63. როდესაც სულის ნატვირთი ნაწილი ძალზე მოწყურებულია ვნებათაღელვასა და გართობას, ამა სოფლის სიამესა და განცხრომას ნატრობს და ელტვის, სიზმრადაც იგივე ეზმანება. სულის მგრძნობიარე ნაწილი იდეს ჩხუბობს ან ბრაზობს, გამძვინვარებული და გაბოროტებული ადამიანი სიზმრად ხედავს ნადირთა თავდასხმას, ხელჩართულ ბრძოლებსა და გააფთრებულ ომს, მოპაექრეებს ეკამათება და ედავება. სულის გონითი ნაწილი მზვაობრობამ და სიამაყემ თუკი შეიპყრო, სიზმრად ფრთაშესხმული ჰაერში აფრენას ლამობს, ეჩვენება, რომ მოკალათებულა მოსამართლის მაღალზურგიან სავარძელში და ხან სახალხო მსაჯულია,ხან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობს, ხანაც საზეიმო შეხვედრებს უწყობენ.
64. უტყუარი სიზმარეული გამოცხადება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა გონებაც სულიწმიდის მადლით დაწმენდილი და განათებული ვნებათა და სულთქმათა მარწუხების ტყვეობიდან დახსნილა, იღწვის და ზრუნავს მარტოოდენ ღვთაებრივისთვის, მომავალი ჯილდოსა და მისაგებლის მოლოდინში. მათი ცხოვრება ამა სოფლის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასთან შედარებით გაცილებით უფრო სისხლსავსეა, უზაკველი და აუმღვრეველია, მშვიდი და სუფთაა, სავსეა წყალობითა, ზეგარდმო სიბრძნითა და „ნაყოფითასაქმეთა კეთილთათა“ (იაკ. 3,17), რამეთუ სულიწმიდით არის დამწყალობლებული.ვინც ასე არ ცხოვრობს, მათ ცრუ და არეული სიზმრები აცდუნებენ და ხიბლში აგდებენ.
65. მრავალნი კარჩაკეტილი ცხოვრებისწესს ამჯობინებენ, სხვანი - ხმაურიანს, ზოგნი კი მედიდურობენ, წარსდგებიან ხალხის წინაშე, მათ ჭკუას არიგებენ, მოძღვრავენ და უგებან ეკლესიებს. უმრავლესობა ამას მთელი სულითა და გულით სჩადის. მე არ მსურდა ეს უკანასკნელნი სხვებისაგან რაიმე ნიშნის მიხედვით გამომერჩია და არც იმის თქმა, რომ მავანი და მავანი ქების ღირსია, სხვანი კი, გაკიცხვას იმსახურებენ. ყოველი ცხოვრების წესი, ყოველგვარი საქმიანობა, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, გამოზნულია ღმერთისთვის და ღვთის შეწევნითვე აღესრულება.
66. როგორცადამიანთა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ჩვეულებრივ ხელობისა და ხელოვნების განუწყვეტელ ურთიერთკავშირსა და ურთიერთმონაცვლეობაში მიედინება, ანუ ადამიანთაგან ერთნი ერთს მისდევენ, მეორენი - მეორეს, გასცემენ და იღებენ ერთმანეთისაგან იმას, რის უკმარისობასაც განიცდიან და საჭიროებისამებრ იკმაყოფილებენ ბუნებრივ ხორციელ მოთხოვნილებებს, ასევე, მსგავსი რამ შეიძლება დავინახოთ სულიერ ცხოვრებასეც: ერთნი ერთი სახის ქველმოქმედებას სჩადიან, სხვანი სხვაგვარი ცხოვრების გზას ადგანან, საბოლოო ჯამში კი, ურთიერთშეწევნით ერთ მიზანს ემსახურებიან.
67. ყოველი ღვთისშვილის მიზანია იყოს სასურველი იესო ქრისტესი, მეუფისა ჩვენისა და შეურიგდეს მამა ღმერთს სულიწმიდის მიღებით. ამ საშუალებებით კი, თავი გადაირჩინოს. რამეთუ სწორედ ამაში მდგომარეობს ყოველი სულის ხსნა. თუკი ეს არ გაგვაჩნია, უნაყოფოა ჩვენი მცდელობა, ამაოა გარჯა. განა აქვს რაიმე აზრი იმ გზით სიარულს, რომელიც იქ არ მიგვიყვანს, საითკენაც მივეშურებით.
