თითქოს წმიდა პარასკევა მისი პირით ბრძანებდა, აღედგინათ კანკელი, ან ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და ა.შ.
მთელი მიმდებარე სოფლების მოსახელობამ ირწმუნა, რომ ის, ვინც მათ ეცხადებოდა, ნამდვილად წმიდა პარასკევა იყო.
ერთ-ერთი თავისი გამოცხადების დროს „წმინდანმა“ ბრძანა, ყველანი შეკრებილიყვნენ და ერთ-ერთ სოფელში მდებარე წმიდა პარასკევას ტაძარში წასულიყვნენ. ამ დროს გოგონამ ხმა დაკარგა და სათქმელი ხალხს წერილობით გადასცა. მრავალრიცხოვანი პროცესია გაემართა წმიდა პარასკევას ტაძრისკენ. ამ სოფლის კეთილგონიერი მოძღვარი არ მოხიბლულა და სხვა მორწმუნეების აღტყინება არ გადასდებია. როცა ტაძარში მივიდნენ, გოგონამ მღვდელმთავარივით გაიარა სამეუფო კარში, რწმენის სიმბოლო წარმოთქვა (მეტყველების უნარი დაუბრუნდა) და ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა. თითქოს პავლე მოციქულს ქალებისთვის ეკლესიაში ქადაგება არ აეკრძალოს. მას თავი, როგორც ჩანს, მოციქულზე აღმატებულად მიაჩნდა.
მოულოდნელად „წმინდანმა“ ერთ-ერთ იქ მდგომს მიმართა: „შენ რატომ არ ინანიებ? აღსარება ხომ უკანასკნელად ოცდაათი წლის წინ თქვი მაკედონიის ერთ-ერთ სოფელში (დაასახელა ეს სოფელი), სადაც შენი სამხედრო ნაწილი იდგა?!“ ამ უკანასკნელს თავზარი დასცა ამგვარმა მხილებამ.
ამის შემდეგ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გოგონა წმიდა პარასკევას სახელით ლაპარაკობდა. ამერიკიდან, სადაც ამის შესახებ გაზეთებიდან შეიტყვეს, რეგულარულად დაიწყეს ფულადი შემოწირულობების გადარიცხვა.
ექვსი თვის შემდეგ გოგონა მშობლებთან ერთად ერთ პატარა ქალაქში ჩავიდა. როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ ამ სტრიქონების ავტორიც იქ იმყოფებოდა, შვილს მასთან რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისვლა შესთავაზეს. გოგონა ჯიუტობდა, მაგრამ დედ-მამის დაჟინებულმა თხოვნამ გასჭრა და მოვიდა. მე შევეცადე ამეხსნა, რომ მისი ხილვები ეშმაკისგან იყო და ვაფრთხილებდი იმ ბოროტების შესახებ, რომელსაც სატანა უმზადებდა. სამწუხაროდ, მან არაფრის გაგონება არ ისურვა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ვნების შვიდეულში იგი ტაძარში მივიდა და ეპისკოპოსს სთხოვა, დიდ პარასკევს გვირგვინი დაედგა მისთვის. აი, საით მიჰყავდა იგი „წმიდა პარასკევას“.
ორი წლის წინ ათენის გაზეთებში გამოჩნდა ცნობები სხვა ხილვების შესახებ, რომლებიც ჰქონდა ერთ გოგონას მთიანი ნავპაქტიიდან. მას თითქოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეცხადებოდა და სხვადასხვა განკარგულებას აძლევდა. მაგალითად, უბრძანებდა, გასულიყო ქვეყნად ქრისტიანობის საქადაგებლად.
ერთ კვირა დღეს, აგრინიოსში, ამბიონზე საქადაგებლად გასვლის წინ იმ სოფლის თავკაცმა, სადაც ეს გოგონა ცხოვრობდა, გადმომცა გრძელი ფურცელი მოძღვრის, მასწავლებლისა და თავისი ხელმოწერით და მთხოვა, სახალხოდ წამეკითხა მისი მითითებანი, ვინც ხილვეში თავს ყოვლადწმიდა ღვთიმშობლად აცხადებდა. მე, რა თქმა უნდა, უარი განვუცხადე და ავუხსები იმის არსი, რაც ხდებოდა.
მოხდა ისე, რომ ერთხელ სხვებთან ერთად ჩემთან ის გოგონაც მოვიდა აღსარებაზე. ძალიან კეთილი და სათნო ხასიათისა ჩანდა. წასვლის წინ მითხრა:
- მამაო, მე ის ვარ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს რომ ვხედავ.
- აჰ, ეს შენ ხარ? მაინც რა სახით გეჩვენება ის?
- შავებში ჩაცმული დედაკაცის სახით.
- რამდენჯერ ნახე?
- დაახლოებით, ათჯერ. პირველად ეს მოხდა კვირა საღამოს, როცა ფარას მომწყდარ ცხვარს ვეძებდი. იგი მოულოდნელად წარდგა ჩემს წინ და მითხრა: „მე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ვარ. ახლავე წადი სოფელში, სადაც გზას არემონტებენ და უთხარი, შეწყვიტონ მუშაობა, იმიტომ, რომ დღეს კვირადღეა“. მე წავედი, გადავეცი ქალწულის დანაბარები და ისინიც შეჩერდნენ.
მეორედ ეს მოხდა შობის წინა დღეს. მან მითხრა: „გადაეცი თანასოფლელებს, რომ შობას არავინ გაიხსნილოს, იმიტომ რომ იგი პარასკევს ემთხვევა“. და შობას მთელი სოფელი მარხულობდა.
