1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.
10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.
13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.
15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.
16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.
17. თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.
18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,
19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
20. ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.
22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
25. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.