68. ამქვეყნიური ცხოვრების დამტევებელსდა მთაზე განმარტოებულს მდუმარებაში, რომელიც მედიდურად წერს იქიდან წერილებს ამქვეყნად დარჩენილთ - ნაწილს ესიყვარულება, ნაწილთან მლიქვნელია და ქლესა, ჰგავს გარყვნილ, შეუხედავ, ბინძურ ცოლთან გაყრილ კაცს, რომელიც ცხრა მთას იქით გადაიხვეწა, რათა გონებიდან ამოეგლიჯა ამ ქალის ხსოვნა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ივიწყებს იმ მიზეზს, რის გამოც გადაიხვეწა ამ სიშორეს, მთაზე და რაინდივით წერს წერილებს მათ, რომლებსაც არ გაუწყვეტიათ ურთიერთობა მის ცოლთან, გულახდილად რომ ვთქვათ, საკუთარი ცოლისწამბილწველებს ელოლიავება. ასეთი, სხეულით თუ არა გონებითა და გულით მაინც შებღალულია, როცა ძალაუნებურად მათი ურთიერთდამოკიდებულება საკუთარ ცოლთან კვლავაც აღელვებს.
69. რამდენადაც მკვიდრნი ამა სოფლისანი, რომლებიც ცდილობენ განიწმინდონ გონება და გული ყოველგვარი სიბილწისა და მანკიერებისაგან, იმსახურებენ ქებასა და დიდებას, იმდენადვე კლდეებსა და გამოქვაბულებში დაყუდებულნი, (ებრ. 11,38), თუკი ხალხისგან განდიდებასა და ხოტბა-დიდებას მოელიან, ღირსნი არიან გაკიცხვისა და ზურგის შექცევისა.ასეთი ადამიანები, ღმერთისგან გამოცდილნი, გათანაბრებულნი არიან მემრუშეებთან. რამეთუ თავდავიწყებით მოსურნე იმისა, რომ მისი ცხოვრება, სახელი და საქმენი მთელს ქვეყანას მოედოს (რომ. 8,27) ღმერთისგან შერისხულია. ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისა და უფლისაგან განდგეს გული მისი (იერ. 17,5),მსგავსად ძველი იუდეველი ხალხისა,რაზეც ამბობს დავითი:“და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა“(ფსალმ. 105,39).
70. ვისაც ეჭვი არ შეჰპარვია ღმერთის რწმენაში, დაუტევა ეს სოფელი და ყოველივე ამქვენიური, სწამს, რომ გულმოწყალე და მიმტევებელი უფალი შეივრდომებს თუკი სინანული ექნება (ფსალმ. 102.8), რადგანაც ღმერთი მოწყალეა. პატივაყრილთ მიაგებს პატივს,უკიდურეს სიბადრუკეში მყოფთ დაამდიდრებს, დამდაბლებითა და დაკნინებით განადიდებს მათ, სიკვდილლის გზით საუკუნო ცხოვრებას უწყალობებს და თანამოსაყდრედ გაიხდის. ისე მიიზიდავს, ვით მოწყურებულ ირემს უშრეტი წყარო (შდრ. ფსალმ. 41,2),პიტალო კლდეზე ისე აიყვანს, როგორც კიბეზე, რადგან ანგელოსები შეეწევიან მისკენ მოლტოლვილთ (შდრ. დაბ. 28,12). თავად ღმერთი კი მჯდომარე მაღლით, თვალყურს ადევნებს ჩვენს ჯაფასა და გარჯას, არა იმიტომ რომ ჩვენი დამაშვრალობა ახარებს, არამედ ამის საფასურად ჩვენი დამწყალობლება სწყურია.
71. ის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი დაეჭვების გარეშე მთელი თავგამოდებით მიელტვიან ღმერთს, ღმერთი მათ როდი შეეწევათ. საერთოდ ძირს დაენარცხებოდნენ, მაგრამ, რაკი ღმერთი ხედავს მათ ღონემიხდილებს, იბრალებს, შველის, უწვდის დახმარების ხელს, აჰყავს თავისთან, შეეწევა აშკარად თუ მალულად, ხილულად თუ უხილავად, ვიდრე ყველა საფეხურს არ აათავებენ, არ მიეახლებიან თავად მას. შეერწყმიან, დაივიწყებენ ყოველივე მიწიერს, თანაშეეყოფვიან და დაიბანაკენენ მასთან - „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი“ (2 კორ. 12,2) გამოუთქმელ სიკეთეთა მგემებელნი.
72. თავდაპირველად, ვიდრე ქრისტეს მცნებათა უღელში გავყოფდეთ თავს, მართებული იქნება, თუკი ფეხს არ ავითრევთ და არ მოვყვებით აქეთ-ექით თვალების ცეცებას, პირდაპირ დაწარბშეუხრელად წარვემართებით ამ გზით სიკვდილამდე,დროდადრო განვახლდებით და სულსა და გონებაში დავიმკვიდრებთ ღვთაებრივ სამოთხეს მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის მეოხებითა და თანამოქმედებით. ოდეს მთელი არსებით შევეთვისებით და დავემოწაფებით, აი,მაშინ, ვისაც ღმერთი გამოარჩევს და რა საქმესაც მიანდობს, იმას აღასრულებინებს და ისე წარმართავს, როგორც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. მაგრამ ჟამითი ჟამად არ ეგების ადამაინებმა თავად ეძებონ საქმე ან რასაც სხვები შესთავაზებენ, იმას დასჯერდნენ, არამედ ხამს მეუფისა ჩვენისა და მაცხოვრის მცნებათა მტკიცედ დაცვა და ღვთის ნებელობის მოლოდინი.
