მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი)

ისწავლეთ ლოცვა!..

 

„სიღრმეში მიმავალ გზაზე“

(გაგრძელება)

ახლა, თუ ყველა ამ სიტყვით შეიარაღებულნი, ჩვენ შიგნით შეღწევას ვაპირებთ, ისე როგორც მაღაროელები ბურღავენ მიწას და მის წიაღში ჩადიან, რათა იქიდან ზედაპირზე ამოიტანონ რაღაც, მაშინ რისკისათვის მზად უნდა იყოთ: სიღრმეში ჩასვლა მეტად ძნელია. ეს უბრალოდ ჟღერს; ყველანი ვთვლით, რომ ჩვენში არის სიღრმე და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ მასში, მით უფრო შესანიშნავი ხდება იგი. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. დიახ, - როდესაც ჩვენ საკმარიდან ჩავუღრმავდებით, მაშინ ეს მართალია, მაგრამ გზა ძალიან ჰგავს მონათხრობს წმ. გრაალის ან იდუმალი ქალაქის ძებნას. გზად შეიძლება, მრავალ ურჩხულთან მოგვიწიოს შეხვედრამ და ეს ურჩხულები სულაც არ არიან ეშმაკები, სულაც არ არიან ჩვენი ახლობლები, არამედ ჩვენ თვითონ ვართ. და ამიტომ ყველაფერი გაცილებით უსიამოვნო და გაცილებით ძნელი ხდება.

ჩვეულებრივ სიხარბე, შიში, ცნობისმოყვარეობა გვაიძულებს საკუთარი თავის გარეთ ვიცხოვროთ. თავის წიგნში „ადამიანი, ეს უცნობი...“ ალექსის კარელი ამბობს: „თუ საკუთარ თავს ვკითხავთ, სად არის ჩვენი პიროვნების ზღვარი, მაშინ ვნახავთ, რომ ენა ტკბილეულისმოყვარულია და საცეცების მსგავსად ეპოტინება ყველაფერს, რაც საჭმელად გამოდგება, თვალები ცნობისმოყვარეა, საცეცებით მიემართება ყოველივე საინტერესოს, ყურები - ცნობისმოყვარისა უფრო და უფრო გრძელდებიან, ცდილობენ, მეტი და მეტი დაიჭირონ“. მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში საკუთარ ავტოპორტრეტს დავხატავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი შინაგანი ქონება არც ისე დიდია, იმიტომ, რომ ყველაფერი გარეთაა მიმართული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვაშოროთ ჩვენი საცეცები ყველაფერს და შიგნით შევიკეცოთ ისინი. შეუძლებელია, სიღრმეში მიდიოდე მაშინ, როდესაც ერთიანად გარეთ იმყოფები.

შეეცადეთ და გზად კიდევ მრავალ საჭირო რამეს აღმოაჩენთ. მაგალითად, მონახეთ დრო, რომ საკუთარ თავთან განმარტოვდეთ: დაკეტეთ კარი და გარკვეული ხნის მანძილზე, როცა გასაკეთებელი არაფერი გაქვთ, დაჯექით თქვენს ოთახში და უბრალოდ თქვით: - „ეხლა მე საკუთარ თავთან ვარ“. ცოტა ხნის შემდეგ მოწყენილობა შეგიპყრობთ და ეს მეტად ბევრის მასწავლებელია. ეს მიგვახვედრებს, რომ მაშინ, როდესაც ათი წუთის განმავლობაში გვბეზრდება ჩვენი თავი, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ მასთან ყოფნა სხვებსაც ბეზრდებათ! რატომ ხდება ასე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ თითქმის არაფერი გვაქვს საერთო საკუთარი გონების, საკუთარი ემოციების, საკუთარი ცხოვრების გამოსაკვებად? იმიტომ რომ, თუ ჩვენს ცხოვრებას დაჟინებით დავაცქერდებით, ძალიან სწრაფად აღმოვაჩენთ, რომ ხანდახან ჩვენ რაღაცნაირად - შიგნიდან გარეთ ვცხოვრობთ, როგორც წესი, სტიმულს, გარეგნულ გამაღიზიანებელს ვეხმაურებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცხოვრობთ ასახვითი ცხოვრებით, ვრეაგირებთ. რაღაც მოხდა - და ჩვენ ვეხმაურებით; ვიღაც ლაპარაკობს - და ჩვენ ვპასუხობთ. მაგრამ, როდესაც ფიქრის, საუბრის ან მოქმედების სტიმული არ არის, უცებ აღმოჩნდება: ჩვენს შიგნით ძალიან ცოტა რამ არის ისეთი, რაც რაიმე მიმართულებით მოქმედების სურვილს აღგვიძრავს და ეს მეტად დრამატული აღმოჩენაა: ჩვენ სრულიად ცარიელები ვართ, ჩვენ შიგნიდან არ ვმოქმედებთ, არამედ, პირიქით, საკუთარი შინაგან ცხოვრებას არად ვაგდებთ, სინამდვილეში გარედან ვიკვებებით; რაღაც ხდება და გვაიძულებს რაღაცის კეთებას, მხოლოდ ხანდახან ვახერხებთ, რომ ვიცხოვროთ უბრალოდ - იმ სიღრმითა და სიმდიდრით, რომელიც საკუთარ თავში გვეგულება.

