1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.
2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.
3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.
6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.
12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.
13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.
14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?
15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“
16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“
17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.
18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.
19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.
20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.
21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.