73. ოდეს ყოველგვარ საღმრთო საქმეში რწმენაგამოისობით და სანაქებო გარჯით თავსგამოვიჩენთ და სულიწმიდის მეოხებით სხვა საქმე ან მოღვაწეობა დაგვევალება, წინ ნუ აღვუდგებით, რამეთუ ღმერთი ჩვენგან არც უსაქმურობას ითხოვს და არც მხოლოდ იმას, რომ განუწყვეტლივ ერთსა და იგივე საქმეს ჩავკირკიტებდეთ დასაბამიდან. არამედ სურს სრულყოფილებიას გვაზიაროს თანდათანობით და არა ჩვენი ნება-სურვილით, არამედ თავისი ნებითა და შეწევნით.
74. ვინც შეძლო თავის თავში ჩაეკლა პირადი ნება ყველგან და ყველაფერში ნების გარეშე რჩება. უსულო და უმოქმედო საგანთა გარდა ყველა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარი ნებით მოქმედებს. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მცენარეებს და მათი ზრდა-განვითარების პროცესზე ვმსჯელობთ, ვერ ვიტყვით, რომ ამ პროცესს მცენარეების ბუნებრივი ნება უდევს საფუძვლად, რადგან ისინი უსულო ორგანიზმები არიან. ყოველ ცოცხალ არსებას ხომ პირადი ნება ბუნებით დაჰყვება. მაშასადამე, ვინცპირად ნება-სურვილს უგულვებელყოფს და ჩაკლავს თავის თავში, ამით რასაკვირველია, სცილდება ბუნებრიობის საზღვრებს, საკუთარ მიდრეკილებებს აღკვეთს და პირადი ნებასურვილისამებრ არ სჩადის არც სიკეთეს, არც ბოროტებას.
75. ვისაც პირადი ნების ჩაკვლის სურვილი ტანჯავს, ღმერთის ნებას უნდა მიენდოს. ნაცვლად პირადი ნებისა, დაჰყვეს ღმერთის ნებას, გულში ჩაინერგოს და ჩაიბეჭდოს. ამასთანავე, დააკვერდეს, იდგამს თუ არა სიღრმეში ფესვებს დანერგილ-დათესილი, და თუ წამოიზარდა ყლორტი სანამყენე, გადაჭრას და დაელოდოს შეეზარდა თუ არა ნამყენი ხეს, შემდეგ იზარდა თუ არა ნამყენი,აყვავდა და გამოიღო თუ არა ტკბილი და გემრიელი ნაყოფი.დათესვამდე და დაფესვიანებამდე მიწის ნოყიერებაა გასათვალისწინებელი, რამეთუ მასზე უნდა აღმოცენდეს საუცხოო და თვალწარმტაცი ნაყოფით დახუნძლული მცენარე.
76. ვინც შიშის გამო ღვთის ნებას გადავა, ღმერთი შეუმჩნევლად, ისე რომ მას არ ეცოდინება, თუ როგორ მოხდება ეს (მარკ. 4,27), უსაჩუქრებს თავის ნებას, გულში ჩაუნერგავს, გულის თვალს აუხელს, რათა ამ გზით მაინც შეიცნოს უფალი და უბოძებს კიდეც ძალას ამა თუ იმ ღვაწლის აღსასრულებლად ყოველივე ეს კი, სულიწმიდის მადლით კეთდება, მის გარეშე ხომ არაფერი ხდება. (შდრ. იოანე. 1,3).
77. ოდეს ღვთის იდუმალი და ჩვენთვის ძნელად ამოსაცნობი სწავლებისა თუ მითითებების ერთგულად და მორჩილად აღსრულებას შევუდგებით მთელი ძალისხმევით, მონდომებითა და შემართებით, ვითარცა ჭეშმარიტ მოწაფეებსა და სანდო მეგობრებს ღმერთი აშკარა გამოცხადებით დაგვამწყალობლებს და როგორც ოდესღაც ეჩვენა თავის წმინდა მოცოქულებსა და მოწაფეებს, ასევე გამოეცხადება ყველას, „რომელთა ჰრწმენეს“ (შდრ. იოანე 17,20) მისი სახელით. აი, მაშინ მადლის მეოხებით შევიქმნებით ძენი ღმრთისანი, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: “რომელნი სულითა ღმრთისათა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრისნი, ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა, და თანამკვიდრ ქრისტესა (რომ. 8,14,17).
