სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი

წიგნი I

სამოღვაწეო და საღვთისმეტყველო თავნი

1. ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყოველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა. ღვთისმოსავ ადამიანებთან ახლოსაა უფალი (ფსალმ. 84.10). ცოდვილთაგან კი შორს არის სულის ცხოვნება. (ფსალმ. 118,155).

2. იესო ქრისტეს გახსენება განანათლებს გონებას, განდევნის ეშმაკებს, წმინდა სამების გამონაშუქი უმანკო გულს გააცისკროვნებს, ზეაიტაცებს და ღმერთთან თანაზიარქმნილს უკვე აქვე აგემებს მომავალ დიდებას, რამდენადაც ეს მისაწვდომია ზეგარდმო მადლილთ ცხებულ, ოღონდ წარმავლობის ბადეში გახლართული ადამიანისთვის (შდრ.ებრ.10, 20).

3. ადამიანო, თვალს ნუ მოგჭრის ამა სოფლის ბრწყინვალება, იგი ამაოა და ფუჭი. მხოლოდ უფალი სუფევდა, სუფევს და იქნება მარადის დედამიწის შემმოსველი მშვენიერებით. მართალია, დედამიწაზე დავაბიჯებთ, მაგრამ მომავალი საუკუნო სუფევის ნათელი გვბურავს, თუნდაც მძიმე კირთებქვეშ ვგოდებდეთ.

4. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მცნებათა გაზუთხვით კმაყოფილდებიან (მათ. 5,19), ღმრთივკურთხეულნი არ არიან. მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელნი, სულიწმიდის ღვთაებრივი გამონაშუქის ბრწყნივალებისა და სიკაშკაშის მხილველნი და მჭვრეტელნი - აი ვინ არიან ღმრთივკურთხეულნი. მათ სულიწმიდის მეოხებით ხედვასა, შემეცნებასა და ქმედებაში ჭეშმარიტებას მიაკვლიეს და ძალუძთ სხვებსაც უქადაგონ და დამოძღვრონ. ასე რომ, არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ: ჯერ მოძღვარნი უნდა აღიზარდონ, რათა მრევლს სიცრუე არ უქადაგონ და არ წარწყმიდონ მათზე მინდობილი ადამიანები.

5. ვინც ღვთისმოსავი არ არის, უგუნურს, ღმერთის არსებობაშიც ეჭვი შეაქვს (ფსალმ. 13,1). მორწნუნე ღმრთსმოშიშია და კრძალვით აღასრულებს მცნებებს. ცრუობს(1იოანე 2,4), ვინც აცხადებს, ღმერთი მწამსო, მაგრამ მცნებებს არ მისდევს, რამეთუ, ვითარცა წერილ არს; „იქ,სადაც არა არს შიში, არცა მცნებათა აღსრულება არს“. თუ ღმთსმოშიშნი არ ვართ და არც მცნებებს აღვასრულებთ, მაში, რით განვსხვავდებით წარმართთა და უშჯულოთაგან?

6. რწმენა, ღვთისმოშიშება და მცნებათა აღსრულება სიწმინდის შესაბამისად დაგვამწყალობებს. განწმენდილნი ღვთისმოსაობიდან ღვთის სიყვარულამდე ვმაღლდებით. ოდეს ღვთისმოშიშება ღვთს სიყვარულში გადაიზრდება, აი, მაშინ ჩაგვესმის საღმრთო ხმა:“რომელსა აქუნდნენ მცნებანი ჩემნი, და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოანე 14,21). მაშ, გავიორკეცოთ ძალისხმევა, დაე, საქმეებშიც განგვიცხადდეს სიყვარული. თუკი ასე მოვიქცევით, ქრისტე, ვითარცა დაგვპირდა, შეგვიყვარებს. ოდეს ძეს ვეყვარებით, ვეყვარებით მამასაც. (შდრ. იოანე. 14,23). ცხადია, მათ წინაუძღვის სულიწმინდა და სართულსა ქუეშე სახლისა ჩუენისა შემოვა და დამკვიდრდება მამა, ძე და სულიწმიდა - ერთარსი სამება.

7. სამსახოვანი ღმერთის სრულქმნილ არსებებში დამკვიდრება შემეცნებისა და აღქმის მეოხებით ვერ აღავსებს საწყაულს, მხოლოდ ცხოველსმყოფელი და უდიდესი სურვილის აღძვრის დასაბამი და საბაბი ხდება. იგი დღენიადაგ აფორიაქებს და აწვალებს სულს, თითქოსდა ცეცხლში შთანთქმული და ჩაფერფლილი მიელტვოდეს ღვთაებრივ ალად გადაქცევას. ადამიანის სულს არ ხელეწიფება მოთოკოს სურვილები, ან საბოლოოდ აღკვეთოს. არც ზომიერების დაცვა ძალუძს სურვილებსა თუ სიყვარულში. მაგრამ ძალისხმევა, რომელსაც იჩენს უსასრულობისაკენ ლტოლვაში, მას მარადუშრეტი სურვილილთა და უსაზღვრო სიყვარულით აღავსებს.

