ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

9

შემდგომ, ჯვრისწერის მსახურების მსვლელობის მიხედვით, საქმრო და საცოლე, ახლა უკვე ჯვარდაწერილნი, ისმენენ ორ საკითხავს. პირველი აღებულია ეფესელთა მიმართ წმინდა მოციქულ პავლეს წერილის ბოლო თავიდან.

„...მადლს სწირავდეთ ყოველთვის და ყველასთვის, უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, ღმერთსა და მამას. ჰმორჩილებდით ერთმანეთს ქრისტეს შიშით. ცოლებო, დაემორჩილენით თქვენს ქმრებს, როგორც უფალს; ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც  ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის, რათა წმიდა ეყო იგი, განწმედილი წყლის საბანელით და სიტყვით, და, ამრიგად წარმოედგინა ის თავი წინაშე დიდებულ ეკლესიად, მწიკვლის, ზადისა თუ სხვა რაიმე მსგავსის არმქონედ, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო იგი. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ცოლის მოყვარეს საკუთარი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოებს მას, როგორც უფალი ეკლესიას; ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქმნებიან ორივენი ერთ ხორც (დაბ. 2, 24). დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ვამბობ ამას. ასევე თვითოეულ თქვენთაგანსაც უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავი თვისი; ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფს. 5, 20-33).

ეს წერილი, ერთი მხრივ, მეტყველებს ეკლესიასა და ქრისტეს შორის მეტად ღრმა ურთიერთობებზე. ქრისტე მოევლინა ქვეყნიერებას კაცობრიობის გამოსახსნელად; ღმერთი განკაცდა და ამ გამოხსნას იგი ახროციელებს თავისი სიცოცხლისა და თავისი სიკვდილის ფასად. ეს არის პირველი, რაზედ უნდა იფიქრონ მამაკაცებმა, როდესაც ქორწინდებიან: მათ უფლისაგან ებოძებათ სუსტი არსება, რომელსაც უთხრეს: „მე შენ მიყვარხარ“, - და ეს სიყვარული უნდა იყოს ისეთი, რომ ქმარი მზად იყოს, შესწიროს ყველაფერი, მთელი თავისი სიცოცხლე, ცოლისა და შვილებისადმი სიყვარული. ქმარი არის ოჯახის უფროსი არა იმიტომ, რომ მამაკაცია, არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს სახებაა. მის ცოლსაც და შვილებსაც შეუძლიათ დაინახონ მასში ეს სახება, ე.ი. უსაზღვრო სიყვარულის, ერთგული სიყვარულის, თავდადებული სიყვარულის სახებაა, სიყვარულისა, რომელიც ყველაფრისათვის მზადაა, რათა იხსნას, დაიცვას, გამოკვებოს, დაამშვიდოს, გაახაროს, აღზარდოს თავისი ოჯახი. ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს. ძალზე იოლია, მამაკაცმა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მამაკაცია, იფიქროს, თითქოს ის უფლებამოსილია საკუთარ ცოლსა და შვილებზე. ეს არასწორია. თუ ის არ არის ქრისტეს სახება, არავინ არ არის ვალდებული, ჰქონდეს მისი რაიმე პატივისცემა, შიში ან მორჩილება.

ხოლო ცოლი წარმოადგენს ხატს, ეკლესიის სახეს. ეკლესიას თითქოს ორი სახე აქვს. ის არის - საცოლე, მოხარული იმის გამო, რომ უყვარს ღმერთს, და უყვარს ისეთი სიყვარულით, რომელიც განცხადებულია ქრისტეში. მაგრამ, ამასთან (და ეს არის სახე, რომელსაც გვაძლევს მოციქული პავლე თავის ერთ-ერთ წერილში), ის არის კრავის, ე.ი. დაკლული მაცხოვრის საცოლეც. ის არის საცოლე, რომელმაც იმდენად - ისე ღრმად, ისე სრულყოფილად - შეიყვარა თავისი საქმრო, რომ მტკიცე ერთგულებით შეუძლია მიატოვოს ყველაფერი, დაივიწყოს ყველაფერი, მოსწყდეს ყველაფერს მისდამი სიყვარულის გულისთვის და გაჰყვეს მას, სადაც უნდა წავიდეს იგი, თუ საჭიროა - საწამებლად, თუ საჭიროა - ჯვარზე გასაკრავად.