78. ვინც ღირს-იქმნა შერწყმოდა უფალს სულიწმიდის მეოხებითა და თანამოქმედებით, გამოუთქმელი მადლი იგემა და პირდაპირ ვიტყვი,აღარ ეძებს დაუმსახურებელ პატივსა და ფუჭ დიდებას კაცთა, არც დროსკარგავს ძვირფასი სამოსლისა თუ ფულის, ოქროსა თუ თვალმარგალიტის ძებნაში, როგორც ამას უჭკუო ადამიანები სჩადიან. რამეთუ წარმავალსა და უმტკიცებს არ ‘შეაპყრობს გულს“(ფსალმ. 61,11), არ ცდილობს მეფეთა და მთავართა - უზენაეს ხელისუფალთა ყურადღების ცენტრში მოექცეს, რამეთუ ისინიც ვნებათა მარწუხებში თრთიან. თავი როდი მოაქვს დიდებულებთან თუ მდიდრებთან სიახლობით, არ ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებით განადიდებს მის პიროვნებას. აინუნშიაც არ აგდებს და არ ესწრაფვის სახელმოხვეჭილ და ბრწყნივალე ადამიანებთან ურთიერთობას, როგორც მდიდარი არ ინებებს გაღატაკებას და არც ძლევამოსილი და სახელმოხვეჭილი სახელმწიფო მოღვაწე - ამ ქვეყნიდან უსახელო და პატივაყრილი წავიდეს.
79. თუკი ყველა ჩადენილი ცოდვა მიგეტევა, განა ცოტას ნიშნავს ეს - მარტო სინანულისა და აღსარების საიდუმლო,ანდა სპეტაკი ანგელოსური სქემის გადაფარება რად ღირს.რაოდენი სიყვარული, მადლმოსილება, თვინიერებაა იქიდან წამოსული, შენი დამაწყრულებელი, და შენ, ღირსი აურაცხელი ტანჯვა-წამებისა, არა მარტო თავს დააღწევ მათ, არამედ ზეციურ დიდებასა და მეუფებას თანაზიარექმნები. გონებაში ღრმად ჩაიბეჭდე და მარადჟამსგახსოვდეს, ნებსით თუ უნებლიედ უპატივცემულობა არ გამოიჩინო შენი შემოქმედისა და დამბადებლის მიმართ უთვალავ უსჯულოებათა შენდობის წილ, არამედ მთელი შენი მოღვაწეობით განადიდე და პატივდებულ-ჰყავ, რათა ყოველგვარ ხილულ ბიწიერებათაგან განწმენდილ-გაპატიოსნებულს, სანაცვლოდ უფრო მეტი პატივი მოგაგოს და გულლითად მეგობრად გიგულოს.
80. რაოდენცა სული სხეულზე სპეტაკია, ეგზომ ჭკვიანი კაცი მთელს ქვეყნიერებაზე ძლევამოსილი. ადამიანო, თვალს ნუ მოგჭრის ამა სოფლის ბრწყნივალება, ნურც ის ჩაგაფიქრებს, თითქოს ეს ყოველივე შენზე უფრო აღმატებულია, არამედ, მადლმოსილება შეინარჩუნე, ჭკუა და ნიჭიერება სულისა ღირსეულად გამოაჩინე და გალობით ადიდე უფალი, რომელმაც ყოველ სულიერზე მეტად პატივდებულ-გქმნა.
81. დავუკვირდეთ, თუვითარ ვადიდებთ უფალს. იმაზე მეტად ხომ ვერ განვადიდებთ, ვითარ ადიდებდა ძე. თუმცა, რამდენადაც ძე ადიდებდა თავის მამას, იმდენადვე იყო განდიდებული თავად ძეც მამისგან. დაე, ჩვენც ბეჯითად აღვასრულოთი იგივე და ამით „მამაი“ ჩვენი განვადიდოთ, „რომელი არს ცათა შინა“ (მათ. 6,9), პატივდებული ამ სახელდებით, და აწ ვადიდოთ ჩვენც თანა დიდებით მით ძისა, რომელი აქუნდა წინაშე მისსა „უწინარეს სოფლის დაბადებისა“(იოანე. 17,5). ეს ჯვარია და აღსასრული ყოველივესი, ვაებანია და საცთუნებელნი, ანდა სხვა ვნებები ქრისტესი, რომელთა დათმენაც მთელი ძალისხმევით ქრისტეს გვამსგავსებს და ვადიდებთი ამით მამასა და ღმერთს, ვითარცა მისი ძენი, კურთხეულნი და თანამდევნი ქრისტესი. (რომ. 8,17).
82. სული, რომელიც ჯერ კიდევ, საბოლოოდ არ დახსნილა ხორციელი მიდრეკილებებისაგან და ხილულ საგანთა ტყვეობისაგან, თვით გრძნობებსა და გულისთქმებშიც კი უძლურია დასძლიოს მოძალებული კაეშანი, განცდა ამაოებისა და ცდუნებანი, იქნება ეს მოვლენილი ეშმაკებისა თუ ადამიანებისგან. მაგრამ ყოფით საგნებზე ზრუნვის მარწუხებში მოქცეული საშინელ მწუხარებაში ვარდება, თუკი ეს ნივთები წაერთვა და მძიმედაც დასნეულდება ამის გამო სხეულზე მიყენებული ჭრილობებისგან.