8. ვინც ამ ზღვარს მიაღწია, არ არკვევს თუ საიდან გაუჩნდა სურვილი და სიყვარული ღვთისა. არამედ ეჩვენება, თითქოს ღმერთი არ უყვარს, არ ძალუძს ძალუმად აღევსოს გული სიყვარულით, ჰგონია, რომ ღვთისმოშიშთა შორის შერაცხულია უკანასკნელად, ხოლო მორწმუნეებში საკუთარ თავს სულის გადარჩენის ღირსადაც არ თვლის.

9. „ყოველივე შესაძლებელ- არს მორწმუნისა“ (მარკ. 9,23). რწმენა შერაცხულია სიმართლედ (შდრ. რომ. 4,9), რამეთუ „დასასრული ჰსჯულისა ქრისტე არს“ (რომ. 10,4) და მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენა ამართლებს და სრულყოფს. სწორედ ქრისტეს რწმენა, მიჩნეული კანონიერების საფუძვლად, სახარებისეულ მცნებებში ჩამოყალიბებული და დადასტურებული, ღირსქმნის ადამიანებს მარადიული ცხოვრების თანაზიარად, რაც თავად იესო ქრისტეში ცხოვრებაა.

10. რწმენა გულისხმობს სიკვდილს ქრისტესთვის მისი მცნებების აღსრულების გზით. ამგვარი სიკვდილი კი, დასაბამია სიცოცხლისა, რამეთუ გვწამს, რომ სიღარიბე იქცევა სიმდიდრედ, უმნიშვნელო და არაარსებითი საქმენი - საქებად და გამოსაჩინებლად, არასმქონები - ყოვლისმფლობელად (შდრ. 2 კორ. 6,9-10); ყველაზე მეტად კი, ვისაც მიეცა „გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი“ (ეფეს. 3,8) როგორც ფერფლსა და კვამლს, ისე უჭვრეტს ყოველივე ხილულს.

11. ქრისტეს რწმენა გულისხმობს არა მარტო განდგომას ამქვეყნიურ სიამეთაგან, არამედ მოთმინებითა და დიდსულოვნებით ყოველგვარი საცთუნებლის ატანას ტანჯვასა, გაჭირვებასა და უბედურებაში, ვიდრე უფალი არ ინებებს შეწყალებას, როგორც უთქვამს დავითს: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე“ (ფსალმ. 39,1).

12. მათ, ვინც რაღაცით უპირატესობას მშობლებს ანიჭებენ, ქრისტეს რწმენა არა აქვთ. რასაკვერველია, მხოლოდღა საკუთარი სინდისი თუ გაამართლებთ ამგვარ ურწმუნოებაში, თუკი სინდისი საერთოდ გააჩნიათ, ცხადია, ჭეშმარიტ მორწმუნეთა განსაკუთრებული ნიშანია არ გადაუხვიონ დიდი მეუფისა და „მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტეს გზიდან (ტიტ. 2,13).

13. ქრისტეს, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა მადლის ქმნის სურვილსა და ტანჯვის შიშს ნერგავს. მადლის ქმნის სურვილი მცნებათა ზედმიწევნით აღსრულებას მოითხოვს. მცნებათა ზედმოწევნით აღსრულება ადამიანებს ღრმად არწმუნებს უძლურებაში. საკუთარი უსუსურობის შეგრძნება ფიქრებს აღძრავს სიკვდილზე. ვის სხეულშიც ჩაბუდებულა ხსოვნა სიკვდილისა, იგი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა დაემართება მას, როდესაც სულს განუტევებს და ამ ქვეყნიდან წავა. ხოლო, ვინც დაბეჯითებით ითხოვს მომავლის შეცნობას, იგი უწინარეს ყოვლისა, ისწრაფვის დაუტევოს სიამენი ამა სოფლისანი. რამეთუ, ვისაც ამოძრავებს დაუოკებელი წყურვილი თუნდაც უმნიშვნელო რაიმეს მიმართაც კი, ამ სიამეთაგან, ის ვერ შემძლებელ არს იქონიოს სრული წარმოდგენა იმ უპირველესზე. თვით იმ შემთხვევაშიაც კი, როდესაც ღმერთის შეწევნით მან ზოგიერთი რამ უკვე იგემა, თუკი მაშინვე არ დაუტევებს იმას, რასაც ეგზომ მიელტვის, კვლავ იმ ერთადერთს შემეცნებით არ განიმსჭვალება და სხვაზე ფიქრის უფლებას არამც და არამც არ მისცემს საკუთარ თავს, ისიც წაერთმევა, რაიც ებოძა (ლუკ. 19, 26).

14. ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფა და სრული განდგომა მისგან, რაც მოიცავს ყოველგვარ ცხოვრებისეულ ამაოებას, სიცრუეს, ზნე-ჩვეულებას, შეხედულებას, პიროვნებას, უგულვებელყოფა სხეულისა და სურვილებისა სულ მალე უდიდეს სიამოვნებას მოჰგვრის იმას, ვინც ასეთი რუდუნებით ცდილობდა ცხოვრებისაგან განზე მდგარიყო.

15. თუკი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან განდგომა განგიზრახავს, გაითვალისწინე, რომ სული არ მიეცეს ხორციელ ნუგეშისცემას თავდაპირველად, რამეთუ ჯერ კიდევ ამ სამყაროში იმყოფები და ნათესავ-მეგობრებით ხარ გარემოცული. მათ ეშმაკები აიძულებენ შენი გულის სითბო გაანელონ და თუ ვერ შეძლებენ შენი გადაწყვეტილების განხორციელებაში დაგაბრკოლონ, იმას მაინც მოახერხებენ, რომ ყოველმხრივ გააბათილონ და გააქარწყლონ.

16. როდესაც ყოველგვარ ცხოვერბისეულ სიამოვნებას წინ აღუდგები ვაჟკაცურად და უცხო იქნება შენთვის მრავალთა ნუგეშისცემა, მაშინ ეშმაკები შენს ახლობლებში აღძრავენ თანალმობას, აიძულებენ მათ შენს თვალწინ იქვითინონ და გამოგიგლოვონ. ეს რომ სრული ჭეშმარიტებაა, ამაში თავად დარწმუნდები მტკიცედ მდგარი შენს გადაწყვეტილებაზე და ამავე დროს საცთუნებლის წინაშეც. მაშინ შეამჩნევ, თუ როგორ გაშმაგდებიან შენი ახლობლები, შეგიზიზღებენ, ზურგს შეგაქცევeნ, ვითარცა მტერს და შენი დანახვის სურვილიც აღარასოდეს ექნებათ.

17. ოდეს შეატყობ მშობლებს, ძმებს და ახლობლებს ჭმუნვას, სხვადასხვა ხერხით შენს წინააღმდეგ ამხედრებულ ეშმაკს დასცინე; ესწრაფე, შიშს განრიდებულმა გულმხურვალე ლოცვა აღავლინო ღმერთის მიმართ, რომელსაც ძალუძს მყისვე მოგცეს კეთილი მამის თავშესაფარი, დაგიმშვიდოს აფორიაქებული და განაწამები სული. ცხოვრების მორევი კი, გითრევს განსაცდელისკენ და დაღუპვას გიქადის.

18. ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის მსურველი სული სიღრმემდე უნდა შეგძრას ღმერთის სიყვარულმა, ელტვოდე დაუსაბამოს, რამეთუ სხვას არავის, როგორც მას, ხელეწიფება სიხარულით დაგათმენინოს ყოველივე და გარე-მიგაქცევინოს პირი მათგან ვითარცა მწვირეთაგან.

19. ნურც მოისურვებ ამაო ფუსფუსში დროის მოკვლასა და დიდი ხნით ამქვეყნად დარჩენას, არამედ, როგორც კი, გიხმობს უფალი, მყისვე მიაპყარ სასმენელნი შენნი. რამეთუ, ისე არაფერი ახარებს ღმერთს, როგორც ჩვენი სისწრაფე მისი სურვილის აღსრულებაში.ასე რომ, უმჯობესია იჩქარო მოსასმენად სიბადრუკეში მყოფმა, ვიდრე დაყოვნდე ფუფუნებაში.

20. თუკი ეს ქვეყანა და ამქვეყნიური ცხოვრებაც წარმავალია, ხოლო ღმერთი მარადიული და უკვდავი, ამიტომ უნდა გიხაროდეს ღმერთის გამო თუ დასთმე ყოველივე წარმავალი.წარმავალი არაა მარტო სიმდიდრე და ფული, არამედ სიამენი ამა სოფლისანი და ცთუნებანი განცხრომითნი. მხოლოდ ღმერთის მცნებებია ნათელი და ცხოვნება და ასეც არის სახელდებული ყოველი სულიერისაგან.

21. ძმაო, ერიდე მუდამ ნაყროვანებას, უკიდურეს თვითგვემასა და განდგომას. შეიძლება ღვთის შემწეობით შენმს სულიერმა მოძღვარმა დაგრთოს ნება, რათა აღისრულო გულისწადილი. აი, მაშინ მიაპყარ ყურნი და უარყავ პირადი ნება. თუკი ამასგაითვალისწინებ, ყოველთვის და ყველაფერში ნამარხულევი იქნები, თავშეკავებული და შენს ნება-სურვილს უარყოფ. და არა მარტო ამას მიაღწევ, არამედ, ოდეს გულში დანთებული ცეცხლიც მიინავლება, დაღუპვას რომ გიქადდა, ყველაფერი დაიმსხვრევა, რასაც ეჭვის თვალით უმზერდი.

