1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.
2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?
4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?
5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.
6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.
8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.
9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.
10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.
11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.
12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -
13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.
14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.
15. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?
17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.
20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.
21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:
22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.