83. ვინც განიძარცვა სული თვისი მიწიერი სურვილებისა და მისწრაფებებისგან და ღმერთს შეერწყა, იგი გულგრილობას როდი გამოამჟღავნებს მარტოოდენ ფულისა და ყოველდღიურ სახმართა მიმართ, მათ აუღელვებლადაც დასთმობს, თითქოს თავისი კი არა,სხვისი ყოფილიყოს ეს ნივთები და შესაბამისად, სხეულზე მიყენებულ გვემას სიხარულით და მადლიერებით დაითმენს მარადის ღვთაებრივი მოციქულის შემყურე: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არემედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ“ (2 კორ. 4,16).სხვაგვარად ხომ წარმოუდგენელია სიხარულილთ აიტანო ღვთისგან ბოძებული ტანჯვა. ამისათვის საჭიროა, აგრეთვე, სრულყოფილება გონისა და სიბრძნე სულისა. ვინც განძარცვულია ამათგან, უიმედობისა და უმეცრების წყვდიადში დაბორიალობს და ვერც მოთმინებისა და სიმშვიდისაგან მოფენილ ნათელს იხილავს.
84. ვისაც ყოველივე გონევრულად განუსჯია, მეცნიერებებში ღრმად განსწავლული ვერასოდეს შესძლებს საღმრთო საიდუმლოებებს ჩასწვდეს და იხილოს, უწინარეს ვნებათაღელვათა და გულისთქმათა დაცხრომისა (შდრ. 1კორ. 3,18), შეურაცხადქმნისა და ამასთანავე, პირად შეხედულებათა და მეცნიერულ ნააზრევთა უგულვებელყოფისა. რამეთუ, ვინც ამგვარად მოიქცევა - მტკიცე რწმენით საღვთო საკითხებში გათვითცნობიერდება. ხოლო შემდგომში მათ კიდეც აითვისებს, რაც გზას გაუხსნის და წარუძღვება ცოცხალ ღმერთთა სასუფევლისკენ. სულიწმიდის მეოხებით ნათელქმნილი (შდრ.იოანი. 16,13) იხილავს და შეიცნობს იმას, რისი ხილვაც და შემეცნებაც სხვას არავის არ ხელეწიფება - შეიქმნება კიდეც ღმრთის შემმეცნებელი (იოანე. 6,45).
85. ბრძენს დამოწაფებულნი ღმრთის შემმეცნებლებს მარადის შერაცხავდნენ შეურაცხადებად, თუმცა სინამდვილეში ცალმხრივი სიბრძნის გესლით მოშხამულნი თავად იყვნენ შეურაცხადნი, რომელნიც ღვთაებრივ მოციქულთა თქმით; „განცოფა ღმერთმან“ (1კორ. 1,20), ხოლო საღვთისმეტყველო ხმამ ამგვარად შერაცხა: „არა არს ესე სიბრძნე ზეგარდმოსრული, არამედ ქუეყანისა, მშვინიერი და საეშმაკო’ (იაკ. 3,15,16). ადამიანები, თუნდაც ღვთაებრივ ნათელში მოხვდნენ, ვერ შემძლებელ არიან საკვირველებათა ხილვისა, ხოლო ამ ნათელში დაბანაკებულთ, რომლებიც კიდეც ხედავენ და შეიმეცნებენ სასწაულებს, ხიბლში ჩავარდნილებად სახელდებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმყოფებიან ხიბლში ღვთაებრივ სიკეთეთაგან განძარცვულნი.
86. მარტოდენ ამის გამო როდი აღემატებიან ამქვენიურ სახილველთა მეტრფეთ საღმრთო მადლს ზიარებულნი და სრულყოფილებით აღბეჭდილნი შემეცნებასა და სიბრძნეში, არამედ იმითაც, რომ დაამწყალობლებს მათ ღვთის მცნებათა გაშინაგანება და ქველმოქმედება, რაკიღა კიდეც შეისმინეს, კიდეც გაითავისეს და კიდეც ირწმუნეს. ის ადამიანები, რომლებიც სულიწმიდით არ მოქმედებენ, (შდრ. რომ. 8,4), წყვდიადში დაძრწიან, (შდრ. იოანე 12.35), არც ის უწყიან, საით წავიდნენ (შდრ. იოანე 11.10) და ასეთებისთვის ღვთის მცნებები რისი მაქნისია? სულიწმიდის ჭეშმარიტი განბრძნობილება ოდესმე მაინც ხომ მსწრაფლ წარსტაცებს მათ მოძალადე ამპარტავნებას. აი, მაშინ, არა ფარისევლურად და თავმომწონედ, არამედ გულწრფელად, ღვთის ნებას მიყურადებულნი და დამორჩილებულნი სულიერ ქარიზმას თანაზიარექმნებიან. მაგრამ, თუ ვერაფრითვერ შეძლეს ამ ადამიანების ამა სოფლის სიამეთაგან ჩამოცილება, მათი გულების უგრძნობელობისა და სიბეცით შეძრულნი, აცრემლდებიან, მიაშურებენ თავ-თავიანთ სენაკებსა და დღედაღამ ილოცებენ მათ გადასარჩენად. რამეთუ სხვა რა მიზეზით შეიძლება დანაღვლიანდეს ის, ვინც ღმერთს შეერწყა უწყვეტად და უთვალავი სიკეთით აღივსო.
