დავუჯეროთ თუ არა სიზმრებს?

წინათქმა

წარმართულ ეპოქაში, ქრისტეშობამდე, სიზმრებისადმი დამოკიდებულებაში ძირითადად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება არსებობდა. ასე მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი პროტაგორა აცხადებდა, რომ „ყოველ სიზმარს თავისი ღრმა აზრი და მნიშვნელობა აქვს. და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არა მარტო სასურველია, არამედ სასარგებლოც, განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ სიზმრებს“. ქსენოფანე კოლოფანელი კი მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი სიზმარი ცრუ, ფუჭი და ამაოა, და ამიტომ მწარედ ცდება ყველა, ვინც მათ რაიმეგვარი, თუნდაც იოტისოდენა ყურადღების ღირსად თვლის და ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ გეგმებს ნანახი სიზმრების მიხედვით წარმართავს.

როგორ გავარკვიოთ, სიზმრების შესახებ ზემოთ წარმოდგენილი რომელი თვალსაზრისია მართებული? საერთოდ, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხზე მსჯელობისას სად ვეძიოთ ჭეშმარიტება და რას დავეყრდნოთ? ჭეშმარიტების უპირველეს უტყუარ წყაროს წმინდა წიგნი - ბიბლია - წარმოადგენს, რომელიც მთლიანად ღვთივსულიერია (2 ტიმ.3.16), ე.ი. მასში შეტანილი სხვადასხვა წინასწარმეტყველისა და მოციქულის ყველა წიგნი სული წმიდის შთაგონების ნაყოფია; ამ წმინდა წიგნების მწერალთა პირით თვით ღმერთი ლაპარაკობს, წერის პროცესში მათ წარმართავს და ხელმძღვანელობს, გადასცემს და შთააგონებს არა მარტო აზრებს, არამედ სიტყვებსაც ამ აზრების გამოსახატავად.

აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით „მაღლით დადგინებული, იაკობის ღვთის ცხებული“ (2 მეფ. 23.1), დავით წინასწრმეტყველი:

„უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა“ (მეორე მეფ. 23.2).

იგივეს აცხადებენ სხვა წინასწარმეტყველნიც, რომელთა შესახებ წმინდა პეტრე მოციქული წერს:

- წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის შთაგონებით წარმოსთქვამდნენ მათ ღმრთის წმინდა კაცნი (2. პეტრ. 1.20-21).

თვით წმინდა მოციქულნი კი ახალი აღთქმის წიგნებს, - როგორც პავლე მოციქული გვაუწყებს, - წერდნენ და ქადაგებდნენ „ქრისტეს გონებით“ (I კორ. 2.16). სული წმიდა ასწავლიდა და ახსენებდა უფლის სიტყვას (იოანე 14.26). სწორედ უფალმა მიანიჭა მათ პირი, სიბრძნე და სული, რომლითაც ისინი გვაძლევდნენ „საუკუნო სიცოცხლის სიტყვებს“ (იოანე 6.68) და გადმოგვცემდნენ საღმრთო მოძღვრებას (საქმე მოციქულთა 6.10; ლუკა 21.15).

აი სწორედ ამ „საღმრთო მოძღვრების“ მიხედვით სიზმრების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათაგან სიმართლე არ არის არც პროტაგორას და არც ქსენოფანეს მხარეს. ის სადღაც შუაშია. კერძოდ, ბიბლიურ და წმ. მართლმადიდებელ მამათა სწავლებაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ არც ყველა სიზმარი იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და არც ყველა მათგანს უნდა ვთვლიდეთ მნიშვნელობის უქონელ და არაფრის მთქმელ ამაო სიზმრად.

საილუსტრაციოდ, გავიხსენოთ იაკობ პატრიარქის თორმეტთაგან ერთ-ერთი ძის - იოსების სიზმარი, რომელიც ზუსტად აღსრულდა და გარკვეული დროის შემდეგ ძმების მიერ ეგვიპტეში გაყიდული იოსები ეგვიპტის გამგებელი გახდა. თქვენ გახსოვთ, რომ ასევე აღსრულდა ეგვიპტის მეფის, ფარაონის სიზმარი; ფარაონს რომ სიზმრისთვის ყურადღება არ მიექცია, გულგრილი დარჩენილიყო მის მიმართ, არაფრად ჩაეგდო იგი და უხვმოსავლიან წლებში ხორბლის დიდი მარაგი არ შეეგროვებინა უმოსავლო წლებისათვის, მაშინ მომავალში მწარედ ინანებდა და ეგვიპტის მკვიდრნი შიმშილით დაიხოცებოდნენ.

ბიბლიაში - „ღვთის სიტყვაში“ - არაერთი ადგილია, როცა უფალი რჩეულებს ხილვაში ეცხადება და სიზმარში ელაპარაკება მათ ან თვითონ (რიცხვნი 24; 4.16), ან ანგელოზთა პირით (მათე თ.1-2)... იობის წიგნის თანახმად, სიზმრები ჩვენთვის ღვთიურ გამოცხადებათა განსაკუთებული ფორმა და საშუალებაა*; ასევე სიზმრების ახსნა-განმარტებაც გამორჩეული, განსაკუთრებული, ღვთივმომადლებული ნიჭია, ისეთი ზებუნებრივი ნიჭი, როგორიც მიეცათ, მაგალითად, დანიელ წინასწარმეტყველს, იოსებს და სხვა არაერთ ღვთისრჩეულ წმინდანს. მაგრამ რადგან ჩვენ არც ბიბლიური იოსებისა და იაკობის სიწმინდე არ გაგვაჩნია, არც დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად უფალს სიზმართგანმარტების ნიჭით არ დავუჯილდოვებივართ, ამიტომ ჩვენი მხრიდან კეთილგონიერებას გამოვიჩენთ, თუ საერთოდ არ დავუჯერებთ სიზმრებს, რომლებიც, ვიმეორებთ, შეიძლება ღვთისგანაც იყოს და შეიძლება ღვთისა და ყოველი ჩვენგანის ხსნისა და გადარჩენის საერთო მტრისაგან, ე.ი. ეშმაკისაგან. რამდენადაც არც ერთ ჩვენგანს არ გაგვაჩნია ისეთი სრულყოფილება, ისეთი სულიერი სიწმინდე, რომელიც შეგვაძლებინებდა, გაგვერჩია, რომელი სიზმარია ღვთისაგან და რომელი ბოროტისაგან, ყველაზე ჭკვიანური იქნება, წესად გავიხადოთ, რომ არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარს, არანაირ ხილვას, არანაირ ძილთაშორის გამოცხადებას, არანაირ ჩვენებას, რადგან, როგორც ნეტარი დიადოქოსი შეგვაგონებს**, ცოდვიანი ადამიანების სიზმრები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ხორციელი გულისთქმების, ბიწიერი წარმოსახვებისა და უხამსი ფანტაზიის ნაყოფი, ანუ დემონთა მხრიდან ჩვენით თავშექცევა, მეტიც, აბუჩად აგდება. ამრიგად, თუ ამ წესს მივყვებით მთელი ცხოვრების მანძილზე და უარს ვიტყვით სიზმართდაჯერებაზე, და ზოგჯერ თვით ღვთისაგან გამოგზავნილ სიზმრისეულ ჩვენებასაც არ მივიღებთ, ამის გამო არ განრისხდება ჩვენზე სიყვარულით აღსავსე იესო, რომელმაც იცის, რომ ამგვარ კადნიერებას იმის შიშითა და სიფრთხილით ვიჩენთ, რომ ეშმაკურ ხრიკებს არ ვემსხვერპლოთ და მაცდურისაგან მოგვრილი უკეთური სიზმარი კეთილ სიზმრად არ მივიჩნიოთ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები სინანულის საიდუმლოში აღსარებისას სხვა პირად ცოდვებთან ერთად სიზმართდაჯერებისა და სიზმართგანმარტების ცოდვებსაც ინანიებენ.

