1. ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე.
2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.
3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.
4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის.
5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი.
6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით.
7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.
8. მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია.
9. ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა.
10. მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა.
11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.
12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.
15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია.
17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით.
22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.