თქვენ ხედავთ, რომ ამ წერილში ნათქვამია არა ქმრის ბატონობის და ცოლის დამონებულობის შესახებ, არამედ ისეთი ურთიერთსიყვარულის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ქმრის თავგანწირულ გმირულ სიყვარულს, და რაზეც ცოლს შეუძლია უპასუხოს ასეთივე თავგანწირული სიყვარულით. ეს ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს იმიტომ, რომ ძალზე ხშირად წმინდა წერილის ამ ნაწყვეტს განმარტავენ მცდარად: ცოლის დამცირებად და ქმრის განდიდებად, მისი ამაყ მბრძანებლად წარმოდგენად.

მოციქულის წერილიდან საკითხავის წაკითხვის შემდეგ იკითხება საკითხავი იოანეს სახარებიდან, მეორე თავის დასაწყისში.

„და მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში; და იყო იქ იესოს დედა. ქორწილში მიწვეულნი იყვნენ იესოც და მისი მოწაფეებიც. და რაკი ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. და უთხრა იესომ: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. და უთხრა დედამისმა მსახურს: რასაც გეტყვით, აღასრულეთ. იყო იქ ექვსი ხის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომელშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. უთხრა მათ იესომ: გაავსეთ კასრები წყლით. და გაავსეს ისინი პირთამდე. და უთხრა მათ: ახლა ამოუღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. და როცა თამადამ გემო გაუსინჯა წყალს, რომელიც ღვინოდ ქცეულიყო (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს; იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს, და უთხრა მას: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს: შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში, და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა“ (იოან. 2, 1-11).

მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო აი, რაზე. ქრისტე მივიდა ღარიბულ ქორწილში. ადამიანები შეიკრიბნენ პატარა სოფელში, რომელიღაც ხუტორში. მოვიდნენ სიხარულს მოწყურებულნი - არა სმისთვის, რა თქმა უნდა, არამედ მეგობრულად, სინათლით, სითბოთი, ალერსით - და დაიწყო ღარიბული სოფლური ლხინი. როგორც ჩანს, ძალიან მალე ის მცირედი, რაც ჰქონდათ მომზადებული, შეიჭამა და ღვინო, რომელიც ჰქონდათ მომარაგებული, შეისვა. და მაშინ ღვთისმშობელი თავის ღვთაებრივ შვილს უმახვილებს ყურადღებას მასზე, რომ ღვინო გათავდა. რისი თქმა სურდა ამით? ნუთუ ამით იგი თავის შვილს ეუბნებოდა: გააკეთეო რამე იმისთვის, რომ მათ კიდევ სვან და სვან და ისე დათვრნენ, რომ გადმოცვივდნენ სკამებიდან, - ნუთუ მას ეს სურდა? არა; იგი, რასაკვირველია, ხედავდა, რომ მათ გულებს ენატრებოდათ სიხარული, ბედნიერება, ის გრძნობა, რომელიც ავიწყებს ცხოვრების სიმძიმეს, ყველაფერს, რაც სულს ხუთავს, გულს ამძიმებს; გულები ჯერ კიდევ სავსეა სურვილით, იყვნენ საქმროს და საცოლის ამ სიყვარულის სამეფოში, უმზირონ მოფერების ზეციურ ზმანებას და ქრისტე მას მიმართავს შეკითხვით, რომელიც მრავალს აშფოთებს: „მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო?“  ზოგიერთ თარგმანში და მამების ზოგიერთ განმარტებაში: „რა არის ჩემს და შენს შორის? რატომ მაინც და მაინც მე მომმართავ ამ საკითხზე? იქნებ იმიტომ, რომ შენი ძე ვარ და ფიქრობ, რომ გაქვს ჩემზე მეუფება? ასეთ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ მიწიერია, ხორციელია, ასეთი შემთხვევაში ჩემი საათი, ზეციურ სასწაულთა საათი, ჯერ არ დამდგარა...“ ღვთისმშობელი მას არ პასუხობს ამ აზრით: „როგორ, ნუთუ მე შენი დედა არა ვარ?“ და არ პასუხობს აგრეთვე: „განა მე არ ვიცი, რომ შენ ხარ ძე ღვთისა?“ იგი მიმართავს მხოლოდ გარშემომყოფთ და მათ თითქოსდა თავისი რწმენის თანამონაწილეებად აქცევს; იგი მსახურებს ეუბნება: „რასაც გეტყვით, აღასრულეთ...“ ამით იგი თავის ძეს ეუბნება მოქმედებით, და არა სიტყვებით: „მე ვიცი, ვინ ხარ შენ, მე ვიცი, რომ შენ ხარ ძე ჩემი ხორციელი და რომ შენ ხარ ღმერთი, განკაცებული ქვეყნიერების გამოსახსნელად, და ამიტომ მე შენ მოგმართავ არა როგორც ძეს, არამედ როგორც ჩემს ღმერთს, შემოქმედს, გამგებელს, მას, ვისაც შესწევს უნარი, უყვარდეს მიწა სიკვდილამდე...“ და მაშინ ხდება სასწაული, რადგანაც ქვეყნად მოვიდა ღვთის სასუფეველი ერთი ადამიანის რწმენით. რა კარგი გაკვეთილია ჩვენთვის ეს მასში, რომ ჩვენც, ყოველ ჩვენგანს შესწევს უნარი, რწმენით გავუღოთ კარი ქრისტეს და შევქმნათ სიტუაცია, რომელიც საშუალებას მისცემს ღმერთს, სასწაულებრივად შეცვალოს დარდით სავსე, დაუკმაყოფილებელი ვითარება და აქციოს იგი მოზეიმე, მოდღესასწაულე სიხარულის ვითარებად.