ამრიგად, გაღვიძებისთანავე მოვიშოროთ და დავივიწყოთ სიზმრები; ნურც ღამით ნანახი პირქუში სიზმრებით დავიმძიმებთ სულს და დავნაღვლიანდებით და ნურც კეთილი სიზმრებით აღვფრთოვანდებით, ე.წ. ნათელმხილველებს, მკითხავებსა და სიზმართგანმმარტებლებს კი ისე გავექცეთ, როგორც ცეცხლს; ყოველი დღის გათენებისათვის მადლობა შევწიროთ ღმერთს და შევევედროთ, დაგვიფაროს ყოველგვარი ბოროტებისაგან, ხილული და უხილავი მტრებისაგან, შევთხოვოთ, მოგვანიჭოს მადლი და შემწეობა ღვთისათვის სათნო, ერისათვის სასიკეთო და საკუთარი სულისათვის მაცხოვნებელი წმინდა ქრისტიანული ცხოვრებისათვის.

აკაკი მინდიაშვილი

 

სიზმრების ხასიათის შესახებ

ადამიანის სიცოცხლე ძილშიც არ წყდება. იგი არსებითად ვერც შეწყდება, რადგან სული უკვდავია. ოღონდ ეგაა, რომ ძილში ჩვენ წართმეული გვაქვს თავისუფალი ნება საკუთარი სხეულის მიმართ და ჩვეულებრივი ცნობიერების ნაცვლად ამ დროს ე.წ. ქვეცნობიერებაა „გაღვიძებული“.

სულის სიცოცხლე რომ არასოდეს არ წყდება, სიზმრებითაც დასტურდება. უნდა შევნიშნოთ, რომ ძილის პროცესში არ არსებობს ისეთი მომენტი, ადამიანს შინაგანი ხედვით რაიმე სახეები (ხატებები) რომ არ დაენახა და ესა თუ ის აზრობრივი შეგრძნებები არ განეცადა.

ვისაც ამის შემოწმება სურს, დაე, მან მიზნად დაისახოს, ძილის შეწყვეტის პროცესში (მომენტში) გონებით ძილის ფინალი „დაიჭიროს“. გარკვეული ნებელობითი ძალისხმევის დროს ეს შესაძლებელი ხდება.

ამრიგად, ძილშიც არ წყდება შინაგანი ცხოვრება, ოღონდ იგი სხვა ფორმებს იძენს.

სულის ძილისმიერი სიცოცხლე თავისებურია: ასე მაგალითად, ძილში ჩვენს მიერ აღქმული არსებითად სიტყვებს კი არ წარმოადგენენ, არამედ აზრებს, რომლებიც ჩვენთან საიდანღაც მოდიან.

რით შეიძლება აიხსნას სიზმრებისათვის დამახასიათებელი შეუსაბამობანი და დაუკავშირებლობანი და საჭიროა თუ არა მათთვის მნიშვნელობის მინიჭება? წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „სული რითაც არის დაკავებული და რაზედაც ცხადში ლაპარაკობს, ძილშიც იმავეზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს: მთელ დღეს მიწიურ საზრუნავებში ატარებს, და მათ ირგვლივ ფუსფუსებს სიზმრებშიც; თუ იგი დღენიადაგ ღვთაებრივ და ზეციურ საგნებში განისწავლება, ძილის დროსაც ყოველივე ეს სიზმრებში თავისებურად აისახება და სულიც ჩვენებებით (ხილვებით) განიბრძნობა“.

ამგვარადვე წერს იგივეს შესახებ ღრმა ფსიქოლოგი, მამა ალექსანდრე ელჩანინოვი:

„როდესაც ძილში ჩვენი ნორმალური ცნობიერება ქრება, ქრება კონტროლიც საკუთარ თავზე; როდესაც სავსებით გულწრფელნი ვართ და არაფრის სირცხვილი არა გვაქვს - მაშინ სიღრმეებიდან ჩვენი არსების ქვეცნობიერი პირველადი საფუძვლები ამოტივიტვდებიან, შიშვლდებიან ყველაზე ძირეული პლასტები სულისა, და ჩვენ ამ დროს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე - წარმოვადგენთ იმას, რაც ვართ რეალურად. ჩვენი სიზმრებისათვის ტიპიური, დამახასიათებელი სახეები, ჩვენებები, ზმანებები და შინაგანი მდგომარეობანი - ჩვენი ნამდვილი პიროვნების შეუნიღბავ, შეუფარავ და ყველაზე მართალ გამოვლინებებს წარმოადგენენ“.

რა თქმა უნდა, აქ ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ (განვასხვავოთ) წმინდად ფსიქოლოგიური ფენომენები (როგორც - ლოცვები და გალობანი ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებათა შემდეგ), ასევე, უბრალოდ, ზემოქმედება ჩვენივე საკუთარი ფიზიოლოგიისა, რომლისადმიც ესოდენ დაქვემდებარებულნი ვართ, - მაგალითად, ღვიძლით დაავადებულთათვის დამახასიათებელია კოშმარული ჩვენებები“.

