1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.
4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
5. მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.
6. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას.
7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.
8. მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა.
9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.
10. ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
11. და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.
12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.
13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
14. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ.
15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,
16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.
17. ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
18. რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით,
19. სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.
20. თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა.
21. არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“.
22. სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.
23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,
24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
27. ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.
28. ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.
29. ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.
30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.
31. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.
32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.