22. ოდეს დემონები ყველაფერს თავიანთ სასარგებლოდ დაიმჯობინებენ, ვერ მოასწრებენ ოღონდ, ღმერთზე ჩვენი შეხედულების შებღალვას ან დაბრკოლებას მცნებათა აღსრულებაში, მაშინ მიმართავენ მოჩვენიბითად ღვთისმოსავთ და მათი საშუალებით ექნებათ მცდელობა დააბრკოლონ ახლადდამწყებთა მოღვაწეობა სათნოებაში. უპირველეს ყოვლისა, თითქოსდა სიყვარული და თანაგრძნობა ამოძრავებდეთ, ურჩევენ მათ არ იუცხოონ ხორციელი სიტკბოებანი, რათა სხეული, როგორც ამბობენ, არ დაძაბუნდეს და ერთობ არ აღმოჩნდეს დაღრეჯილობაში. შემდეგ აბამენ უსარგებლო საუბრებში, მთელი დღეების განმავლობაში აიძულებენ, რომ მხოლოდ ილაყბონ, არც ამას აკმარებენ; თუ ვინმე ეჭვიანი მოისმენს მათ რჩევებს და შესაბამისად მოიქცევა, მაშინ ისეთ სიცილს დააყრიან, თითქოდა უხაროდეთ მისი დაღუპვა. ხოლო, მათ ნათქვამს თუ ყურად არ იღებს მავანი და გარეშე პირის ჩაურევლად იმოქმედებს, მაშინ აღივსებიან შურით და ამხედრდებიან მის წინააღმდეგ, მიმართავენ ყველანაირ ხრიკს, რათა გააძევონ იგი მონასტრიდან. რამეთუ პატივმოყვარისთვის აუტანელია თავმომწინედ ცქერა იმისა, თუ როგორ უქებენ თვალწინ ჭეშმარიტ მორჩილებას.

23. ავადმყოფურად იტანჯება პატივმოყვარე, რომელიც ხედავს, თუ როგორ ღვრის ცრებლებს მორჩილი, ღმერთს შეწყალებას შესთხოვს და ხალხსაც აქეზებს უნებლიედ ღვთის სადიდებლად.

24. ოდეს მოანდობ შენს სულიერ მამას ყველაფერს, იცოდე, რომ მსგავსად უცხოელისა, უცხო ხარ ყველაფრის მიმართ, რასაც იგი დააპატრონე, როგორც ამბობენ, ადამიანების, ნივთებისა და ფულის მიმართაც. ნურაფერს იღონებ და უნებართვოდ ნუ ეცდები რაიმე აიღო იქიდან, თუნდ სრულიად უმნიშვნელო იყოს. არც მოძღვარის სურვილზეა დამოკიდებული ბევრს მისცემ თუ ცოტას და ნურც შენ მოელი, რომ თავის ხელით დაგიბრუნოს რაიმე.

25. შენი ღვთისმიერი სულიერი მამის ნებართვის გარეშე არ იფიქრო მოწყალების გაღება შენს მიერ დაგროვილი ქონებიდან. არც ვინმე შუამავლის საშუალებით შეეცადო რაიმეს აღებას იქიდან. რადგან უმჯობესია იყო ღარიბ-ღატაკი და უცნაურადაც ითვლებოდე, ვიდრე გაფლანგო და მისცე გლახაკთა საჭურჭლე, როდესაც თავად ახლადფეხადგმული ხარ ჯერ კიდევ. უხინჯო რწმენა შენი სულიერი მამის სრუვილით, როგორც უფლის ხელიდან, ყოველივეს გაგაცემინებს.

26. ყლუპი წყლის დადლევაც არ ითხოვო თუნდაც წყურვილით იხრჩობოდე, ისე, რომ შენმა სულიერმა მამამ თავად არ განჭვრიტოს და ნება არ დაგრთოს ასე მოიქცე. მოიზღუდე თავი და განეკრძალე ამ სიტყვებით შთაგონებული: იყავნ ნება შენი ღმერთო, და ღირსიქმნები შესმად წყლისა, ანუ იგი ჩააგონებს შენს სულიერ მამას და ის გეტყვის შენ: შესვი. და მყისვე დაეწაფები წყალს სუფთა სინდისით, თუმცაღა შესაძლოა შენთვის არ იყოს ეს ხელსაყრელი და არც დროული.

