„წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16, 15-16). უფლის ამ სიტყვებიდან აშაკარაა, რომ სანამ ზრდასრული ადამიანი მოინათლებოდეს, მან ჯერ უნდა შეისწავლოს სარწმუნოება (მას შემდეგ რაც ექადაგება), შემდეგ რომ ირწმუნოს (რწმენაში გარკვეული ცხოვრების წესი იგულისხმება) და მხოლოდ ამის შემდეგ ნათელ-იღოს.
პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად უნდა ხდებოდეს: სულიწმიდის მიერ აღძრული ღვთის მაძიებელი ადამიანი მოდის ეკლესიაში, სადაც მოძღვარი უხსნის ჭეშმარიტი სარწმუნოების ანბანს. დაეხმარება, რომ მოსანათლავმა შეისწავლოს მართლმადიდებლობა (ანუ რა და როგორ გვწამს ქრისტიანებს, რომ მართლმადიდებლობა არის არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტება, და რომ რწმენა გარკვეული ცხოვრების წესს გულისხმობს). ამის შემდეგ ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას.
მოსანათლავმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნათლობით მასში კვდება ძველი ადამიანი და იშვება ახალი; ადამის შვილი ხდება ახალი ადამის - ქრისტეს შვილი; ამ ცოდვილი სამყაროს მკვიდრი ხდება მოქალაქე ქრისტეს სასუფეველისა, ნაწილი ქრისტეს სხეულისა (ანუ ეკლესიისა); მსხმოიარე ვაზის რტო ვაზზე (ანუ ეკლესიაზე) დამყნობილი. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს ადამიანს. ამიტომაც არის, რომ ნათლობის საიდუმლოების პირველ ნაწილში (კათაკმევლად დადგინება), რომელიც შეიძლება ცალკე ჩატარდეს, მოსანათლავი დებს აღთქმას ღვთის წინაშე, რომ განეშორება სატანას და მის ბოროტ საქმეებს (ანუ ცოდვას), შეუდგება ქრისტეს (გახდება მისი მოწაფე), აღიარებს, რომ ქრისტე სწამს როგორც ჩვენი გამოხსნისათვის განკაცებული ძე ღვთისა, სრული ღმერთი და სრული კაცი; ამბობს „მრწამსს“ (ანუ წარმოაჩენს, რომ აღიარებს მართლმადიდებლობას როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას), აღიარებს რომ უკვე შეუდგა ქრისტეს (ანუ უკვე გახდა მისი მოწაფე) და თაყვანსა სცემს ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ ადამიანი მზადაა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს სასუფეველს, მირონცხებით მიიღოს ნიჭები და ძალები ახალი ცხოვრების დასაწყებად და წმიდა ზიარებით გახდეს ქრისტეს სხეულის ანუ ეკლესიის ნაწილი, ცოცხალი უჯრედი ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმისა.
ხოლო რაც შეეხება პატარა ბავშვის ნათლობას, რომელთაც ასაკის გამო არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, აღთქმის დადება და თავისი ნების გამოხატვა, ეკლესია ნათლავს მიმრქმელის (ნათლიის) რწმენით და პასუხისმგებლობით. სამწუხაროდ, მიმრქმელნი ხშირად ვერ დგანან თავის სიმაღლეზე - თავად არ არიან ეკლესიურნი, არ ცხოვრობენ ქრისტეს მცნებებით, არ არიან ქრისტეს მოწაფენი, არც კი იცნობენ მართლმადიდებლობას (არადა აღთქმის დადება ხომ მათ უწევთ ბავშვის ნაცვლად); მოკლედ არა სწამთ... უფალი კი ბრძანებს: „რომელთა რწმენეს და ნათელ იღოს“, რითაც აშკარად მიუთითებს რწმენის აუცილებლობაზე. ხოლო თუ ადამიანი ისე აპირებს მიმრქმელად (ნათლიად) დაუდგეს ვინმეს, რომ არ ფიქრობს ქრისტეს მიმდევრობას, ანუ მოწაფეობას, რაც ურწმუნოებას ნიშნავს, გასაფრთხილებლად უფლის სიტყვები უნდა ახსოვდეს: „რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“.
ამიტომ, მოსანათლავნო და სხვათა ნათლიობის მსურველნო! უდიდესი პასუხისმგებლობით და შიშით მოეკიდეთ ნათლობის საიდუმლოებას და, მშობელნო, შვილებისთვის შეარჩიეთ მორწმუნე ნათლიები, რომლებიც მლოცველნი იქნებიან თქვენი ბავშვებისათვის.
ჟურნალი „საყდარი“, № 1, 2002 წ.