დიკენსის „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“ არის ნაწყვეტი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ჩემს და შესაძლოა - თქვენს ცხოვრებასაც. პიკვიკი მიემგზავრება კლუბში და ქირაობს მეეტლეს; გზად იგი მეეტლეს უამრავ შეკითხვას აძლევს და სხვათა შორის ეკითხება: - „როგორ ახერხებს ეს საცოდავი და უძლური ცხენი ამხელა ეტლის ზიდვას?“ და მეეტლე პასუხობს: „- საქმე ცხენში კი არ არის, არამედ ბორბლებში“. „ამით რისი თქმა გსურთ?“ - კვლავ კითხულობს პიკვიკი და პასუხად იღებს: - „ხედავთ, რომ ჩვენი ბორბლების წყვილი შესანიშნავია, ისე შესანიშნავადაა გაზეთილი, რომ საკმარისია, ცხენი ოდნავ დაიძრას და ბორბლები ბრუნავს იწყებენ, საცოდავი ცხენები იძულებულები არიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცნენ“. შეხედეთ, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ - უმეტეს შემთხვევაში: ჩვენ ის ცხენი კი არ ვართ, რომელიც ეტლს ეზიდება, არამედ ის, რომელიც ეტლს გაურბის, რომ მისი მსხვერპლი არ აღმოჩნდეს...

და სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ გარეგნული ბიძგის გარეშე, აღმოჩნდება: ჩვენ არ ვიცით, რა ვუყოთ საკუთარ თავს და უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ჩვენი ცხოვრება. ამიტომ დასაწყისისთვის განმარტოებულად ჯდომა უნდა ისწავლოთ, მოწყენილობას არ შეუშინდეთ და შეგეძლოთ, აქედან შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ.

მალე ჩვენ უარესი რამ გვემართება, ვიდრე მოწყენილობაა. იმიტომ, რომ ეს ის მოწყენა კი არ არის, როდესაც შეგიძლია თქვა: - „მე აქტიური ადამიანი ვარ და მივეჩვიე, რომ მოყვასს სარგებლობა მოვუტანო; მე ყოველთვის სიკეთის ქმნით ვარ დაკავებული და ეს უქმად ყოფნა, როდესაც სხვებისთვის არაფერს ვაკეთებ, მძიმე განსაცდელია“. არა. ამ დროს შენ ნელ-ნელა რაღაც - სულ სხვას აღმოაჩენ. ჩვენ მოწყენილები ვართ, ვცდილობთ გავექცეთ ამ მოწყენილობას და საკუთარ თავს ვუღრმავდებით, რომ იქ მაინც ვიპოვოთ რაიმე, რაც ამ მოწყენილობას გაფანტავდა, მაგრამ ძალიან ჩქარა აღმოვაჩენთ, რომ არაფერი არ არის... ყველაფერზე, რაზეც ფიქრი შეგვეძლო, უკვე ათჯერ ვიფიქრეთ; ჩვენი ემოციების მთელი მარაგი პიანინოს კლავიატურას ჰგავს, რომელიც დავხურეთ, იმიტომ, რომ ის თავსითავად არ უკრავს. ვიღაც გვჭირდება - ვინც კლავიშებზე დაუკრავს. ჩვენ მიჩვეულები არა ვართ „არაფერი არ ვაკეთოთ“, და შფოთი გვიპყრობს, შფოთი კი აუტანელ ტანჯვას გვაყენებს. მეუდებნოე მამები რომ წაგეკითხათ, შეძლებდით, გაგეხსენებინათ, რომ იყო მომენტები, როდესაც ისინი უბრალოდ გამორბოდნენ სენაკებიდან და ყვირილით ითხოვდნენ შველას იმის იმედით, რომ ვინმეს ან რამეს შეხვდებოდნენ, ვინც და რაც უნდა ყოფილიყო იგი; თვით ეშმაკიც კი უკეთესი სანახავი იყო, ვიდრე ეს დაცარიელებული თვითჭვრეტა. წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ადამიანების უმრავლესობა ხომ იმ ბურბუშელას ჰგავს, საკუთარი სიცარიელის ირგვლივ რომაა შემოხვეული“. თუ ცოტაოდენი პატიოსნება მაინც გვაქვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ადეკვატურად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც პრაქტიკულად ჩვენ - ყველანი ვიმყოფებით.