27. ვისაც გამოცდილებით შეუცვნია სიკეთე სულიერებისა, მოუპოვებია უტყუარი რწმენა, დაუსახავს ღმერთი მოწმედ ჭეშმარიტებისა, უთქვამს: მე განზრახული მაქვს არასოდეს მოვიწადინო არც ჭამა, არც სმა, არც ვთხოვო რაიმე ჩემს სულიერ მამას, და საერთოდ, არაფერი ვაკეთო ისე, რომ ღმერთი არ შთააგონებდეს მას დამავალოს ესა თუ ის საქმე. და მეც, ასერიგად მოქმედს, არც არასოდეს, - ამობს, - გამცრუებია იმედი.

28. ნამდვილი რწმენის მომხვეჭელი, როდესაც ხედავს თავის ღვთისმიერ სულიერ მამას, თავად ქრისტეს ხედავს ჰგონია და მის გვერდითაა თუ მას მისდევს, უეჭველად სწამს ქრისტესთან თანაზიარობა და სვლა მისი გზით. ასეთი ადამიანი არასოდეს ისურვებს საუბარს ვინმე სხვასთან და უპირატესობასაც არასოდეს მიანიჭებს რაიმეს საერო ნივთებიდან ნიშნად მისი ხსოვნისა და სიყვარულისა. განა იქნება რაიმე იმაზე კარგი და და სასარგებლო, აწმყო ან მომავალ ცხოვრებაში, ვიდრე ქრისტესთან თანაზიარობაა? რაა იმაზე ულამაზესი და უტკბესი, ვიდრე მისი ჭვრეტაა. თუკი ღირსებია მისმე მაინც მასთან საუბრები, უცილობლად მიუღია მისგან საუკუნო ცხოვნება.

29. შემწყალებლურად მოყვარული მაძაგებელთა, მოძულეთა, მაჭირვებელთა და მლოცველი მათთვის (შდრ. მათ. 5,44), უმოკლეს დროში მიაღწევს უდიდეს ნეტარებას. რამეთუ, ოდეს ამგვარი გრძნობა დაისადგურებს გულში, იგი ამ გზით უბიძგებს კეთილად განწყობილს მორჩილების უფსკრულისაკენ და იქიდან ცრემლთა ნაკადულებში ჩაძირული სულის სამივე ნაწილი გამოაქვს, ასტყორცნის გონს უვნებობის ცაში და გადააქცევს ჭვრეტითად - იქაური მადლის გემება კი, განაწყობს მას არად შერაცხოს ყველა სიკეთე აწმყო ცხოვრებისა და აღარც სასმელ-საჭმელი მიიღოს ისე დაგემოვნებითა და ხშირ-ხშირად.

30. ცხოველ რწმენაზე ისიც მიუთითებს, რომ ადგილს, სადაც მამა და მოძღვარი მდგარა შევრაცხავთ წმინდა ალაგად, მის ფერხთა მტვერს ხელისგულებში მოვიქცევთ, თავზე გადავიფრქვევთ და გულზე დავიყრით, ვითარცა ვნებათა სალბუნსა და ცოდვათაგან განმასპეტაკებელს, როცა ვერ გაგვიბედნია ნებართვის გარეშე მიახლება, ხელის შევლება მისი კვართისა თუ შესამოსელისთვის, ხელისკანკალით აგვიღია ხელში მისი პირადი ნივთები, შიში და კრძალვა გვეუფლება მისი ხილვისას, კურთხევის აღებისას, თუ სენაკში შესვლისას.

31. მრავალნი ამ ცხოვრებისა და ამა სოფლის სიამეთა უარმყოფელია, მცირედნი - პირადი ნება-სურვილისა. სწორედ, მათ მიესადაგებათ უხინჯოდ თქმული საღვთო სიტყვა:“მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ რჩეულნი“ (მათ. 22.14).

32. ოდეს ძველ საძმოსთან ტრაპეზს უზიხარ და იგრძნობ, თუ როგორ გებინდება გონება, გელიბრება მზერა, საჭმლის გემოსაც ვეღარ იგებ, სულს საკვირველი აღმაფრენა დაუფლებია და თვალთაგან ცრემლები წამოგცვივიან, მაშინ მიხვდები, რომ ღვთის წყალობამ, ძრწოლვით ნაშობმა, ერთბაშად დაგიმორჩილა და მიგანიშნა: გრძნობადი საგნების სიუხეშით გამოწვეული შიშის განცდა ზეგრძნობადის სიყვარულამდე აღამაღლეო.სწორედ ამას გულისხმობს სულიერი ცოდნა და ალბათ, გაგეგონება, რომ შიშიდან სიყვარულში ადამიანი შეუმჩნევლად და ყოველგვარი განსაცდელის გარეშე გადაჰყავს.

33. საღმრთო სიყვარულში სრულქმნილების მიღწევა და მისი შენარჩუნება მხოლოდ სულიერი გაწაფულობის ხარისხისდა შესაბამისად არის შესაძლებელი, სულიერი ცოდნის შეძენა მოითხოვს სულის წვრთნას ასკეტური რუდუნებით. მოციქულმა იცის ესდა ამბობს:“ ქმნულთა სიდიდითა და სიმშვენიერით ღმრთაება საცნაურად იხილვების“ (შდრ. რომ. 1,20).

