1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.
2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.
3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.
4. ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.
5. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი.
6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.
15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?
18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.
19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?
20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი.
21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.
22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.
23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.
24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,
25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.
26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,
28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.
29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?
30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?
31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.