87. უწინაც ყოფილან და ამჟამადაც არსებობენ ჩვენს შორის ვნებათუქმნელი, წმიდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით (შდრ. კოლას. მიმართ 3,5). ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ არა მარტო იმას, რომ თავად მოიმოქმედონ სისაძაგლე, არამედ ოდეს სხვებშიაც შემჩნევენ ამგვარ მიდრეკიდებებს, მათ ამრეზით ეპყრობიან. მათი გამოცნობა არ გაუჭირდებოდათ ეჭვის თვალით მზირალ ადამიანებსაც კი, ღვთის სიტყვას ურწმუნოდ რომ ეკიდებიან და უნდობლად შესცქერიან სულიწმიდის სიბრძნით განბრძნობილ სარმრთო საქმეთა თაყვანისმცემლებს. დაე, კეთილგონივრულად განჩხრიკონ სარმრთო წერილი, ყოველდღიურად მათთვის წაკითხული და ნაგალობები, ვინძლო საღმრთო წერილის ცოდნას ისინი ღვთის აღთქმისა და სიკეთით დამწყალობლებაში დაერწმუნებინა. მაგრამ, რაკიღა თავდაჯერებულობისა და უგულისყურობის გამოისობით დაცარიელებული არიან და სიკეთისგან ღმრთის თანაზიართ და მისით განბრძნობილთ დაუჯერებელ ხრიკებში აბამენ.
88. რაში მდგომარეობს არსი იმისა, რაც ჩადებულია საღმრთო სიტყვაწყობილებაში, რომელიც მთელს საღმრთო წერილში იქადაგება, თუმცაღა ჩვენთვის, მკითხველთათვის, ამოუცნობია? ძე ღვთისა ხომ იმად იქცა ძედ კაცისად, რომ ჩვენ ადამიანები, ღვთის შვილებად ვექციეთ, ჩვენი მოდგმა იმ მადლს აზიარა, რაც მისთივს იყო ბუნებრივი, ხელმეორედ დაგვბადა სულიწმიდით და მეყვსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისკენ, უფრო სწორედ, წყალობა მოიღო ჩვენზედა, სასუფეველი ცათაი თავად ჩვენშივე რომ დამკვიდრებულიყო (შდრ. ლუკ. 17,21), რათა ჩვენ მასში შეღწევის მარტოდენ იმედით როდი გვეარსება, არამედ უკვე მკვიდრქმნილთ გვეღაღადა: „ცხორებაი ჩუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ (კოლას. მიმართ 3.3).
89. ნათლისღება ჩვენს ნებელობასა და შინაგან სწრაფვას როდი აქარწყლებს, არამედ მისი წყალობით სატანას განვაგდებთ და იგი უკვე უძლური ხდება იმბრძანებლოს ჩვენზე ჩვენი ნება-სურვილის წინააღმდეგ. ნათლისღებისთანავე აღვასრულებთ პირად ნებას: ან შევუდგეთ ხალისით იმის მცნებებს, ვისგანაც ნათელვიღეთ, ქრისტეს, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა და მისი მითითებული გზით ვიდოდეთ, ანდა მხარნაქცევნი კვლავ დაუძინებელ და მოსისხლე მტერს - სატანას მივუბრუნდეთ.
90. წმინდა ნათლისღების შემდგომ, ვისაც მდაბალი გულისთქმანი აღეძვრის და ცოდვაში ჩავარდება, წმინდა ნათლისღების წმიდა საშოთაგან მოსწყდება, ვითარცა უთქვამს დავითს; „უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან“ (ფსალმ. 57,4), რამეთუ ვერ გარდაისახება ვერცერთი ჩვენთაგანი სხვად და ვერც იმ ბუნებას შეიცვლის რაგვარადაც ქმნილა. მაგრამ კეთილქმნული ღმერთისგან, (უვარგისი ღმერთს არაფერი შეუქმნია)უცვალებელი ბუნებით, აგებულებითა და არსებით, იმგვარად ქმილა, რომ თავისუფალი ნება რასაც მოააზრებინებს, იმასვე ანატრებინებს და აღასრულებინებს კიდეც - გინდ ცუდი იყოს, გინდ - კარგი. ვითარცა მახვილი ნახმარი ხან ბოროტად, ხანაც სასიკეთოდ სახეს არ იცვლის, ბუნებით კვლავ რკინად რჩება, ასევეა ადამიანიც, - ისე მოიქცევა და იმასვე ჩაიდენს, როგორც ნათქვამია, რასაც ფიქრობს და რაც სწადია, ოღონდ ბუნება როდი ეცვლება.