აქ უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ: „არა, მე არ შევუდრკები, მე მივალ იმ წერტილამდე, როდესაც თვით ეს ტანჯვა გამომაფხიზლებს ისე, როგორც ამის გაკეთება კეთილი ნებით არ შემიძლია“. და ჭეშმარიტად: დგება წუთები - წუთები სასოწარკვეთისა, შფოთისა და შიშისა, რომელიც გვაიძულებს, კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავშიდა შევღაღადოთ: - „უფალო, შემიწყალე! უფალო, ვიღუპები და გადამარჩინე!“ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში არ არის რაიმე, რასაც ცხოვრების მონიჭება შეეძლო, ან, უფრო სწორად, ის, რაც არის ცხოვრება. ყველაფერი, რასაც ცხოვრებას ვეძახდით, რასაც ცხოვრებას ვუწოდებდით, იყო მხოლოდ გარეგნული. ხოლო სიღრმეში არაფერი არ იყო.

ჩვენ ვუმზერთ ამ არარსებობის უფსკრულს და ვგრძნობთ: რაც მეტად ჩავუღრმავდებით მას, მით უფრო ნაკლები რამ დარჩება ჩვენგან. ეს წამი საშიშია, ეს ის წამია, როდესაც უნდა შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, ყველაფერი ავწონოთ. ეს ის წუთებია, როდესაც ჩვენ სიღრმის პირველ ფენას მივაღწიეთ, იმას, როდესაც ჩვენში იბადება პირველი შესაძლებლობა იმისა, რომ კარზე დავაკაკუნოთ. იმ დონეზე, სადაც უბრალოდ დავისვენებთ ჩვენი ახლობლებისგან მანამ, ვიდრე ჩვენი მოწყენილობა შფოთის და მღელვარების ზღვრამდე მივა და ავფორიაქდებით. ჯერ კიდევ არ გვაქვს მიზეზი იმისა, რომ სასოწარკვეთილებისაგან ვყვიროდეთ და მოვთქვამდეთ - ჯერ კიდევ არ არის ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი ნება და ჩვენი სხეული იმდენდაც გადატვირთული იმ გრძნობით, რომ თუ ღმერთი არ მოვა - მე ვიღუპები, იმედი აღარ მაქვს, იმიტომ, რომ ვიცი, რომ ამ უფსკრულიდან კიდეც რომ გამოვაღწიო, ისევ იმ ჩრდილების, ანარეკლების სამყაროში მოვხვდები და არა - რეალურ ცხოვრებაში. ეს ის წუთებია, როდესაც შეგვიძლია, დავიწყოთ იმ კარზე კაკუნი, რომელიც ჯერ კიდევ დაკეტილია, მაგრამ, რომლის მიღმაც არის იმედი, ის იმედი, რომელიც ბრმა ბარტიმეოსმა იერიქონის ჭიშკართან განიცადა უსაზღვრო სასოწარკვეთილებით მოცულმა მაშინ, როდესაც ახლოს ქრისტემ ჩაუარა.

