წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი

რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.

 

- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მე გადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- სიმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.