91. ვერც ის ცხონდება, ვინც ერთგზის გაუწვდის დახმარების ხელს გაჭირვებაში მყოფს და ცეცხლში დაინთქმის ისიც, ვისაც თუნდაც ერთი ადამიანი აუგდია აბუჩად. რამეთუ „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“(მათ. 25,35) ნათქვამია მხოლოდ ერთგზისი შემთხვევის მიმართ კი არა, ან ერთ დღეზე,არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვახსენებს თავს სხვადასხვაგვარად განცხადებული“მეცით მე ჭამადი, მასუთ , შემმოსეთ“ და ამისი მსგავსი მიმართვანი მარტოოდენ ერთჯერად საქმეზე როდი მიუთითებენ, არამედ მარადიულზე და ყველაფერზე განურჩევლად. ქრისტემ, მეუფემან და ღმერთმან ჩვენმან თავის მონებს ხომ ამგვარი შეწევნა აღგვითქვა.
92. როგორ ათავსებს ზოგიერთი ქრისტეს მხოლოდ ერთ გლახაკში, როდესაც იგი გაუნყოფლად განიყოფება და თითოეულ გლახაკშია ცალ-ცალკე? აბა, წარმოვიდგინოთ ასი გლახაკი ერთ ქრისტედ (შდრ. 1კორ. 1,13), და ვინც ოთხმოცდაცხრამეტ გლახაკს უბოძებს, ერთ ობოლს, მხოლოდ ერთადერთს გამოლანძღავს, სცემს და პანღურისკვრით გააგდებს, იცი თუ არა, რომ, თავად ქრისტეს ექცევა ასე, რომელმაც არაერთხელ თქვა, მუდამ ამბობს და კვლავაც იტყვის მომავალში:“რავდენი უყავთ ერთსა ამას მციერთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მათ. 25.40).
93. ვინც რამდენსამე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა და დაეწყრულებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდაწყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული განურჩევლად ყვალაში, თითოეულ იმ მათხოვარშიც კი, რომელთაც ჩვენ საზრდელს მივაწვდით.
94. ის, ვინც ყოველ გაჭირვებულს ყოველგვარი სარჩო-საბადებლით მოამარაგებს და ხვალისთვისაც შესძლებს, რომ იგივე მოიმოქმედოს, მაგრამ ძმათაგან ზოგიერთს აითვალწუნებს და მოიძულებს იმ ზომამდეც კი, რომ შიმშილით წყურვილით და სიცივით სულს ამოხდის, თვით ის შეუძაგებია და გარე-მიუქცევია პირი იმისგან, ვინც თქვა;“რაოდენი უყავთ ერთსა ამასმციერეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათ. 25,40).
95. ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ყველაფერს, მათხოვართა და გლახაკთა სახელზე გაცემულს, უფალს მივაგებთ, რომელმაც სამართლიანად თქვა; „იგი მე მიყავთ“. იმ დროს კი, როდესაც მოყვასის მიმართ თანაგრძნობასა და თანალმობას არ ვიჩენთ, უსამართლოდ და ანგარებით ვექცევით, განვაქიქებთ და ვჩაგრავთ, შევიძულებთ კიდეც, უფალი გვეუბნება: „მე ნუ მიყოფთ“. მარტოოდენ სიძულვილიც საკმარისია ჩვენს განსასჯელად, რამეთუ, თუნდაც ერთი ადამიანის შეძულებით თავად იესო ქრისტეს მოვიძულებთ და მოვიძაგებთ.
96. უფალმა იმად ინება გარდასახვა თითოეულ გლახად და ყოველი გლახაკიც იმად მიიმგვანა, რომ მორწმუნეთაგან არცერთს ხელი არ აღემართა ძმაზე, არამედ კაცად-კაცადს უფალში თავისი ძმა შეეცნო და ეგზომ მდაბლად და კნინად შეერაცხა თავი თვისი ძმასთან შედარებით, ვითარცა იოტისოდენას დამბადებელთან მიმართებაში, მიეღო იგი, პატივი მიეგო და მზადყოფილიყო თავგანწირვისთვის, რამეთუ ქრისტემ და ღმერთმა სისხლი დაღვარა ჩვენს გადასარჩენად.