სახარებიდან ვიცით, რომ დაბრმავებული ბარტიმეოსი აღმოჩნდა სრულიად ღატაკი, გზაზე უიმედოდ მიტოვებული; მან ადამიანთა დახმარების ყოველგვარი რწმენა და იმედი დაკარგა და იძულებული იყო ლუკმა-პურისთვის ემათხოვრა, მას იმდენად მოწყალების იმედი კი არ ჰქონდა, რომელიც გულმოწყალებისა და ალერსიანი მზრუნველობისგან გამომდინარეობს, არამედ იმ გადმოგდებული მონეტისა, რომელსაც ისე უყრიან მათხოვრებს, რომ ადამიანს ვერც ამჩნევენ. და ერთხელ მან, როდესაც ყოველგვარი იმედი უკვე უარყოფილი ჰქონდა, სრულიად დაბრმავებულმა და მტვრით მოცულმა, შეიტყო ადამიანზე, ახალ წინასწარმეტყველზე, რომელიც მთელს წმ. მიწაზე სასწაულებს აღასრულებდა. ბარტიმეოსი ბრმა რომ არ ყოფილიყო, გაიქცეოდა და მთელს ქვეყანაში მოძებნიდა ამ წინასწარმეტყველს; მაგრამ ამ მოხეტიალე სასწაულმოქმედის პოვნა მას არ შეეძლო; ამიტომ იგი იქვე დარჩა, სადაც იჯდა და იმის შეგნება, რომ არის ვიღაც, ვისაც შესაძლოა, მისი განკურნება ხელეწიფება, უეჭველად კიდევ უფრო აღრმავებდა მის სასოწარკვეთილებას. და აი, ერთხელ მას მოესმა გზად მიმავალი ბრბოს შეძახილები. ბრბოსი, რომელიც რაღაც უჩვეულოდ ყვიროდა. სრულიად დამაჯერებელია, რომ როგორც ეს საერთოდ ემართებათ ხოლმე ბრმებს, მისი სმენა და აღქმა ჩვეულებრივზე მეტად იყო გამახივილებული. ამიტომ იკითხა: „ვინ მოდის?“ და პასუხად მიიღო: „იესო ნაზარეველი“. და აქ ბარტიმეოსი უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ და უსაზღვრო იმედმა მოიცვა. უსაზღვრო იმედმა - იმიტომ, რომ ქრისტე მისაწვდომ ფარგლებში შემოვიდა; მაგრამ ამავე დროს -უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ! - იმიტომ, რომ ქრისტე რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გასცდებოდა და აღარასოდეს ასეთი შემთხვევა აღარ მიეცემოდა. და ამ სასოწარკვეთილი იმედის სიღრმიდან ბარტიმეოსს ყვირილი აღმოხდა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ ეს იყო სარწმუნოების სრული აღიარების ძახილი იმ წუთებში, სწორედ იმის გამო, რომ მისი სასოწარკვეთილება ესოდენ ღრმა იყო, მასში იშვა ესოდენ კადნიერი იმედი და მან მიიღო კურნება, ხსნა, სიმრთელე. ქრისტემ გაიგონა მისი ხმა...

სრულყოფილ, არანაკლულევან იმედთან ყოველთვის რაღაც საზომით სასოწარკვეთილებაა დაკავშირებული. ეს ის წუთებია, როდესაც საკუთარ თავში ჩაღრმავებისას ჩვენ შევძლებთ ლოცვას; და მაშინ სიტყვები: უფალო, შემიწყალე! - სრულიად საკმარისია. ასეთ დროს საჭირო არ არის გავრცობილი სიტყვები, რომლებსაც ასე ხშირად ვხვდებით ლოცვანებში. საკმარისია, მხოლოდ სასოწარკვეთილებისგან შევძახოთ: - „მიშველე!“ - და ეს შესმენილი იქნება.

ძალიან ხშირად, ლოცვისას საკუთარ თავში საკმაო ძალას, რწმენას, საკმაო იმედს ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილება არც ისე ღრმაა. გვსურს, რომ ღმერთი, მისი მყოფობა ჩვენში უამრავ სხვა საგანთან ერთად მივიღოთ. ჩვენ გვინდა მისი შეწევნა და იმავდროულად ვცდილობთ, ეს დახმარება ყოველი მხრიდან მივიღოთ, საიდანაც კი ეს მოხერხდება. ჩვენ ღმერთს ისე მივმართავთ, როგორც რაღაც სათადარიგოს, როგორც უკანასკნელ საშუალებას. ჩვენ მივმართავთ ძლიერთ ამა ქვეყნისას, ადამიანის შვილებს და ვამბობთ: „ღმერთო, მიეცი ძალა, რომ მათ ეს ჩემთვის გააკეთონ!“ და ძალიან, ძალიან იშვიათად შევაქცევთ ზურგს ძლიერთ ამა სოფლისას, ადამიანის შვილებს და ვამბობთ: „დახმარებისთვის აღარავის მივმართავ, სჯობს, შენ თვითონ მომეხმარო!“ თუ ჩვენი სასოწარკვეთილება საკმაო სიღრმიდანაა აღმომხდარი, თუ ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რისთვისაც ვუხმობთ, იმდენად არსებითია, რომ ჩვენი ცხოვრებისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას გამოხატავს, მაშინ ლოცვისთვის სიტყვებს ვიპოვით და შევძლებთ, მივაღწიოთ ლოცვის მიზანს - ღმერთთან შეხვედრას.

