1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.
2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.
3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.
4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.
5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.
6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.
7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.
8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.
9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.
10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.
12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.
13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ.
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.