ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

4

დღეს მორწმუნენი, ისევე როგორც ურწმუნონი, შეშფოთებულნი არიან ქორწინების არამყარობით და უბედურებით, რაც მოაქვს ამ არამყარობას როგორც მეუღლეთათვის, ასევე ბავშვებისთვის. ბევრია შეწუხებული ოჯახების ნგრევით და ოჯახური ცხოვრების უსიხარულობით, რაც დღეს საყოველთაოდ არის გამეფებული. ეს ხდება ნაწილობრივ იმის გამო, რომ ოდესღაც არსებული ქორწინების იდეალი ახლა ადამიანებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მრავალი ქორწინებას განიხილავს უბრალოდ, როგორც კერძო ხელშეკრულებას. ისინი თავს გრძნობენ ცალკეულ ადამიანებად, საზოგადოების გარეშე, და ამიტომ თვლიან, რომ უფლება აქვთ ისე მოიქცნენ, როგორც სურთ.

ბევრნი განიხილავენ ქორწინებას წმინდა საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში ოჯახი სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი, ძალზე პატარა ნაწილაკი საერთო სახელმწიფო აპარატისა, რომელიც მას დიდ სიმძიმეს აკისრებს და ეს სიმძიმე ზოგჯერ აუტანელი ხდება. თუ ჩავუღრმავდებით ამის მიზეზებს, ანუ იმას, თუ როგორ ქორწინდებიან დღეს ადამიანები, ვფიქრობ, შეიძლება ადამიანთა დაყოფა რამდენიმე კატეგორიად.

ზოგიერთები ქორწინდებიან, უფრო ზუსტად, იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას იმიტომ, რომ მოსწონთ ერთმანეთი, იმიტომ რომ მათ შორის არსებობს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მიზიდულობა. ქორწინებაში ისინი არ ეძებენ რაიმე მიზნის განხორციელებას, არ უნდათ რამის მიღწევა; მათ ჰგონიათ, რომ თუკი შეუძლიათ დააკმაყოფილონ ერთმანეთი ხორციელად ან ფსიქოლოგიურად, უკვე ყველაფერი მიღწეულია. ამისთვის ისინი არ ეძებენ არც ღვთის კურთხევას, არც იმას, რომ ჩაერთონ ადამიანთა საზოგადოებაში და შეიტანონ მასში რაღაც ახალი.

სხვანი ეძებენ ქორწინებას, რადგან მათ შორის არის სულიერი და ხორციელი თანხმობა, მაგრამ ამავე დროს არის რაღაც საერთო იდეალიც. მათ სურთ იდგნენ არა პირისპირ, არამედ მხარდამხარ, არ სურთ გაატარონ ცხოვრება მხოლოდ ურთიერთჭვრეტასა და ურთიერთდაკმაყოფილებაში, სურთ ერთად იცხოვრონ და შექმნან ცხოვრება. იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მრწამსი, ერთნი - ურწმუნონი - ააშენებენ საზოგადოებას ღმერთის გარეშე, მაგრამ მასში ეძებენ მათთვის ხელმსაწვდომ მთელ სიღრმეს ადამიანთან მიმართებაში; სხვანი - მორწმუნენი - დაიწყებენ რაღაც სხვა განზომილებების ძიებას. ზოგიერთებს სწამთ რაღაც გაურკვეველი ღვთაების, რაღაც ზეციური ძალის და, ერთი მხრივ, დაიწყებენ ამ ძალის კურთხევის, ამ ღვთაების სახელით ნათქვამი კეთილი სიტყვის ძიებას, ხოლო მეორე მხრივ, დაფიქრდებიან: როგორ შეიძლებოდა ისეთი ქორწინების განხორციელება, რომელიც იქნებოდა ადამიანზე უფრო დიდი, იმდენად დიდი, რომ გამხდარიყო ყოვლად საკაცობრიო.