ახლა კი მშფოთვარების შესახებ: შეიძლება, კავშირი ბარტიმეოსის შესახებ მონათხრობთანაც აღმოვაჩინოთ. იგი უხმობდა... და რას ამბობს სახარება მის გარშემომყოფთა შესახებ?! ისინი აიძულებდნენ, რომ გაჩუმებულიყო!.. ადვილად წარმოსადგენია ეს ღვთისმოსავი ადამიანები: თვალხილულნი, დამაჯერებელი ნაბიჯებით, ჯანმრთელნი - რომლებიც გარშემორტყმოდნენ ქრისტეს - მაღალ მატერიებზე საუბრობდნენ: მომავალ ღვთის სასუფეველზე, წმ. წერილის საიდუმლოებებზე. ადამიანები, რომლებიც ბატიმეოსს მიუბრუნდნენ და ეუბნებოდნენ: - „ბოლოს და ბოლოს, არ შეგიძლია, გაჩუმდე?! რა არის ეს შენი თვალები, რა მნიშვნელობა აქვთ მათ, თუ როგორია, როდესაც აქ ღმერთზე ვსაუბრობთ?“ ბარტიმეოსი, თითქოს კონტექსტიდან ვარდებოდა, როდესაც ითხოვდა ღმერთისგან რაღაცას - ისეთს, რაც მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო; აქ კი რაღაც ცერემონია მიმდინარეობდა და იგი მას აწყობილ ჰარმონიას არღვევდა: დაუყოვნებლივ მისი გაგდება იყო საჭირო! საჭირო იყო, დაუყოვნებლივ გაეჩუმებინათ იგი! მაგრამ სახარება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმ ხალხისა, რომლებიც მას აჩუმებდნენ, იგი განაგრძობდა ძახილს იმის შესახებ, რაც ასე სჭირდებოდა, რაც უფრო ცდილობდნენ, მით უფრო ხმამაღლა ყვიროდა.

აი, რისი გადმოცემა მსურდა თქვენთვის. არის ასეთი ბერძენი წმიდანი - სახელად მაქსიმე, რომელიც ყმაწვილობისას ტაძარში მივიდა და იქ მოისმინა სიტყვები მოციქულის ეპისტოლედან: „მოუკლებელად ილოცევდით...“ ამ სიტყვებმა იმდენად განმსჭვალა იგი, რომ იფიქრა, სხვა არაფრის გაკეთება არ სურდა, გარდა იმისა, რომ ეს მცნება აღესრულებინა. და იგი გამოვიდა ტაძრიდან, მივიდა უახლოეს გორაკზე და განუწყვეტელი ლოცვა დაიწყო. ის IV ს-ის ბერძენი გლეხი იყო. ზეპირად იცოდა „მამაო ჩვენო...“ და რამდენიმე სხვა ლოცვა. საკუთარი მონათხრობის მიხედვით, იგი ერთმანეთის მიყოლებით კითხულობდა ამ ლოცვებს და იმეორებდა და იმეორებდა მათ. იგი ძალიან კარგაც გრძნობდა თავს; იგი ლოცულობდა, იგი იყო ღმერთთან, სიხარულით ფრთაშესხმული და ყველაფერი სრულყოფილად ეჩვენებოდა - გარდა იმისა, რომ მზე დასავლეთისკენ იხრებოდა, უფრო და უფრო ბნელდებოდა და სიცივე მატულობდა. და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად იმატებდა სიბნელე, სხვადასხვა შემაშფოთებელი ხმები გაისმოდა: ტოტების მტვრევის ხმა გარეული მხეცის თათებქვეშ, წვრილი ცხოველების ხმები, რომლებსაც მტაცებლები ესხმოდნენ თავს, მათი თვალების ელვა და ა.შ. და უცებ მაქსიმემ იგრძნო, რომ იგი სრულიად მარტოა - პატარა, დაუცველი არსება საშიშარ, სიკვდილის და მკვლელობის სამყაროში - თუ ღმერთი არ მოვიდოდა მის საშველად; მაშინ უკვე აღარ კითხულობდა საუფლო ლოცვასა და მრწამსს; იგი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ბარტიმეოსი და დაიწყო ყვირილი: - „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!“ და იგი ამგვარად მთელი ღამის განმავლობაში გაჰყვიროდა, იმიტომ, რომ მხეცები და მათი მოელვარე თვალები ძილის ნებას არ აძლევდნენ. შემდეგ დილა დადგა და მან იფიქრა: „ახლა მხეცები დაიძინებენ და მე შემიძლია, ვილოცო“, მაგრამ აქ იგრძნო, რომ მოშიებოდა. გადაწყვიტა, ხილი შეეგროვებინა და თხილნარში შევიდა, მაგრამ წარმოიდგინა, რომ ყველა ეს მანათობელი თვალი და ბრჭყალებიანი თათები უეჭველად სადღაც - ამ ბუჩქებში იყო დამალული. იგი ძალიან ფრთხილად აგროვებდა ნაყოფს და ყოველ ნაბიჯზე იმეორებდა: „ - უფალო, იესო ქრისტე, მიხსენ მე, შემეწიე მე, ღმერთო, დამეხმარე და დამიცავი მე!“ - მის მიერ აღებულ თითოეულ მარცვალს რამდენიმე ლოცვა მოსდევდა.