34. ადამიანი თვალს როგორ მიაწვდენს ცის დაუსაბამობას, ან დედამიწის უკიდეგანობას, ვითარ ჩასწვდება საღმრთო საიდუმლოებებს, რამეთუ არ ძალუძს ძე ხორციელის თვალს ჭკუა-გონებისათვის მიუწვდომელი გაისიგრძეგანოს. მხოლოდ უდიდესი რუდუნებისწყალობით ბილწ გულისთქმათაგან განწმენდილი და ცრურწმენათა ტყვეობიდან დახსნილი გონება ღვთის შეწევნითა და მადლით გასხივოსნებული, ამ გასხივოსნებისდა შესატყვისად, ღირს-იქმნება საგანა ჭვრეტისა.

35. ღამით ის ადგილი, სადაც კვარი ბჟუტავს, განათებულია და თვალიც ამჩნევს და ხედავს ამა თუ იმ საგანს. ამ დროს მთელს სამყაროში წყვდიადი მეფობს. ასევე, ცოდვის წყვდიადში გზააბნეულ ადამიანებს კეთილი მეუფე მოციმციმე ნათლის სვეტად მოევლინება, უფალი დაუტევნელი, მას უსუსურობის გამო ეცხადება. მაშინ მეყვსეულად აეხილება თვალი, განჭვრეტს ამა თუ იმ საგნის ბუნებას და სიახლეების შემჩნევით აფორიაქებული უნებლილედ აქვითინდება. მას ეს ცრებლები განწმენდენ და ხელმეორედ ნათლავენ იმ ნათლობით, რომლის შესახებ უფალი სახარებაში გვეუბნება: „უკეთუ ვინმე არა იშუას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფებეს შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3,5) და კვალად: „ჯერ -არს თქუენდა მეორედ შობა“ (იოანე 3,7). მეორედ შობაში უფალი სწორედ სულიწმიდისაგან შობას გულისხმობს.

36. პირველ ნათლობაში წყალი ცრემლების სიმბოლოა, მირონის ზეთის ცხება ნიშნავს სულიწმიდით შინაგან მირონცხებას. მეორედ ნათლობა ჭეშმარიტის სახეცვლილება როდია, რაამედ თავად არის ჭეშმარიტება.

37. მოღვაწე მხოლოდ ბოროტ საქმეებს როდი უნდა განეროდოს, არამედ მართებს ავ ზრახვათაგან და საწინააღმდეგო აზრთაგან განთავისუფლებაც, იგი მუდამჟამ მოცული უნდა იყოს სულის აღმაფრენი და ჰაეროვანი წარმოდგენებით, რათა არ გაერთოს ყოფითი ნივთების მოვლა-მზრუნველობაში.

38. იმ ადამიანის მსგავსად, რომელმაც მთლიანად გაიშიშვლა ტანი, თვალებზე კი საბურველი აიფარა და არ მოისურვა მისი თავიდან მოცილება და გადაგდება, ვერ შეძლო სინათლე დაენახვებინა გაშიშვლებული სხეულის მხოლიდ ამ ერთი ნაწილისათვის, ასევე დამტევებელი მთელი თავისი ქონებისა, ფულისა და ამასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვნებისაგან თავისუფალი, თუ ყოფით წარმოდგენებსა და ავ ზრახვებს არ ჩამიოცილებს და სულის თვალს არ აიხელს, ვერ დაინახავს ვერასოდეს გონით ნათელს მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესა და ღმერთს.

39. რასაც წარმოადგენს აფარებული საბურველი თვალებისათვის, იგივეა საერო ზრახვანი და ყოფითი წარმოდგენები გონებისათვის და სულის თვალისათვის. ვიდრე მათ არ ჩამოვიცილებთ, ვერაფერს დავინახავთ. როდესაც მათ აღვხოცავთ, მხოლოდ მაშინ შევამჩნევთ ჭეშმარიტ ნათელს, „რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოანე 1,9).

40. ვინც უსინათლოა დაბადებიდანვე, იგი ვერც შეიცნობს და ვერც ირწმუნებს დაწერილის ძალას. მაგრამ თუკი ოდესმე ეღირსა თვალისახელა, ზემოთ ნათქვამის სრულ ჭეშმარიტებაში დაგვემოწმება.

