1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -
2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.
5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.
6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.
7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;
11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,
12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.
14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.
16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.
18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.