ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!“ შეიკრიბა ერი და ბოროტი განიზრახა მეუფისათვის, მზაკვარი იუდა უარყოფს სახიერ მოძღვარს და ცრუ ამბორის-ყოფით გასცემს მას. შეკრულს მიიყვანენ და სიცრუის სამსჯავროზე წარადგენენ უფალს. განკიცხავენ და შეასმენენ, ის კი მიუგებს, თანაც რაოდენ საშინელი სასმენელია ეს მიგება! - სულგრძელებით აიტანს მონისაგან ყვრიმალში ცემას და ეტყვის: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამე ბოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?“ და შემდეგ განიკითხავენ, განბასრავენ, შეურაცხყოფენ, აყუედრებენ, შეანერწყვავენ და ჯვარზე გააკრავენ! მაგრამ მიმსჭვალულიც კი მტერთათვის ილოცებს: „მამაო, მიუტევე ამათ ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“ ბოლოს ნაღველის გემოსაც იხილავს და თავს იდებს სიკვდილს! ეს ყოველივეა ვნებანი მეუფისა, რომელიც ჩვენთვის შეიმთხვია. ისინი, ვინც გულისხმისყოფით ისმენენ, არ განრისხდებიან, არც გალანძღავენ და ძმაზე არ ამაღლდებიან; არ იქნებიან მოშურნენი და დიდების მოყვარულნი, არამედ თავს დაიმდაბლებენ, შეიმუსრავენ, მიწითა და ნაცრით შეურაცხყოფენ და ისურვებენ, გაიზიარონ ქრისტეს ვნებანი და სიკვდილი. იჩქარებენ, რათა მისი აღდგომის დიდება შეიგრძნონ. თქვენც ნუ გეშინიათ, შვილნო. მართალია, თქვენც ეზიარეთ და კვლავაც ეზიარებით ქრისტესთვის ვნებებს, მაგრამ იხილეთ კი, სად ხართ, თქვენც რომ იდევნებით? მისი სიტყვისა და მცნებისათვის განა ნაკლები სისხლი დაღვარეთ და მცირედი პყრობილება გადაიტანეთ, ვიდრე რამოდენიმე ძმამ, რომელიც მოწამეობრივ ტანჯვაში აღესრულა და უფალთან წავიდა? ეს ყოველივე უკვე უფლისმიერი სიქადული და მისგან ბოძებული ნიჭია! და რადგან დასაწყისიდან ვიდრე აღსასრულამდე კაცის ნეტარება არაა მტკიცე, სწრაფად ცვალებადი და ადვილად მერყევია, და არც ის ვიცით, თუ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, გევედრებით, შეურყვევლად და შეუცვლელად, განუყოფლად იდექით უფალთან; ამგვარი გონებით თანამოღვაწენი გავხდეთ სახარების ჭეშმარიტებისა და ნუ მოგვინადირებს რაიმე წინააღმდეგობა და ნუ დაგვცემს დაბრკოლებანი, პირიქით, ყველას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ღვთისმსახურის მორჩილებით, სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელებითა და ჭირთა თმენით, რადგან ღვთის ნების აღსრულებისათვის ძლიერი მოთმინება გვმართებს. ახლოა დღე უფლის მოსვლისა, მომავალი ერთ წუთში მოვა და არ დააყოვნებს! ხოლო ჩვენ რად უნდა გვეწყნოს მისი მოსვლა? განა არ გვირჩევნია ჭირთა შინა სიკვდილი მეუფისათვის? რადგან დაწერილია: „უკუეთუ მისთანა მოვჰსწყდეთ, მისთანაცა ვსცხონდეთ; უკუეთუ დავითმინოთ, მისთანა ვჰსუფევდეთ; უკუეთუ უვარ ვჰყვნეთ, მანცა უვარ მყუნეს ჩუენ; უკუეთუ ურწმუნო ვიქმნეთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს და უვარყოფად თავისა თვისისა ვერ ძალუძს“. რაოდენი სიხარულით აღივსებიან წმიდანნი, როდესაც იხილავენ ანგელოზებთან ერთად მომავალ უფალს მთელი თავისი ძლიერებით; გამოუთქმელი სიხარულით მოუწოდებენ, გვირგვინს უბოძებენ და უკუნისამდე შეერთვებიან მათ! ხოლო უფლის მცნების ურჩთ და სახარების შეურაცხმყოფელთ ფრიადი სატანჯველი შეემთხვათ - წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც უფალი მოვა დიდებითა და ყოველთა მოწმუნეთა გასაკვირად, ისინი დაისჯებიან, საუკუნოდ მოისვრებიან ღვთისაგან. ეს ყოველივე განვიცადოთ ძმანო, გულისხმავყოთ, კიდევ უფრო განვიწმიდოთ თავები ხორცისა და სულის შეგინებისაგან და ვაკეთოთ სიწმიდე ღვთის შიშით! გვსურდეს უმჯობესი; განვეშოროთ ბოროტს და შევერთოთ ძმათმოყვარების სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ნუ ვიქნებით მცონარენი - სულით მდუღარენი ვმონებდეთ უფალს, ვსასოებდეთ, დავითმინოთ ჭირი და მოკრძალებით ვილოცოთ, რათა ასეთი გულმოდგინებით ვიდღესასწაულოთ მოახლოებული აღდგომა და ღირსნი გავხდეთ, მივემთხვიოთ საუკუნო შვებას კეთილისა, ბოძებულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 15 (222), 2003 წ.