რა ხდება შემდეგ? - ყველაფერი ძალზე უბრალოდაა. დიახ, მოსამსახურეებმა ამოიღეს ღვინო, დიახ, მათ მიუტანეს იგი ზეიმის განმგებელს, განმკარგულებელს; მაგრამ ჩვენთან რჩება ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: ის, რომ ამ მომენტში ერთი ადამიანის რწმენამ მიწიერი გარემო ზეციურად აქცია და კიდევ სხვაც: ერთადერთი მცნება, რომელიც მოგვცა ღვთისმშობელმა, არის „რასაც გეტყვით, აღასრულეთ...“ როდესაც თქვენი სიხარული დასრულდება, როდესაც იგრძნობთ, რომ ახლის თქმა აღარ ძალგიძთ, რომ შეგიძლიათ მხოლოდ იმეოროთ: „მე შენ მიყვარხარ“, ამის ახლებურად გამოხატვა აღარ შეგიძლიათ, მაშინ ყურადღებით მოუსმინეთ იმას, თუ რას გეტყვით უფალი, და რაც არ უნდა გითხრათ, აღასრულეთ; და მაშინ ჩვეულებრივი ცხოვრების წყალი - ცხოვრების სირუხე, უფერულობა - უეცრად გაბრწყინდება. ყველას გვინახავს დროდადრო ნამით დაფარული მიწა. მზის ამოსვლისას ეს ველი რუხია, წყლის წვეთებით დაფარული ბალახიც კი თითქოს მკრთალია და აი უეცრად ამოვიდა მზე და ყველაფერი აელვარდა, გაბრწყინდა ცისარტყელას ფერებით. ასევე ცხოვრებაც, რომელიც გაფერმკრთალდა, მაგრამ შესაძლოა იგი გარდაიქმნას ზეიმად, გახდეს მშვენიერი მხოლოდ იმიტომ, რომ მასში დავუთმეთ ადგილი უფალს, იგი შესაძლოა გაბრწყინდეს მსგავსად ამ ველისა, ცისარტყელისა და სილამაზის ყველა ფერით.