ამგვარად, სიზმრებს გარკვეულწილად შეუძლიათ ჩვენი სულის სიწმინდის დახასიათება. შესაძლოა, ჩვენ გვძაგდეს არაწმიდება (უწმინდურება) და რომელიმე ცოდვა, მაგრამ ხშირად განცვიფრებულნი დავრჩენილვართ იმით, რომ ძილში ისეთი ცოდვებით შეგვიცოდავს, ცხადში რომ არასოდეს ჩაგვიდენია. ეს იმის მაჩვენებლია, რომ განწმენდა ჩვენი სულისა ჯერ კიდევ ზედაპირულია, რომ მის სიღრმეში ჯერ კიდევ იმალება ცოდვა.

წმ. მამები ამბობდნენ, რომ მხოლოდ გულის სრულყოფილი განწმენდისას გახდება სიზმრები ნათელი და წმინდა.

ამრიგად, სიზმრების ხასიათი და თვისებები ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომხატველია ცხადში.

თუ ადამიანი ღვთით არ ცხოვრობს და მასში სული ღვთისა არ არის დავანებული (დამკვიდრებული), მაშინ ის ცხადში ცოდვითიმიდრეკილებების, მშფოთვარებების, ვნებებისა და ამაოების ძალაუფლებაში იმყოფება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი მაცდური სულის ზეგავლენის ან გამგებლობის ქვეშაა, რომელიც მასში განუწყვეტლივ ღვთისსაწინააღმდეგო აზრებსა და გრძნობებს თესავს.

ბოროტი სული იგივეს აგრძელებს ადამიანის მიმართ ძილშიც. აქ მისთვის კიდევ უფრო იოლია, დაეუფლოს სულს ადამიანისას, რადგან ძილში ამ უკანასკნელის ნება შესუსტებულია.

თითქოსდა ბოროტი სული დასცინის თავის მიერ დამონებულ საბრალო სულს, აიძულებს მას, უაზრო, ზოგჯერ კი ბინძურ, უხამს განცდებსა და მდგომარეობაში ამყოფებდეს აზრებისა და გრძნობების იმ უწმინდურების შესატყვისად, რომლებიც ადამიანს ცხადში გააჩნია.

აი, რატომაა, რომ წმ. მამები ზოგადი წესის სახით გვიკრძალავენ სიზმრები მიღმიური, საიქიო სამყაროდან გამოცხადებებად მივიჩნიოთ, რაიმეგვარი მნიშვნელობა მივანიჭოთ მათ და, მით უმეტეს, სხვებს მოვუთხრობდეთ მათ შესახებ.

მაგრამ ანალოგიური მნიშვნელობა არ ექნებათ სიზმრებს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ცოცხალი რწმენით ცხოვრობენ და ცხადში ყოველთვის იმისთვის იღწვიან, რომ თავის თავში სული ღვთისა შეინარჩუნონ.

როცა წმ. პეტრე მოციქული სული წმიდის გარდამოსვლის დღეს იესო ქრისტეზე თავის პირველ საჯარო ქადაგებას წარმოთქვამდა, ის ქრისტეს მორწმუნეთა სულიერ მდგომარეობას შემდეგი სიტყვებით ახასიათებდა იოველ წინასწარმეტყველის წიგნიდან: - ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ (საქმე მოციქულთა 2.17; იოველ. 2.28-32).

ამიტომ სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ღვთივსულიერ ადამიანთა სიზმრებს ჭეშმარიტ ხილვა-ჩვენებებსა და ღვთაებრივ გამოცხადებებს უთანაბრებს.

წმ. ნიკიტა სტიფატი (მოწაფე წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა) სიზმრებს ჰყოფს: 1) უბრალო (მარტივ) სიზმრებად; 2) ჩვენებებად და 3) გამოცხადებებად.

უბრალო სიზმრები აქვთ ვნებებისადმი დამონებულ ჩვეულებრივ ადამიანებს; როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ბევრი რამ არის არაწმიდა და მაცდუნებელი ამ სიზმრებში. ამიტომ უნდა გვძაგდეს ეს სიზმრები. აი, რას ამბობს არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი) ქრისტეში ჯერ კიდევ განუახლებელი, აუღორძინებელი „გარეგანი ადამიანის“ შესახებ: „საკუთარი სიზმრების მეშვეობით ადამიანს შეუძლია, დარწმუნდეს, როგორი სიცარიელე და არარაობა დასადგურებულა მის სულში. ამავე ამაოებით (და ზოგჯერ უფრო მეტითაც) ივსება ადამიანების სინამდვილე, მათი რეალური ცხოვრება... ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ მრავალი თავისი სურვილის, განწყობილებების, პროექტებისა და აზრობრივი კომბინაციების სრული უმადლობის შესახებ“.

„ჩვენება“ აქვთ იმ ადამიანებს, რომელნიც თავიანთ მშვინვიერ, შინაგან თვისებათა განწმენდას ესწრაფვიან; მათ უფალი სიზმრებს იმისთვის უგზავნის, რომ სიზმარში ნანახის მეშვეობით ღვთაებრივი ნების უკეთ წვდომისა და სულიერი აღმასვლისაკენ მიილტვიან.

„გამოცხადებანი“ აქვთ სრულყოფილ ადამიანებს, რომელნიც სული წმიდით აღივსნენ და რომელთაც უკიდურესი თავშეკავებით ღვთის რჩეულ წინასწარმეტყველთა ხარისხს მიაღწიეს.

ამასთან, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ასეთი ქრისტიანების სიზმარი ჩვენს ჩვეულებრივ სიზმარს არა ჰგავს. ასე მაგალითად, ბარსონუფი დიდი და იოანე წერენ: „ვინც თავის სამწყსოს იცავს იაკობის მსგავსად, ე.ი. ყურადღებიანია თავისი გრძნობებისა და აზრებისადმი, მას გაურბის სიზმარი“ (დაბადება 31.40 - „ჩემი სიზმარი გარბოდა ჩემს თვალთაგან“); ხოლო თუ ის მცირე ხნით ჩასთვლემს, მისი ძილი ისეთია, როგორც სხვების ღვიძილი, რამეთუ მისი სულიერი მღვიძარება არ დაუშვებს, რომ ძილში ჩაიძიროს, და ის თანამგალობელია წმ. დავით მეფსალმუნისა: - გაანათე ჩემი თვალები და მე მკვდრის ძილით არ დავიძინებ (ფს. 12.4).

