1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში.
2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.
4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.
5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.
18. რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19. ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,
20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.
22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.
31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?
32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?
33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.
35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).
37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,
39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.