სახარების კითხვის შემდეგ, ისევე როგორც ლიტურგიაში, იწყება მოკლე ეკტენია, ანუ ლოცვათა მთელი რიგი, სადაც უფლისადმი აღვავლენთ თხოვნას ახლადშეუღლებულთათვის. ეს ბუნებრივად გამომდინარეობს სახარების კითხვიდან, რადგანაც ყოველი საკითხავი სახარებიდან გვამცნობს, რომ მცნებად ერთმანეთის სიყვარული გვაქვს მოცემული, ხოლო ერთამენთის სიყვარული მორწმუნეთათვის ყოველთვის გამოიხატება მხურვალე, გულითად ლოცვაში მათთვის, ვინც უყვართ; მეორე მხრივ, ლოცვის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ახლადშეუღლებულებს ღირსეული ცხოვრება მისცეს და ყოველმხრივ მხარი დაუჭიროს მათში არსებულ ყველაფერ კეთილშობილურს და ეს ეკტენია, კერძოდ, მთავრდება უფლის ლოცვით „მამაო ჩვენო“. „მამაო ჩვენო“- ეს არის ეკლესიის ლოცვა, ეს არის ერთადერთი ლოცვა, რომელიც მცნებად დაგვიდო უფალმა, და იგი იმითაა შესანიშნავი, რომ როდესაც ვამბობთ „მამაო ჩვენო“, ჩვენ ვამბობთ არა მარტო ჩვენს პირად ზეციურ მამაზე, არამედ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მამაზეც. ამით ჩვენ ვერთვებით მაცხოვრის საიდუმლოში; როგორც მოციქული პავლე ამობობს, „სიცოცხლე ჩვენი დაიფარა ქრისტესთან ერთად ღმერთში“ (კოლ. 3, 3); და ეს ლოცვა მოგვაქვს თითქოსდა ქრისტესმიერი სიყვარულის სიღრმიდან, ქრისტე მაცხოვრის ზეციურ მამასთან ერთიანობის საიდუმლოს სიღრმიდან. დაწვრილებით ამ ლოცვის შესახებ საუბარი ახლა არ შემიძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არის ლოცვა, რომელიც ქრისტესაც და ჩვენც ერთ თხოვნაში, სულის ერთ ძახილში გვაერთიანებს მასთან, რათა ჩვენში ყოველივე იყოს ქრისტიანული მოწოდების ღირსი.

ქორწინება, როგორც უკვე ვთქვი სულ დასაწყისში, განიხილება, როგორც ღვთის სასუფევლის დასაწყისი. და ეს ლოცვა არის უპირატესად ღვთის სასუფევლის ლოცვა. შემდგომად საქმრო და საცოლე  სვამენ ერთი თასიდან. ეს არის იმ დროის გახსენება, როდესაც დაქორწინება სრულდებოდა ლიტურგიის დროს, და ეს თასი არის ის, რაც შემორჩა ძველი წეს-ჩვეულებიდან: საქმროსა და საცოლეს ერთად უნდა მიეღოთ ზიარება. მეორე მხრივ, ალბათ გახსოვთ, თუ როგორ ამბობდნენ ძველად იმაზე, რომ თასი, რომელიც შეისმევა, ადამიანის ბედს წარმაოდგენს. და „თასის შესმა ბოლომდე“ - ნიშნავს ბედის გაზიარებას ბოლომდე. ე.ი. ზიარების მთელ სიღრმემდე. და საქმრო და საცოლე სწორედ ასე ეზიარებიან ამ თასს, რომელიც მანამდე მოკლედ იკურთხება მღვდლის მიერ. ამის შემდეგ მღვდელი მათ შემოატარებს ანალოღიის გარშემო, რომელზედაც დევს ქრისტეს სახარება. მას მღვდლის კვალდაკვალ სამჯერ შემოუვლიან. რიცხვი „სამი“ ძველ აღთქმაში, ისევე როგორც ახალში, აღნიშნავს დროის სისავსეს. აღკვეცაში, ისევე როგორც ჯვრისწერის დასაწყისში, სამჯერ ეკითხებიან: „გსურს?..“ პირველად შეიძლება უპასუხო ნაჩქარევად, მეორედ - ნახევრადდაჯერებულად, ხოლო მესამედ - სრული დაჯერებულობით უნდა მოიქცე. ასევეა აქაც - საქმრო და საცოლე სამჯერ შემოუვლიან გარშემო ანალოღიას, რომელზედაც დევს სახარება; ხოლო სახარება - ეს არის, ერთი მხრივ, ღვთის სიტყვა, ის, რაც გვიქადაგა ქრისტემ, ხოლო მეორე მხრივ, - იგი თითქოსდა ხატია, რადგანაც ქრისტეს უწოდებენ ღვთის სიტყვას: იგი უნდა იყოს იმ მსვლელობის ცენტრში, რასაც წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე.