- განა ვერ ხედავ, შვილო, - მივმართე გოგონას, - რომ ეს ეშმაკია და არა ღვთისმშობელი? განა კარგი არ იყო, შენი თანასოფლელები რომ არემონტებდნენ გზას? მაგრამ სატანამ ისურვა, რომ ისინი ამ საქმით კი არა, ყავახანებში ჯდომით, კარტის თამაშით, ლოთობით და ბილწსიტყვაობით ყოფილიყვნენ დაკავებულნი...
ან რა უნდა ვთქვათ იმ შემთხვევაზე, როცა ქრისტიანები შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მარხულობდნენ? ჩვენი ეკლესია შობიდან ნათლისღებამდე, თორმეტი დღის მანძილზე ხსნილს განაჩინებს. ამ დღეებში ყველაფრის ჭამა შეიძლება. განა ვერ ხვდები, რომ ეს ბრძანებაც ეშმაკისგან მოდის? როცა ის ისევ გამოგეცხადება, უთხარი: „შენ ეშმაკი ხარ“, და პირჯვარი გადაისახე.
- მაგრამ, მამაო, მას ჩემთვის ცუდი არაფერი უთქვამს. მან მითხრა, რომ ქვეყნად გავიდე და სინანული ვიქადაგო.
- შენ კი უპასუხე: „ჩემი მოწოდება ქადაგება რომ ყოფილიყო, ღმერთი მამაკაცად, მღვდლად, მქადაგებლად, ეპისკოპოსად შემქმნიდა და განსწავლულიც ვიქნებოდი. ამიტომ დამეხსენი“.
გოგონამ ყურად იღო რჩევა, შეძლო ამ საცდურისგან განთავისუფლება და ეშმაკმა დიდად ვერ ავნო.
ეშმაკის მიზანია, ავნოს ადამიანის სულს და სამუდამო სატანჯველში ჩააგდოს. ეს განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება შემდეგი მონათხრობიდან.
ერთმა განდეგილმა მესოპოტამიაში დიდი ღვაწლი იტვრითა: ის მრავალი წელი დაყუდებით ცხოვრობდა სენაკში, ყველა ბერს აღემატა სათნოებით, მაგრამ სიზმების მეშვეობით დასცა ეშმაკმა. ბერის დაღუპვის მოსურნე მზაკვარი სული ხშირად მოუვლენდა ხოლმე სიზმრებს, რომლებიც შემდეგ აუსრულდებოდა. უკანასკნელად ეშმაკმა მას დაანახვა გაშავებული, პირქუში, დაღვრემილი და მტირალი ქრისტიანები მოციქულებთან ერთად. მოპირდაპირე მხარეს ჩანდნენ ბრწყინვალე ნათელში დავანებული, ბედნიერი იუდეველები მოსესა და სხვა წინასწარმეტყველებს შორის. შემდეგ იგი მაცხოვრის სახით გამოეცხადა განდეგილს და მიმართა: „თუ გსურს, ეზიარო იუდეველთა სიხარულს და ნეტარებას და ქრისტიანთა მწუხარებასა და ტანჯვას გადაურჩე, უნდა წინადაიცვითო და იუდეველი გახდე!“ საბრალო ბერი უცდუნა, მართლა წინადაიცვითა, იუდეველი გახდა და, რა თქმა უნდა, სულიც წარიწყმიდა.
ხომ ხედავ, სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხილვებზე მინდობამ.
ამგვარად, მკითხველო, თუ მოთმინება გეყო ამ წიგნის ჩასამთავრებლად, შენ უკვე იცი, საიდან მოდის სიზმრები, იცნობ მის მიზეზებს და წყაროებს. ის სამგვარია: ბუნებრივი, საღვთო და ეშმაკისეული.
სიზმრებს, რომლებიც ბუნებრივი მიზეზითაა გამოწვეული, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ისინი ღამით ნანახ კინოფილმებს ჰგავს, მაგრამ მთლად უსარგებლოც არ არის. თუ დღის განმავლობაში თავს კარგად არ იცავ, კითხულობ უზნეო წიგნებს, უყურებ კინოფილმებს ან შეუფერებელ სანახაობებს, შენი სიზმრებიც სამარცხვინო და ბინძური იქნება. სიზმარი ააშკარავებს შენი სულის მდგომარეობას, რისთვისაც პასუხს აგებ ღვთის წინაშე.
რაც შეეხება ღვთივმიმადლებულ სიზმრებს, ისინი იშვიათია და კეთილმსახურ და წმინდა ადამიანებს ეგზავნება ცხოვრებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასაწყვეტად. ღვთივმიმადლებული სიზმრები იმდენად იშვიათია, რომ სრულიად დაუჯერებელია, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გავხდეთ მათი ხილვის ღირსი.
რაც შეეხება ეშმაკისეულ სიზმრებს, ისინი უთვალავია. მათი მეშვეობით ეშმაკი ცდილობს, გვაცდუნოს, აღაგზნოს ჩვენი წარმოსახვა, სიძულვილი და მტრობა გააღვივოს ჩვენ შორის, ხალხის დასაცინი გაგვხადოს, რწმენა შეგვირყიოს, ყველაფერი ისე მოაწყოს, რომ ჩვენი დღეები მწუხარებაში გავლიოთ, აღგვიძრას ეჭვები, ილუზიები განგვიმტკიცოს, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ვესაუბრებით უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან წმინდანებს. ბოლოს კი დაგვცეს და უკვდავი სული წარგვაწყმედინოს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ: საფრთხეს თავი რომ ავარიდოთ, სიზმრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გვეთანხმებით? - მადლობა უფალს. არ გჯერათ ჩვენი? ფრთხილად იყავით, თქვენი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!
რუსულიდან თარგმნა მაკა ბულიამ