41. ვისაც მხედველობა აქვს, თვალებით შეიგრძნობს და უწყის, როდის დღეა და როდის ღამე. უსინათლომ არც ერთი იცის და არც მეორე. სულიერად თვალახელილი და გონების თვალით მხედველი, თუკი ჭეშმარიტსა და დაუსაბამო ნათელს იხილავს და დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობას გამოიჩენს, კვლავ თავდაპირველ სიბრმავეს დაუბრუნდება და ნათელს დაჰკარგავს. გვიან შეიცნობს ამ დანაკარგის ფასს და მიხვდება რა გასაჭირშიც ჩავარდა. ხოლო დაბადებიდანვე უსინათლომ არაფერი უწყის არც გამოცდილებით, არც მოქმედებით. ნუთუ მონაჭორის ყურისმოკვრით და იმის ცოდნით, რაც თვალითაც არ უხილავს არასოდეს, დაიწყებს იგი მოყოლას სხვებთან ამის თაობაზე? მათ ხომ არ ეცოდინებათ დანამდვილებით არაფერი იმ ამბებზე, რაზეც საუბრობენ.

42. შეუძლებელია, მუცელი ამოიყორო მაძღრისად სასმელ-საჭმელით და ასევე, სულიერადაც ნეტარებდე გონებრივი და ღვთაებრივი მადლის მფლობელი. რამეთუ, რაოდენცა იღწვის მავანი მუცლისათვის, იმდენადვე განეშორება სულიერ მადლს და, პირიქით, რაოდენცა სხეულს გვემს, იმდენადვე აღივსება სულიერი საზრდოთი და სიმშვიდით.

43. დავუტეოთ ყოველივე მიწიერი, მხოლოდ სიმდიდრე, ოქრო, ყოველდღიური სახმარი კი არა, ჩვენი სულებიდან მათდამი ავხორცული მისწრაფებებიც განვდევნოთ. შევიძაგოთ არა მარტო ხორციელი სიტკბოებანი, არამედ მათი გამოუთქმელი მოძრაობებიც და ვეცადოთ, ჩავკლათ ისინი შრომითა და გარჯით. რამეთუ, ეს არის თავი და თავი ავხორცობისა და საქმეებშიც განცხადდება. ვიდრემდე იგი არსებობს. გასაჭირში მყოფი ჩვენი სულიც ძალაუნებურად მკვდარია და ძნელად ემორჩილება, ანდა სრულიად უძრავია ღვთის მცნებათა მიმართ.

44. როგორც ცეცხლის ალი ყოველთვის მიილტვის ზევით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწვავს ამობრუნებ, რომელშიც ცეცხლი ღვივის და ანთია, ასევე პატივმოყვარე გულსაც არ ძალუძს დაშოშმინება. როგორც კი ეტყვი, თუ რა არის მისთვის სასარგებლო, მაშინ უფრო აღენთება. საკმარისია ამხილო ან ჭკუა დაარიგო, რომ გაზულუქდეს, ხოლო ქების ან მოფერების შემთხვევაში გაებღინძოს ბოროტს.

45. შეკამათებას დაჩვეული ადამიანი თავის თავისთვის ბასრი ორლესული ცულია: სულს ანადგურებს შეუცნობლობით და ამასთანავე, შეუძლებელს ხდის საკუთარ საუკუნო ცხოვნებას.

46. მოკამათე ჰგავს საკუთარი მეფის მოწინააღმდეგე მტრებს დანებებულ ადამიანს თავის ნებით. კამათი არის ანკესი, რომელსაც ფალიად მართალი სიტყვა აქვს და რომლის გამოისობით მოხიბლულნი ცოდვების ანკესს შევცქერით. ასევეა ჩვეულებრივ მიტაცებული ბოროტი სულებისაგან ენით და ხორხით ციდვილი სული და ხან იფეთქებს ვაება, ხანაც ცოდვების ქაოტურ უფსკრულსი ჩაინთქმება და გასამართლდება ციდან ჩამოცვენილთა მსგავსად.

47. ვინც პატივაყრილი და განაწყენებული ყოფილა, ძლიერი გულისტკივილი უგრძვნია და აქედან გამომდინარე, იცის, რომ გულ-გვამში გველი ჰყოლია ჩაბუდებული. თუკი შეეცდება მდუმარედ აიტანოს ის, რაც მის თავს ტრიალებს, ანდა დიდი მოთმნიების შემდეგ ამოიღებს ხმას, მაშინ გველი არაქათგაცლილი და უძლური ხდება. ხოლო თუკი გაცხარდება და მოურიდებელ კამათს ასტეხს, მაშინ გველს გადასცემს სიძლიერეს. გულში შხამს ჩაიღვრის და გულ-გვამს უწყალოდ გამოიჭამს. ასე, რომ, ეს გველი, ამგვარად მომძლავრებული დღენიადაგ შთანთქავს მას, დაბოლოს, როდესაც უბადრუკი სული თავად გადაწყვეტს მდგომარეობის გამოსწორებას და შეეცდება წესისამებრ მიჰყვეს ცხოვერბისეულ კეთილ საქმეებს, ძალა გველს უნდა გამოგლიჯოს. ასეთი გახდება მას შემდეგ, რაც ცოდვიან ცხოვრებას დაიწყებს და მკვდარი იქნება მისთვის სამართლიანობა.