ვინც მსგავს რწმენას მიაღწია და უკვე იგემა მისი სიტკბოება, ის გულისხმაჰყოფს და მიხვდება ნათქვამს; ასეთი ადამიანი გრძნობად-ხორციელ ძილს არ მიეცემა, არამედ მხოლოდ ბუნებრივით ისარგებლებს“.

ჩვენ კი, რომლებიც უპირატესად მაცდური სულის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით, მოგვესადაგება წმ. მამათამიერი ზემოთნახსენები წესი: ჩვეულებრივ სიზმრებს მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. მაგრამ რამდენადაც, ღვთის წყალობით, ჩვენ ხშირად ცხადლივ ვიღებთ საღმრთო შეგონებას, ზოგიერთ სიზმარზე, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ და შევეცადოთ მათ ახსნა-განმარტებას: ამა თუ იმ სიზმრით რაიმე ცოდვაში, ცოდვითმიდრეკილებასა ან სისუსტეში ხომ არ მამხილებს უფალი, ხომ არ სურს მას, რაიმე შემაგონოს ან წინასწარ გამაფრთხილოს და რაიმე განსაცდელისაგან დამიცვას?

რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი სიზმარი საიდუმლოდ უნდა შევინახოთ. მხოლოდ სულიერ მოძღვარს ან ბერს, ან სულიერ ცხოვრებაში სხვა გამოცდილ პირს შეიძლება მოვუყვეთ (ვუამბოთ) მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ზოგიერთი ამ სიზმრის შესახებ გარკვეული განმარტება მივიღოთ, როდესაც მათში რაიმე განსაკუთრებულ აზრსა და მნიშვნელობას შევიგრძნობთ. ოდესღაც ასე ითხოვდნენ საკუთარი სიზმრების ახსნას: მართალი იოსებისაგან - ეგვიპტის ფარაონი, ხოლო მეფე ნაბუქოდონოსორი - წინასწარმეტყველ დანიელისაგან (დაბადება 41; დან.4).

როგორც სიზმრების შესახებ მსჯელობებთან მიმართებაში, - მადლიანი და ღვთივკურთხეულნი არიან ისინი, თუ მაცდურისაგან აღძრულნი, - ასევე საერთოდ ყველა ზებუნებრივ მოვლენებთან მიმართებაში, ძველ ათონელ ბერებს ასეთი წესი აქვთ:

„არ მიიღო და არ უარყო“.

ეს ბრძნული წესი ამპარტავნებისა და ხიბლისაგან იხსნის ადამიანს, თუ იგი მსგავს მოვლენებს მადლს მიაწერს; ასევე უშველის და იხსნის მადლისმგმობელობისაგან, თუ მადლის გამოვლინებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

 

წმ. მამები სიზმრებისადმი დამოკიდებულების შესახებ

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი

ვისაც სიზმრების სწამს, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს. პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარხვდებიან მომავალს და გვამცნობენ (გვაუწყებენ) მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა (მაცდურია). დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და გაიგებს (შეიტყობს) თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარმცნობელობით (წინასწარუწყებით) დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი არ იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლვა და ურვა-წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც, სიფხიზლეშიც ჩვენს დაცინვას მოჰყვებიან. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა - ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.

ენდე მხოლოდ იმ სიზმრებს, რომლებიც სამსჯავროსა და სატანჯველს წარმოგისახავენ (გამცნობენ); მაგრამ თუ მათი მიზეზით სასოწარკვეთილება მოგეძალება, გულისხმაჰყავი, რომ ასეთი სიზმრებიც დემონისგანაა.

წმ. თეოფანე დაყუდებული

თქვენ მეკითხებით, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს სიზმრების? უმჯობესია, არ გვჯეროდეს იმიტომ, რომ მტერი ცხადში ისედაც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ხოლო ძილში ეს მისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია (იოლია). თუ რომელიმე სიზმარი ასრულდება, მადლობა შესწირეთ უფალს. სასიამოვნო და ჭკუისსასწავლებელი სიზმრებისთვისაც მადლობა უთხარით. მაცდუნებელი სიზმრებისაგან გამოღვიძებისთანავე განიწმინდეთ თქვენი სული და მეხსიერება. საამისოდ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ლოცვა და კეთილი მოვლენების გახსენება, განსაკუთრებით - სახარებისეული ისტორიებიდან; ძალუმად აღიბეჭდეთ ეს მოვლენები ცნობიერებაში და გონების თვალები არ მოაცილოთ მათ. მთელი ყურადღება მათზე შეაჩერეთ. ცუდი აზრები მაშინვე დაუძლურებას დაიწყებენ და გაქრებიან (გაუჩინარდებიან).

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სიზმრების შესახებ

დემონები ადამიანთა სულების აღსაშფოთებლად და წასახდენად სიზმრებს მიმართავენ (იყენებენ); ის გამოუცდელი ბერებიც, რომლებიც ყურადღებას აქცევენ საკუთარ სიზმრებს, ამით ვნებენ საკუთარ თავს. ამ მიზეზის გამო აუცილებელია განვმარტოთ, რა მნიშვნელობა აქვთ სიზმრებს იმ ადამიანისათვის, ვისი ბუნებაც სული წმიდით ჯერ არ განახლებულა.

ძილის დროს ღმერთი ადამიანს განსვენებაში ამყოფებს; ეს განსვენება ისეთი სრულია, რომ ადამიანი ამ დროს საკუთარი არსებობის თვითშეგრძნებას კარგავს, ასე ვთქვათ, ერთგვარ თავდავიწყებას ეძლევა.

ძილის დროს შრომასთან დაკავშირებული გონებისა და ნების მიერ თვითნებურად წარმართული ყოველგვარი საქმიანობა წყდება: მხოლოდ ის სასიცოცხლო პროცესები გრძელდება, რაც არსებობისთვისაა აუცილებელი. სხეულში სისხლი განაგრძობს მოძრაობას, ფილტვები - სუნთქვას, კუჭი ამუშავებს საკვებს, კანი გამოჰყოფს ოფლს; სულში ჩნდება და მრავლდება სხვადასხვა აზრები, ოცნებები და შეგრძნებები, მაგრამ ყოველივე ეს გონებისა და ნებისაგან დამოუკიდებლად, - არაცნობიერი ბუნების მოქმედებით ხდება. სწორედ ასეთი ოცნებებისაგან (რომელთაც თან ახლავთ დამახასიათებელი აზროვნება და შეგრძნებები) შენდება სიზმარი. ის ხშირად უაღრესად უცნაურია, რადგან ადამიანის წინასწარგანზრახული, თვითნებური ოცნებებისა და ფიქრების სისტემას არ განეკუთვნებიან, არამედ ბუნების კანონისა და მოთხოვნილებების მიხედვით თავისუფლად ჩნდებიან. ზოგჯერ სიზმარი თვითნებურ ფიქრთა და ოცნებათა დაუკავშირებელ ანაბეჭდს ატარებს. ხოლო ზოგჯერ იგი წარმოადგენს გარკვეული ზნეობრივი მდგომარეობის (განწყობის) შედეგს. ამრიგად, სიზმარს თავისთავად არა აქვს და არც შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. სასაცილო და სავსებით ალოგიკურია ზოგიერთის სურვილი, თავის უაზრო, აბდაუბდა სიზმრებში საკუთარ ან სხვათა მომავლის წინასწარმეტყველებისა თუ რაიმე სხვა მნიშვნელობის დანახვას ცდილობდეს...