ისინი, ვისაც განსაზღვრული ღმერთი სწამთ (მე ახლა ვისაუბრებ ქრისტიანის თვალთახედვით), დაიწყებენ ქორწინების განხორციელების ძიებას ისეთი ნიმუშების მიხედვით, რომლებიც მოცემული გვაქვს ქრისტიანულ ეკლესიაში: ქორწინება, როგორც ერთობა, ქორწინება, როგორც მარადიული ცხოვრების სახება. ქორწინების, როგორც ერთობის შესახებ, მე უკვე აღვნიშნე. გარდა ამისა, ქორწინებაში არის მარადიული განზომილება, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მარსელმა. იგი წერს: „უთხრა ადამიანს: „მე შენ მიყვარხარ“ - იგივეა, რაც უთხრა მას: „შენ მარად იცოცხლებ, არასოდეს არ მოკვდები“.

ასეთ მიმართებაში ქორწინება ქრისტიანისთვის არ არის რაღაც სტატიკური, ხოლო ღვთისმსახურება, ჯვრისწერის წესი - საზოგადოებრივი ფორმა. ქორწინება - ეს დინამიური მოვლენაა, მთელი მისი ძალა - მოძრაობაშია, მიზანდასახულობასა და მის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაშია. ხოლო ქრისტიანულ საზოგადიებაში მისი შესრულების წესი - არა „რეგისტრაციის“ რელიგიური ფორმაა, არამედ ღრმა, ყურადსაღები მეთოდი, რომლითაც ეკლესიას სურს აგვიხსნას, თუ რა არის სიყვარული და როგორი ღრმაა ადამიანური ურთიერთობები. ამ აზრით ყოველგვარი ქრისტიანული ღვთისმსახურება, ერთი მხრივ, გვევლინება, როგორც ლირიკული, პირადი გამოხატულება ადამიანური გრძნობებისა, მაგრამ, მეორე მხრივ, მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობაც.

რა არის სიმბოლო? ეს არის არა სახე, არა ქარაგმა, არა სურათი, არა ილუსტრაცია. განსხვავება სიმბოლოსა და განსაზღვრას შორის აი რაშია: განსაზღვრა ცდილობს, როგორმე შემოსაზღვროს ის, რაზეც იგი ლაპარაკობს. იგი ცდილობს, ყველაფერი დაიჭიროს და გამოხატოს, რამდენადაც  ეს შესაძლებელია. სიმბოლო, პირიქით, ყოველთვის თავისი თავის გარეთ მიუთითებს. ყველაზე ადვილი იქნებოდა სიმბოლოს ასეთი ახსნა: თუ ადამიანს ვუჩვენებთ ტბაში ცის ანარეკლს, მისი პირველი მოძრაობა იქნება არა ის, რომ ჩააკვირდეს ტბას, არამედ ის, რომ მისგან პირი იბრუნოს და ზევით აიხედოს. ეს არის სიმბოლოს პრინციპი: უჩვენებენ რაიმე მიწიერს იმისათვის, რომ მიუთითონ რაიმე ზიციურზე; უჩვენებენ რაიმეს, რაც შეიძლება დავიჭიროთ გრძნობებით, იმისთვის, რომ მივუთითოთ მასზე, რისი შეცნობაც შესაძლებელია ადამიანის ყველაზე დიდ სიღრმეებში და ყველაზე ღრმა აღქმით. მსახურება, წესი, რომელსაც ვასრულებთ ეკლესიაში, ამ მიმართებით ღრმად ასახავს სიყვარულის და ურთიერთმეგობრობის ადამიანურ, ღრმა ურთიერთობებს; და ამაზე, ვფიქრობ, უნდა დაფიქრდნენ მორწმუნენიც და ურწმუნონიც. მორწმუნენი - იმიტომ, რომ ჩვენ ყველას, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, იმის ხელახლა გააზრება გვჭირდება, რაც, როგორც გვგონია, უკვე დიდი ხანია, ვიცით. და თუ ამ წესში არის რაიმე ძვირფასი (იგი არ შემორჩებოდა ადამიანთა საზოგადოებას, მასში რომ სიღრმე და მნიშვნელობა არ ყოფილიყო), შესაძლოა, მორწმუნეებმა ურწმუნოებსაც ამცნონ რაღაც არა მარტო ღმერთზე, არამედ ადამიანზეც, იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანური ცხოვრების გულს: სიყვარულზე, ქორწინებაზე, ოჯახზე.

(გაგრძელება)