48. თუკი ამქვეყნიდან განდგომას მოისურვებ და მიეჩვევი სახარებით ცხოვრებას, ნუ დაემოწაფები გამოუცდელ და ნურც ისეთ მასწავლებელს, ვისთვისაც უცხოა ვნებები, რადგან ნაცვლად სახარებისმიერისა, ეშმაკეულ ცხოვრებას არ მიჰყო ხელი. რადგან კარგ მასწავლებლებს გაკვეთილებიც კარგი აქვთ, ხოლო ცუდებს - ცუდი. ბოროტი თესლიდან აღმონაცენი კი ყოველთვის ბოროტია.

49. ლოცვითა და ცრებლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს. მიჰყევ, თავად საღვთო წერილს, განსაკუთრებით, წმინდა მამათა სამოღვაწეო წიგნებს, რათა შეადარო იმას, რასაც მასწავლებელი და მოძღვარი გასწავლის და შესძლო, როგორც სარკეში, ისე დაინახო რამდენად მისაღებია იგი შენთვის. შემდგომ, როცა წმიდა წერილთანაც შეაჯერებ, ეცადე, სწავლება გაითავისო და განამტკიცო რწმენა. ხოლო რაშიც არ ეთანხმები, ჯერ ჯეროვნად განსაჯე და მერე უარჰყავ, რათა არ შეცდე. რამეთუ, იცოდე, რომ დასაბამითგანვე უთვალავი მჩხიბავი და ცრუმასწავლებელნი გამოჩნდნენ.

50. სულით ბრმა თუკი სხვების განსწავლას დაიწყებს, მჩხიბავია და მისი მიმდევარნიც დასაღუპავად არიან განწირულნი. უფლის თქმით:“ბრმაი ბრმასა თუ წინაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათ. 15, 14).

51. ვინც ბრმაა ღმერთთან მიმართებაში, მთლიანად ბრმაა ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობაში და პირიქით, ვინც ხედავს იმ ერთს, ჭვრეტს ყველაფერს.ვისაც მჭვრეტელობის უნარი არ გააჩნია, ვერაფერს ჭვრეტს და უძლურია. ვინც იმყოფება ღმერთში, ხედავს ყველაფერს და ვინც ღმერთის მიღმაა დარჩენილი, ვერაფერს ხედავს ყველაფერში.

52. ვინც იმ ერთადერთს ხედავს და თანამყოფობს მასთან, ყველაფერს ხედავს და თავის თავსაც. ღმერთში დაფარული არაფრიდან ხედავს ყველაფერს.

53. ვინც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ზეციური ადამიანისა და ღმერთის ხატებას (1კორ. 15,49) გონებასა და სულში ვერ გაიშინაგნებს შეგრძნებითა და ცნობიერებით, იგი მხოლოდ სისხლია და მძორი (შდრ. 1კორ. 15,50). და არ ძალუძს სულიერი დიდების შეგრძნება სიტყვის მეშვეობით, მსგავსად დაბადებიდანვე ბრმებისა, რომლებიც მზის სინათლეს ვერ შეიცნობენ მარტოოდენ სიტყვების მეშვეობით.

54. ვისაც ამგვარად ესმის, ხედავს და გრძნობს, მან უწყის მისი ძალა „ძისა ღმრთისასა მამაკაად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტისისა“ (ეფეს. 4,13) - როგორც ნათქვამია, ასეთი ადამიანი კარგად მომწყემსავს ღმრთის მცნებების გზით შემდგართ და ქრისტეს ფარას. ხოლო ვინც ეს არ იცის და არც ასეთია, ცხადია, გოძნობა სულისა სინათლესაა მოკლებული და არაჯანსაღია.გაცილებით უმჯობესია მისთვის თავად მოიმწყემსოს, ვიდრე უწინამძღვროს და საფრთხეში ჩააგდოს თავისი თავიცა და სხვებიც.

55. ვინც გულმოდგინედ უსმენს თავის მოძღვარსა და წინამძღვარს, როგორც ღმერთს, მასთან შეპასუხება არ შეუძლია. ვინც ფიქრობს, რომ ერთიც შეუძლლია და მეორეც, ე.ი. რომ იგი უსმენს თავის მოძღვარს, როგორც ღმერთს და ეპასუხება კიდეც, თუ ხვდება, რომ გზას არის აცდენილი, ანდა არ სმენია ღვთისნიერ ადამიანთა მოწიწება ღვთისადმი.

56. ვისაც სწამს, რომ მოძღვრის ხელშია მისი სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასოდეს გაუწევს წინააღმდეგობას მოძღვარს. სწორედ უმეცრება ბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს, რაც ხდება მიზეზი სულიერი და საუკუნო სიკვდილისა.

გაგრძელება...