1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.
5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,
6. რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე;
7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით.
8. ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
9. ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
10. არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.
11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.
13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.
15. თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.