დემონებს, რომელთაც ცხადში, ღვიძილისას ჩვენს სულებში შეღწევა შეუძლიათ, იგივე შესაძლებლობა ჩვენი ძილის დროსაც გააჩნიათ. ძილში დემონები ჩვენს ოცნებას თავიანთ ოცნებას შეურევენ და ცოდვით გვაცდუნებენ. როგორც კი სიზმრებისადმი ჩვენს ყურადღებას შეამჩნევენ, ცდილობენ, მათ თავშესაქცევი და გასართობი ხასიათი მიანიჭონ, რათა ამ აბდაუბდა სიზმრებისადმი მეტი ყურადღება და ცნობისწადილი აღგვიძრან და ამის შედეგად თანდათანობით მათ მიმართ ნდობით განგვაწყონ. ასეთი ნდობა კი ყოველთვის თვითდარწმუნებულობასა და თავდაჯერებულობასთანაა დაკავშირებული, ხოლო თვითდარწმუნებულობა ჩვენს შეხედულებას (თვალსაზრისს) საკუთარი თავის შესახებ ცრუსა და არასწორს ხდის, რის გამოც მთელი ჩვენი საქმიანობა და მოღვაწეობა მრუდდება. დემონებსაც სწორედ ეს სურთ. როცა გააძლიერებენ და გააღრმავებენ ჩვენს თვითდარწმუნებულობას და საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას შეგვიქმნიან, სინათლის ანგელოზების, წამებულებისა და მართალთა, თვით ყოვლადწმიდა მარიამ ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს იერსახით გამოცხადებებს იწყებენ. გვპირდებიან ზეციურ გვირგვინებს, რითაც თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების სიმაღლეზე ავყავართ. ეს სიმაღლე კი იმავდროულად დამღუპველ და წარმწყმედელ უფსკრულს წარმოადგენს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ამ მდგომარეობაში, რომელიც მადლით ჯერ კიდევ არ განახლებულა, უნარი არ გაგვაჩნია, ვხედავდეთ სხვაგვარ სიზმრებს, თუ არა დემონების აბდაუბდით შეთხზულთ. ისევე როგორც ღვიძილის მდგომარეობაში, - ცხადში - ან ჩვენი დაცემული ბუნებიდან იბადებიან ზმანებები და გულისთქმები, ან ყოველივე ამას დემონები აღგვიძრავენ, ასევე ძილის დროსაც ჩვენ მხოლოდ ამ დაცემული ბუნებისა და დემონების მოქმედებით გაჩენილ ჩვენებებს ვხედავთ... არსებობს ისეთი ფიქრები და გულისთქმები, რომლებიც წმინდა ნათლობის შედეგად ჩვენში დავანებული საღმრთო მადლისმიერ ჩნდებიან და ჩვენი მონანული მდგომარეობის შესატყვისად ღვთიური ანგელოზების მიერ გადმოგვეცემიან; ასევე ძილშიც, ძალზედ იშვიათად, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ზეციური ანგელოზები ან ჩვენს აღსასრულს, ან ჯოჯოხეთის სატანჯველს, ან მრისხანე, მიუკერძოებელ იმქვეყნიურ სამსჯავროს წარმოგვისახავენ. ასეთ სიზმრებს ღვთის შიშთან, გულისშემუსვრილებასთან, საკუთარ თავზე გოდებასა და მგლოვიარებასთან მივყავართ. მაგრამ მსგავსი სიზმრები ღვთის ჩვენთვის უცნობი და მიუწვდომელი განგებულებით ძალზედ იშვიათად ეძლევათ - ან ღვაწლში მყოფს, ან თვით ყველაზე ბოროტ და სასტიკ ცოდვილს. და ეს ძალზედ იშვიათად ჩვენდამი ღვთიური მადლის სიძუნწის გამო არ ხდება, არა! არამედ იმის გამო (იმ მიზეზით), რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ, თვითდარწმუნებულობას არ მივეცეთ და ჩვენში ნიადაგი არ გამოეცალოს თავმდაბლობას, ესოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანი რომ გახლავთ სულის ცხონებისათვის. ღვთის ნება, რომლის აღსრულებაც ადამიანის ხსნის საწინდარია, წმინდა წერილში იმდენად ნათლად და ძლიერად, იმდენად დაწვრილებითაა გამოხატული (მოცემული), რომ ადამიანთა ცხონებისათვის ხელშეწყობა საერთო წესის დარღვევით ზედმეტი და არასაჭირო ხდება. იგავში მდიდრისა და ღატაკი ლაზარეს შესახებ, მდიდარი შესთხოვს აბრაამს: „გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე (ლაზარე - ა.მ.) სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რა თა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონანა მოსე და წინასწარმეტყუელნი, მათი ისმინონ. ხოლო მათ თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინასწარმეყუელთა არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“ (ლუკა 16.27-31).

