ყოველი ადამიანის სული ბუნებით მოწოდებულია ცხონებისაკენ და მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი თავისი არსებით მიელტვის სიკეთეს, ყველგან ცდილობს, შეკრიბოს, მოიხვეჭოს, იპოვოს სიკეთე. ეს სიკეთე ძაფივითაა, რისგანაც ადამიანი სამოსელს იქსოვს საქორწინო დარბაზობისთვის, რათა შემოსილი წარსდგეს ღვთის საყდრის წინაშე და მარადიულად დარჩეს ასეთად. სამოსელი, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის ძაფებითაა ნაქსოვი, განათლდება, გაბრწყინდება, ღვთის ნათლით გასხივოსნდება, ხოლო ბოროტი ძაფებით, უკეთური საქმეებით ნაქსოვი სამოსი - კიდევ უფრო ბნელი გამოჩნდება ზეციური ნათლის წინაშე, შეარცხვენს და დიდ ტანჯვას მიანიჭებს იმას, ვინც მისით შემოსილი აღმოჩნდება. საკუთარი ხელით, ანუ ნებაყოფლობით, თუნდაც არასრულყოფილი და ცოდვით შესუსტებული ნებით, თავისუფლად ვიცვამთ სიხარულის ან კიდევ სირცხვილის სამოსელს. ყველაზე საუკეთესო, რაც კი უფალმა მოგვცა, როგორც გვირგვინი ქმნილებისა - ესაა თავისუფალი ნება, რომლის ღირსებას თავადვე იცავს, როდესაც საკუთარ ნებას თავზე არ გვახვევს. ჩვენ კი როგორ ვექცევით ღვთისგან ნაბოძებ ესოდენ დიდ საუნჯეს? ხშირად არ ვუფრთხილდებით ჩვენს თავისუფალ ნებას და უდარდელად ვამონებთ ცოდვას.
რა თქმა უნდა, საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ გამოსწორებას, მაგრამ ღვთის მადლის შეწევნით ყოველივე შესაძლებელია. სანამ ჩვენი სული ჯერ კიდევ ღვთის სასუფევლის გზაზე დგას, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ღვთის მადლმოსილი ძალით განვამტკიცოთ ჩვენი სუსტი და უძლური ნება, საკუთარ თავში საჭირო ძალა უნდა ვიპოვოთ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხოვრება უდიდესი შრომაა. უნდა ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება და მაშინ ირგვლივ ყოველივე შეიძენს აზრს მარადიულობისათვის. თუ ყურადღებით ვიქნებით, ის გარემოებები, რომლებიც გარს გვარტყია, გვასწავლიან ღვთისადმი მორჩილებას, დაგვეხმარებიან, რომ მოთმინებასა და სიყვარულში განვვლოთ ჩვენი ცხოვრების გზა და მოვიხვეჭოთ ცხონება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ცხონების შესაძლებლობა ყველგან არსებობს: რა პირობებშიც არ უნდა მოგვახვედროს ცხოვრებამ, ყოველთვის შეგვიძლია, სულიერად ვმწიფდებოდეთ და სრულყოფილებისაკენ მივისწრაფოდეთ. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება ნებისმიერ გარემოებებში შეიძლება აღმოჩნდეს ის გზა, რომელსაც სიკეთისაკენ, ნეტარებისაკენ მიგვიყვანს, რომელიც ჯერ კიდევ აქ, მიწაზევეა მისაწვდომი.
ყოველი ცოდვა უბედურებაა ჩვენთვისაც და გარშემომყოფთათვისაც. ცოდვა არის განყოფისა და განხეთქილების საწყისი, რაც სხვა ადამიანებისაგან გაგვრიყავს. აღმოუფხვრელი ცოდვა გულს მძიმედ აწევს და ერთმანეთს გვაშორებს. ყოველი ძლევა ცოდვისა არის გამოხსნა საკუთარი თავისა, და, ამავე დროს, სხვებისაც. ცოდვაზე გამარჯვების შემთხვევაში მჟღავნდება ადამიანთა ურთიერთმიზიდულობა და ბუნებით ნათესაობა: როდესაც საკუთარ თავში ცოდვას ვამარცხებთ, ამით სხვასაც შევეწევით (თუნდაც ამ უკანასკნელის ნების გარეშე), რომ საკუთარ სულში აღმოაჩინოს საუკეთესო თვისებები - ანუ ამით მასაც სიკეთისაკენ ვუბიძგებთ. ცოდვის ძლევისას და საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღდგენისას, ის სხვაშიც აღმოაჩენს სულიერ საუნჯეს, ეხმარება მოყვასს, რომ მანაც ჰპოვოს საკუთარ თავში ის სათნოებანი, რასაც მანამდე ვერ ხედავდა.
სიკეთე გამოძახილს ჰპოვებს იმ ადამიანთა გულებში, რომლებსაც თუმცა აქვთ სიკეთე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ამჩნევენ ამას საკუთარ თავში. ადამიანი, სანამ ცოდვა ბატონობს მასზე, თითქოსდა უფრთხის სხვებს, მაგრამ როდესაც თავის თავში ცოდვას დაამარცხებს, სხვებსაც გადასდებს სიკეთეს. აუცილებელია, შევიგრძნოთ ეს, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში პესიმისტური გრძნობა გვეუფლება და გვეჩვენება, რომ ქვეყანაზე ცოდვაა გაბატონებული. ასეთი პესიმიზმი ხელს გვიშლის ცოდვასთან ბრძოლაში. როდესაც ამა თუ იმ ადამიანთან მხოლოდ ზედაპირული ნაცნობობა გვაკავშირებს, მასში ვერაფერს ვამჩნევთ, ვერც მისი შინაგანი საუნჯის დანახვა შეგვიძლია. მაგრამ როდესაც ცოდვილი ადამიანი დაინახავს, რომ ვინმე სიკეთეს აკეთებს, საკუთარ თავშიც ჰპოვებს ძალას ქრისტიანული სათნოებების აღსასრულებლად. უდიდესი, შეუდარებელი სიხარული ახლავს საკუთარ თავსა და სხვებში სიკეთის ძიებას. როდესაც სამყაროში ეს სიხარული გამრავლდება, ღვთის მადლის ძალაც გამოჩნდება - იგი შეგვეწევა, რომ ჩვენი სუსტი ძალებით შევძლოთ ყოველივე იმის გაკეთება, რაც ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ადამიანი „აკეთებს ცოდვას, რომელიც არ სურს“ (წმ. პავლე მოციქული). ცოდვის ეს უნებლიე ტყვე კი სხვის სიკეთეში ჰპოვებს ძალას, რომელიც მასაც სიკეთისკენ უბიძგებს.
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა ნათია თარაშვილმა