97. ვინც ახლობელზე ისე იზრუნებს, როგორცსაკუთარ თაზე (შდრ. ლუკ. 10,26,27), მხოლოდერთი დღისგანმავლობაში როდი უნდა მოიქცეს ასე, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე (შდრ. მათ. 5,42). ისიც,ვინც აღთქმას დადებს, რომ პირველსავე მთხოვნელს დაეხმარება, ასე უნდა იქცეოდეს ბოლომდე, ყველას წინაშე. სხვებისაგან სიკეთის მსურველი თავადაც ხომ სულ იმის ცდაში უნდა იყოს, რომ მათაც სიკეთის წილ სიკეთე მიაგოს (მათ. 7,13).
98. ის, ვინც მოყვასს ისე უყურებს, როგორც საკუთარ თავს, ნუთუ დაუშვებს, რომ იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე მოყვასს აბადია. ძუნწს ხომ საკუთრივ ვერაფერს გააგდებინებ ხელიდან, ვიდრე არ გაღატაკდება და მოყვასთან გათანაბრებული მაშინღა აღმოჩნდება მეუფის მცნებათა ზედმიწევნით აღმასრულებელი. შესაბამისად, ვისაც სურს გასცეს ყოველივე, თუნდაც შემორჩენილი ერთი ობოლო, ანდა პურის ნატეხი, ვერაფერს შემატებს მთხოვნელს, ანუ ვერ გაუკეთებს იმას მოყვასს, რაც თავად სურს, რომ სხვამ მიაგოს (შდრ. მათ. 7,12). ამგვარად ის, ვინც ყოველ ღარიბსა და ღატაკს აჭმევდა, ასმევდა, მოსავდა, სხვა საქმეებშიც ეხმარებოდა, მაგრამ სძულდა მხოლოდ ერთი და არად აგდებდა, ქრისტე ღმერთისგან შეირაცხება არარაობად, თავად დახარბებული და ხახამშრალიც.
99. შესაძლოა ეს ბევრს შეუძლებლად ეჩვენოს და ასეთები საკუთარ თავებს კიდეც ღირსეულ კურთხევას აძლევენ: განა ვინმეს ძალუძს ყოველივე ისე აღასრულოს, რომ ყველა ასიამოვნოს, საწყაული აღუვსოს და არავინ დარჩეს უკმაყოფილო. დაე, მათ ისმინონ პავლე მოციქულის ხმამარლად და ნათლად წარმოთქმული სიტყვები: „რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკუდა, ყოველივე სამე მოწყდეს“ (2 კორ. 5,14).
100. როგორც ზოგადი მცნებები მასში შემავალი ცალკეული კერძო მცნებების ერთობლიობაა, ზოგადი სიქველეებიც ყოველ კერძო ქველმოქმედებას მოიცავს.ვინც მთელი ავლა-დიდება გაყიდა, ღარიბებს დაუნაწილა, თავადაც ხომ გაღარიბდა, მაგრამ ერთბაშად შეიქმნა ყველა კერძო აღთქმათა აღმსრულებელი. აღარც იმის საჭიროება ექნება, მთხოვნელს მისცეს და არც თავს აარიდებს იმას, ვისაც მისგან სურს ისესხოს (შდრ. მათ. 5,42). ამგვარად, გამუდმებით შვიდჯერადი აღვლენილი ლოცვის აღმსრულებელმა გარდაამეტა ყოველგვარ აღთქმას ლოცვისას და აღარ საჭიროებს დღეში შვიდგზის ადიდოს უფალი (შდრ. ფსალმ. 11.164), „მწუხრს, დილეულ და სამხრად“ (შდრ. ფსალმ. 54,17). რამეთუ მასში დასრულებული სახითაა ყველა ის ლოცვა, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ გარკვეულ დროსა და საათებში განაწესისამებრ და ვგალობთ კიდეც. შესაბამისად ვინც შეგნებულად დაეუფლა კაცთათვის ბოძებულ საღმრთო მეცნიერებას (შდრ. ფსალმ. 93.10),ვისაც წმინდაწერილი თავიდან ბოლომდე განუჩხრეკია და ყოველი საკითხავიდან იმკის სიკეთეს, ხომ აღარასოდეს მოისურვებს წიგნებს ჩაუჯდეს. ანდა რატომ მიოქცევა ასე საღმრთო წერილში დაწერილის სულში აღმბეჭდავი, დაფარულ იდუმალებათა დამაუნჯებელი, როცა თავად არის სხვებისათვის სულმოუთქმელად წასაკითხი წიგნი, მფლობელი ღვთის ახალ თუ ძველ საიდუმლოებათა (მათ. 13,52), რაც ჩაწერილია მასში ღვთის თითითვე (გამოსვ. 31,18).ვინაც ყოველივე განასრულა და ღმერთში აღესრულა საყოველთაო საქმენი მისნი (დაბ. 2.2).
ძველბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა
თბილისი, 1992 წ.