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბევრნი, ვინც ღირსნი გახდნენ ძილში საზვერეები, საშინელი სამსჯავრო და სხვა სიკვდილისშემდგომი, მიღმიური საშინელებანი ეხილათ, შეძრწუნებულნი მხოლოდ ხანმოკლე დროით იყვნენ, შემდეგ ნანახი და განცდილი დაივიწყეს და სულის ცხონებისათვის უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდნენ, და პირიქით, საწინააღმდეგოდ ამისა, ვისაც არანაირი ხილვები არ გააჩნდათ, მაგრამ გულმოდგინედ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, თანდათანობით ღვთის შიში დამკვიდრდა მათში, სულიერ წარმატებებს მიაღწიეს და იმ სიხარულით, ცხონების უწყებით რომ იშვება, მწუხარებათა მიწიური ცისქვეშეთიდან ნეტარ მარადიულობაში გადავიდნენ. წმ. იოანე კიბისაღმწერელი საბერმონაზვნო სიზმრებში დემონების ნაწილობრივ მონაწილეობაზე შემდეგნაირად მსჯელობს: „როცა ჩვენ უფლისათვის სახლსა და სახლეულთ ვტოვებთ, და ღვთის სიყვარულის გამო მონაზვნობის მძიმე გზას შევუდგებით, მაშინ დემონები ამის გამო შურისძიების მიზნით თავს გვესხმიან სიზმრებით, რათა აღგვაშფოთონ, ჩვენს ნათესავებს სიზმრებში მოტირლებს, ან მომაკვდავებს, ან ტყვედპყრობილებს, შეჭირვებებსა და განსაცდელებში მყოფთ წარმოგვისახავან და წარმოგვიდგენენ. ვისაც სიზმრების სწამს, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს. პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მას, რათა სიზმრებში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მაცდურია (მატყუარაა). დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და შეიტყობს თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარმცნობელობით (წინასწარუწყებით) დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი არ იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლვა და ურვა-წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც, სიფხიზლეშიც ჩვენს დაცინვას მოჰყვებიან. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა - ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.

ენდე მხოლოდ იმ სიზმრებს, რომლებიც სამსჯავროსა და სატანჯველს წარმოგვისახავენ; მაგრამ თუ მათი მიზეზით სასოწარკვეთილება მოგვეძალება, გულისხმაჰყავი, რომ ასეთი სიზმრებიც დემონებისგანაა.

წმ. ბარსანუფი და იოანე

ღამეული ოცნებანი და შეგინებანი ჩნდება ან მზვაობრობისაგან, ან ნაყროვანებისაგან, ანდაც ეშმაკის შურით. ამ უკანასკნელის შესახებ უნდა ითქვას, რომ როდესაც ჩვენის მხრივ მაცთურს მზვაობრობითა და სიმაძღრით არ შევეწევით, იგი ხშირად ვეღარ ახერეხებს ასეთი სიზმრების განმეორებას. როგორც სახლის მშენებელი, რომელიც ვერ იშოვის რა მასალას, ამაოდ შრომობს, ასევე ამაოდ ირჯება ეშმაც.

წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ძილი ერთგვარად სიკვდილის მსგავსებაა, გრძნობათა უმოქმედობა. სიზმარი ერთია, მაგრამ გულისთქმების მსგავსად მრავალი საწყისი გააჩნია: ანუ ზოგჯერ ბუნებრივი მოთხოვნილებისგან მომდინარეობს, ზოგჯერ საჭმლისგან, სხვა შემთხვევაში კი დემონებისაგან ან გაძლიერებული მარხვისაგან, როცა სხეული სუსტდება და მომაგრებას ითხოვს ძილით.

დიადოქოს ფოტისელი

ღვთის სიყვარულით მოგვრილი სიზმრები სულიერი სიჯანსაღის უტყუარი ნიშანია*; ისინი ერთი სახიდან მეორეში არ გადადიან, შიშს არ გვრიან, სიცილსა და უეცარ დასევდიანებას არ იწვევენ, არამედ სულს ეფინებიან ყოველგვარი სიმშვიდით და სულიერი სიხარულით აღავსებენ მას, რის გამოც სული სხეულის გამოღვიძების შემდეგაც მთელის ნდომით ეძებს სიზმარში განცდილს. საეშმაკო განცდისას კი ყოველივე ამის საწინააღმდეგოდაა - ერთი და იგივე სახება არასდროს არაა და აუმღვრეველი იგი დიდხანს არ რჩება, რამეთუ იმად, რაც არ არის მათ ნებელობაში, და რასაც ისინი მხოლოდ სიცრუიდან იღებენ, არ ძალუძთ დიდხანს დარჩენა. ამასთან, ისინი ბევრ დიდებულ რამეს პირდებიან და უფრო ხშირად კი მუქარით აშინებენ... ზოგჯერ კი სულს ხმაურიანი ყვირილით რასმე პირმოთნეს მიჰმღერიან. გონება, როდესაც სუფთაა, მალე შეიცნობს მათ, და ზოგჯერ აზრობრივი დაძაბვით აღვიძებს სხეულს, სხვა დროს კი იმავე მდგომარეობაში სიამოვნებით რჩება, მოხარული იმით, რომ შეძლო მათი მზაკვრობის შეცნობა და იმავე სიზმარში ამხილებს რა მათ, დიდ მრისხანებაში აგდებს (დემონებს) საკუთარი თავის წინააღმდეგ. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კეთილ სიზმრებს სულისთვის მოაქვთ არა სიხარული, არამედ ერთგვარი ტკბილი სევდა და ცრემლი ამისდაგვარი. ასე ხდება მათთან, ვინც თავმდაბლობაში წარმატებას მიაღწია. ჩვენ გადმოგეცით, როგორ გავარჩიოთ კარგი და ავი სიზმრები, იმაზე დაყრდნობით, რაც თავად გამოცდილი მამებისაგან გვსმენია. თუმცაღა ვიკმაროთ, როგორც უდიდესი სათნოება და წესად გავიხადოთ, არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარეულ ოცნებას (ოცნებას ძილსა შინა), რადგანაც უმეტეს შემთხვევაში სიზმარი სხვა არა არის რა, თუ არა კერპი გულისთქმათა, წარმოსახვის თამაში, ანუ ეშმაკთა მიერ ჩვენით თავშექცევა და აბუჩად აგდება. ხოლო თუ ჩვენ ამ წესს მივყვებით და ზოგჯერ თვით ღმერთისაგან გამოგზავნილ სიზმრეულ ჩვენებასაც არ მივიღებთ, არ განრისხდება ჩვენზე სიყვარულით აღსავსე უფალი იესო, რადგან მან უწყის, რომ ამგვარს კადნიერებას იმის შიშით ვიჩენთ, რომ ეშმაკურ ხრიკებს არ ვემსხვერპლოთ. რამეთუ ჩვენს მიერ გადმოცემული ხერხი სიზმართა გარჩევისა თუმცაღა სიმართლეს შეესაბამება, ხდება ისეც, რომ მაცთურისგან ერთგვარად აღტაცებული, უნებლიედ შეგინებულ შეიქნება ადამიანი, სიზმრების ერთმანეთისაგან გარჩევის სწორ კვალს დაკარგავს და უკეთურ სიზმარს კეთილ სიზმრად ჩათვლის.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ყველასათვის საერთო წესია,- არანაირად არ ვიქნეთ გატაცებულნი გამოცხადებებით სულთა სამყაროდან, ყოველი ამგვარი მოვლენა ჩვენთვის უმძიმეს ცთუნებად მივიჩნიოთ. ანგელოსები მხოლოდ წმინდანებს ეცხადებიან, რომელნიც ღვთიური მადლითა და ნათლით არიან განათებულნი, ადვილად განარჩევენ წმინდა ანეგლოსებს დემონებისაგან. როდესაც დემონები ეცხადებიან ადამიანებს, ხშირად სინათლის ანგელოსის იერს იღებენ (პავლე მოციქული), სჩანან მოჩვენებით დიდებაში, უფრო ადვილად რომ აცთუნონ, მოხიბლონ და დაღუპონ მრავალი სხვანი - გამოუცდელნი, თვითდაჯერებულნი და ბრიყვულად ცნობისმოყვარენი. უდიდესი უბედურებაა, - შეხვიდე დემონებთან ურთიერთობაში, მიიღო შთაბეჭდილება მათგან, დაემორჩილო თუნდაც მხოლოდ მათ ერთ გავლენას, რასაც, თუ ადამიანის თავისუფალი ნებითაა მოზიდული, განსაკუთრებული ზემოქმედება გააჩნია.

