1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
6. და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
7. თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
8. თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
9. დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.
10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.
12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
13. შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.
14. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.