1. პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, -
2. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3. მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს,
4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.
7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.
8. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.
9. რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,
10. მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,
11. თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,
13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,
19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.
20. მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.