1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?
2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.
3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე.
4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?
5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?
7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?
9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?
10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.
11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?
12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.
13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.
21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.
23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.