ახლა ვუახლოვდებით ჯვრისწერის მსახურების დასასრულს. მღვდლის ხელმძღვანელობით, რომელსაც მიაქვს ჯვარი და აღუთქვამს გამარჯვებას, საქმრომ და საცოლემ გარშემო შემოუარეს ანალოღიას, რომელზედაც დევს წმინდა სახარება, წარმოსახეს რა ამ სამგზის შემოვლით მთელი ცხოვრების გზა, რომლის ცენტრშიც იქნება ღმერთი და მისი მოძღვრება. მას შემდეგ, როცა ისინი დადგებიან თავიანთ ადგილებზე, მოკლე ლოცვის წაკითხვის შემდეგ მათ ახდიან გვირგვინებს. საქმროს ევალება იაროს ქვეყანაზე და სიმართლით აღასრულოს უფლის მცნებები, საცოლეს - შეჰხაროდეს თავის ქმარს და იცხოვროს უფლის მცნებათა ღირსად. შემდგომ წაიკითხება ორი მოკლე ლოცვა:

„ღმერთო, ღმერთო ჩუჱნო, რომელი მიხვედ კანას გალილეასსა და მუნ ქორწილი აკურთხე, შენ აკურთხე მონანიცა ესე შენნი, რომელმანცა წინასწარმხედუჱლობითა შენითა ქორწილისა ზიარებითა შეაერთენ; აკურთხენ ესენი შესულად და გამოსულად; განამრავლენ ყოვლითა კეთილითა ცხოვრებაჲ ამათი, და აღიხუჱნ გჳირგჳნნი ამათნი, სასუფეველსა შენსა, უბიწოდ და შეუგინებელად, და უშფოთუჱლად დაიცუჱნ საუკუნოდ, უკუნითი უკუნისამდე“.

და მეორე: „მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლადწმიდამან, და თანაარსმან, ცხოველმან სამებამან, ერთღუთაებამან, და ერთმეუფებამან, გაკურთხენ თქუჱნ, მოგმადლენ თქუჱნ დღეთა სიგრძეჲ, შჳლიერებაჲ, კეთილმოქალაქობაჲ, სიმდიდრე, და სარწმუნოება კეთილი, და აღგავსნეს თქუჱნ აღთქმულსა მას კეთილსა განუსუჱნებასა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ“.

აქ კვლავ წარმოგვიდგება წმიდა სამება, როგორც სრულყოფილი ურთიერთსიყვარულის დამწესებელი, მცველი და ხატი, სამება ერთარსება, რომელიც ერთია სიყვარულით და ბუნებით, რომელიც გვანიჭებს ცხოვრებას, რომელიც გვაკურთხებს ჩვენ... და შემდგომ შევთხოვთ ისეთ უბრალო რამეებს, როგორიცაა დიდხანს სიცოცხლე, კარგი შვილები, წარმატება ცხოვრებაში, რწმენის განმტკიცება და ყოველგვარი მიწიერი სიკეთის სიმრავლე.

