1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.
2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.
4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.
5. მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს.
6. მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს.
7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.
8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.
9. უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს.
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.
15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?
18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?
19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.