დრო გავიდა და მრავალი წლის შემდეგ მაქსიმე ძალიან მოხუცებულ და გამოცდილ მოღვაწეს შეხვდა, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ ისწავლა მან მოუკლებელი ლოცვა, მაქსიმემ მიუგო: „ - ვფიქრობ, მე ის ეშმაკმა მასწავლა“. თანამოსაუბრემ კვლავ ჰკითხა: „ - მე მგონი, მესმის შენი, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად გაგიგე“. მაშინ მაქსიმემ მას უამბო, თუ როგორ მინელდა ეს ფაჩუნი და საფრთხე დღისით და ღამით, მაგრამ შემდეგ მას ხორციელი განსაცდელი დაატყდა თავს, შემდეგ - გონებრივი ბრძოლები, ბოლოს კი - მტრის ძალიან აშკარა თავდასხმები. და ამ ხნის განმავლობაში არ არსებობდა წამი და წუთი, რომ ღმერთისთვის დახმარება არ ეთხოვა და მისთვის არ მიემართა: - „შემიწყალე, შემიწყალე, მიშველე, დამეხმარე!..“ და ერთხელ, მრავალი წლის შემდეგ, უფალი გამოეცხადა მას... და სიმშვიდე, სიწყნარე, უშფოთველობა დამკვიდრდა მასში. აღარ დარჩა შიში. არც სიბნელის შიში, არც - თხილნარის, არც - ეშმაკის. უფალმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. „ამ დროისთვის ვისწავლე, რომ თუ უფალი თვითონ არ მოვა, მე სრულიად უიმედოდ უსუსური ვარ. ასე რომ, უშფოთველობის, სიმშვიდისა და სიხარულის წუთებშიც ვაგრძელებდი ლოცვას: - „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!..“ იმიტომ, რომ ვიცოდი, მხოლოდ ღვთის გულმოწყალება მომცემს გულის სიმშვიდეს, გონების სიმშვიდეს, ხორცის მოსვენებას და მართალ ნებას“.

აი ასე: მაქსიმემ ისწავლა ლოცვა, მაგრამ არა შფოთისაგან განრიდებით, არამედ შფოთის წყალობით, და ეს იმიტომ, რომ მისი შფოთი რეალური იყო - მის უკან რეალური საფრთხე იმალებოდა. იმას რომ ვაცნობიერებდეთ, რომ გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ ეშმაკი ბრდღვინავს, ცდილობს, შეგვიპყროს და დაგვღუპოს ჩვენ, რომ ყოველი ადამიანური შეხვედრა არის სამსჯავრო, კრიზისი, ის სიტუაცია, როდესაც მოწოდებულნი ვართ, მივიღოთ ქრისტე - შემხევდრი ადამიანის სახით, ან ქრისტეს მაცნედ ვექცეთ მას; რომ გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც დიდ მნიშვნელობას შეიცავს, მაშინ შევძლებდით, გვეყვირა და გველოცა - გაუჩერებლად. მაშინ შფოთი და საფრთხე იქნებოდა ჩვენთვის არა ჩავარდნა, არამედ სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც ლოცვას გვასწავლის მაშინ, როდესაც მეტისმეტად გამოუცდელნი ვართ იმისთვის, რომ სიღრმიდან, ძალდატანების, სტიმულის გარეშე ვილოცოთ.