ნიკიტა სტიფატი

მათგან, რაც სიზმრად გვეძლევა, ერთი ოცნებაა, მეორე ჩვენება და სხვა გამოცხადება. ოცნება იმგვარი სიზმარია, რომელიც გონების წარმოსახვაში უცვლელად არ რჩება, როდესაც ერთი სახება მეორეთი იცვლება, ან მეორეში გადადის. მათგან არანაირი სარგებელი არაა (უფრო მეტიც, ვნება მოაქვთ, თუ ვერწმუნეთ) და ასეთი სიზმარი უნდა სძაგდეს ქრისტიანს. ჩვენება ისეთი სიზმარია, რომელიც უცვლელი რჩება, სხვა სახებაში არ გადადის და გონებაში ისე აღიბეჭდება, რომ წლების განმავლობაში დაუვიწყარი ხდება: ისინი მომავალ (მოსალოდნელ) მოვლენებს გვიჩვენებენ წინასწარ, სარგებლობას ანიჭებენ სულს, გულს კი - სილბილეს საშინელ ჩვენებათა წარმოდგენით, და ამით მხილველს საშინელ საგანთა ჩვენების უცვლელი ჭვრეტით თვითჩაღრმავებულსა და მთრთოლვარეს ხდიან. ასეთ ჩვენებათა მხილველებმა იგი ძვირფასად უნდა ჩათვალონ. გამოცხადება წმინდა და ნათლითმოსილი სულის ზემგრძნობიარე ჭვრეტაა, რომელიც ამა თუ იმ საკვირველ ღვთიურ საქმეებსა და დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს წარმოაჩენს.

ღირსი კასიანე რომაელი მოგვითხრობს მესოპოტამიაში დაბადებული ერთი ბერის შესახებ, რომელიც ყველაზე განმარტოებულ და მარხულ ცხოვრებას ატარებდა, მაგრამ დემონურ სიზმართა საცდურისაგან წარიწყმიდა. როდესაც დემონებმა შენიშნეს, რომ ბერი ნაკლებად ზრუნავდა სულიერ განვითარებაზე, ხოლო მთელი თავისი ყურადღება მიმართული ჰქონდა მხოლოდ ხორციელი ღვაწლისაკენ, და ეს უკანასკნელი და, მაშასადამე, საკუთარი თავიც განსაკუთრებული ღირებულების მქონედ მიიჩნია, ამის შემდეგ ის დემონებისაგან ხედავდა ისეთ სიზმრებს, რომლებიც ეშმაკისეული მანქანებით რეალურ ცხოვრებაში სრულდებოდა. როდესაც ბერი სიზმრებისა და საკუთარი თავისადმი ნდობით განიმსჭვალა, ეშმაკმა მომხიბვლელ სიზმარში უჩვენა იუდეველები, რომლებიც ზეციური ნეტარებით ტკბებოდნენ, ხოლო ქრისტიანები ჯოჯოხეთში ეწამებოდნენ (იტანჯებოდნენ). ამასთან დემონმა, რა თქმა უნდა, ანგელოზის ან რომელიმე ძველაღთქმისეული მართლის სახით, რჩევა მისცა განდეგილს, იუდეველობა მიეღო იუდეველთა ნეტარებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მისაღებად, რაც ბერმა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მაშინვე აღასრულა*. ზემოთქმული სრულიად საკმარისია საიმისოდ, ჩვენს საყვარელ ძმებს, თანამედროვე ბერებს ავუხსნათ, თუ როგორი უგუნურებაა, ყურადღებას ვაქცევდეთ და, მით უფრო, ვენდობოდეთ სიზმრებს, და როგორი საშინელი ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ ნდობამ. სიზმრებისადმი ყურადღებიდან, როგორც კარიდან, ისე იპარება სულში მათდამი ნდობა. და სწორედ ამიტომ იკრძალება მკაცრად ეს ყურადღება.

სრულიად სხვა კანონებით იმართება სული წმიდით განახლებული ბუნება... განახლებული ადამიანების მმართველი და წინამძღოლი არის სული წმიდა. „მათზე გამობრწყინდა მადლი ღვთიური სულისა, - თქვა მაკარი დიდმა, - და მათივე გონების სიღრმეში დაივანა (დამკვიდრდა): მათი უფალი სული წმიდაა“ ( 7, თ. 12), ძილშიც და ღვიძილშიც ისინი უფალში მკვიდრობენ, - ცოდვის გარეშე, მიწიერი და ხორციელი გულისთქმების, ზრახვებისა და ფიქრების გარეშე. მათ გულისთქმებსა და ზმანებებს, რომელთაც ძილის დროს ადამიანური გონება და ნება არ წარმართავს, დანარჩენებში არაცნობიერად რომ მოქმედებენ, სული წმიდა მართავს და ამიტომ ასეთი ადამიანების სიზმრებს სულიერი მნიშვნელობა მოეპოვებათ.

ასე მაგალითად, მართალ იოსებს ძილში ეუწყა სიტყვა-ღმერთის განკაცების საიდუმლო. სიზმარშივე ებრძანა ეგვიპტეში გაქცევა და იქიდან კვლავ უკანდაბრუნება*. ღვთისგან გამოგზავნილი სიზმრები ღრმად სარწმუნონი არიან. ეს სარწმუნოობა მისაღები და გასაგებია წმინდანებისათვის და მიუწვდომელია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვნებებთან ბრძოლებში განაგრძნობენ თავიანთ ცხოვრებას.

