1. სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.
2. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,
3. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.
4. თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:
5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,
6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;
8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,
9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს
11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.
15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც.
16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ.
17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.
18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.