როგორ ვისწავლოთ ლოცვა იმ პირობებში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, თუ ლოცვის შესახებ არაფერი ვიცით, არასოდედ გვილოცია ან გვილოცია ძალიან ცოტა?! მე ეს სხვადასხვა პირობებში გამოვცადე: იმ წლებში, როდესაც მედიცინაში ვმუშაობდი, ხუთი წლის განმავლობაში - საომარ პირობებში, შემდეგ მღვდლობისას და ა.შ. და გამომივიდა!.. დიახ, ეს გამოდის, თუ საკმარისად უბრალო და სადა ხარ და შეგიძლია, რომ შემდეგნაირად მოიქცე:

დილით რომ გაიღვიძებ, პირველ რიგში, მადლობა შესწირე ღმერთს, თუნდაც ის დღე, რომელიც იწყება, დიდ სიხარულს არ განიჭებდეს და თქვი: „ესე არს დღე, რომელი შექმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“ (ფს. 117,24); როდესაც ამას გააკეთებ, საკუთარ თავს საშუალება მიეცი, გააცნობიერო იმის მართლებულობა, რაც თქვი და საკუთარ თავს მიუსადაგო; შემდეგ წამოდექი, მოწესრიგდი, გააკეთე ყველაფერი, რასაც ყოველ დილას აკეთებ და კვლავ მიუბრუნდი ღმერთს. მიდი მასთან გაორმაგებული რწმენით: რომ შენ ღმერთისა ხარ და რომ ეს დღეც ღმერთს ეკუთვნის, რომ იგი სრულიად ახალი და ხელუხლებელია. ის ადრე არასოდეს ყოფილა!

შემდეგ?!. შემდეგ შესთხოვე ღმერთს, რომ დალოცოს ეს დღე, რომ ამ დღის განმავლობაში ის აკურთხევდეს და მართავდეს ყველაფერს. და ამასთან, ძალიან სერიოზულად მოეკიდე საკუთარ სიტყვებს, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ: - „უფალო, გვაკურთხე!“ - ხოლო, კურთხევის მიღების შემდეგ უძღები შვილივით ვიქცევით: ვაგროვებთ ჩვენთვის მოცემულ ყოველგვარ სიკეთეს და მივდივართ შორს, სხვაგან, უწესო ცხოვრებას ვიწყებთ.

მაშ ასე: ეს დღე ღვთის მიერ კურთხეულია, ის პირადად ღმერთის დღეა; ახლა კი მოდით შევიდეთ მასში. ახლადდაწყებულ დღეს ისე შეუდგები, როგორც პირადად ღვთისგან მონიჭებულს; ვისაც არ უნდა შეხვდე, ისე ხვდები, თითქოს მას ღმერთი ხვდებოდეს. ამ დღეს შენ მოვლინებული ხარ, რომ იყო უფლის მყოფობით, ქრისტეს მყოფობით, სულიწმიდის მყოფობით, სახარების მყოფობით; აი, შენი ფუნქცია დღეს; ღმერთს არასოდეს უთქვამს, რომ, როდესაც რაღაც სიტუაციაში მისი სახელით შეაბიჯებ, ჯვარზე კვლავ მას აცვამენ და შენ კი - აღსდგები. ყოველთვის მზად უნდა იყო, შეაბიჯო ვითარებათა ნებისმიერ თანმიმდევრობაში - ღმერთის სახელისათვის და იარო ძე ღვთისას მსგვსად: დამცირებითა და სიმდაბლით, სიმართლით და დევნის დათმენის მზადყოფნით.