„ბიბლიური ენციკლოპედია“ სიზმრების შესახებ

ბიბლიაში სიზმართა სხვადასხვაგვარი სახეობანი გვხვდება: ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ზემოდან გამოგზავნილი. ეს უკანასკნელნი უძველესი დროიდან ღვთის ნების გამოცხადების საშუალებად მიიჩნეოდა და მრავალ მათგანს მაღალწინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა (დაბადება 20.3-6; 28.12-14 და 2.4; იოველ. 2.28). უფალი ამგვარ სიზმრებთან ერთად ადამიანებს განმარტების უნარსაც ანიჭებდა. საული საყვედურებს გამოთქვამდა იმის გამო, რომ „პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიბისა და არც წინასწარმეტყველთა პირით“ (I მეფეთა 28.6). იერემია მკაცრად ამხელდა ცრუწინასწარმეტყველებს, სიზმრების ცრუგანმმარტებლებს (23; 25.27-28). წმ. წერილში ღვთის ნების სასწაულებრივ გამოცხადებებს ჩვენებები, ხილვები ეწოდება (ლუკა 1.22; I მეფეთა 3.15)... არცთუ იშვიათად სიზმრები ჩვეულებრივ მოვლენებად მოიხსენიება. ასე მაგალითად, იობი მიმართავს უფალს: „შენ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ“ (7.14). სოლომონი სიზმრის მრავალ წყაროს ასახელებს: „როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი“ (ეკლესიასტე 5.2), და სიზმრების უმრავლესობის არსს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ბევრ სიზმარს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს, შენ კი - ღვთისა გეშინოდეს“.

სიზმართგანმარტების უნარი მომავალ მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზებუნებრივ ნიჭად მიაჩნდათ, რამდენადაც სიზმრები და მათი მნიშვნელობა მხოლოდ ღვთისათვის იყო ცნობილი. ასე მაგალითად, იოსებმა სიზმრების ახსნის ღვთაებრივი უნარი უფლისაგან მიიღო (დაბადება 40; 5.8; 41.16). „უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას“ (დაბადება 41.15-16)ე.ი. სიზმრების ახსნა ღვთისგანაა და იოსებმაც ფარაონს აუხსნა სიზმრები ისევე, როგორც დანიელმა ღვთის შთაგონებით განუმარტა სიზმარი ნაბუქოდონოსორს.

დასასრულს, შევნიშნავთ, რომ ღვთის ნების მთლიანი და სრულყოფილი გამოცხადება უკვე სახარებაშია მოცემული, ამიტომ ყოველგვარი რწმენა და დაჯერება სიზმრებისა, რომლებიც თითქოსდა მომავალ მოსალოდნელ მოვლენებს წინასწარ გვამცნობენ, მაცდუნებელია; ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა ცდა, როგორმე შეიძინო სიზმართგანმარტების უნარი, უაღრესად ცოდვიანი და უგუნურია.

„დიდი სჯულის კანონი“ სიზმრების შესახებ

„საკურთხევლები, რომლებსაც აღმართავენ მინდვრებსა და ვენახებში მორწმუნეთა ნაწილების მოსახსენებლად, ასევე სიზმრისა და ამაო ჩვენების შედეგად, უნდა დაინგრეს, ხოლო აღშფოთებულ ერს უნდა შთააგონონ, რომ ასეთი საკურთხევლის დანგრევა აუცილებელია“ (კართ.83).

„აუცილებელია ზოგ კაცთა სიზმრებითა და ამაო ჩვენებებით აღმართული საკურთხევლის გაუქმება“ (იხ. „დიდი სჯულის კანონი“, საქართველოს საეკლესიო კალენდარი, თბ., 1978წ., გვ.270; 528).

საშიშია სიზმრის დაჯერება

ერთ-ერთ უდაბნოში ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი მოღვაწეობდა, რის გამოც იგი ძმათაგან პატივდებული (პატივცემული) იყო. საუბედუროდ, იგი სიზმართდამჯერე გახლდათ. მაცდური სული დიდად ხარობს, როცა ადამიანში შეიცნობს სუსტ მხარეს, საიდანაც მისი დამარცხება უკვე ძალზედ იოლად შეუძლია. ჩვენი ცხონების მტერი მთელი თავისი ჯოჯოხეთური ძალით შეიარაღდა ბერის წინააღმდეგ. ყოველ ღამეს, ჩვეულებრივი ლოცვების შემდეგ, როგორც კი ჩასთვლემდა ხოლმე ბერი, დემონი თავდაპირველად სრულიად უბოროტო სიზმრებს უჩვენებდა, რათა შემდგომ საბრალო კიდევ უფრო ძლიერად ეცდუნებინა. როგორც არ უნდა განემარტა ბერს სიზმრები, ისინი ცხადში აუცილებლად სრულდებოდნენ. ბოლოს, როცა დემონმა დაინახა, რომ ცდუნებულმა ბერმა ყოველივე ირწმუნა და დაიჯერა, წყვდიადის სულმა ერთ ავადსახსენებელ ღამეს მას სიზმარში მომავალი ცხოვრება წარმოუსახა: თითქოსდა მოციქულები, წამებულები, მართლები და საერთოდ ქრისტიანები, სასოწარკვეთილებით ტანჯულნი, საშინელ წყვდიადში სხედან, ხოლო მეორე მხარეს წინასწარმეტყველებთან და ძველ პატრიარქებთან ერთად ნეტარებენ იუდეველნი, მათკენ თითგაწვდილი მამა ღმერთი კი აცხადებს: „აი, ესენი არიან შვილნი ჩემნი!“. შეძრწუნებულმა ბერმა გამოღვიძებისთანავე ყოველგვარი დაფიქრებისა და განსჯის გარეშე პალესტინას, იუდეველთა სამკვიდრებელს მიაშურა, სადაც წინადაიცვითა და ქრისტეს მკვლელთა ერთგულ დამცველად იქცა. მაგრამ რამდენადაც დიდსულოვანი და ხანგრძლივმომთმენია უფალი, იმდენადვე სამართლიანია და მართლმსაჯული: სამი წლის შემდეგ მან ბერის მიმართ ისეთი სასტიკი სნეულება დაუშვა, რომ მისი ძვლებიც კი დალპა;

განდგომილმა ტანჯვა-წამებაში განუტევა ცოდვილი სული.