ჯერ კიდევ ადრე ერთ ლოცვაში უფალს შევთხოვდით, რომ მან მისცეს მექორწილეებს ყველაფერი საუკეთესო, რისი მიცემაც შეუძლია მიწას, რათა მათ, პირველ რიგში, უწილადონ სხვებს, რათა, მიიღებენ რა ღვთისაგან, ღვთის სიყვარულით და მოწყალებით ყველაფერს, რისი მიცემაც შეუძლია მიწას, მათაც მოწყალედ, სიყვარულით, ალერსით გაიღონ მათთვის, ვინც რაიმე გაჭირვებაშია - სულიერსა თუ ხორციელში. ჩვენ ვილოცეთ იმისთვისაც, რომ უფალმა აკურთხოს ეს ქორწინება მშობლების ლოცვით, რადგანაც, როგორც ნათქვამია, მშობლების კურთხევა განამტკიცებს შვილების ოჯახებს (ზირ. 3, 9). რა შესანიშნავია ყოველივე ეს! ჩვენ ვხედავთ, რომ წმიდა სამების საიდუმლოში ერთდება ზეცაც და მიწაც, რომ ყოველივე საუკეთესო, რაზედაც მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი, ხდება რეალური, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელი, თუკი გაბედულად, ზოგჯერ კი გმირულად გავივლით ჩვენს მიწიერ გზას.

ჯვრისწერის წესის ბოლოს აღვავლენთ ლოცვას ღვთის დედისადმი, ღვთისმშობელი ქალწულისადმი, რომელმაც ისე შეიყვარა ქვეყნიერება, რომ თავის ძეს მიანიჭა თავისუფლება ცხოვრებისა, ჯვარცმისა და მოწამეობრივი სიკვდილისა კაცობრიობის გამოსახსნელად. მას შეუძლია ყველაფერი გაიგოს, მას თავისი სისპეტაკით და სიწმინდით შეუძლია გაუგოს უქორწინებელსაც და დაქორწინებულსაც; მას თავისი სისპეტაკით შეუძლია გაიგოს ადამიანური ბუნების მთელი საიდუმლო მისი ტანჯვით, და ამასთან, ადამიანის სულის განუზომელი მშვენიერებით და სხეულის განუზომელი ღირსებით. და ამიტომ მსახურებას ვამთავრებთ ღვთისმშობლის ლოცვით:

„ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.“

და ამის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს შემდეგ კურთხევას:

„რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად და წმიდად გამოაჩინა, ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდათა და ღმრთივგჳრგჳნოსანთა მეფეთა და მოციქულთა თანაზიართა კონსტანტინე და ელენესითა, წმიდისა დიდისა მოწამისა პროკოპისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუჱნ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე“ („წმიდა ეკლესიის მსახურთა სამაგიდო წიგნის“ განმარტებით, მიტევების ლოცვაში იხსენებიან წმიდა მოციქულთა სწორნი კონსტანტინე და ელენე - პირველი მიწიერი მეფეები, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა და გაავრცელეს ჭეშმარიტი რწმენა. ახლადჯვარდაწერილ წყვილს მოუწოდებენ, მიბაძონ მათ მოციქულებრივ თავგამოდებას და შრომას უფლისადმი. წმიდა დიდმოწამე პროკოპიმ თავისი წამების დროს გაამხნევა თორმეტი კეთილშობილი ქალი, რწმენის გულისათვის ტანჯვასა და სიკვდილზე წასულიყვნენ სიხარულით, როგორც საქორწინო ნადიმში, მათმა მაგალითმა უნდა შთააგონოს ახლადჯვარდაწერილ წყვილს სწრაფვა ზეციური სასუფევლის გვირგვინების დამკვიდრებისათვის).

და შემდგომ იგალობება მრავალჟამიერი: ცხოვრების მრავალი, მრავალი წელი მოსაგრე, სპეტაკი, ღირსი ღვთისაც და იმ ურთიერთსიყვარულისაც, რომელმაც მიიყვანა საქმრო და საცოლე ქორწინებამდე.

აქ მთავრდება ჯვრისწერის მსახურება.

(გაგრძელება)