როდესაც ღვთის მცნებებს ვასრულებთ, ჩვეულებრივ, ველით, რომ წამსვე საოცარ შედეგებს ვიხილავთ, ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგჯერ წმიდათა ცხოვრებაში ვკითხულობთ. მაგალითად: როდესაც ვიღაც სახეში შემოგვკრავს, ჩვენ მეორე ლოყას მივუშვერთ, ამ დროს კი სინამდვილეში არაფრით არ ველით, რომ ის კვლავ დაგვარტყამს, არამედ გვგონია, რომ შესძახებს: „ჰოი, რა საოცარი სიმდაბლეა!“ და - ჩვენ დაჯილდოებულნი აღმოვჩნდებით, ხოლო მოწინააღმდეგე სულის ხსნას მოიპოვებს. მაგრამ ეს ასე არ ხდება; ძალიან ხშირად ასეთ შემთხვევაში სასტიკი დარტყმა გველის; მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამისთვის მზად იყო. რაც შეეხება დღეს, თუკი გაიაზრე და მიიღე ის, რომ იგი ღვთის მიერ დალოცვილია, რომ მან თავისი ხელით აკურთხა იგი, მაშინ ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხვდები - ღვთის საჩუქარი იქნება შენთვის, ყოველი ვითარება, რომელშიც მოხვდები, იქნება ასევე საჩუქარი - ან მწარე, ან ტკბილი - იმისდამიუხედავად, მოგწონს თუ არა, იგი მაინც ღმერთის განსაკუთრებული საჩუქარია პირადად შენთვის და თუ სწორედ ასევე მიიღებ მას, მაშინ ყოველგვარ ვითარებასთან გამკლავებას შეძლებ. მაგრამ ასეთ დროს სრული მზადყოფნა უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს - სასიამოვნოც და უსიამოვნოც. და თუ ღვთის სახელით ივლი მთელ დღეს, რომელიც პირადად მისი ხელიდან ასეთი ხასხასა და ახალი მიიღე კურთხევით, რომ გეცხოვრა მასში, მაშინ შეძლებ, რომ ლოცვა და ცხოვრება ჭეშმარიტად მონეტის ორ მხარედ აქციო. მაშინ უკვე ერთი ამოსუნთქვით იწყებ ლოცვას და მოქმედებას, იმიტომ, რომ ყოველი ვითარება, ერთიმეორეს რომ მიყვება, ღვთის კურთხევას საჭიროებს.

რამდენიმე წლის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი ახალგაზრდებს თეზის თავყრილობაზე. ამის შემდეგ ოცდაათამდე ახალგაზრდასთან - გოგონებთან და ვაჟებთან მიმოწერამ მომიწია. ერთხელ, ერთმა გოგონამ მომწერა: - „შევეცადე, თქვენი რჩევები გამომეყენებინა, ამას მთელი ძალით ვცდილობდი; წუთი არ იყო, რომ ერთდროულად არ მემოქმედა და არ მელოცა, ახლა კი სიტყვა „ღმერთის“ გაგონებაც აღარ მინდა. ასეთი ლოცვა ჩემთვის აუტანელი გახდა“. მე მას პასუხად მივწერე: „შენ მომნელებელი სისტემა დაგერღვა, ზედმეტი მოგივიდა. ლოცვაშიც აუცილებელია საღი აზრის შენარჩუნება, როგორც ცხოვრებაში. მისი საშუალებით ხელმძღვანელობა. როდესაც ცხოვრებაში არასოდეს გილოცია, არ შეიძლება, პირდაპირ დღეში თვრამეტსაათიანი ლოცვით დაიწყო და შენი საქმეც აკეთო. არამედ უნდა გამოყო ერთი ან ორი პერიოდი და შენს ენერგიას თავი მათში მოუყარო. უბრალოდ, მზერა მიაპყარი ღმერთს, გაიღიმე და დაიწყე. სხვა დროს კი უთხარი მას: - „მე ახლა უნდა დავისვენო. ძალა არა მაქვს, რომ გამუდმებით შენთან ვიყო“. ეს ხომ სიმართლე იქნება! შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია, ღმერთთან განუწყვეტელ კავშირს გაუძლო. უთხარი ეს მას. ასე რომც არ მოიქცე, ღმერთმა შესანიშნავად იცის ყველაფერი. ჯერჯერობით გვერდზე გადექი და თქვი: - „ახლა მე დავისვენებ, დროებით თანახმა ვარ, რომ მეტისმეტად წმიდანი არ ვიყო“.

ამგვარად, ჩვენ უბრალოდ დავისვენებთ და შევხედავთ რაღაცა სხვას, რაც თავისთავად ასევე ღვთისგანაა - სახლებს, ხეებს. გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ღმერთს დავუბრუნდებით. უნდა ეცადოთ, მაგრამ სიფხიზლე არ მოადუნოთ იმიტომ, რომ არსებობს ცოდვა, რომელსაც წმ. მამები სულიერ სიხარბეს უწოდებენ: ჩვენ უფრო და უფრო მეტი ღმერთი გვინდა მაშინ, როცა დიეტა გვჭირდება: ასე, რომ ცოტა მიიღე და ჯერჯერობით ეს იკმარე.

გაგრძელება...